"თევზი გვაქვს, მაგრამ გზა არ არის, რომ გასაყიდად ჩავიტანოთ" - კვირის პალიტრა

"თევზი გვაქვს, მაგრამ გზა არ არის, რომ გასაყიდად ჩავიტანოთ"

"ქვირითის გამოსაჩეკი დანადგარები რომ გვეყიდა, კოოპერატივი შევქმენით და ქვირითი ბათუმიდან ამოგვაქვს. ჩვენს გზებზე ქვირითიც გვიზიანდება, მაგრამ რას ვიზამთ. კალმახისთვის ორი აუზი აქამდეც მქონდა, მერე კი ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ. არც კალმახის ლიფსიტის მოვლაა იოლი, იმხელა საქმეა, ერთი კაცი ვერ აუვა"

ჩვენში გავრცელებული აზრით, სოფლად ცხოვრება და მეურნეობით თავის რჩენა ჯერჯერობით კვლავ სიღარიბესთან ასოცირდება, მაგრამ ვინც სოფლის მეურნეობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი, თავისი შრომის შედეგიც ნახა. ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშის მკვიდრი ირაკლი მიქაუტიძე ყოველთვის ამბობს, რომ თუ სოფლად კაცს შრომა არ დაეზარება, იმდენი მოსავალი ყოველთვის მოუვა, რომ ადამიანურად იცხოვროს. ახალგაზრდა კაცმა ამ მართლაც მშვენიერ და უხვ მთის სოფელში ყველა საქმე მოსინჯა და ყველა ბოლომდე მიიყვანა - სახელგანთქმული ტვიშის ღვინის წარმოებით დაწყებული, კალმახის მოშენებით დამთავრებული. ბოლო დროს, როცა არაერთი საკალმახე დაიხურა, ირაკლის საკალმახე კოოპერატივის საქმე წინ მიდის და გაფართოებასაც აპირებს.

- სამწუხაროდ, ბოლო დროს მართლაც ბევრი საკალმახე დაიხურა, რისი მიზეზიც არაერთია, მათ შორის ის, რომ მასობრივად გახსნილ საკალმახეებში ხალხმა არ იცოდა, თევზისთვის როგორ მოევლო და დაზარალდა.

თევზის მოვლა სერიოზული საქმეა, მას ისევე ემართება დაავადებები, როგორც შინაურ ფრინველებსა და ცხოველებს. მათ მკურნალობას სპეციალისტი სჭირდება, რომელიც ძალიან ცოტა გვყავს.

საბედნიეროდ, ცაგერული თევზის სიჯანსაღეს ცივი და სუფთა წყლები უწყობს ხელს, რის გამოც აქაური თევზი უმთავრესად ჯანსაღია. თუმცა სხვა ხელშემშლელი პრობლემაა - ქუთაისამდე ჩასასვლელი გზა არ არის, რომ თევზი ჩავიტანოთ და გავყიდოთ, რადგან ჩვენს ტერიტორიებზე ნამოხვანჰესის აშენებაა დაგეგმილი, რაც არაადეკვატური პროექტია... ქუთაისამდე ნახევარი საათის გზას ლამის ორ საათს ვანდომებთ, ამის გამო კი ბიზნესი სულს ღაფავს. რამდენი ხანია საკალმახე-სალიფსიტე მეურნეობის გაფართოება მინდა და ვერ ვახერხებ, ქუთაისიდან 200 ლარის სამშენებლო მასალის ტვიშამდე ამოტანას 400 ლარი სჭირდება. თუმცა სალიფსიტე მაინც მოვაწყვე. ამ საქმეზე სამი კაცი ვმუშაობთ. ქვირითის გამოსაჩეკი დანადგარები რომ გვეყიდა, კოოპერატივი შევქმენით და ქვირითი ბათუმიდან ამოგვაქვს. ჩვენს გზებზე ქვირითიც გვიზიანდება, მაგრამ რას ვიზამთ. კალმახისთვის ორი აუზი აქამდეც მქონდა, მერე კი ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ. არც კალმახის ლიფსიტის მოვლაა იოლი, იმხელა საქმეა, ერთი კაცი ვერ აუვა. სულ 200 000 ლიფსიტა გამოგვყავს და ყოველი მეხუთე დღე მხოლოდ მათი აუზების გასუფთავებას სჭირდება.

- რამდენი ქვირითიდან გამოგყავთ ამდენი ლიფსიტა?

- 20 კილოგრამიდან. ბათუმში კილოგრამში დაახლოებით 80-100 ლარს ვიხდით. ცაგერში ჩვენი წყალი იღებს, ასე ვთქვათ, "პასუხისმგებლობას", რომ ჯანსაღი ლიფსიტა გამოიჩეკოს. ჩვენი სუფთა მთის წყალი მუდამ ერთსა და იმავე ტემპერატურას - ცელსიუსით +11 გრადუსს ინარჩუნებს. ეს სჭირდება სწორედ კალმახს. ლიფსიტა სუსტია, ამას ჩვენი აჭარელი მეგობრები თავად გვეუბნებიან, ამიტომ გვატანენ ქვირითს, ჩვენგან კი უკვე გაზრდილი ჯანსაღი ლიფსიტა მიჰყავთ. ლიფსიტის დაავადება ყველგან გავრცელებულია - საკვების მიღების დაწყებისთანავე კუჭ-ნაწლავი უავადდებათ, ამიტომაც მაშინვე აძლევენ ვიტამინებს.

ჩვენს წყალში გამოზრდილ ლიფსიტას კი ვიტამინები არ სჭირდება, ოღონდ კვების დაწყებისას მაინც დიდ ყურადღებას მოითხოვენ. ლიფსიტები ორ კვირას არ იკვებებიან, თავიანთი ქვირითი დააქვთ მუცლით და ეგ არის მაგათი საკვები. ორი კვირის შემდეგ კი ძალიან ყურადღებით უნდა იყო, საკვების სიმსხოზეც არის დამოკიდებული მათი სიცოცხლე.

ჩვენ ერთხელ მოვტყუვდით თუ მოგვატყუეს, ლიფსიტებს შედარებით მსხვილი საკვები მივეცით და 500 000 ლიფსიტა დაგვეხოცა.

- გული არ გაგიტყდათ და საქმეც განაგრძეთ. თევზის საკვები რამდენად გაძვირდა?

- ცოტა ხნის წინ 10 კილოგრამ საკვებში 180 ლარს ვიხდიდით, ახლა 240 ლარი ღირს. ლიფსიტები ზამთარში იჩეკება, დეკემბერ-იანვარში. ამ დროს სოფელში ბევრი საქმე არ არის და მთელი ყურადღება მათკენ გვაქვს. აგვისტომდე გავზრდით, გავაძლიერებთ და გავყიდით ცალს 15 თეთრად. მართალია, ეს არც ისე დიდი თანხაა, რაკი სულ 200 000 ლიფსიტას ვზრდით, მაგრამ ზამთარში ხომ ბევრი სხვა საქმე არა გვაქვს. შემოდგომაზე, როცა ყურძნის მოსავალს ავიღებთ, ლიფსიტები უკვე გაყიდულია და ესეც შემოსავალს ემატება. სოფელი ძლიერია, თუ კაცი იშრომებს, აქ სარჩო ყოველთვის იქნება.

- მადლობა გეკუთვნით, რომ ასე ფიქრობთ და შრომობთ.

- ჩვენთვის მადლობა ის იქნება, გზები გაგვიკეთონ. ჩვენი საუბრის თემა ნამოხვანჰესი არ არის, მაგრამ ახლა ხომ გაირკვა, რომ ამ პროექტით სახელმწიფო იმდენს არაფერს იგებს, რამდენადაც გვანგრევს. ამიტომ ხელი იმაში შეგვიწყონ, რაშიც შრომა და სიუხვის შექმნა შეგვიძლია.