ლობიო - ხორცის "ტყუპისცალი"? - კვირის პალიტრა

ლობიო - ხორცის "ტყუპისცალი"?

არქეოლოგიური აღმოჩენებით მტკიცდება, რომ პერუსა და მექსიკაში ლობიო ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 5 000 წლით ადრე მოჰყავდათ. ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ლობიო ევროპაშიც შეიტანეს და მისი გაშენება დაიწყეს.

ლობიო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა. საპატიო ადგილი უკავია მას ქართულ ფოლკლორშიც. ლობიოზე არაერთი ლექსი, ანდაზა და სიმღერა შექმნილა, ერთ-ერთი მათგანი ასე იწყება: "ჩემო გამზრდელო ლობიავ, როგორ ჩუხჩუხებ ქოთანში"... დიასახლისები ლობიოს უგემრიელეს კერძებს ამზადებენ, რაჭული ლობიანი ხომ ჩვენებური სამზარეულოს მშვენებაა. უფრო დაწვრილებით ამ მცენარეზე საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილე მანანა ელბაქიძე გვიამბობს.

- ლობიოს საკვებად უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. არქეოლოგიური აღმოჩენებით მტკიცდება, რომ პერუსა და მექსიკაში ლობიო ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 5 000 წლით ადრე მოჰყავდათ. ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ლობიო ევროპაშიც შეიტანეს და მისი გაშენება დაიწყეს.

ლობიო ბალახოვანი მცენარეა, რომელიც პარკოსანთა ოჯახს მიეკუთვნება. მისი სამშობლოა ინდოეთი, ასევე ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა. ამ მცენარეს ფრთისებრი ფოთლები და მცირე ზომის ყვავილები აქვს, მარცვლები პრიალაა, სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომისა.

- რამდენი სახის ლობიო არსებობს მსოფლიოში?

- ლობიო მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული საკვები მცენარეა. ცნობილია მისი 200-მდე ჯიში. ყველაზე დიდი რაოდენობით ლობიო ჩინეთში, ინდოეთში, ბრაზილიასა და აშშ-ში მოჰყავთ. ეს მცენარე, ძირითადად, მისი ნაყოფის ანუ მწვანე პარკის და თესლის მისაღებად მოჰყავთ, რომელსაც საკვებად იყენებენ, მაგრამ არსებობს დეკორატიული ლობიოც. მის მშვენიერ წითელ ყვავილებს დეკორატიულ მებაღეობაში იყენებენ.

- სხვადასხვა ქვეყანაში საკვებად რომელ ჯიშებს იყენებენ?

- საკვებად მთელ მსოფლიოში გამოყენებულია სამხრეთამერიკული ანუ ჩვეულებრივი ლობიოს სხვადასხვა ჯიში. მათ შორის ზოგი ხვიარაა და სარს საჭიროებს, ამიტომ მას სარის ლობიოს უწოდებენ, ზოგი ნახევრად ხვიარაა, ზოგი კი დაბალია და ამის გამო კუტი ლობიო დაარქვეს. კუტი ლობიო ბუჩქისებრი ფორმისაა.

საქართველოში გავრცელებულია ლობიოს შემდეგი ჯიშები: ჩიტიკვერცხა - იგივე გურულა, წითლადჭრელი, მერცხალა, მინდვრის, შულავრული, ბათუმურა, წითელი ადგილობრივი და ა.შ...

- როგორ პირობებში ხარობს ეს მცენარე ყველაზე კარგად?

- ლობიო სითბოს მოყვარული კულტურაა, ამიტომ ითესება 10-12 გრადუსის დადგომის შემდეგ. გაზაფხულის ყინვები აღმონაცენისთვის დამღუპველია.

ლობიოს დასათესად კარგია ნეიტრალური ან სუსტი მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგი, საუკეთესოა შავმიწა, ალუვიურ-სილნარი და წითელმიწა ნიადაგები. ცუდად ხარობს თიხნარებზე, კარგად ეგუება ნიადაგის მცირე მჟავიანობასაც. ლობიოს დათესვა სასურველია ისეთ ნაკვეთზე, სადაც გასულ წელს იზრდებოდა პამიდორი, კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი და სხვ. თავის მხრივ, ლობიო კარგი წინამორბედია სხვა კულტურებისთვის, რადგან ის ნიადაგს აზოტით ამდიდრებს. კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ:

ლობიო ვერ იტანს ერთსა და იმავე ადგილზე განმეორებით დათესვას, ამ შემთხვევაში ვირუსული ავადმყოფობები უფრო ადვილად მოერევა ხოლმე.

- ზოგან ლობიოს სიმინდთან ერთად თესავენ. ეს გამართლებული მეთოდია?

- ლობიო ითესება როგორც წმინდა სახით, ისე სხვა კულტურებთან, მაგალითად, სიმინდთან ერთად. თესვა შესაძლებელია როგორც მწკრივებად, ისე კვადრატულ-ბუდობრივად და ლენტურად. ლენტებს შორის მანძილი 65 სანტიმეტრი უნდა იყოს, ხოლო ლენტებში მწკრივებს შორის - 15 სანტიმეტრი. წმინდა თესვას მიმართავენ, როცა ე.წ. კუტი ჯიშების გახარება სურთ, ამ შემთხვევაში მწკრივთა შორის მანძილი 45-50 სანტიმეტრი უნდა იყოს. კვადრატულ-ბუდობრივად უფრო ხშირად ითესება ხვიარა ჯიშები, მათ შორის მანძილი 60 სანტიმეტრი უნდა იყოს.

- რა არის საჭირო ლობიოს საუკეთესო მოსავლის მისაღებად?

- საჭიროა ყველა აგროტექნიკური ღონისძიების დროულად ჩატარება: თოხნა, მორწყვა, სარების გაკეთება და სხვ. აღმოსავლეთ საქართველოში განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მორწყვას: მცენარის დაკოკრებისა და ყვავილობის ფაზაში მორწყვა, სულ ცოტა, 2-3-ჯერ არის საჭირო, შემდეგ კი ამინდისა და ბუნებრივი ნალექების მიხედვით.

- ხალხში ამბობენ, რომ ლობიოს ხორცის შეცვლა შეუძლია, რატომ?

- ალბათ, იმიტომ, რომ ლობიო ცილოვანი პროდუქტია, 20-30% ცილას შეიცავს. 100 გრამი ლობიოს თესლის ენერგეტიკული ღირებულება 335 კილოკალორიაა. სპეციალისტებიც აღიარებენ, რომ ის ხორცის ანალოგია, ოღონდ მცენარეული წარმოშობის. ლობიო ამაგრებს კუნთოვან და ძვლოვან ქსოვილებს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხოლო უჯრედებს ჟანგბადით ამდიდრებს. ადვილად შესათვისებელი ცილების რაოდენობით ის არსებით კონკურენციას უწევს საქონლისა და თევზის ხორცს, ხოლო ქათმისას კიდეც აღემატება. ნახშირწყლების წილი ლობიოში 50-55%-ს შეადგენს, ხოლო ცხიმებისა - 2-3,5%-მდე. ლობიო ცილების, რკინის, კალიუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და თუთიის უშრეტი წყაროა. კვებით ღირებულებასთან ერთად აქვს გამაჯანსაღებელი თვისებებიც - მონაწილეობს მარილების ცვლაში, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და სტრესის მიმართ გამძლეობას აძლიერებს. ცილოვანი სტრუქტურის მეშვეობით არეგულირებს ჰორმონალურ ფონს და მხედველობას აუმჯობესებს. ლობიო ხელს უშლის კბილებზე ქვების წარმოქმნას - ამას კალციუმის, ფოსფორისა და კალიუმის მეშვეობით ახერხებს, ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს, იმუნიტეტსაც აძლიერებს და ხელს უშლის ანემიის განვითარებას რკინის შემცველობის გამო. ლობიოში გაცილებით მეტი С ვიტამინია, ვიდრე გარგარსა და ქლიავში.

- გარდა კულინარიისა, კიდევ სად იყენებენ ლობიოს?

- მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო ლობიოს იყენებენ ხალხურ მედიცინაში, კოსმეტოლოგიასა და დიეტოთერაპიაში... მოხარშვამდე რეკომენდებულია ლობიოს 8-10 საათით წყალში დალბობა: ეს არბილებს მარცვლებს და ხარშვის დროს ამცირებს. წყალი აუცილებლად უნდა გადავღვაროთ და მარცვლებს ახალი წყალი დავასხათ. გადაღვრილ წყალს გაჰყვება მასში გახსნილი ნივთიერებები და შაქრები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ამუშავებს.

ლობიოს გუფთა

ლობიოსგან არაერთი გემრიელი კერძი მზადდება, მათ შორის ლობიოს გუფთა.

ინგრედიენტები: ლობიო 1 კგ, გატარებული ნიგოზი 1 ჭიქა, ნიორი 4-5 კბილი, ხახვი 2 თავი, ქინძი 7 ღერი, ოხრახუში 7 ღერი, სუნელები გემოვნებით, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ და წვენი გადავწუროთ. დავნაყოთ ნიგოზი. წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი შავი პილპილი, ახალი ქინძი, წიწაკა, დარიჩინი, მიხაკი და ყვითელი ყვავილი ავურიოთ ლობიოში. ამის შემდეგ პატარ-პატარა გუფთები გავაკეთოთ და დავაწყოთ თეფშზე ბოსტნეულის სალათთან ერთად. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, რომელიც ლობიოს გუფთას სასიამოვნო არომატს მისცემს.

ხათუნა ჩიგოგიძე