როგორ ჩააჩოჩა მცირე მეწარმემ დიდი მეღვინეები - კვირის პალიტრა

როგორ ჩააჩოჩა მცირე მეწარმემ დიდი მეღვინეები

"პანდემიის პერიოდში უცხოეთში უფრო მეტი ღვინო გავყიდეთ, ვიდრე მანამდე"

ყველა მეღვინის სურვილია მისი დაწურული ღვინო საუკეთესო იყოს და ამისთვის ენერგიას არ დაიშურებს. ენერგია და მონდომება არც ზაზა ჯაყელს დაუკლია საქმისთვის, რათა სასურველი შედეგი მიეღო. დღეს ის წარმატებული მეღვინეა, თუმცა პროფესიით ეკონომისტი გახლავთ, წლების განმავლობაში სხვადასხვა ბიზნესითაც იყო დაკავებული. 2000 წელს ძმასთან ერთად ხაშმში ვენახის გაშენება გადაწყვიტა. აქცენტი ჯაყელებმა თავიდანვე ბიო, ნატურალურ პროდუქტზე გააკეთეს.

- მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ ერთი ჰექტარი ვენახი ჩვენთვის გაგვეშენებინა, მაგრამ ერთ ჰექტარს ორი მოჰყვა და მალე ხუთ ჰექტრამდე ავედით.

როცა საქმე წამოვიწყეთ, ბიოპროდუქტი - ამ ცნების გაგება მაშინ ნაკლებად იყო. სულ ორი მეწარმე გახლდათ და მესამე ჩვენ ვიყავით, რომლებსაც სერტიფიკატი გადმოგვცეს. ბიოვენახის გაშენების მიზანი ის იყო, რომ ჯანსაღი პროდუქტი გვქონოდა და დიდი მეღვინეებისთვისაც გაგვეწია კონკურენცია.

თავიდან სულ რამდენიმე ბოთლზე ვფიქრობდით, პატარა მარნის გაკეთებაც გვსურდა. ვენახი 2001 წელს ჩავყარეთ, საფერავის პირველი მოსავალი კი 2005 წელს ავიღეთ, ბოთლებში 2007 წელს ჩამოვასხით, 2009 წელს შპს გავხსენით და სერტიფიკატიც ავიღეთ.

- მერე როგორ გაგრძელდა საქმე?

- მაშინ ძალიან რთული იყო უცხოეთში ღვინის გატანა, მაგრამ ევროპის ბაზარზე - ინგლისში, იტალიასა და საფრანგეთში მოვხვდით. სახელმწიფო პროგრამები იყო - მეღვინეები, მცირე მარნების პატრონი 5-6 კაცი მივდიოდით და ჩვენს ღვინოს იქაურ ბაიერებს (შემსყიდველებს) ვაცნობდით. გემო რომ გაუსინჯეს, დაინტერესდნენ, პროდუქტი მოეწონათ და შემდეგ ხშირად გვიკავშირდებოდნენ.

2010 წელს საქართველოში პირველი ღვინის ფესტივალი გაიმართა. ამ პერიოდში უცხოელმა ტურისტებმაც დაიწყეს ჩამოსვლა და საზღვარგარეთ აღარ გვიწევდა გამგზავრება. ღვინის მოყვარულები ამერიკიდან, ევროპიდან ჩამოდიოდნენ.

- ნელ-ნელა ღვინო ამერიკაში, ინგლისში, იაპონიაში, პოლონეთსა და იტალიაში გაყიდეთ...

- დიახ, და ეს დღემდე გრძელდება - მცირე მარნები, ვინც ნატურალურ ღვინოს ვაწარმოებთ, განსაზღვრული რაოდენობის შერეულ ტვირთებს ვგზავნით.

მოკლედ, იმ პერიოდში დაიწყო ამ სფეროს თანდათან განვითარება და ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა საქართველოს ბაზარზეც გაჩნდა.

პანდემიამდე ღვინოს მშვენივრად ვყიდდი, მაგრამ შემდეგ დაიკეტა რესტორნები, ბარები. შევეცადეთ უცხოეთს დავკავშირებოდით, თავადაც იაქტიურეს და პანდემიის პერიოდში უცხოეთში უფრო მეტი გავყიდეთ, ვიდრე მანამდე.

- დღესაც ძმასთან ერთად საქმიანობთ?

- 2015 წლიდან უკვე მარტო ვუძღვები ამ საქმეს. თელავში, სოფელ ვარდისუბანში მარანი ავაშენე. 4 წელიწადია სოფლის მეურნეობის პროგრამით 7-წლიანი 0%-იანი კრედიტით ვსარგებლობ, რამაც პანდემიის დროს ხელი შემიწყო.

მარნის იდეა ჩემი ღვინის მოყვარულთა ინტერესიდან გაჩნდა, მათ სურდათ ჩემთან შეხვედრა, ურთიერთობა - ბოთლს რომ ყიდულობდნენ, მეღვინესთან გასაუბრებითაც ინტერესდებოდნენ, ამიტომ შევქმენი საგანგებო ადგილი. იდეალური პირობებია, ფანტასტიკური ხედით - ჩანს კავკასიონი, ალავერდი, მყინვარწვერი... 2019 წელს უამრავი სტუმარი მივიღეთ. პანდემიამდე ამერიკიდან, იაპონიიდან, სინგაპურიდან, ევროპის არაერთი ქვეყნიდან გვყავდნენ სტუმრები.

- და თბილისელი კაცი კახეთში დამკვიდრდით...

- რადგან მეღვინეობის ცენტრი კახეთშია, ამ საქმისთვის ამაზე იდეალური ადგილი საქართველოში იშვიათად მოიძებნება. რაკი აქეთ გადმოვედი, 2015 წელს დავიწყე თეთრი ღვინოების (ქისის, რქაწითლის, კახური მწვანის) წარმოება. ბრენდს ჩვენი გვარის ღვინო ვუწოდეთ. ახლა მე და ჩემი მეუღლე უმეტეს დროს თელავში ვატარებთ, აქ ვცხოვრობთ. ორი ქალიშვილი მყავს, თბილისში არიან, მაგრამ მეხმარებიან უცხოელებთან ახალი კონტაქტების მოძიებაში, დოკუმენტაციის მოგვარებაში. მოკლედ, ეს ჩვენი საოჯახო ბიზნესია, ჯამში 6-7 ათას ბოთლს ვაწარმოებთ და სტუმრებთან დეგუსტაციასაც ვუძღვებით. ღვინოს კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ვაყენებთ.

- ისე, ვარდისუბანში ბევრი მექვევრე ცხოვრობს, მაგრამ კახეთში მეღვინეები ტყემლოვანას ქვევრებს ამჯობინებთ მაინც... - აქ უმეტესობა ძველი ქვევრების რესტავრაციით უფროა დაკავებული. ადრე თელავსა და მიმდებარე სოფლებში ბევრი ღვინის ქარხანა და მარანი იყო. ძველ ქვევრებს იღებენ და აახლებენ. ვეთანხმები, რომ ძველი ქვევრი ახალს გაცილებით ჯობია, მაგრამ მის გამოყენებას დიდი რისკიც ახლავს - ქვევრი, რომელშიც წლობით ღვინო არ ჩასხმულა, არა მგონია, დიდად საიმედო იყოს.

- პანდემიამ შეგიშალათ ხელი საქმიანობაში?

- კი, მაგრამ სახელმწიფომ გადამივადა სესხი. გაზაფხულზე იგეგმება ჩვენს ეზოში ვენახის გაშენება, რომელიც ჩვენი კომპანიისთვის დიდი სიახლე იქნება.

- ლამაზი სახლი გაქვთ...

- ადამიანი სადაც ცხოვრობ, გარემოც უნდა გქონდეს. თუ სტუმრების მიღებაც გსურს, მით უფრო უნდა იზრუნო გარემოზე. მსოფლიოს ბევრ კუთხეში ვარ ნამყოფი და რაც იქ გვინახავს, ჩვენს სახლში იმ ყველაფრის ნაზავი გავაკეთეთ. დიზაინის ავტორი მეუღლეა და ქალიშვილიც დაეხმარა. მარანში საუკეთესო პირობებია ღვინისთვისაც.

- რით განსხვავდება თქვენი ღვინო კახეთში დაყენებული სხვა ღვინოებისგან?

- ყველა მეღვინეს უჭირს თავისი პროდუქტის შექება და ამას კარგ ტონად არც მე მივიჩნევ, მაგრამ ჩემს ღვინოს იმდენი მომხმარებელი ჰყავს და ისე აქებენ, რომ უკვე მეც ვაღიარებ, კარგია! განსაკუთრებული გემოებით ხასიათდება.

აქ სხვა მიკროზონაა, განსაკუთრებული ყურძენი მოდის, თან ბიოპროდუქტია. რაც შეეხება თეთრ ღვინოს - რქაწითლისა და ქისის სეპაჟი მაქვს, ერთად იწურება, 50X50-ზე. არომატული და განსხვავებული გამოდის, ყველას მოსწონს. მოკლედ, მუდმივად ვცდილობთ განვითარებას.