ეკა მჟავანაძის სამეურნეო მინისასწაული ხაბუმეში - კვირის პალიტრა

ეკა მჟავანაძის სამეურნეო მინისასწაული ხაბუმეში

"მე და ჩემს დებს ძალიან გვიყვარს ჩვენი წინაპრების სოფელი. მადლიანი ეზოა, სადაც შვილები, შვილიშვილები ზაფხულში ხშირად ვიკრიბებით... ჩემი სამსახურის გამო სოფელში ხშირად ვერ ჩავდიოდი, პანდემიამ კი ამ ყველაფერს ბიძგი მისცა... ახლა ვფიქრობ ურიგო მეურნე არ ვარ..."

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა მჟავანაძის წარმატებული საქმიანობის შესახებ ბევრმა იცის. ის ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგმენეჯერიც გახლავთ. პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. უსაქმოდ აღმოჩნდნენ მსახიობები, რეჟისორები, მაგრამ მათგან ბევრმა გამოსავალი იპოვა და სხვადასხვა საქმეს მიჰყო ხელი. ქალბატონმა ეკამ სოფელს მიაშურა და სამეურნეო საქმიანობა წამოიწყო. არცთუ ცუდი შედეგების მიუხედავად, თავს დამწყებ მეურნეს უწოდებს, საუბარს კი იმ წინაპრების შესახებ თხრობით იწყებს, ვის ნაბოძებ მამულშიც ახლა ის და მისი ოჯახი საქმიანობს.

- დედა დადიანის ქალი იყო, წარმოშობით ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმედან. 1937 წლამდე იქ ბევრი დადიანი ცხოვრობდა, რომლებიც კაცია დადიანის შთამომავლებად იწოდებოდნენ. მერე ზოგი დახვრიტეს, ზოგი გაასახლეს. ჩემი დიდი ბაბუა გუჯუ დადიანი ხაბუმეში დარჩა. გლეხებს უყვარდათ. სწორედ მათ შეიფარეს და რეპრესიებსაც გადაარჩინეს. კი გადარჩა, მაგრამ გაჭირვებულად ცხოვრობდა, რადგან ყველაფერი წაართვეს. მისი ერთი ქალიშვილი იყო დედაჩემი.

მე და ჩემს დებს ძალიან გვიყვარს ჩვენი წინაპრების სოფელი. მადლიანი ეზოა, სადაც შვილები, შვილიშვილები ზაფხულში ხშირად ვიკრიბებით.

- როგორც გავიგე, შარშან ამ დროს სოფელში წახვედით და სამეურნეო საქმიანობა წამოიწყეთ. - ჩემი სამსახურის გამო სოფელში ხშირად ვერ ჩავდიოდი, პანდემიამ კი ამ ყველაფერს ბიძგი მისცა. ხაბუმეში სიმინდის მოსავალი, ყოველთვის მოდიოდა. შარშან მეც დავთესე სიმინდი და სამი ტონა ავიღე. მაქვს თხილის ბაღიც. შედარებით ახალი ნერგებია, რამდენიმე წლის წინ დავრგეთ, მაგრამ უკვე ტონამდე თხილს ვიღებთ.

- ჩანს, მიწა დიდი გაქვთ...

- ის ნაკვეთებიც დავიბრუნეთ, რომლებიც დედაჩემს 90-იან წლებში ჰქონდა. ჩემმა შვილმა სანდრომ შეისყიდა და ერთ-ერთ ნაკვეთში 2019 წელს მოცვი გავაშენეთ პროექტის - "დანერგე მომავალი"" - დახმარებით. კენკროვან კულტურებზე 100%-იანი გრანტი იყო, რომელშიც შედიოდა ნერგები, წვეთოვანი სისტემა და მულჩირება. ეს ყველაფერი ნახევარ ჰექტარზე დაგვიფინანსეს და მოცვის გასახარებლად ზრუნვაც დავიწყეთ.

ლურჯი მოცვია, ე.წ. ტკბილგულა. განსაკუთრებული ჯიშია, შედარებით უცხო და ახალი. სანამ დავრგავდით, კვალიფიციურ აგრონომს რჩევა ვკითხეთ. როგორც გავიგეთ, ჩხოროწყუ-ზუგდიდში მიწისა და ჰავის გამო კარგად გაიხარებდა. მითითება ასეთი იყო - რომ აყვავდება, ყვავილები უნდა დააწყვიტოთ, რათა ფესვი და ღერო გაძლიერდესო. ასეც ვიქცევით და ამ წესს კიდევ ერთი-ორი წელი დავიცავთ, რადგანაც ნიადაგი ცოტა ქვიანი აღმოჩნდა, ამიტომ ნაკვეთი ქვებისგან ხელით გავასუფთავეთ. მიწაც ხელით ამოვიღეთ და ნახერხიც ხელით დავყარეთ. ეს ნიადაგს მჟავიანობის მომატებაში ეხმარება. ასე რომ, ახლა გვაქვს პატარა, მაგრამ კარგად მოვლილი და მოსავლიანი ბაღი.

- მოცვის გარდა თქვენს მეურნეობაში კიდევ რა არის?

- სანდრომ ძველი კოლხური ვაზის 7-8 ჯიში გააშენა. გვაქვს კაკალიც... შარშან ბოსტანიც გავაშენე, დავთესე ყველანაირი მწვანილი, წიწაკა. ყოველ დილით მივდიოდი და დავყურებდი, როგორ იზრდებოდა. განსაკუთრებული გრძნობაა, შენს მოწეულს რომ მოკრეფ, თუნდაც ბულგარულ წიწაკას. გოგრაც დავთესე და მისი მოსავალიც მივიღე. წლეულსაც შეძლებისდაგვარად იმავეს გაკეთებას ვაპირებ.

საქმის წამოწყებამდე ამ ყველაფრის სწავლა ცუდი არ არის, მაგრამ პრაქტიკით მაინც უკეთ სწავლობ. თან ამინდსაც უნდა დააკვირდე - როგორ მოქმედებს მოსავალზე მზე, წვიმა, ქარი, სიცივე. მინდა კიდევ გავაკეთო კარგი რაღაცები.

- ბავშვობაში არასოდეს გიცდიათ ეს საქმე? - არა, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებდა და როგორც ჩანს, ახლა მოვიდა ამის დრო, თუმცა ოთახის მცენარეებს ვუვლიდი და ახლაც ვუვლი. ძალიან მინდა ბუნებასთან ვიმეგობრო.

- საკუთარი გამოცდილებით რას ეტყოდით მათ, ვინც ამ გაზაფხულის პირზე საოჯახო მეურნეობაში თქვენსავით სამოყვარულოდ ჩაბმას აპირებს, რას უნდა მიხედონ? - ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია. საკუთარი ძალების გამოცდაა - შეძლებ თუ არა დამოუკიდებლად რამის მოყვანას. საკუთარ მოყვანილს რომ სხვა გემო აქვს, ეს უკვე გამოვცადე.

- შინაური ფრინველის მოშენებასაც ხომ არ აპირებთ? - შარშან ხუთი წიწილა ვიყიდე. მერე დარდით აღარ ვიყავი - წვიმა რომ მოდიოდა, ღამით არ მეძინა, ყუთში ჩავსვამდი და სახლში შემომყავდა. ისინიც ისე მომეჩვივნენ, გარეთ რომ გამოვიდოდი, როგორც ლეკვი დასდევს პატრონს, ისე დამყვებოდნენ. მალე გაიზარდნენ, მაგრამ იქიდან რომ წამოვედი, დამტოვებელი არავინ იყო. მეზობელმა მითხრა, ამათ ქორი წაიღებს ან რამე შეჭამს და დაკალიო. ამას ვერ შევძლებ-მეთქი და მეზობელს ვთხოვე, მაგრამ სახლში ჩავიკეტე, ხმა რომ არ გამეგო. ახლა მამალი მინდა ვიყიდო. კარგია, დილით რომ გაიღვიძებ და ეზოში მამალი ყივის...

- მეგრულ ეზოს თავისი მოვლის წესი და გამორჩეული კულტურა აქვს...

- მეზობელი, ვინც ამ საქმეში მეხმარება, საოცარი ადამიანია. მისი შვილები სიცილით ამბობენ ხოლმე, დედა ჭიშკართან გვახდევინებს ფეხსაცმელს, ეზოში ფეხშიშველი შევდივართ, რომ რამე არ დავზიანოთო... ჩვენი ეზოც ულამაზესია თავის ნეკერჩხლებით, პატარა ნორჩი ნაძვებით, ყვავილებით... სულ რაღაცებს ვრგავ. ზოგი ხარობს, ზოგი - არა...

- ციტრუსის ბაღი ხომ არ გაქვთ?

- ჩვენგან 5 კილომეტრის იქით ციტრუსი ხარობს, ჩვენთან მთის ძირია და ვერაფრით გავახარე. ეზოში ცოტა კივი გვაქვს, მაგრამ მასაც უჭირს.

წელს კომშიც მოვკრიფე და მურაბა და კომპოტიც გავაკეთე. მოკლედ, ასე ნელ-ნელა რაღაცებს ვცდილობთ მე და ჩემი ოჯახის წევრები. რაც მთავარია, ეს ყველაფერი გვსიამოვნებს.