კუმკვატი - "ჩინური წარმომავლობის" ციტრუსი - კვირის პალიტრა

კუმკვატი - "ჩინური წარმომავლობის" ციტრუსი

კუმკვატი, ანუ იგივე კინკანი - ამ ეგზოტიკური სახელწოდების ციტრუსს, რომელსაც გემოც მეტად ეგზოტიკური აქვს, ჩვენში ჯერჯერობით ცოტა იცნობს. დასავლეთ საქართველოში, სადაც კუმკვატის გასახარებლად შესაფერისი ციტრუსოვანი ზონაა, ის მოსახლეობის მცირე ნაწილს უდგას. კუმკვატს ასევე იცნობენ ძვირად ღირებული სუპერმარკეტების კლიენტები, რომლებსაც აწუხებთ დიაბეტი ან გულის დაავადებები. ისინი კილოგრამ კუმკვატში 45 ლარს იხდიან.

"ჩინური წარმომავლობის" ციტრუსი, რომელსაც მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის შერეული გემო აქვს და კანიანად მიირთმევა, საქართველოში ბოლო წლებში შემოვიდა. კარგ გემოსთან ერთად, კუმკვატი იმითაც არის ცნობილი, რომ მისგან გემრიელი მურაბა, ჟელე და ჩირი მზადდება. ამის გარდა, ეს კულტურა მშვენიერია დეკორატიული მიზნითაც. ის ნებისმიერ ციტრუსთან შედარებით ადვილად ხარობს შინ და ნაყოფსაც ისხამს.

ამ კულტურის ფასი, ალბათ, ყველაზე უკეთ ხობში იციან. აქ კუმკვატის ყველაზე მეტ ხესა თუ ნერგს აღმოაჩენთ. კუმკვატის ნერგებზე მოთხოვნა ნელ-ნელა იზრდება. ტარიელ გრიგალაშვილს, ამ სიახლის მოყვარულ მებაღეს, რომელიც სოფელ ახალსოფელში ცხოვრობს, წელიწადში 1500-მდე ძირი კუმკვატი გამოჰყავს.

- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ციტრუსის ნერგები წლებია გამოგვყავს, კუმკვატის შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ მამაჩემმა აზერბაიჯანიდან ნერგი არ ჩამოიტანა. მითხრა, ახალი ციტრუსია, ჯერ აზერბაიჯანშიც იშვიათია, როცა გემო გავუსინჯე, ისე მომეწონა, რომ სიშორეს არ დავერიდე და საქართველოში ნერგი წამოვიღე, დავრგოთ და ვნახოთ, რა გამოვაო.

კუმკვატმა იმით გაგვახარა, რომ ნიადაგს ადვილად შეეწყო. თანაც ახალგამოყვანილმა ნერგმა ორი წლის შემდეგ უკვე ბარაქიანად დაისხა და, რაც მთავარია, ძალიან "საინტერესოდ გემრიელი" გამოდგა - რომ გასინჯავ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მანდარინს, ფორთოხალსა და ლიმონს ერთდროულად მიირთმევდე.

მეც, კუმკვატის ეს საინტერესო გემო გავსინჯე თუ არა, ნერგების გამოყვანა დავიწყე. სადედე მასალა, საბედნიეროდ, გვაქვს - კუმკვატს აგვისტოში ტრიფოლიატის საძირეზე ვამყნობ და ოქტომბერში ნერგი გადასარგავად მზად არის. ყველაფრის შემოდგომაზე დარგვა სჯობს, თორემ კუმკვატის დარგვა გაზაფხულზეც შეიძლება, თუმცა მეტი მოვლა დასჭირდება, ვიდრე შემოდგომაზე დარგულ ნერგებს. ასე რომ, თუკი ნერგი დამრჩა, მათ სათბურში ვაზამთრებინებ და გაზაფხულზე ვყიდი. კუმკვატი ისეთი ყინვაგამძლეა, რომ გამოზამთრება დიდი ყინვის დროსაც არ უჭირს, თუმცა ახალდანამყენებული ნერგები ყინვას მაინც უნდა მოარიდო.

ისე კი, გაზაფხულამდე ნერგი იშვიათად მრჩება. როდესაც კლიენტები ჩემს კუმკვატის ხეს ნახავენ და მკითხავენ, ეს რა ხეაო, ნაყოფს მივართმევ ხოლმე და ნერგს მაშინვე ითხოვენ - როგორ შეიძლება, ეს მცენარე ეზოში არ გვქონდესო. კუმკვატი გაზაფხულზეც დახუნძლულია, როდესაც ხალხი ნერგების შესაძენად მოდის.

- ესე იგი, კუმკვატს ნაყოფი გაზაფხულამდე მისდევს. ესეც სტიმულია, რომ მისი გაშენება მოინდომო.

- დიახ. მართალია, მანდარინის ან ფორთოხლის ნაყოფიც გვინახავს ხეზე გაზაფხულზე, მაგრამ კუმკვატი, სხვა ციტრუსებთან შედარებით, გაზაფხულზე უფრო სავსე და ახალია. ყვავილობას ივლისის ბოლოსა და აგვისტოში იწყებს, მწიფობას - ნოემბრიდან და აპრილის ბოლომდე გასტანს. აქვს პერიოდები, როდესაც თან ყვავილობს, თან მწიფე ნაყოფი ასხია.

- თუმცა სხვა ციტრუსთან შედარებით ნაყოფი მომცროა, მისი ზომა 6 სმ-ს არ აჭარბებს.

- დიახ, მაგრამ კანიანად მიირთმევა, კანში კი უამრავი ვიტამინია. გარდა ამისა, კუმკვატისგან ძალიან არომატული მურაბა, ჟელე და ჩირი მზადდება, ყველა ეს პროდუქტი კი გულის დაავადებებს უშლის ხელს და სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს.

უცხოეთში კუმკვატი ძალიან პოპულარულია და მასზე კვლევებიც არის ჩატარებული. ამას დავუმატოთ, რომ კუმკვატს შეწამვლა არ სჭირდება, ჯანმრთელი პროდუქტია, შეგიძლიათ მხოლოდ გარეცხოთ და მიირთვათ.

- როგორც ცნობილია, კუმკვატი უცხოეთში ერთ-ერთ გავრცელებულ დეკორატიულ მცენარედ ითვლება. არც არის გასაკვირი - მთელი წლის განმავლობაში ნარინჯისფრად დახუნძლული ბუჩქი შინ სასიამოვნო სანახავი იქნება.

- კუმკვატი აყვავებულიც და მსხმოიარეც ძალიან ლამაზი სანახავია, ჯერ ფერადი კვირტები გამოაქვს, თითქოს იასამნისფერი, მერე კი ძალიან ნაზ, სურნელოვან ყვავილად გარდაიქმნება. მოკლედ, ამ კულტურას მართლაც გამორჩეული თვისებები აქვს. რა თქმა უნდა, დეკორატიულ სამშვენისად გამოყენებისას მეპატრონემ კუმკვატის მოვლის წესები უნდა იცოდეს. მათი ნახვაც ინტერნეტში შეიძლება. ასე რომ, ამ ეგზოტიკური მცენარის გავრცელებას მივესალმები და როგორც შემიძლია, ამ საქმეში საკუთარი წვლილიც შემაქვს.