"ღვინო თვითონ გაჩვენებს, რა და როგორ უნდა გააკეთო" - კვირის პალიტრა

"ღვინო თვითონ გაჩვენებს, რა და როგორ უნდა გააკეთო"

"პატარა სასტუმრო გვაქვს, ეთნოგრაფიული ეზო, ხეხილი, ბოსტანი და სხვა... ვენახს ჰექტარზე ცოტა მეტი ფართობი უკავია. ღვინოს ბოთლებში ვასხამთ, მაგრამ ვინაიდან ჯერ დიდი ოდენობით არა გვაქვს, ამიტომ ჯერ მხოლოდ ჩვენს მარანში იყიდება"

ვახუშტი მენაბდე პოლიტიკური სამართლის სპეციალისტია, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, პარალელურად კი თავის მშობლიურ კუთხეში, გურიაში, მეღვინეობა-მევენახეობას მისდევს. "შემოქმედი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დიდი და ტრადიციული სოფელია, ლამაზი მონასტრით, ხეობით, მდინარით. ჩვენგან სულ რაღაც 20 კილომეტრშია გომის მთაც, რომელიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. არის ასევე რამდენიმე სახლ-მუზეუმი. ერთი სიტყვით, ეთნოგრაფიულად მრავალფეროვანი სოფელია. პრაქტიკულად, თემია, რომელშიც რამდენიმე პატარა სოფელი შედის", - ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ვახუშტი მენაბდე.

- ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი იქნება, თუ ვიტყვი, რომ მეღვინე ან მევენახე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოც დამიყენებია, ვაყენებ და დავაყენებ, ოჯახის წევრებთან ერთად ვენახსაც ვმართავ, მეღვინე არა ვარ, ალბათ, უფრო ენთუზიასტი, რადგან ეს ჩემთვის საინტერესო და სასიამოვნო სფეროა.

- რამდენი ხანია, რაც ამ საქმით დაინტერესდით?

- როგორც თითქმის ყველგან, ღვინოს ჩემს ბავშვობაში გურიაშიც აყენებდნენ. ეს იყო ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი, რომლისგანაც, ცხადია, მაღალი ხარისხის ღვინო არ დგება. თუმცა იმ რიტუალებს, რაც დაკავშირებულია ყურძნის მოყვანასთან, მოვლასთან, დაწურვასთან, დაყენებასთან, ბავშვობაში ვუყურებდი და ეს ჩემთვის სახალისო და საინტერესო იყო. ღვინის სუნი და არომატი ყოველთვის მიზიდავდა, თუმცა იმ პერიოდში კარგი ხარისხის ღვინოს ძნელად თუ წააწყდებოდი. მეღვინეობით საფუძვლიანად სტუდენტობისას დავინტერესდი. მერე ნელ-ნელა ინტერნეტის საშუალებით თუ სხვადასხვა სპეციალისტის მეშვეობით ღვინის დაყენების შესახებ ბევრ რამეს გავეცანი.

- ბოლო დროს ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ სფეროში...

- დიახ. ლიტერატურაში გვხვდებოდა ინფორმაცია გურიაში არსებულ ღვინის კულტურაზე, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი დეგრადირებული იყო. 2014-2015 წლებში ქალაქთან ახლოს საცდელი ვენახი გავაშენეთ. შემდეგ გადავწყვიტეთ, უფრო სერიოზულად მოგვეკიდა ხელი.

2016 წელს ჩვენი საგვარეულო მიწის მეზობლად ძველი ოდა შევიძინეთ თავისი ტერიტორიით. ნელ-ნელა გავფართოვდით და ახლა ჯამში 2,5 ჰექტარი მიწა გვაქვს. დიდი ფართობი არ არის, მაგრამ საინტერესო ვაზის ჯიშების გაშენებისა და ღვინის დაწურვის საშუალებას იძლევა. ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ.

- საქმეში მთელი ოჯახი ხართ ჩართული?

- ჩემს ძმას, მამაჩემსა და დედას შრომა განაწილებული გვაქვს. გვაქვს პატარა სასტუმროც, ეთნოგრაფიული ეზო, ხეხილი, ბოსტანი და სხვა... ვენახს ჰექტარზე ცოტა მეტი ფართობი უკავია.

- რა ჯიშის ყურძენი გაქვთ?

- ძირითადად, ჩხავერი. წლეულს დავამატეთ გურული ჯიში საკმიელაც. თეთრი ყურძენია და თეთრი ღვინო დგება. ვფიქრობთ, ვენახი გავაფართოოთ და საკმიელა კიდევ ნახევარ ჰექტარზე ჩავყაროთ.

- ღვინოს რა ტექნოლოგიით აყენებთ? - სამწუხაროდ, გურული ვაზის პოტენციალი ბოლომდე არ არის შესწავლილი. არის სტერეოტიპული განსხვავებანი. ცნობილია, რომ ჩხავერი უნდა იყოს ლალისფერი, მსუბუქი, მაგრამ რატომ არ შეიძლება მისგან სხვა ტიპის ღვინის დაყენება? იქნებ დიდი დიაპაზონი აქვს და ბევრნაირი ღვინო გამოვიდეს? ამიტომ ცდებს ვატარებთ. კლასიკურ ევროპულს ნაკლებად მივყვებით, სხვადასხვა ვარიაციას ვიყენებთ.

ყოველთვის ჭაჭაზე ვაყოვნებთ, ვცდილობთ სხვადასხვა მოცულობის ჭაჭა სხვადასხვა დაყოვნებით გავაკეთოთ - ხუთი დღის, ერთი კვირის, ერთი თვის, სამი თვის და ერთმანეთს შევადაროთ. ძირითადად, ვიყენებთ ქვევრს, უჟანგავი ფოლადის სისტემებს... მთავარი ხაზი მაინც ჭაჭაზე სამი კვირით დაყოვნებული ქვევრის ჩხავერია. ჩვენი ჩხავერი უფრო არატიპურია და მაღალი ტანინებით, მაღალი ალკოჰოლით გამოირჩევა. გემოვნების საკითხია, მე ასეთი ღვინო მიყვარს.

- ესე იგი მუდმივად აკვირდებით, ექსპერიმენტებს ატარებთ და იკვლევთ... - დიახ, ღვინო თვითონ გაჩვენებს, რა და როგორ უნდა გააკეთო. ვცდილობთ კი არ დავიმორჩილოთ, უფრო პარტნიორული ურთიერთობა გვქონდეს ვენახსა და ღვინოსთან. მივყვეთ მას, დავეხმაროთ, განვითარების საშუალება მივცეთ.

ღვინო ბოთლებში კი ისხმება, მაგრამ ვინაიდან ჯერ დიდი ოდენობით არა გვაქვს, ამიტომ ჯერ მხოლოდ ჩვენს მარანში იყიდება.

- ექსპორტზე ჯერ არ უშვებთ? - მოლაპარაკებები გვაქვს, თუმცა თუ ძალიან ხელსაყრელი წინადადება არ იქნა, პირველივე შემოთავაზებას არ ვთანხმდებით.

- რა გეგმები გაქვთ? - სასტუმროს მომსახურებას ვაფართოებთ, ნომრებს ვამატებთ. ეს არის სასტუმრო ყველა სერვისით, გვინდა არ დავკარგოთ ავთენტურობა, მაგრამ კომფორტიც შევქმნათ. გავაფართოებთ მარანსაც, ის თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, მეცნიერულად დაპროექტებული კლიმატისა და ტემპერატურის, ტენიანობის კონტროლით. ეს საშუალებას მოგვცემს მაღალი ხარისხის ღვინო დავაყენოთ და წესისამებრ შევინახოთ.

- თქვენი მარანი ღიაა თუ დახურული, დასავლეთში უფრო ღია მარნებია.

- ჩვენი მარანი დახურულია. ღია მარანში დაცული არა ხარ სხვადასხვა პრობლემისგან, მათ შორის ტემპერატურისგან ცვალებადობისგან...

ღვინის დაყენების დროს ძალიან ძნელია ვითარების გაკონტროლება, ამიტომ მარანი შენობაშია მოქცეული, მაგრამ უკანა ეზოში გვაქვს ძველი მარანიც, სადაც ქვევრები აღმოჩნდა. ფაქტობრივად, მას არქეოლოგიური ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი ქვევრი დამტვრეულ-გაბზარულია. ვფიქრობ, ეს ყველაფერი XX საუკუნეზე ადრინდელია.

- დამწყებ მეღვინე-მევენახეებს რას ურჩევთ?

- რჩევა არ მინდა აღიქმებოდეს ისე, მე ვის რა უნდა ვასწავლოო, მაგრამ აზრის გაზიარების მომხრე ვარ. ხშირად ადამიანები თავს სამყაროს ცენტრად მოიაზრებენ. ეს მოდერნული სამყაროსა და განმანათლებლობის დამახასიათებელი რამ არის. ვფიქრობ, ურთიერთობის სხვა მოდელებიც არსებობს და ერთ-ერთი თანასწორი ურთიერთობაა იმასთან, რაზეც მუშაობ. ამ დროს იმაზე კი არ ფიქრობ, რა გვინდა ვენახისგან, არამედ იმაზე, რა სჭირდება მას ჩვენგან. თუ მას მივცემთ შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციაში შემოვიდეს ჩვენთან, თვითონ გვაჩვენებს, საუკეთესო რა არის ჩვენთვისაც და მისთვისაც. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ.