"ხიბულელი " ლოკოკინები უცხოეთში "მიდიან" - კვირის პალიტრა

"ხიბულელი " ლოკოკინები უცხოეთში "მიდიან"

"ლოკოკინის ბიზნესი ბოლო 15 წელიწადში 150%-ით გაიზარდა და მოთხოვნის 40% მაინც დაუკმაყოფილებელია. ლოკოკინას დღეს ევროპის უკვე ბევრ ქვეყანაში მოიხმარენ, მოთხოვნა იზრდება ჩინეთსა და ბრაზილიაშიც"

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ახალციხეში ერთმა იმერელმა ქალმა ლოკოკინების ფერმა გააშენა, ამ ამბავმა ყველა გააკვირვა. არადა, საქართველოში სიახლემ იმდენად გაამართლა, რომ დღეს უკვე არაერთი ფერმაა შექმნილი. ამ საქმეს საფუძველი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში ჩაეყარა, სადაც ბიზნესმენმა მერაბ ნადარაიამ სახელმწიფოს დახმარებით 2018 წელს ლოკოკინების ფერმა 6 ჰექტარზე გააშენა. დღეს საქართველოდან 300 ტონა ლოკოკინა გადის ექსპორტზე, რაც დაახლოებით 720.000 ევროს შემოსავალს ნიშნავს. ასე რომ, ამ საქმეს ქვეყნისთვის დიდი პერსპექტივა აქვს.

- იშვიათად თუ მოიფიქრებს ადამიანი ისეთ სწრაფად განვითარებად ბიზნესს, როგორიც ლოკოკინას წარმოებაა. თქვენ როგორ დაიწყეთ ეს საქმე?

- ძალიან მარტივად, იმ ფიქრით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა მსოფლიოში მზარდია და იმავდროულად, მოგებასაც შრომის შესაფერისად იძლევა. მოგეხსენებათ, მსგავსი ინფორმაციის მოძიება არცთუ ძნელია. ასე რომ, ლოკოკინებს მივაგენი. შემდეგ ამ საქმეში პარტნიორობას დაგვთანხმდა იტალიური კომპანია, რომელიც ევროპაში ლოკოკინების ექსპორტით არის დაინტერესებული. პარალელურად სახელმწიფოსგან ავიღე აგრობიზნესის შეღავათიანი სესხი. ასე გავაშენეთ სამი წლის წინ სოფელ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა 6 ჰექტარზე, საიდანაც იმავე წელიწადს 50 ტონა ლოკოკინა გავიტანეთ.

- ხიბულაში როგორ შეხვდნენ ლოკოკინების ფერმის გაშენებას? მოგეხსენებათ, ლოკოკინა ბაღჩეული მცენარეების გამანადგურებლად არის მიჩნეული. - იყო თავიდან კითხვის ნიშნები, მაგრამ დღეს არაერთ ხიბულელს სურს ლოკოკინების ფერმის გაშენება და ამ პროდუქტის საექსპორტოდ გატანა, რაშიც სიამოვნებით დავეხმარებით. ჩვენი ინიციატივითა და უფასო ტრენინგებით არაერთი ლოკოკინების ფერმა გაშენდა და მათი პროდუქტიც თავად გაგვაქვს იტალიაში. ეს ყველაფერი ხიბულაში სამი წლის წინ იტალიიდან 300 ათასი ლოკოკინის ჩამოტანითა და იმ ფერმით დავიწყეთ, რომელსაც ნატურალურ მეთოდთან მიახლოებული ბუნებრივი ფერმა ჰქვია. აქ ლოკოკინებს ნატურალურად ვაშენებთ - 6 ჰექტარზე მათი საკვები ბაღჩეული, ისპანახი თუ კომბოსტო მოგვყავს. ლოკოკინები ერთსქესიანები არიან, ამიტომ თვითგამრავლების მეთოდით მრავლდებიან. პირველი 300 ათასი ლოკოკინიდან დღეს უკვე რამდენიმე მილიონი გვყავს. მათგან ყოველი თაობა უკვე 8 თვიდან რეალიზდება. ლოკოკინა აუცილებლად 20 გრამი უნდა იყოს, რომ გაიყიდოს.

- ბაღჩეულ კულტურებს კიდევ რას აშველებთ, რა მოსწონთ საკვებად ლოკოკინებს? - დაფქვილი სიმინდისა და სოიის ნაზავი.

ერთ კილოგრამ ლოკოკინას სარეალიზაციოდ გამოზრდამდე ერთი კილოგრამი კომბინირებული საკვები სჭირდება. ყველა ხარჯის გამოკლებით ლოკოკინების ფერმა 75%-იან მოგებას გვაძლევს.

ლოკოკინის ბიზნესი ბოლო 15 წელიწადში 150%-ით გაიზარდა და მოთხოვნის 40% მაინც დაუკმაყოფილებელია. ლოკოკინას დღეს ევროპის უკვე ბევრ ქვეყანაში მოიხმარენ, მოთხოვნა იზრდება ჩინეთსა და ბრაზილიაშიც. მოთხოვნაა ლოკოკინის ლორწოზეც, რომელიც ანტისეპტიკია, იმიტომაც არ ემართებათ არანაირი დაავადება. ასე რომ, ლოკოკინამ აგრობიზნესს შვება მისცა, მათ შორის ჩვენს ბიზნესსაც. უკვე 300 ტონა ლოკოკინა გაგვაქვს წელიწადში, მალე 400 ტონასაც გავიტანთ.

- სარეალიზაციოდ როგორ აგროვებთ? - გამთენიისას ვაგროვებთ, როდესაც ლოკოკინა უკვე გამოკვებილი და მოდუნებულია. ისინი ხომ ღამით იკვებებიან.

- თქვენ მიგირთმევიათ ეს პროდუქტი? საქართველოში არც ისე პოპულარულია ლოკოკინა. - რასაკვირველია, მიჭამია, აბა სხვას ხომ არ ვეტყვი, თქვენ მიირთვით, მე არ მომწონს-მეთქი! უნდა მოგახსენოთ, რომ ძალიან გემრიელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე პოპულარულიც არ იქნებოდა.