ციცაბო კლდეების უწყინარი ბინადარი - კვირის პალიტრა

ციცაბო კლდეების უწყინარი ბინადარი

"არჩვის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი პატარა, მოკაუჭებული რქებია. მათზე ხალხში არაერთი გადმოცემა ვრცელდება: არსებობს ვერსია, რომ საფრთხის დროს არჩვი რქებით ხის ტოტებზე ეკიდება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ არჩვი რქებით უსტვენს... სტვენისმაგვარ ხმებს მართლაც გამოსცემს, ოღონდ არა რქებით"

არჩვი საქართველოს ბუნების გამორჩეული წარმომადგენელია. აღტაცებასა და გაოცებას ვერ მალავს ყველა, ვისაც ციცაბო კლდეებზე დინჯად მოსეირნე არჩვი უნახავს. "ამ მშვენიერი ცხოველის რაოდენობა კავკასიონზე უფრო და უფრო მცირდება. ნადირობის წნეხი მასზეც ისევე მოქმედებდა და მოქმედებს, როგორც ჯიხვზე ან ნიამორზე", - გვეუბნება თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

კავკასიური არჩვი

- არჩვზე ხალხში უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება. გვიამბეთ ამ მართლაც იშვიათ და ლამაზ ცხოველზე.

- არჩვი მთის ჩლიქოსანთა ტიპური წარმომადგენელია. ჯიხვისა და ნიამორისგან განსხვავებით აქვს პატარა, მოკაუჭებული რქები. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანიც სწორედ ეს არის. ამ რქებზე ხალხში არაერთი გადმოცემა ვრცელდება: არსებობს ვერსია, რომ საფრთხის დროს არჩვი რქებით ხის ტოტებზე ეკიდება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ არჩვი რქებით უსტვენს, მაგრამ ეს სიცრუეა. სტვენისმაგვარ ხმებს მართლაც გამოსცემს, ოღონდ არა რქებით. ამ ცხოველის მეორე სახელწოდება არის ""ფსიტი", თუმცა მას უფრო "არჩვად" მოიხსენიებენ.

- მდედრი და მამრი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან? - მათი გარჩევა რთულია და ამას მხოლოდ სპეციალისტები ახერხებენ. მდედრს და მამრს რქებიც ერთნაირი აქვთ. არჩვის სიმაღლე, რქებს თუ არ ჩავთვლით, 85 სანტიმეტრია, მისი საშუალო წონა კი 40 კილოგრამი. ის მაღალ მთებში, ზღვის დონიდან 800-3000 მეტრზე ბინადრობს. ამ სიმაღლეზე მისი დანახვა მეტად შთამბეჭდავია. "თანამოძმე" მთის ჩლიქოსნებისგან განსხვავებით, არჩვი უფრო მცირე ზომისაა. რაც შეეხება გავრცელების არეალს, არჩვი ევროპაშიც ბინადრობს, თურქეთშიც და კავკასიაშიც. ის ყველგან კარგად გრძნობს თავს, სადაც კლდეები და მაღალი მთებია. საქართველოში უფრო ხშირად დიდ კავკასიონზე გვხვდება.

"კავკასიონზე ბინადრობს კავკასიური არჩვი"

- თუ არის ცნობილი არჩვის რიცხოვნობა ამჟამად? - ამ ცხოველის ნორმალურად შესწავლა და აღრიცხვა მე და ჩემმა კოლეგებმა 2014 წელს შევძელით. კავკასიონზე მაშინ 900-მდე ინდივიდი ბინადრობდა, ხოლო მთლიანად საქართველოში - დაახლოებით 1000 ინდივიდი.

ყველაზე დიდი რაოდენობით ეს ცხოველი ხევსურეთში, ხევსა და თუშეთში ვნახეთ - ხევსურეთში 545 არჩვი აღვნუსხეთ, ხევში - 218, თუშეთში კი 116. ლაგოდეხის ნაკრძალში მათი რიცხვი მცირეა - სულ 23 არჩვი აღირიცხა. 1980-იან წლებში ეს ცხოველი საქართველოში უფრო მრავლად იყო, 1990-იან წლებში კი ისევე შემცირდა, როგორც სხვა იშვიათი ცხოველები.

- ამ დღეებში გადავაწყდი ფოტოს, რომელსაც ეწერა: "არჩვი ეგრისის ქედზე". გამოდის, არჩვი იქაც ბინადრობს? - ეგრისის ქედი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა, არ არის გამორიცხული, არჩვი იქაც იყოს, ოღონდ უფრო სვანეთის მხარეს - კავკასიონისკენ.

ჩვენთან ორი სახეობაა გავრცელებული: ერთი, რომელიც კავკასიონზე ბინადრობს, ანუ კავკასიური არჩვი და მეორე - აზიური არჩვი, რომელიც უფრო აჭარასა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გვხვდება. ეს იგივე სახეობაა, რომელიც თურქეთშია გავრცელებული.

ადრე არჩვი საქართველოს წითელ წიგნშიც იყო შეტანილი, რომელსაც ახლა "წითელ ნუსხას" ვეძახით. ამ ნუსხას უნდა გადახედონ, ამიტომ დანამდვილებით არც ვიცით, რომელ კატეგორიაში შეიყვანენ ამ ცხოველს. არჩვი მხოლოდ ერთ ან ორ ნაშიერს შობს. გამრავლების სეზონი შემოდგომაზე ეწყება. ისინი მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ. სწორედ ამ ჯგუფებში ეჯვარებიან ერთმანეთს.

"აზიური არჩვი უფრო აჭარასა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გვხვდება"

- არჩვის რაოდენობის შემცირებას ხშირად "ადამიანური ფაქტორებით" ხსნიან. რა იგულისხმება ამ სიტყვებში? - ბევრი რამ: ბრაკონიერობა, სამეურნეო საქმიანობა და გარემოს ათვისება, რასაც საძოვრების განადგურება მოსდევს... ეს ყველაფერი ხელს უშლის ცხოველებს გამრავლებას. გარდა ამისა, არჩვი მეტისმეტად ფრთხილი ცხოველია და როცა საფრთხეს ან შემაფერხებელ ფაქტორებს ხედავს, შეუძლია მშობლიური ადგილები მიატოვოს. ის მეტისმეტად მფრთხალი, უწყინარი ცხოველია და საერთოდ არ არის აგრესიული - არასდროს გამიგია, არჩვი ადამიანს დაჰპირისპირებოდეს. ძალიან ცუდად იმოქმედა არჩვის რიცხოვნობაზე საუკუნეების განმავლობაში ნადირობამ. ცუდია, რომ ეს მნიშვნელოვანი და საინტერესო ცხოველი საქართველოს ტერიტორიაზე სწორედ "ადამიანური ფაქტორების" წყალობით შემცირდა.

- თუმცა ბუნებაშიც ეყოლება მტრები... - საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე, არჩვს ცოტა მტერი ჰყავს. მაგალითად, ლეოპარდი, რომელიც საქართველოში აღარ ცხოვრობს. არჩვზე ნადირობენ ფოცხვერი და მგელიც, ის ამ სამი მტაცებლის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, თუმცა ეს არ არის მისი რიცხოვნობის შემცირების მიზეზი.

- რა შეიძლება ვიღონოთ არჩვის გადასარჩენად და გასამრავლებლად? - ყველაზე კარგი გზა დაცული ტერიტორიებია. იშვიათ ცხოველებს სწორედ ასეთ ადგილებში ამრავლებენ და მერე ბუნებაში უშვებენ.

- არჩვის გვერდით თითქმის ყოველთვის ახსენებენ ჯიხვსა და ნიამორს... რამდენად საინტერესო იყო და არის ეს ცხოველები მონადირეებისთვის? - მომცრო რქების გამო არჩვის სანადირო ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უზარმაზარი რქების მქონე ჯიხვის ან ნიამორისა. თუმცა მონადირე, რომელიც ჯიხვზე სანადიროდ მიდიოდა ან მიდის, ცდილობს ნანადირევს არჩვიც "გამოაყოლოს, როგორც "ალაფი". ეს ძალიან სამწუხარო "ტრადიციაა". ამჟამად საქართველოში არჩვზე ნადირობა აკრძალულია. მასზე ნადირობა მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაშია ნებადართული, მაგალითად, იტალიაში, მაგრამ წელიწადის განსაზღვრულ პერიოდში.

- ეს ცხოველი მაღალ, მიუვალ ადგილებში ცხოვრობს. სპეციალისტები როგორ ახერხებთ მის შესწავლას? - არჩვს სტანდარტული მეთოდებით აღვრიცხავთ და შევისწავლით. მთავარი მეთოდი ჩასაფრება და დაკვირვებაა. 2014 წელს სწორედ ვერტმფრენიდან ვაკვირდებოდით და აღვრიცხეთ. იშვიათ ცხოველებზე დაკვირვების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფოტოხაფანგის გამოყენებაა ან მათი დაჭერა, საყელურის გაკეთება და მერე ბუნებაში გაშვება. საქართველოშიც, ძირითადად, ეს გზებია მიღებული. ცუდია, რომ ჩვენს ზოოპარკში ჯერჯერობით არჩვი არ გვყავს, მაგრამ ქართველი სპეციალისტები ამ ცხოველზე ისევე ვზრუნავთ, როგორც ნებისმიერ იშვიათ სახეობაზე.

ხათუნა ჩიგოგიძე