მშრომელთა იმპერიების სამხედრო თამაშები - კვირის პალიტრა

მშრომელთა იმპერიების სამხედრო თამაშები

"მუშა ჭიანჭველები, ყველაზე მეტ სამუშაოს ასრულებენ: ზრუნავენ შთამომავლობაზე, ოჯახს საკვებით ამარაგებენ და მტრებისგან იცავენ"

ჭიანჭველა ერთ-ერთი გავრცელებული მწერია, რომელიც თითქმის მთელ დედამიწაზე ბინადრობს. სიფრიფანაფრთიანთა ეს უჩვეულო წარმომადგენელი ადამიანებს თავისი ცხოვრების წესით აკვირვებს, მათი მოწესრიგებული, კოხტა ბუდეები კი ნამდვილი საოცრებაა. ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნანა გრატიაშვილი საგანგებოდ იკვლევს ამ მწერებს და მათ უჩვეულო ბუდეებს.

- დავიწყებ იმით, რომ ჭიანჭველებს შრომა ეფექტიანად და სწორად აქვთ განაწილებული. ამის გამო მათ ხშირად ადარებენ ფუტკრებს, კრაზანებსა და ტერმიტებს. ჭიანჭველას ბუდეში თითოეულ ინდივიდს თავისი ფუნქცია აქვს და მას ყველა უნაკლოდ ასრულებს, ამიტომაც უწოდებენ მათ სოციალურ მწერებს. მქონდა ბედნიერება, ჭიანჭველების ცხოვრება და მათი თავისებურებები შემესწავლა - ეს ჩემი დისერტაციის მთავარი თემა იყო.

- ამბობენ, რომ ჭიანჭველა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბინადარია. - დიახ, კვლევებით დასტურდება, რომ ის მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. ამ მწერის თავისებურებებს XVIII-XIX საუკუნეებიდან სწავლობენ უცხოელი და ქართველი მეცნიერები.

ამჟამად აღნუსხულია ჭიანჭველას 15 ათასზე მეტი სახეობა. აქედან საქართველოში გვხვდება 144. სინამდვილეში ჩვენთან გაცილებით მეტი სახეობაა, უბრალოდ, ზოგიერთი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ყველაზე მეტ ინტერესს და გაკვირვებას ჭიანჭველების ბუდე იწვევს.

- რატომ? - უპირველესად წესრიგის გამო. ჭიანჭველების ბუდეში ერთად ცხოვრობენ მდედრები, რომლებიც განაყოფიერების შემდეგ დედოფლებად იქცევიან, და მამრები, რომლებიც საქორწინო ცეკვისა და მათთან შეწყვილების შემდეგ იღუპებიან. ეს ყველა სახეობას არ ახასიათებს, მაგრამ 90% იღუპება - ეს მათი ფიზიოლოგიაა. მდედრებს აქვთ ფრთები, რომელთაც განაყოფიერების შემდეგ იშორებენ, კვერცხის დებას იწყებენ და შთამომავლობას იძლევიან, რაც მათი მთავარი ფუნქციაა. ბუდეში ცხოვრობენ მუშა ჭიანჭველები, რომლებიც ყველაზე მეტ სამუშაოს ასრულებენ: ისინი ზრუნავენ შთამომავლობაზე, ოჯახს საკვებით ამარაგებენ და მტრებისგან იცავენ. მოკლედ, ძირითად ფუნქციებს ბუდეში ასრულებენ სწორედ მუშა ჭიანჭველები, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სტერილურები არიან.

ტყის მურა ჭიანჭველების დედოფალი

- რას გვეტყვით ე.წ. მეომარ ჭიანჭველებზე? - მეომარი ჭიანჭველები მუშა ჭიანჭველების ერთ-ერთი ფორმაა. მათ შორის არიან მზვერავებიცა და მეომრებიც. მეომრებს უფრო დიდი თავი და ყბები აქვთ, მათი იერი მათსავე ფუნქციას ზუსტად შეესაბამება. მაგალითად, მეომრები წინ მიუძღვიან ჭიანჭველების კოლონიას, როცა ზოგი ექსპანსიონისტური სახეობა თავს ესხმის სხვა კოლონიას. ამ დროს ისინი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას მართავენ ერთმანეთთან: შეიჭრებიან დამხვდურებთან და იწყება დიდი ხოცვა-ჟლეტა. რას აკეთებს ამ დროს ჭიანჭველების დედოფალი? - ისიც შეიჭრება კოლონიაში, მასპინძლის დედოფალს კისერში წაუჭერს საცეცებს და დახრჩობას იწყებს. ეს ჭიდილი შესაძლოა რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღესაც გაგრძელდეს. დედოფლის დახრჩობა ჩემი თვალით მაქვს ნანახი - ეს ამ მწერების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქცევაა.

- რა ბედი ელის დაპყრობილ დედოფალსა და მის ბუდეს? - ბოლოს, როცა მკვლელი დედოფალი საბრალო მსხვერპლს დაახრჩობს, მის ადგილს იკავებს და მის ბუდეში კვერცხებს დებს. მოკლული დედოფლის კვერცხებიდან გამოჩეკილ შთამომავლობას დამპყრობლები იმონებენ, ამიტომ მათ მონათმფლობელ ჭიანჭველებს ვეძახით. დატყვევებული დედოფლის დახრჩობის შემდეგ მისი მუშებიც მონები ხდებიან, მათ საჭიროებისამებრ იყენებენ და ეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. მონათმფლობელი ჭიანჭველები პარაზიტები არიან - მათ მასპინძლის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ.

- რა ურთიერთობაა მონებსა და დედოფალს შორის? - მონები მეტად საინტერესო ჯგუფია, ისინი უზომოდ შრომისმოყვარე არიან, დედოფლებს თვალისჩინივით უფრთხილდებიან. მათ იმდენი საქმე აქვთ, რომ მოსასვენებლად არ სცალიათ. დედოფალსაც თავისი ამოცანები აქვს - კვერცხებს დებს ან ჭუპრებს უვლის. ის ზომით ყველაზე დიდია, უმეტესად უმოძრაოდ არის და ბუდიდან გარეთ არ გამოდის, ამიტომ დედოფლები სხვა ჭიანჭველებზე უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ჭიანჭველას ზოგიერთ სახეობას მხოლოდ ერთი დედოფალი ჰყავს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც რამდენიმე დედოფალი ჰყავთ. შესაძლოა ერთ ბუდეში 20-30 ან მეტი დედოფალიც იყოს, მაგრამ იქ, სადაც ერთდედოფლიანობაა, შეუძლებელია ორმა დედოფალმა იცხოვროს და შთამომავლობა დატოვოს. ბუდეში ერთი დედოფალი რჩება, ახლები კი ცალკე გადადიან და ახალ-ახალ კოლონიებს ქმნიან.

მეომარი ჭიანჭველა მუშა ჭიანჭველების ფონზე

- მართალია, რომ ჭიანჭველა ზოგჯერ თავისზე 25-ჯერ მძიმე ნადავლს მიათრევს?

- ზუსტად არავინ იცის, ნადავლი 25-ჯერ მძიმეა, ათჯერ თუ ოცჯერ, მაგრამ ამ მწერს თავის ზომაზე ბევრად დიდი ტვირთის გადატანა შეუძლია. მკვლევრები ჭიანჭველებს ფუტკრებსა და კრაზანებს ადარებენ, რადგან მათსავით მოწესრიგებული ბუდეები აქვთ. ჭიანჭველების ბუდეში ყველამ იცის, რა ევალება და ვინ რა უნდა გააკეთოს.

- საშიშია თუ არა ჭიანჭველას შხამი?

- ვერ ვიტყოდი, რომ გველივით იკბინება, მაგრამ არიან ჭიანჭველები, რომლებსაც ძალიან მწარე ნაკბენი აქვთ - ეს მათი თავდაცვითი რეაქციაა და დამახასიათებელია ნებისმიერი ცხოველისთვის.

ჭიანჭველას სხეული ჭიანჭველმჟავას შეიცავს და სწორედ ის განაპირობებს სიმწარეს. სხვათა შორის, ჭიანჭველმჟავას შეიცავს ჭინჭარიც და ამიტომ არის მწარე ჭინჭრით დასუსხვა. შესაძლოა ჭიანჭველას ნაკბენი გაღიზიანდეს და კიდეც გაწითლდეს. თუ ჭიანჭველა ხილში ან სხვა საკვებში შეგყვებათ, შესაძლოა მოიწამლოთ. სხვათა შორის, ზოგიერთი სახეობის ჭიანჭველას კულინარიასა და მედიცინაში იყენებენ. მაგალითად, აფრიკის ქვეყნებში ჭიანჭველას ჭუპრებსა და ლარვებს ჭამენ - მათ ბრაწავენ ან ხრაკავენ.

- რა ზიანი და რა სარგებლობა მოაქვს ჭიანჭველას? - სამწუხაროდ, მოსახლეობა მათ ძალიან ემტერება, მიუხედავად იმისა, რომ ამ მწერს დადებითი უფრო მეტი მოაქვს. არსებობენ ჭიანჭველები, რომლებიც ბიომრავალფეროვნების ინდიკატორები არიან. მაგალითად, თუ რომელიმე ადგილას ჭიანჭველას ერთ-ერთი სახეობა ბუდობდა და ახლა აღარ ბუდობს, ეს მიგვანიშნებს, რომ იმ ტერიტორიაზე ეკოლოგიური მდგომარეობა შეიცვალა; ან თუ ადრე არ გვხვდებოდა და უეცრად გამოჩნდა, ესეც ეკოლოგიის ცვლილებაზე მიუთითებს. სამწუხაროა, რომ ადამიანები მინდვრებს, ისე ამუშავებენ, რომ ჭიანჭველას ბუდეებს არავინ აკვირდება. გასაგებია, რომ ფერმერისთვის მოსავლის მოყვანა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მწერები და მათი ბუდეები, მაგრამ ხელაღებით არც ერთი არსების მოსპობა არ შეიძლება.

- როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა სამზარეულოში ან მთელ სახლში ჭიანჭველები მომრავლდებიან?

- თუ ეს მწერები ადამიანს შეაწუხებენ, რთულია უთხრა, რომ არ დახოცოს, მაგრამ ხელაღებით არ უნდა გავანადგუროთ: თუ ძალიან არ გვაწუხებენ, რატომ უნდა ამოვხოცოთ? მათი ბუდეები ბუნებაში მაინც არ უნდა გავანადგუროთ, რადგან ამით შეიძლება მთელ ეკოსისტემას მივაყენოთ დიდი ზიანი.

ხათუნა ჩიგოგიძე