ჭინჭრის მკვლელი ნათესავი ავსტრალიიდან - კვირის პალიტრა

ჭინჭრის მკვლელი ნათესავი ავსტრალიიდან

ბუჩქნარი მცენარე გიმპი-გიმპი ერთ-ერთი ადამიანთმოძულე რამ არის, რაც კი ბუნებაში არსებობს. მისი სამეცნიერო სახელწოდებაა Dendrocnide moroides, თუმცა ადგილობრივ ჟარგონზე შერქმეული "თვითმკვლელობის მცენარე" უფრო შეეფერება, რადგან დასუსხული ადამიანი გაგიჟებამდე მიჰყავს. ჭინჭრის ორმეტრიანი ნათესავი მასზე ასეულჯერ მწარედ ისუსხება.

ვისაც უწვნევია გიმპი-გიმპის შხამი, ამბობს, რომ ის ჰგავს ერთდროულად ცეცხლითა და მჟავათი დაწვას და ზედ კიდევ დენის დარტყმას. მცენარე ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ჯუნგლებში იზრდება და თეთრკანიანთა შესვლის შემდეგ მალევე უწოდეს მას ეშმაკის ხე. ჯერ კიდევ 1866 წელს მოახსენებდა საგზაო ინსპექტორი ა. მაკმილანი უფროსობას, რომ მისი საჭაპანო ცხენი ჭინჭრის მსგავსმა მცენარემ დაფუფქა. საბრალო ცხოველი ორ საათში გარდაიცვალა. კვინსლენდის პარკებისა და ველური ბუნების დაცვის თანამშრომელი იხსენებდა: "ორ-სამ დღეს ტკივილი ჯოჯოხეთური იყო, კიდევ ორ კვირას - მტანჯველი. წვა ორ წელიწადს გრძელდებოდა და მეორდებოდა ყოველ ჯერზე, როცა ცივ შხაპს ვიღებდი. ამას არაფერი შეედრება, ნებისმიერ დამწვრობაზე ათჯერ უარესია".

ისიც პრობლემაა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსუსხავი მცენარე სულაც არ არის თვალში საცემი. ჩვეულებრივ ბუჩქნარს ჰგავს, ოროვანდის მსგავსს. თუ დავუკვირდებით, მცენარეზე ბლომად მოთეთრო ბუსუსია. სწორედ ისინია ტკივილის მთავარი წყარო, რომლებიც ნეიროტოქსინს შეიცავს. როცა ბუსუსები კანს გამოედება, ტყდება, მასში ექვს თვემდე რჩება და ადამიანს მით მეტ ტანჯვას განაცდევინებს, რაც მეტად მოიქავებს. საშინელი ტკივილის გარდა, გიმპი-გიმპი ალერგიულ რეაქციასაც იწვევს, შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება. საშინლად სივდება დასუსხვის ადგილი, ხელი იქნება თუ მთლიანად თავი, ხდება ლიმფური სისტემის ანთება.

გასუფთავების შემდეგ ნაყოფი იჭმება, მაგრამ საკმარისია, ერთი ბუსუსი მაინც შეჰყვეს...

ავსტრალიელი პროფესორი მარინა ჰარლი 30 წელიწადია ამ მცენარეს სწავლობს. მრავალჯერ მწარედ დასუსხულა, თუმცა მაინც დადის ტყეში, სადაც გიმპი-გიმპია და გადაშენებისგან მათ დაცვასაც ცდილობს. სწორედ მან "აღმოაჩინა", რომ კარგა ხნის წინ ჩამოვარდნილი და მკვდარი ფოთოლიც ინარჩუნებს დასუსხვის უნარს. რაც ყველაზე უარესია, ბუსუსებს შეუძლიათ ფოთლებს მოსწყდნენ და ჰაერში ილივლივონ, ყელის დამწვრობა და ცხვირიდან სისხლის დენა გამოიწვიონ. მეტიც, ფოთლები სუსხავენ რამდენიმე წლის შემდეგაც კი, ცნობილია ჰერბარიუმიდან დასუსხვის შემთხვევაც.

ბუნებრივი მტრები საშიშ ბუჩქნარს ნაკლებად ჰყავს, ზოგჯერ მას დასუსხული კენგურუ თუ შეჭამს, აგრეთვე მწერები დაღრღნიან, რომლებზეც დასუსხვა არ მოქმედებს. ამასთან, გიმპი-გიმპი სარეველასავით ვრცელდება და ხანძრებით დაზიანებულ მონაკვეთებს ავსებს...