"ქართველი როგორც ღვინის გარეშე ვერ გაძლებს, ისევე ვერ გაძლებს უტყემლოდაც"
12-04-2021
"ქართველი როგორც ღვინის გარეშე ვერ გაძლებს, ისევე ვერ გაძლებს უტყემლოდაც"
"როდესაც ბაღში 350 ძირი ხეა, გაუსხლაობა არ შეიძლება. სათანადო ნაყოფს ვერ მივიღებთ. სხვათა შორის, გასხვლა ყოველთვის იძლევა უხვ ნაყოფს, ეს ხის გაახალგაზრდავება და დაცვაა ზედმეტი ტვირთისგან"

ყველამ ვიცით, რამდენად გავრცელებული კულტურაა ჩვენში ტყემალი და როგორ ეგუება ნებისმიერ პირობებსა და ადგილს, ამიტომ, ალბათ, გაგვიკვირდება, რისთვის გვჭირდება კიდევ ტყემლის ბაღების გაშენება. თურმე გვჭირდება და თანაც როგორ.

მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგოთაში მეურნე დავით დუმბაძემ მშვენიერი ტყემლის ბაღი გააშენა, კარგად ცნობილი ქართული
ჯიშის ტყემლით. თუ რატომ უნდა გაეშენებინა მაინცდამაინც ტყემლის ბაღი და რით ანიჭებდა მას უპირატესობას, მაგალითად, მოცვის ბაღთან შედარებით, ბატონ დავითს ამის დასაბუთება ევროკავშირის სათემო პროექტის ორგანიზაციასთან მოუხდა, სადაც ტყემლის ბაღის პროექტი წარადგინა. ევროკავშირის წარმომადგენლებმაც დაუჯერეს და პროექტი 80%-ით დაუფინანსეს. დავით დუმბაძემ ამ თანხას თავისი 20%
დაამატა და ასე გააშენა ტყემლის ბაღი ჭიგოებითა და მტკიცე ღობით, რომ ხეები მოძლიერებამდე პირუტყვმა არ გააფუჭოს. რატომ გააშენა მაინცდამაინც ტყემლის ბაღი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე, ამის შესახებ ბატონი დავითი თავად მოგვითხრობს.

- ასე ლაღად გავრცელებული ტყემლის კულტურა ჩვენთვის, ქართველებისთვის, ჯანმრთელობის წყაროდაც მიმაჩნია და მატერიალური შემოსავლის მომტანადაც. მშვენივრად მახსოვს დრო, როდესაც ტყემალს რუსეთის ბაზრებში კარგ ფასად ვაბარებდით და მოთხოვნაც დიდი იყო. მას შემდეგ ჩვენს ტყემალს წლები დასჭირდა, რათა ყურადღება კვლავ მიეპყრო, თორემ ჩვენ ყოველთვის გვჭირდებოდა, - მგონი, ქართველი კაცი როგორც ღვინის გარეშე ვერ გაძლებს, ისევე ვერ გაძლებს უტყემლოდაც.

ბოლო წლებში, საბედნიეროდ, ქართული ტყემლით უცხოეთი ისევ დაინტერესდა და არა მხოლოდ რუსეთი, რომელიც სულ სახვეწრად გვიხდის საქმეს, არამედ იაპონიაც.

დღეს იაპონელებს ჩვენი ტყემლის პროდუქტები სიამოვნებით მიაქვთ. ამ ბიზნესისთვის ქედაში ტყემლის გადამმუშავებელი ქარხანაც აიგო და ხელშეკრულებაც დაიდო იაპონელებთან ჩვენი ტყემლის რეალიზაციაზე.


- იაპონელებს ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელი ხილის ამოცნობა.
- დიახ, ასეა. ქედის ტყემლის ქარხანამ ტყემალი შარშან 80 თეთრად ჩაიბარა. გარდა ამისა, არც ბათუმის ბაზარზეა პრობლემა ტყემლის გაყიდვა, იქაც დაახლოებით ამავე ფასად იბარებენ. გარდა ქედისა, აჭარაში უკვე ბევრგან არის ტყემლის საწებლის დამამზადებელი პატარ-პატარა საწარმოები, რომელთაც რეალიზაციის ბაზარი ჩვენშივე აქვთ. ბათუმში მრავალი რესტორანია, რომლებიც ქორწილებისა თუ სხვა ღონისძიებებისთვის უამრავ ტყემალს ითხოვენ. მართალია, პანდემიამ ეს ამბავი შეაჩერა, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება. პირადად მე შარშან და შარშანწინ 400 კილოგრამი ტყემალი ჩავაბარე იმ რამდენიმე ძირი ტყემლის ხიდან, რომლებიც ეზოში მიდგას. დაკრეფა არ დამჭირვებია, ოჯახის წევრებმა დავბერტყეთ, დავარჩიეთ და ჩავაბარეთ. აი, ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე ტყემლის ბაღის გაშენება. პროექტი თვითონვე დავწერე, განხილვასაც თავად დავესწარი და დამაფინანსეს კიდეც.

1 ჰექტარზე ტყემლის ბაღის გაშენებას დაახლოებით 9.000 ლარი დასჭირდა, აქედან პირადად ჩემი მხოლოდ თანხის 20% იყო.
ამ ფულით ტყემლის ბაღისთვის მიწა გავწმინდე, შემოვღობე და ტყემლის ნორჩ ნერგებს, როგორც ვაზს, ბეტონის ჭიგოები დავუსვი, რათა ზრდისას არ წაქცეულიყვნენ. 350 ძირი ტყემლის ნერგი სამეგრელოდან, სოფელ ნოსირის სანერგიდან ჩამოვიტანე. ჩვენებური, ქართული ტყემლის ჯიშია, მირაბელი, 7%-იანი შაქრიანობითა და გამძლეობით გამორჩეული. ამ ჯიშის ტყემლის ნაყოფს ისე შეინახავ 7-8 დღის განმავლობაში, რომ არ დალპება.

- სასიხარულოა, რომ ქართული ნერგებიც გამოდგება ბაღებისთვის. როგორც ცნობილია, ჩვენთან ინტენსიური ბაღებისთვის ნერგები, ძირითადად, უცხოეთიდან ჩამოაქვთ.
- ტყემლის ნერგების ჩამოსატანი ნამდვილად არაფერი გვჭირს. ჩვენში ადგილობრივად გამოყვანილი მართლაც უამრავი კარგი ჯიშია. სანერგე მეურნეობებიც სანდო გვაქვს - სამეგრელოდან ქედაში, 750 მეტრ სიმაღლეზე რაც ავიტანე, ყველა ნერგმა საუკეთესოდ იხარა. ტყემალი ხომ იმგვარი გამძლე კულტურაა, რომელიც ყველა პირობას ეჩვევა. ჩვენში ბარიდან მთამდე, 1500 მეტრ სიმაღლემდე ხარობს. ამ პერიოდისთვის უკვე ჩატარებული მაქვს ნიადაგის კულტივაცია, ორგანული სასუქებიც ახლა შემაქვს. წლეულს ჩემს ტყემალს სხვა აღარაფერი სჭირდება. ორ წელიწადში უკვე ნარგავების ფორმირებას დავიწყებ. ტყემლის ბაღში ხეები 5 მეტრზე ზემოთ არ უნდა გაიზარდოს, ეს სტანდარტული სიმაღლეა, რათა უხვი ნაყოფი მოგვცეს.

- არადა, ჩვენში არ იყო ხოლმე საუბარი ტყემლის გასხვლაზე, ეს ყველაფერთან შემგუებელი კულტურა გაუსხლავადაც იხუნძლებოდა.
- როდესაც ბაღში 350 ძირი ხეა, გაუსხლაობა არ შეიძლება. სათანადო ნაყოფს ვერ მივიღებთ. სხვათა შორის, გასხვლა ყოველთვის იძლევა უხვ ნაყოფს, ეს ხის გაახალგაზრდავება და დაცვაა ზედმეტი ტვირთისგან. აქამდე თუ არა ვიცოდით ეს, იმიტომ, რომ ხილს მხოლოდ ჩვენ-ჩვენი ოჯახებისთვის ვიყენებდით. ახლა უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ხილი საუკეთესო გვინდა და თანაც რეალიზაციისთვის, უნდა გაისხლას კიდეც.

- როდის მოგცემთ ნაყოფს თქვენი ტყემლის ბაღი?
- ორი წლის შემდეგ, სამი წლის შემდეგ კი უკვე თითოეული ხიდან 5 კილოგრამ ტყემალს მივიღებ. მე-7 წლიდან ბაღი უკვე სრულ მსხმოიარობას დაიწყებს, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ ხეზე 30 კილოგრამი ტყემალი უნდა დავკრიფო. ეს ცოტა როდია, მით უფრო, ჩემთვის, რადგან სოფელში ვცხოვრობ, სხვა სასოფლო პროდუქტის მოწევის საშუალებაც მაქვს. ასე რომ, თუ ვიშრომებ, გამიმართლებს. ქართული ტყემლის ექსპორტიც უფრო მოიმატებს, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მიდიხართ თუ არა 2 ოქტომბერს არჩევნებზე?
თვის კითხვადი სტატიები