მწიფე გოგრების ეფექტი - კვირის პალიტრა

მწიფე გოგრების ეფექტი

თაფლა გოგრა - ამერიკული ნუგბარი

გოგრა ჩვენში ერთ-ერთი საყვარელი, პოპულარული მცენარეა. მისი გემრიელი, არომატული ნაყოფი საოჯახო თუ სადღესასწაულო სუფრების მშვენებაა. იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში გოგრას "კვახს" უწოდებენ, გურიასა და აჭარაში - "ხაპს", სამეგრელოსა და სვანეთში - "კოპეშიას", საინგილოში - "გუგრას".

ამ მცენარის სამშობლო ამერიკაა, სწორედ იქიდან გავრცელდა მსოფლიოში. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გოცაძე ამბობს, რომ გოგრა უნიკალური მცენარეა, მუსკატური ანუ ჯავზის გოგრა კი ყველა სხვა სახეობისგან გამორჩეულია.

- ცნობილია გოგრის 13 სახეობა და ასეულობით ჯიში. 13 სახეობიდან ფართოდ არის გავრცელებული სამი: მსხვილნაყოფა ანუ გიგანტური გოგრა, მაგარკანიანი გოგრა და მუსკატური, იგივე ჯავზის გოგრა, რომელიც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში თაფლა გოგრის სახელითაც არის ცნობილი.

- რატომ უწოდებენ თაფლა გოგრას?

- ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ტკბილია და შაქრის დამატება არ სჭირდება. მას ხურჯინასა და ბორჩალური გოგრის სახელითაც იცნობენ.

მუსკატურ გოგრას თითქოს ხურჯინის ფორმა აქვს, მისი ერთი ბოლო ვიწროა, ხოლო მეორე - შედარებით ფართო. ბორჩალური კი იმის გამო ჰქვია, რომ ბორჩალოდან გავრცელდა.

თავიდან საქართველოში გოგრის მაგარკანიანი ფორმები უფრო პოპულარული იყო, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მუსკატური ანუ ჯავზის გოგრა მათ არც გემოთი ჩამოუვარდება და არც სხვა თვისებებით. მუსკატური გოგრა საქართველოში უკვე ნახევარი საუკუნეა მოჰყავთ, თუმცა ადრე ნაკლებად პოპულარული იყო. ამ გოგრის ადგილობრივი ჯიშები წყალტუბოს საცდელ სადგურში გამოიყვანეს: "კაშგარის 1644", "ქართული 54" და "ლენინაბადის" სახელით ცნობილი გოგრა. სამივე ეს ფორმა ჩვენს კლიმატთან არის მისადაგებული და ბევრი დადებითი თვისება აქვს. ეს ჯიშები ჩვენში 1980-იანი წლებიდან ხარობს. ისინი ერთმანეთისგან ნაყოფის ფორმითა და ფერით განსხვავდებიან. მათ გარდა, საქართველოში გოგრის მრავალი სხვა ჯიშიც არის გავრცელებული.

- თაფლა გოგრა სხვებისგან რით გამოირჩევა? - გოგრა მეტად მდიდარია ვიტამინებით, მინერალური მარილებით, ნახშირწყლებით, კაროტინით და ა.შ.…მისი ნაყოფი ფართოდ გამოიყენება როგორც კულინარიაში, ასევე ცხოველთა კვებაშიც; ისხამს სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის ნაყოფს, რომლის მასა 4-10 კგ-ია, თუმცა ზოგიერთი სახეობის გოგრა რამდენიმე ათეულ კილოგრამსაც იწონის. მუსკატური გოგრა მრავალფეროვანი ნაყოფით გამოირჩევა. ის მოგრძო ან ოვალური ფორმისაა. მოხარშვისას ძალიან სასიამოვნო სტრუქტურას იღებს და თაფლივით ტკბილია. სხვადასხვა ქვეყანაში მისგან უამრავ გემრიელ ნუგბარს ამზადებენ: ჯემებს, წვენებს, მურაბებს... გოგრის ზეთი გამოიყენება ფარმაკოლოგიაში, მისგან ძვირფას სამედიცინო პრეპარატებს ამზადებენ.

- რომელ ქვეყნებში უყვართ ეს მცენარე განსაკუთრებით?

- ამერიკაში, გერმანიაში, სერბეთში, შვეიცარიაში, რუსეთში, ფინეთში და სხვ. გერმანიაში უკვე ორი ათეული წელია იმართება გოგრის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ფანტასტიკური სანახაობაა. ის ქალაქ ლუდვიგსბურგში ყოველი წლის ოქტომბერში იმართება და მსოფლიოში უდიდესი გოგრის ფესტივალია. ფერმერებს სხვადასხვა ქვეყნიდან აქ გოგრის ახალ-ახალი ჯიშები გამოაქვთ. ფესტივალს შეჯიბრების ფორმატი აქვს და იქ გამოვლენილი ყველაზე დიდტანიანი, მძიმეწონიანი გოგრა გინესის რეკორდების წიგნში შედის.

სხვათა შორის, 2016 წელს გამოავლინეს ყველაზე დიდი გოგრა, რომელიც 1190 კილოგრამს იწონიდა. ფესტივალის დასრულების შემდგომ ყველაზე დიდ გოგრას ჭრიან და ყველა სტუმარს შეუძლია რამდენიმე ცალი გოგრის თესლი წაიღოს, თავის ნაკვეთში დათესოს და გაახაროს. ასე რომ, მარტო ჩვენ ვერ დავიკვეხნით, რომ ეს ჩვენთვის ძვირფასი კულტურაა, გოგრა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უყვართ, რომ არაფერი ვთქვათ ამერიკაზე: იქ ყოველწლიურად ეწყობა ჰელოუინის დღესასწაული, რომელსაც გოგრისგან დამზადებული საშიში შესახედაობის ფიგურებით ალამაზებენ. გოგრა ამ დღესასწაულის ერთ-ერთი განუყოფელი ატრიბუტია.

- რა პირობებში უნდა დაითესოს ეს მცენარე, რათა საუკეთესო მოსავალი მივიღოთ? - გოგრა ძალიან სიცოცხლისუნარიანი მცენარეა: თუ სწორად შეინახავენ, მისი თესლი 6-8 წლის განმავლობაშიც ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას. მისი დათესვა 13-14 გრადუს ტემპერატურაზე უკვე შეიძლება, რადგან ამ დროს მისი ნაყოფი კარგად ღივდება, საუკეთესო ტემპერატურა კი 20-25 გრადუსია. სანამ ცვალებადი ამინდია, გოგრის დათესვა არ ღირს, მაგრამ როგორც კი დათბება, მაშინვე შეიძლება დათესოთ. გოგრას ყველაზე მეტად სითბო და ტენიანი ნიადაგი უყვარს. მისი ზრდა-განვითარებისთვის ყველაზე მისაღები ოპტიმალური ტემპერატურა 25-28°გრადუსია. კარგად ხარობს ნაყოფიერ, ორგანული და მინერალური სასუქით უხვად განოყიერებულ მსუბუქი შედგენილობის ნიადაგზე. ფესვთა მძლავრმა სისტემამ ნიადაგში შეიძლება 4-5 მეტრამდეც ჩააღწიოს, მისი წყალობით გოგრას ნიადაგიდან ტენის ამოღება გვალვიანი და მშრალი ამინდის დროსაც არ უჭირს. გოგრის მოსაყვანად ყველაზე ოპტიმალური შავმიწა ნიადაგია. დასავლეთ საქართველოში, სადაც უფრო მწირი, თიხნარი ნიადაგია, აუცილებელია მისი გაფხვიერება და გამდიდრება. კარგია ორგანული სასუქი, მაგრამ თუ არა გვაქვს, მოზარდი მცენარისთვის მინერალური სასუქის მიშველებაც შეიძლება, რათა მოსავლიანობა გაიზარდოს.

- რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა გოგრის დათესვისას?

- პირველ ყოვლისა, მანძილი მწკრივებს შორის საკმარისი უნდა იყოს, რადგან მისი ღეროები ფართო ტერიტორიას იკავებს. ამიტომ მწკრივები ერთმანეთისგან 2-3 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული, ხოლო რიგებს შორის 1-1,5 მეტრი მანძილი უნდა დავტოვოთ, რომ ტოტები არ გადაიხლართოს და ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს. მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 15-დან 30 ტონამდეა, ჯიშისა და ნიადაგის ტიპის მიხედვით. გოგრის ჯიშების უმეტესობა პირდაპირ ნიადაგში ითესება, თუმცა ზოგიერთი ჩითილების გამოყვანას მოითხოვს. არაერთ ქვეყანაში გოგრის თესლისგან საუკეთესო ზეთს ხდიან. ძალიან პოპულარულია მოხარშული და შემწვარი გოგრა, ამავე დროს მისგან საუკეთესო სალათებს ამზადებენ და უგემრიელეს წვენებს წურავენ.

გოგრის მურაბა

მასალა: გოგრა 1 კგ, შაქრის ფხვნილი 1 კგ, ლიმონი 1 ც, წყალი 2 ჩ/ჭ.

მომზადება: გოგრას ქერქი მოვაცილოთ, მისგან სხვადასხვა ფიგურა გამოვჭრათ და დავაყაროთ 0,5 კგ შაქრის ფხვნილი. მიღებული ნაზავი გავაჩეროთ გრილ ადგილას, სანამ წვენს არ გამოყოფს. ლიმონს თხლად შემოვაჭრათ კანის ზედა ფენა (ცედრა), დავკეპოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, დავაყაროთ დარჩენილი შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა ლიმონის ქერქიანი სიროფი წამოდუღდება, ცეცხლი შევანელოთ და 30 წუთს ვადუღოთ. ცხელი სიროფი დავასხათ შაქარმოყრილ გოგრას, დავუმატოთ ლიმონის წვენი და მანამ ვხარშოთ, სანამ გოგრა გამჭვირვალე არ გახდება. ხარშვის დროს ქაფი უნდა მოვხადოთ. ამ უგემრიელესი ნუგბარით სტუმარსაც გაახარებთ და ზამთრის ცივ დღეებსაც გაიხალისებთ.

ხათუნა ჩიგოგიძე