"ჩემი სახელია გიორგი სოლომნიშვილი, მე "ვწერ" ღვინოს ჩემივე შექმნილი საღებავით"
"ჩემი სახელია გიორგი სოლომნიშვილი, მე "ვწერ" ღვინოს ჩემივე შექმნილი საღებავით"
"ერთ ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონა მოგვყავს. მირჩევნია ღვინო უფრო ძვირად გაიყიდოს და ხარისხიანი იყოს, ვიდრე იაფად და უხარისხო"

"ღვინო არის ჩემი კომუნიკაცია დანარჩენ სამყაროსთან, ჩემი უპირობო სიყვარული. ეს უბგერო საუბარია, როგორც ლოცვა გულში. ეს არის ის, რასაც თვალები, ყნოსვა, გემო, გონება და გული უსიტყვოდ თანხმდება და აღარ არსებობს ის ბარიერი, რომ მე მეტყველი ვარ და ის - უტყვი. მეღვინეობა და ეს ღვთიური სითხე აერთიანებს თაობებს ჩემი ქვეყნის უძველეს ისტორიაში. ის
ერთიანობისა და შეუცვლელობის სიმბოლოა, ქართველის თანამგზავრია ჭირშიც და ლხინშიც და, ალბათ, სინონიმიც. ღვინო ქართველს, ან პირიქით: ქართველი=ღვინოს", - გვეუბნება თელაველი მეღვინე გიორგი სოლომნიშვილი, მეღვინე-ტექნოლოგი, რომელმაც ამ საქმეს 2001 წლიდან მოჰკიდა ხელი. თავიდან ღვინის ქარხანაში მუშად მუშაობდა, მერე პროფესიას თელავის აგრარულ უნივერსიტეტში დაეუფლა.

- მეღვინეობით რომ
დავინტერესდი, ეს ბიძაჩემის დიდი დამსახურებაა, მან მიმიყვანა ქარხანაში. დღეს უკვე რამდენიმე კომპანიას ვეხმარები და საკუთარ წარმოებაშიც მაქვს საფერავი, მწვანე, ქისი... ყურძენს არ ვყიდულობთ, საკუთარი ვენახები მაქვს. გემოებით თამაში მიყვარს და ამის გამო ჩვენი ვენახები სხვადასხვა ადგილას - მუკუზანში, ვაზისუბანში, ვარდისუბანში, შალაურში, თელავში, ქინძმარაულის მიკროზონაშია გაშენებული.


- ალბათ, არ არის ადვილი ამდენ ადგილას ვენახის მოვლა, როგორც ჩანს, მრავალფეროვნებისთვის გიღირთ მათი ასე გაშლა...
- მართალია, მენეჯმენტის თვალსაზრისით ცოტა რთულია, სამაგიეროდ, გემოს პალიტრაა ფართო. ჩვენი წარმოება საოჯახოა. თვითონვე მოგვყავს ყურძენი, შრომატევადი ოპერაციების დროს, რაც მუშახელს მოითხოვს, რა თქმა უნდა, ვიმატებთ, დანარჩენს თავად ავუდივართ.

ახალგაზრდა ღვინოებს არ ვყიდით, ვაძველებთ, ვავარგებთ და მხოლოდ მომწიფების მერე გაგვაქვს ბაზარზე. წარმოება 2015 წელს შპს-ის სახით დავიწყეთ, თუმცა ღვინის სახეობები 2008 წლიდან გვაქვს. რამდენიმე ხაზია, ყველა ვენახსა და ბრენდს თავისი სახელი აქვს. კონკრეტული ბრენდის ღვინო კონკრეტული ვენახიდან ისხმება, კონკრეტული სახელით.

მაგალითად, არის ღვინო, რომელიც ვაზისუბანში გაშენებული საფერავიდან დგება, წარმოშობით ვაზისუბნელები ვართ. მამა რომ გარდაიცვალა, მისი დაწყებული საქმე დავასრულე. სახლი და მარანიც მოვაწყვე, ბოთლს კი სახლის ნომერი და მამა დავარქვი.

- ლამაზი და უცხო ეტიკეტები გაქვთ... როგორც ჩანს, ამასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ.
- პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ეტიკეტი ჩემი გაკეთებულია,­ ის, რაც ძალიან გიყვარს, შენზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს. ჯერჯერობით ცხრა ეტიკეტი გვაქვს.

- სულ რამდენ ჰექტარზეა ვენახები?
- სულ, ალბათ, 25 ჰექტარი იქნება. აქედან ყველა ნაკვეთზე არ არის გაშენებული,­ ზოგი გასაშენებელია. თუ სეტყვა არ იქნება და კლიმატი ხელს შეგვიწყობს, მოსავალი 50-70 ტონამდე უნდა დაიკრიფოს. 1 ჰექტარზე საშუალოდ 4 ტონა მოგვყავს. მირჩევნია ღვინო უფრო ძვირად გაიყიდოს და ხარისხიანი იყოს, ვიდრე იაფად და უხარისხო.

- კახური ტრადიციული მეთოდით აყენებთ?
- კი, უმეტესობა ქვევრში კეთდება.


- როდის ხსნით ქვევრს?
- ღვინის მდგომარეობიდან გამომდინარე ვმოქმედებ. საფერავს ქვევრში დიდხანს არ ვაჩერებ. კლასიკური მეთოდითაც ვაყენებ, მაგრამ უმეტესად კახური ტექნოლოგიით. მარანი წლეულს დავასრულე. სასტუმრო არა გვაქვს, სტუმრებს შინ ვიღებთ, მარანი კი ჩემი პირადი სივრცეა.

- ღვინო თვითონ მკარნახობსო, თქვით, რით არის თქვენი ღვინო გამორჩეული?
- ნებისმიერი დასახელების ღვინო ერთი და იმავე ვენახიდან კეთდება. ბრენდის ტერუარი არ იცვლება. როდესაც ყურძენი სრულ სიმწიფეშია, რთველიც მაშინ გვაქვს. საკუთარ საწარმოში ყურძენი არ ყოვნდება და გადამუშავდება. ტერუარები საუკეთესო ადგილებშია, ყველა ვენახს თავისი დატვირთვა აქვს. მადლობა ღმერთს, გვაქვს გამოცდილება და ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, შემდეგი კი უსაზღვრო სიყვარული და დამოკიდებულებაა.

ღვინის მოსავლელად სათანადო დანადგარები გვაქვს, რაც დიდ როლს ასრულებს ღვინის ხარისხის შენარჩუნებაში. საწარმოს აქვს მიწისქვეშა 5-მეტრიანი სარდაფი, სადაც ბოთლებში ჩამოსხმულ ღვინოს ვავარგებთ.

- ექსპორტით თუ გაგაქვთ?
- ღვინის ნახევარს აქვე ვყიდით, დანარჩენს ვგზავნით საფრანგეთში, მონაკოში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, დანიაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, რუსეთში. ახლა ვმსჯელობთ აზიის ქვეყნებში მის გატანაზე.

მაქვს სხვადასხვა ხაზი, მაგალითად, არის ხაზი, რომელსაც 2-3 წლის დაძველების შემდეგ ვყიდით, არის 5 წლის დაძველებით. მუკუზნისა და ვაზისუბნის ვენახებიდან დაწურულ ზოგიერთ ღვინოს 10 წელზე ადრე არ ვყიდით.

ეს არ არის საქმე, რომლის შედეგს სწრაფად იღებ. როგორც შვილს სჭირდება აღზრდა და ამ პერიოდში მოთმინებით უნდა აღიჭურვო, ასევეა ვენახის მოვლაც. თან უნდა გიყვარდეს ეს კეთილშობილური საქმე.

გიორგი სოლომნიშვილის 5 ცნება ღვინოზე

1. ჩემი შთაგონების წყაროა მზე, ქარი და ღრუბელი ჩემი ვენახის თავზე, კლიმატი, რომელიც მოსავლის ხარისხს განსაზღვრავს და განაპირობებს, რომელიც მკარნახობს შემდგომ ქმედებას.
2. ვაზი უნდა შეიგრძნო და შეიყვარო, დანარჩენს კი თვითონ გიკარნახებს.
3. არავინ იცის, რაზე ვფიქრობდი და როგორ "ვწერდი" ღვინოს, როცა მას ვქმნიდი ვენახში, მარანსა და ეტიკეტში.
4. ხელოვნების ნიმუშის საიდუმლო იმაში კი არ არის, თუ ვინ რამდენად შეაფასებს, არამედ იმაში, რომ შეგეძლოს საკუთარი შთაგონების წყაროს იდუმალებაში, სიმარტივეში დამალვა.
5. ჩემი სახელია გიორგი სოლომნიშვილი, მე "ვწერ" ღვინოს ჩემივე შექმნილი საღებავით - ანუ ჩემივე მიწაზე მოყვანილი ყურძნით, მიწაზე, რომლის სუნი და გემოც კი ვიცი.
მიშა
24 აპრილი 2021 18:40
ღმერთი შეგეწიოს!
მარინა
24 აპრილი 2021 00:31
გიო, ვამაყობ შენით
გიორგი
20 აპრილი 2021 09:38
ვიცნობ. ძალიან კარგი ადამიანი და სპეციალისტია

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები