კაკაჩა - ქორის ბიძაშვილი
კაკაჩა - ქორის ბიძაშვილი
"კაკაჩა ფრენისას ზოგს არწივი ჰგონია, ზოგს კი მიმინო. ის ტიპური მტაცებელია და რადგან მტაცებელი ფრინველის სილუეტი აქვს, მოსახლეობას ხშირად ერევა სხვა ფრინველებში"

კაკაჩა ფრინველთა სამყაროს ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენელია ქორისნაირთა რიგიდან. ეს მტაცებელი მოკაუჭებული ნისკარტითა და ბრიალა თვალებით არწივსაც ჰგავს და მიმინოსაც. კაკაჩას შესახებ გვესაუბრება ორნითოლოგი დაჩი შოშიტაშვილი:

- კაკაჩა საშუალო ზომის მტაცებელი ფრინველია. ილიას უნივერსიტეტის მკვლევარ ორნითოლოგთა ბოლო მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში 5 სახეობა გვხვდება: ველის
კაკაჩა, ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა, ჩვეულებრივი კაკაჩა, კრაზანაჭამია, იგივე ირაო, და ქოჩორა კრაზანაჭამია. მობუდარი სახეობები თითქმის მთელ საქართველოში ბინადრობენ, ოღონდ ერთეულ წყვილებად. მობუდარი წყვილების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა სეზონური გადაფრენის დროს გადამფრენ ფრინველებს ბათუმის სამიგრაციო დერეფანში ითვლიან. ეს დერეფანი მსოფლიოში მესამე ადგილზეა მტაცებელი ფრინველების რაოდენობით: ყოველ შემოდგომაზე იქ მილიონზე
მეტი მტაცებელი ფრინველი გროვდება, მათ შორის კაკაჩას სახეობებიც.

- რომელია ამ სახეობებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი?
- ჩვეულებრივი კაკაჩა და ველის კაკაჩა საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ფეხბანჯგვლიან კაკაჩას შესაძლოა მხოლოდ გადაფრენის დროს წააწყდეთ და ისიც ერთეულ ინდივიდებს. ფეხები მას ბუმბულით აქვს დაფარული.

განსაკუთრებული სახეობაა ქოჩორა კრაზანაჭამია, რომელიც აზიაში ბუდობს. ის დასავლეთ ევროპაში საერთოდ არ გვხვდება, მიგრაციის დროსაც ბათუმის დერეფანში თითო-ოროლა წყვილს თუ წააწყდებით. ამიტომ ტურისტებისთვის ეს სახეობა ძალიან საინტერესოა - ევროპაში ამ ფრინველის ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჩვეულებრივი კაკაჩა

- ვინ არის კაკაჩასთვის ყველაზე საშიში მტერი?
- მისი ბუნებრივი მტრები არიან მასზე დიდი ფრინველები: არწივები, ზარნაშოები და სხვები. ასევე მელა, ტურა და სხვა მტაცებელი ძუძუმწოვრები, რომლებიც ბუდიდან გადმოვარდნილ პატარა ბარტყებს ჭამენ. ყველაზე დიდი მტერი მაინც ადამიანია. სამწუხაროდ, ბათუმის სამიგრაციო დერეფანში მეტად ხშირია კაკაჩაზე უკანონო ნადირობის შემთხვევები, განსაკუთრებით, კრაზანაჭამიაზე, რომელსაც იმ მხარეში საკვებად იყენებენ. ზოგიერთ სოფელში ძერის ხორცსაც მიირთმევენ, ამიტომ მიგრაციის დროს აჭარაში უამრავი ფრინველი იღუპება. განსაკუთრებით ავდარში, როცა ფრინველების დახოცვა ბრაკონიერისთვის გაცილებით ადვილია. ხშირად ამ ფრინველს გასართობადაც ესვრიან. მე დიდხანს ვიმუშავე თბილისის ზოოპარკში ფრინველების მომვლელად და ძალიან ხშირად მოჰყავდათ დაჭრილი კაკაჩები. მონადირეები ფრინველებს ესვრიან და მერე დაჭრილს ტოვებენ. ბევრჯერ მოუყვანიათ დაჭრილი ფრინველი. ასეთ დროს ფრთის ამპუტაცია აუცილებელია, რათა ფრინველი გადარჩეს, დახეიბრებული, უფრთო კი ბუნებაში დამოუკიდებლად ვერ იარსებებს, ამიტომ ასეთებს ზოოპარკში იტოვებენ.

- ზოგან მითითებულია, რომ საქართველოში კაკაჩას 6 სახეობის ნახვა შეიძლება. განსხვავება ციფრებს შორის რამ განაპირობა?
- საქართველოშიც ზოგიერთი მეცნიერი 6 სახეობას გამოყოფს, ზოგი 5-ს. თითოეული მათგანი ამა თუ იმ საკითხს განსხვავებულად აფასებს, მერე უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, რომელს ვენდობით. ვიკიპედიის მონაცემებსაც თამამად ვერ დავეყრდნობით, რადგან ნებისმიერს შეუძლია ჩაწეროს, რაც სურს. ხშირად სახეობების დასახელებას ინგლისურიდან პირდაპირ თარგმნიან და სასაცილო სახელებს წერენ. გაურკვევლობის მიზეზი ისიც არის, რომ ძველ ლიტერატურაში შესაძლოა სულ სხვა მონაცემები ეწეროს, ილიას უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზაში კი სულ სხვა. მე მაინც ჩვენს ბაზას ვენდობი, რადგან მასში ყველაფერი ბოლო წლებში ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით იწერება.

- კაკაჩას რა ადგილი უკავია მტაცებელ ფრინველებს შორის?
- კაკაჩა არწივზე პატარა, მიმინოზე კი ბევრად დიდია. ამიტომ ფრენისას ზოგს არწივი ჰგონია, ზოგს კი მიმინო. ის ტიპური მტაცებელია და რადგან მტაცებელი ფრინველის სილუეტი აქვს, მოსახლეობას ხშირად ერევა სხვა ფრინველებში.

კაკაჩას შეუძლია კურდღელიც დაიჭიროს, მღრღნელიც და ამავე დროს მკვდარი ფრინველის ლეშიც ჭამოს, იკვებება მღრღნელებით, ქვეწარმავლებითა და ზოგჯერ დიდ ფრინველებსაც მოინადირებს. მას ხშირად ნახავთ ნაგავსაყრელზე, რადგან საკვებს ზედმეტი ენერგიის დაუხარჯავად მოიპოვებს.

კაკაჩები ხეებზე ან კლდეებზე ბინადრობენ, იმ ადგილებში კი, სადაც არც ბევრი ხეა და არც კლდეები, საცხოვრებლად ელექტროგადამცემ ანძებს იყენებს - ბუდეს მათ წვეროებზე იკეთებს.

კაკაჩა დიდ ბუდეს იშენებს, სადაც 4-5 კვერცხს დებს. ინკუბაციის დროს და შემდგომ მართვეების გამოზრდაში ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობს. მართვეები დამოუკიდებელ ცხოვრებას დაახლოებით 2 თვის შემდეგ იწყებენ, თუმცა თავიდან დიდ დროს მშობლებთან ატარებენ, რათა ნადირობა ისწავლონ. როცა მიგრაციის სეზონი იწურება, სამხრეთისკენ იწყებენ გადაფრენას. კაკაჩა თითქმის მთელ მსოფლიოში გავრცელებული მტაცებელია, ამიტომ გადაშენების საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, მრავლად არის საქართველოშიც.

ფეხბანჯგვლიანი კაკაჩას მართვეები

- როგორი მონადირეა კაკაჩა?
- ნადირობს როგორც ყველა მტაცებელი ფრინველი, ოღონდ დიდი მსხვერპლის მონადირება არ შეუძლია: დიდი ფრინველი არ არის და არც იმხელა ძალა არა აქვს. ამიტომ ნადირობაში შევარდენს ან ქორს ნამდვილად ვერ შეედრება. არის ხალხი, ვისაც ეს ფრინველი უფრო სახალისოდ ჰყავს და არა სანადიროდ. გამოცდილ ბაზიერებს ამ მიზნისთვის მიმინო, შევარდენი და ქორი ჰყავთ. კაკაჩა სანადიროდ კიდევ იმიტომაც არ გამოდგება, რომ უმეტესად ქვეწარმავლებს, ამფიბიებსა და მწერებს ჭამს, რაც ადამიანს საკვებად არ სჭირდება. ყველა გამოცდილ მონადირეს ის ფრინველი ურჩევნია, რომელიც ადამიანის საკვებით იკვებება: გაცილებით იოლია მიმინო დაგეშო მწყერზე სანადიროდ, ვიდრე კაკაჩა. 

- როგორც ვიცი, ორნითოლოგები ფრინველებს სპეციალურ გადამცემებს უყენებენ, რათა მათი გადაადგილება გააკონტროლონ. კაკაჩებზე თუ ხდება მსგავსი რამ?
- დიახ, ზოგიერთ ფრინველს ჯი-პი-ეს-გადამცემს უყენებენ მისი მარშრუტის დასადგენად, თუმცა ასეთ გადამცემებს მხოლოდ ისეთი სახეობების შესასწავლად იყენებენ, რომლებსაც გადაშენების საფრთხე ემუქრება. როგორც ვიცი, საქართველოში ჯი-პი-ეს-გადამცემები სვავებსა და ბექობის არწივებს დაუმაგრეს. რაკი კაკაჩა მრავალრიცხოვანი ფრინველია, ამის საჭიროება არც არსებობს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები