"გლეხური არყით ტურისტებიც დაინტერესდნენ" - კვირის პალიტრა

"გლეხური არყით ტურისტებიც დაინტერესდნენ"

"გლეხური სპირტიანი სასმელების დაბეგვრა იმხელაა, რომ მეწარმეს სტიმული დიდხანს ვერ შერჩება"

სიახლის პოვნა ყველა სფეროში ძნელია, მაგრამ, საბედნიეროდ, მუდამ მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც ამის ნიჭი და უნარი აღმოაჩნდებათ. თბილისელმა იურისტმა ვატო ბოცვაძემ, რომელსაც სოფელთან თითქოს არაფერი აკავშირებდა, პანდემიის პირველი ტალღის, პირველი უმძიმესი სირთულეების დროს ხალხური სპირტიანი სასმელების უძველესი რეცეპტების მოძიება და გაცოცხლება დაიწყო, იმავდროულად კი ჩვენებური მრავალფეროვანი გლეხური არყის რეალიზაცია გადაწყვიტა.

- უამრავ ადგილას მიმუშავია, მაგრამ მსგავსზე არაფერზე მიფიქრია. შარშან კი, როცა ვირუსის გამო ჩაგვკეტეს, გამოსავლის ძებნაზე ფიქრი დავიწყე და გამახსენდა, რომ ჩვენი გლეხობა თუ მცირე მეწარმეები სხვადასხვაგვარ არაყს ხდიან, დაწყებული ხილითა და ბალახით, დამთავრებული თაფლით. ამ სპირტიანი სასმელების უმრავლესობა ძალიან არომატული და სასარგებლოა. მოგეხსენებათ, აქაურ ბუნებრივ ნედლეულს რამდენად საუკეთესო გემოვან თვისებებს ანიჭებს ჩვენი კლიმატი და ჰავა. გარდა ამისა, ჩვენ ხომ ტრადიციული ჭაჭის არყის უამრავი ნაირსახეობა გვაქვს. დაახლოებით იმდენი, რამდენი ყურძნის ჯიშიც მოგვყავს. სხვათა შორის, ქართულ ჭაჭის არაყს ნამდვილად არ უჭირს ექსპორტით გასვლა. ის უცხოეთში იმ მეღვინეებს გააქვთ, რომელთა ღვინომ იქ გზა უკვე გაიკაფა.

მოკლედ, იდეის მოფიქრებისთანავე მოქმედება დავიწყე. კავშირების მოპოვება და თანამშრომლობაზე დათანხმება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ხალხს არც გლეხური არყის გასაღების პერსპექტივის სჯეროდა, არც ჩემი, მაგრამ როცა ავუხსენი, რომ მათი ნაწარმი ტურისტებამდე მივიდოდა, თანამშრომლობაზე მთანხმდებოდნენ.

იმ პატარა გამოცდილებითაც კი, რაც ქართული სპირტიანი სასმელების რეალიზაციით დამიგროვდა, კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ისინი მართლაც მოსწონთ ტურისტებს, განსაკუთრებით, გლეხური. ასე რომ, მაღაზია გავხსენი, რომელიც უძველესი ქართული სპირტიანი სასმელების აღდგენის ცენტრადაც იქცა. თავადაც ვერ ვიფიქრებდი, ეს იდეა ასე ფართო გზაზე თუ გავიდოდა. არაერთმა მოიტანა მამაპაპეული სპირტიანი სასმელების რეცეპტი და მთხოვა, რომ ეს ცოდნა არ დაიკარგოს.

- იმის გარდა, ალბათ, რაც თქვენთან მოაქვთ, კიდევ რამდენი საინტერესო რეცეპტი დაიკარგა. საბჭოთა საქართველოში კერძო მეწარმეს ვინ მისცემდა მრავალფეროვანი სპირტიანი სასმელების წარმოების უფლებას. - მეტიც, ისეთ ხალხს, დღეს რომ ჩვენ მეწარმეებს ვეძახით, იჭერდნენ. ჩვენ არც ვიცით, რამხელა სიმდიდრის პატრონი ვართ. საქართველოში ხდიან კენკრის, ხილის, თაფლის, ბალახის, წიწვოვანების არაყს.

რაჭის სოფელ შხივანაში წლების წინ გერმანელი ტურისტი ჩამოვიდა. ჯერ იქაურობის სილამაზემ გააოგნა. მერე ნახა, რომ რაჭაში ისეთი წიწვოვანია, რომლისგანაც მაღალხარისხოვანი ჯინის დაყენება შეიძლება და ვეღარ მოშორდა ის კაცი საქართველოს. ქართველი ქალი შეირთო, აქ დასახლდა და რაჭულ ჯინს ხდის.

სვანეთში ონიანების საგვარეულო ხდის არაყს ბალახისგან. თუშეთში კი მე თავად გამოვხადე ქუმელის - მოხალული ქერის არაყი. ეგზოტიკურობით ის ნამდვილად იმსახურებს მაღალხარისხოვანი სპირტიან სასმელების სიაში მოხვედრას. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ერთი აბსურდი გვიშლის ხელს - გლეხური სპირტიანი სასმელების დაბეგვრა იმხელაა, რომ მეწარმეს სტიმული დიდხანს ვერ შერჩება. ეს მაშინ, როცა ღვინო გათავისუფლებულია გადასახადებისგან. მეც იძულებული ვარ, ეს სასმელები ძვირად გავყიდო. რა თქმა უნდა, მხოლოდ ტურისტები ყიდულობენ. თუმცა ამჟამად არც ისინი ჩანან პანდემიის გამო. სხვათა შორის, ჩვენი არაყი ისე მოსწონთ, ჩვენს სპირტიან სასმელებზე დაწერილ სიმღერებს მიგზავნიან.

- მინდა ამ ამბებს ისიც დავუმატოთ, რომ არყის გამოხდა მართლაც მისტიკური პროცესია. პირადად მე მიყვარს მისი ცქერა.

- არყის გამოხდისას წყალი ორთქლად კონდენსირდება, ორთქლი კი ისევ არყის წვეთებად იქცევა. ამ პროცესს მართლაც ახლავს მისტიკა, ცხადია, მის ზომიერად სმასაც, სხვაგვარად როგორ იქნება. ვფიქრობ, ჩვენ ამ პროცესებს ხელი უნდა შევუწყოთ და ქართული სპირტიანი სასმელები მთელი მრავალფეროვნებით გავაცნოთ მსოფლიოს.