თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან - კვირის პალიტრა

თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან

"ეს მცენარეები საუკეთესო ანტიდეპრესანტები არიან. მათი ცქერით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, მიჩნდება ახალი იდეები, ვმშვიდდები და ეს სხვა საქმეებშიც მეხმარება"

ნონა მურველაშვილი წინანდალში, ჭავჭავაძეების ბაღის სიახლოვეს ცხოვრობს. ამაყობს თავისი სოფლით, სადაც საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს. უყვარს თავისი პროფესია და თუმცა მებაღეობაც პროფესიად ექცა, თავს თვითნასწავლ მებაღეს უწოდებს.

ნონა მურველაშვილი:

"ჩემი ყოველი დილა ბაღის შემოვლით იწყება. შემდეგ ვიწყებ ყვავილების გადარგვა-გადმორგვას - ზოგი ქოთანში ვეღარ ეტევა, ზოგს ტოტებს ვატეხ, რომ ახალი ენერგია შევმატო. თუ ყვავილს ვინმეს ვჩუქნი, ეს კიდევ უფრო მიხარია" ჩვენი რესპონდენტი კისისხევში, მეზობელ სოფელში დაიბადა, წინანდალში კი 17 წლის წინ გამოთხოვდა.

- როცა აქ მოვედი, ეზო მოასფალტებული იყო. ჩემი მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო. კი, ბაღად ვაქციე ყველაფერი. დედამთილ-მამამთილიც მეხმარება. მათაც მოსწონთ ასეთი გარემო.

ეს მცენარეები ჩემთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტები არიან. მათი ცქერით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, მიჩნდება ახალი იდეები, ვმშვიდდები და ეს სხვა საქმეებშიც მეხმარება. ბოლო ერთი წელია, სუკულენტებმა გამიტაცა და მათი მოგროვებაც დავიწყე.

- სუკულენტებს სხვა ყვავილებისგან რა გამოარჩევს? - სხვა ყვავილებს თუ მორწყვა, მოვლა, მოფერება უნდა, ამათ არ სჭირდება. ყურადღებას არ ითხოვენ.

- ბაღში ბავშვებს, ალბათ, მცენარეების, ყვავილების, გარემოს სიყვარულს ასწავლით. - ახლა სასკოლო ჯგუფი მყავს. 22 აპრილს დედამიწის დღე იყო და პატარებს მცენარეები დავარგვევინე. მოსწავლე ვიყავი, როცა უამრავ მცენარეს ვუვლიდი, ვრგავდი და ვახარებდი. დედაჩემი იხსენებს, შინ რომელიმე ყვავილს რომ მოიტანდი და ქოთანში დასაფესვიანებლად ჩარგავდი, მერე ყოველდღე მიწიდან იღებდი, რომ შეგემოწმებინა, ფესვი გამოტანილი ჰქონდა თუ არაო... როცა გავთხოვდი და მშობლების სახლიდან წამოვედი, იქ ყვავილებმა იკლო, იმდენი აღარ აქვს დედას. უმეტესად კაქტუსებს ვუვლიდი.

კაქტუსს თაკარა მზე უყვარს, წყალი - ნაკლებად...

- როდესაც ამა თუ იმ მცენარის დარგვას აპირებთ, რას ითვალისწინებთ?

- წინა გაზონებში აპრილში თუ გაზაფხულის დაბალი ყვავილები ყვავის, უკან მათ ვარდები მოსდევს. 100 ძირი ვარდი მექნება, ვერ ვიტყვი, რომ სხვადასხვა ჯიშია, მათში ბევრი ერთნაირია.

მცენარის დარგვისას მნიშვნელოვანი ნიადაგია, რაც ჩენთან პრობლემაა, ნიადაგი ნაკლებად ნოყიერია. ამიტომ სჭირდება შავი მიწის დამატება. ეს დიდ შრომას მოითხოვს.

რაც შეეხება მცენარეების ბაღში განაწილებას, ზოგჯერ იმხელა მცენარეებს ამოვიღებ და სხვა ადგილას გადამაქვს, თავად მიკვირს. მგონია, რომ იმ ადგილზე სხვა მცენარეებს დაუშლის. თუმცა საქმე თვითონ მიჩვენებს, სად რა და როგორ უნდა განვალაგო. მაღალ მცენარეებს შუაში ვრგავ ხოლმე, გარშემო კი შედარებით დაბლებს, რათა ლამაზად გამოჩნდეს.

- ბაღში დეკორაციებად სოკოებიც შევნიშნე.

- "იუტუბზე" ვნახე ვიდეო და იმის მიხედვით ვიმუშავე. ბეტონი ქალის წინდაში ჩავასხი და ფორმა მივეცი. მერე წებო ცემენტით დავაწებე, ბოლოს კი შევღებე. ახლა თაღების გაკეთება მინდა, რომ სურო ავაყოლო.

- რას ურჩევ დამწყებ მებაღეებს.

- რაც მარტივი მოსამრავლებელია, ჯერ იმას მიხედონ. მაგალითად, სუკულენტებს. იმასაც აქვს მნიშვნელობა, ვინ სად ცხოვრობს და რის მოშენებას აპირებს. რა სურთ, ქოთნის ყავილები თუ ეზოს მცენარეების მოვლა? თუ ეზო აქვთ, ეზოს ყვავილები ჯობია, იმიტომ, რომ ქოთნის ყვავილები შემოდგომაზე სახლში უნდა შეიტანო, გაზაფხულზე გამოიტანო.

კახეთის მხარეში თუ ცხოვრობენ, კლიმატიდან გამომდინარე, ისეთ მცენარეები შეარჩიონ, რომლებსაც ნაკლები წყალი უყვართ. დეკორატიულ და მარადმწვანე მცენარეებს ბევრი წყალი დიდად არ სიამოვნებთ.

ბზას, ვარდს, შხამის გარეშე ვერ გაახარებთ, რადგან ბევრნაირი მავნებელი ესევა. ამიტომ ორ კვირაში ერთხელ მიწევს მათი შეწამვლა.

გაზაფხული ბაღში ყველაზე შრომატევადია, შაბათ-კვირას მხოლოდ მათ მოვლას ვუნდები, გარდა იმისა, რომ დილაობით ადრე ვდგები, სანამ სამსახურში წავალ, ყველა მცენარე უნდა შემოვიარო, ზაფხულში წყალს ვუსხამ, ამას დრო სჭირდება, რაშიც ჩემი დედამთილი მეხმარება.

- შვილები თუ გეხმარებიან?

- სამი შვილი მყავს - უფროსი ბიჭი 16 წლის არის, მომდევნო 11-ის, გოგონა კი 9 წლის. ბოლო დროს მეხმარებიან, მაგრამ თან წუწუნებენ, ეზოში სათამაშო ადგილი აღარ დაგვიტოვეო.

- ტალავერი არ გაქვთ ეზოში?

- ვენახი მოშორებით გვაქვს, თუმცა მაქვს კივის ხეივანი. ორი წელია ისხამს. წყალი უყვარს და არ ვაკლებ. ბოსტანიც გვაქვს. რა ენერგიაც, შრომა და ემოცია ჩავდე ამ ყვავილებში, შედეგი ნამდვილად მივიღე. მცენარეები შრომას არ დაგიკარგავენ. მადლიერები ხარობენ და ყვავილობენ. აქაურობა ერთიანად რომ გადაყვავდება, ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არაფერია. თუმცა ისიც გამომიცდია, რა მძიმეა, როდესაც რაღაც არ გამოდის და ვერ ხარობს. სულ იმაზე ფიქრი მკლავს, რა დავაკელი-მეთქი...