ვალეს იისფერი კომბოსტო
ვალეს იისფერი კომბოსტო
ვალელი 37 წლის ირაკლი თელიაშვილი ფერმერია, მოჰყავს კარტოფილი, ბროკოლი, ყვავილოვანი და ჩვეულებრივი კომბოსტო, მესამე წელია იისფერიც. თურმე თავიდან ეკითხებოდნენ, კომბოსტო რამ შეგაღებინაო. ახლა ამ კულტურას ჩვენთან შედარებით იცნობენ, თუმცა მომხმარებლის უმეტესობა მაინც ტურისტები და სარესტორნო ბიზნესია. ამიტომ შარშანდელი წელი იისფერი კომბოსტოს რეალიზაციისთვის არც ისე შემოსავლიანი იყო.

- ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში ვცხოვრობ. აქ მოსავალი უხვი და ხარისხიანი მოდის, მაგრამ პანდემიის გამო რეალიზაცია გაჭირდა. მაგალითად, წლეულს იისფერი კომბოსტოს დიდი ნაწილი გავაჩუქე,
ბევრიც გამიფუჭდა. პანდემიის გამო რესტორნები დაიხურა ან შეზღუდული რეჟიმით მოუწიათ მუშაობამ და ჩემი კომბოსტოც მცირე რაოდენობით შეისყიდეს.

- რეალიზაციას იქნებ ისიც აფერხებს, რომ ქართველი მომხმარებელი იისფერ კომბოსტოს ნაკლებად მოიხმარს.
- დიახ, თავიდან ბევრს ეგონა, შეღებილიაო. ახლა ვალეში 20 ოჯახს მაინც მოჰყავს. იისფერი კომბოსტო ჩვეულებრივზე ორჯერ
მდიდარია C ვიტამინითა და იოდით. იისფერი კომბოსტო დასამწნილებლად, ბორშჩისა და ტოლმისთვის არ ვარგა, რადგან უხეში ფოთლები აქვს, მაგრამ სალათისთვის საუცხოოა, ბევრი უმადაც მიირთმევს, განსაკუთრებით, ორსულები, და ვისაც იოდის ნაკლებობა აქვს.

ვალეში ძალიან ცოტა მიწაა, ამიტომ სხვის ნაკვეთებს ვქირაობ. ჰექტარ-ნახევრამდე ფართობზე მომყავს ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი, ჰექტარზე კარტოფილი, 35 მეათედზე კი თეთრი და წითელი კომბოსტო.

სამეურნეო საქმეს მარტის შუა რიცხვებიდან ვიწყებ. თავიდან ბროკოლის ჩითილები გამომყავს, მაისის პირველ ნახევარში კი გადავრგავ. შემდეგ ყვავილოვან კომბოსტოს მივხედავ. აპრილის შუა რიცხვებიდან კარტოფილს ვთესავთ, თან გამოგვყავს იისფერი და თეთრი კომბოსტოს ჩითლები, რომელსაც ივნისის ბოლოს გადავრგავ.


- მარტო მუშაობთ?
- მეუღლე და მშობლები მეხმარებიან. 2 შვილი მყავს და ხანდახან ისინიც წამაშველებენ ხოლმე ხელს. იურისტი გახლავართ, თუმცა 2000 წლიდან სამეურნეო საქმე წამოვიწყე, ამ მადლიან კუთხეში ყველაზე შემოსავლიანი და საჭირო.

- მოსავალს სად ყიდით?
- მეტწილად დიდ ქალაქებში. პროდუქტების მაღაზიებიდან შეკვეთებს ვიღებ, ბაზარშიც ვყიდი. პანდემიამ ეკონომიკურად დაგვარტყა, ხვალ რა მოხდება, არავინ იცის, მაგრამ თუ კაცს შრომა არ ეზარება, ხვალინდელი დღის არ უნდა შეეშინდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!