ეზოში "ავი" ციცარია - კვირის პალიტრა

ეზოში "ავი" ციცარია

"ციცარი ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ფრინველია მათ შორის, რომლებიც ჩვენს ეზოს ალამაზებენ, ციცრის კვერცხს კი, განსაკუთრებული სიმკვრივისთვის, აღდგომის დღესასწაულისთვის ყველა ეძებს"

ციცარი ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ფრინველია მათ შორის, რომლებიც ჩვენს ეზოს ალამაზებენ, ციცრის კვერცხს კი, განსაკუთრებული სიმკვრივისთვის, აღდგომის დღესასწაულისთვის ყველა ეძებს. ციცარს უამრავი კარგი თვისება აქვს, რის გამოც მისი მოშენება ღირს. თუმცა ჩვენში მას დიდად არ სწყალობენ. ამის მიზეზი ციცრის ოდნავ მუქი ხორცია, რომელიც ველური გარემოდან მოჰყვება. სხვათა შორის, ციცრის ხორცი ევროპის ყველა ქვეყანაში გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ქათმისა. ეს მისი შემადგენლობით აიხსნება - ძვირფასი ამინომჟავები ციცრის ხორცში გაცილებით ბევრია, ვიდრე სხვა ფრინველისაში. სხვა დადებით თვისებებთან ერთად, რისთვისაც სოფლად მცხოვრებმა მის მოშენებაზე უარი არ უნდა თქვას, ისიც არის, რომ ციცარი მწერების გამანადგურებელია, უპირველესად კარტოფილის კოლორადოს ხოჭოს პირველი მტერია. ციცარი უხვად იკვებება მწერებით და ქათამთან შედარებით ძალიან ცოტა მარცვლეულს ჭამს. გარდა ამისა, ეზოდან აძევებს უცხო ძაღლსა და კატას და ქვეწარმავლებსაც. ციცარი გველების ყველაზე დიდი მტერია, რომელთაც არა მარტო ნისკარტით გლეჯს, არამედ ხმითაც აფრთხობს. მისი ხმის გაგონებაზე ნებისმიერი ქვეწარმავალი იმალება. ამ ყველაფერთან ერთად ციცარი კარ-მიდამოს ალამაზებს. საჩხერის რაიონის სოფელ შალაურში ანიკო ბებოს ციცარი სწორედ ორი ამ უკანასკნელი მიზეზისთვის ჰყავს. რაც ციცრები მოიყვანა, მას შემდეგ ქვეწარმავლების აღარ ეშინია. იმის გასაგებად, რამდენად ადვილია ციცრის შენახვა-მოშენება, ანიკო ბუსხრიკიძემ პეშვზე დაყრილ სიმინდზე მიმითითა - აი, სულ ამდენი საკვები სჭირდება ჩემს ციცრებს დღის განმავლობაშიო.

- ციცარი ცოტას რომ ჰყავს, გული მწყდება. არადა, როგორი საჭირო ფრინველია. მეც დიდხანს ვეხვეწებოდი შვილებს, იქნებ ციცარი მიშოვოთ, რომ ეზო გველებისგან დავიცვა-მეთქი, მაგრამ მონდომების მიუხედავად, დიდხანს ვერ მიშოვეს. შემდეგ კი, როგორც იქნა, ოთხი ფრთა ციცარი მომიყვანეს, მან ხომ ოჯახად უნდა იცხოვროს. ცას ვეწიე სიხარულით, ასეთი ლამაზი ფრინველი ეზოში თვალს გაახარებს. მათი დანახვა, რაც უნდა დაღლილი ვიყო, კარგ ხასიათზე მაყენებს. ბავშვებიც შემოდიან ეზოში და ციცრებს ეფერებიან. მართალია, ადვილი დასაჭერი არ არის, მაგრამ მაინც ახერხებენ, რომ ხელში ჩაიგდონ და უალერსონ.

- კარგია, ბავშვები ბუნების სიყვარულს ისწავლიან... თქვენ როგორ გაამრავლეთ ოთხი ციცარი, ამბობენ, რომ მისი გამრავლება ძნელია. - იმიტომ ამბობენ, რომ ციცარს სივიწროვე არ უყვარს. თუკი პატარა სადგომს შემოუღობავ, 3 კვადრატულ მეტრზე 15 ფრთა ციცარს დაამწყვდევ, ის არაფრით არ გამრავლდება. გასალაღებლად ამ ფრინველს შედარებით ვრცელი ადგილი და თან რამდენიმე მამალიც სჭირდება. ერთ დედალ ციცარზე სამი-ოთხი მამალი ციცარი მაინც უნდა გყავდეს, რომ ციცრის კვერცხი ვარგისად ჩათვალო.

ციცრის წიწილები პირველად ისე ჰგვანან ქათმისას, ვერც გაარჩევ. ამას გარდა, არც სხვადასხვა შეფერილობის ციცარი უნდა გყავდეს ერთად, იმიტომ, რომ მათი კვერცხებიდან ისეთი ლამაზი ციცარი აღარ იჩეკება, რაღაცნაირად უსახური ფერი აქვთ ხოლმე. კვერცხსაც კი აღარ დებენ იმდენს, რამდენსაც ჩვეულებრივ დებენ.

- გამოსაჩეკად ვარგის კვერცხებს როგორ არჩევთ? ცნობილია, რომ ციცარი ქათამთან შედარებით პატარა კვერცხს დებს. შედარებით მსხვილ კვერცხებს აგროვებთ? - არა, ციცარს როგორც განსხვავებული ფერების შერევა არ უყვარს, ასევე არ უყვარს გამოსაჩეკად ძალიან მსხვილი ან წვრილი კვერცხები. ასე ზომაგადამეტებული ეს კვერცხები იმიტომ არის, რომ ესე იგი, რაღაც უჭირთ. ამიტომ ციცარს გამოსაჩეკად ჩვეულებრივ კვერცხებს ვუწყობ. ერთი ეგ არის, რომ ციცრის კვერცხს გაბზარვა ნაკლებად ემჩნევა. ამიტომ ერთმანეთს ფრთხილად მივუკაკუნებთ და ხმით ვარჩევთ, რომელია მთელი, რომელი უნდა დაუდო კრუხს. ციცრის წიწილა 27-28-ე დღეზე გამოტეხს კვერცხს და გამოვა.

- თქვენი ციცრები ქათმებთან ერთად დადიან თავისუფლად. არ ერჩიან, არადა, როგორც ვიცი, ციცარს უცხო თანამოძმეც რომ მიუსვა, პირველად ვერ აიტანს და დაკორტნის. - სწორად გცოდნია. ციცარი ვერ იტანს, თუ ახალი ციცარი მასთან ერთად გაუშვი. ამიტომაც მტრებში ერთი ციცრის გაშვებას რამდენიმეს გაშვება სჯობს, თავს დაიცავენ და უფრო ყოჩაღად იქნებიან. აი, ქათმებთან კი ციცრები თავისუფლად ცხოვრობენ. უცნაურია, მაგრამ საერთო წიწილებიც ჰყავთ - როცა ერთ-ერთი მშობელი ციცარია, მეორე მშობელი კი ქათამი. მათი ნაშიერი, ცოტა არ იყოს, უშნო ფრინველია და ჯორივით უნაყოფოა. ერთადერთი, რითაც ის მშობელ ციცარს სჯობნის, უფრო დიდხანს ცოცხლობს, მაგრამ ციცრის დიდხანს სიცოცხლე ხომ მის დაბერებასაც ნიშნავს. სამი წლის შემდეგ, თუ ციცარი სანაშენედ გინდა, ახლით უნდა შეცვალო.

- ანიკო ბებო, ვიცი, რომ გველების დასაფრთხობად იყიდეთ ციცრები. დააფრთხო? - დააფრთხო კი არა, მას შემდეგ ეზოში ქვეწარმავლის ნასახი აღარ მინახავს. არც ქორს აჭაჭანებენ ეზოს სიახლოვეს. ისე დასძახიან, ახლოს მოსული ქორი ცხრა მთას იქით გაქრება ხოლმე. ციცრები რომ არა, ქორს რა დააკავებდა? რა საფრთხობელა არ დავდგი, არაფერმა უშველა, ნახევარი კრუხ-წიწილა მიჰყავდათ ხოლმე.

ციცარი ადვილია შესანახადაც. ისეთი ბუმბული აქვს, ზამთარში 30 გრადუსი ყინვაც რომ იყოს და ზაფხულში 50 სიცხე, ვერც ერთი ვერაფერს დააკლებს.

- სააღდგომოდ ციცრის კვერცხებს ყიდით ხოლმე? - რომ მიჭირდეს, გავყიდდი, მაგრამ არ მიჭირს, ამიტომ სააღდგომო კვერცხებს ბავშვების საჩუქრად ვინახავ, ვღებავ და ვარიგებ. იმ სიხარულზე მეტი, რაც მათ ციცრების კვერცხის დანახვაზე აქვთ, აბა, რა უნდა გააკეთო ადამიანმა?