ადამიანის ჯავშნოსანი მეგობარი
ადამიანის ჯავშნოსანი მეგობარი
"კუს საოცრად ძლიერი ყბები აქვს და იმის მიუხედავად, რომ კბილები არა აქვს, მაინც ძალიან მწარედ შეუძლია კბენა"

კუ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ერთ-ერთი საინტერესო ქვეწარმავალია. ზოგიერთი სახეობის კუ მთელ მსოფლიოშია ცნობილი ასაკის და წონის გამო. მაგალითად, 2006 წელს კალკუტაში დაიღუპა ქალაქის ზოოპარკში მცხოვრები კუ, სახელად ადვაიტა, რომელიც 350 კგ-ს იწონიდა და 260 წელზე მეტი ხნისა იყო. აღმოჩენილია კიდევ რამდენიმე გიგანტური კუ, რომლებიც "კალკუტელ გიგანტზე" გაცილებით მეტსაც იწონიდნენ. ამ უჩვეულო ცხოველზე თბილისის
ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი გვესაუბრება.

- კუ ქვეწარმავლების რიგს მიეკუთვნება, თუმცა ადამიანები მის მიმართ უფრო მეტი სიმპათიით არიან განწყობილი, ვიდრე გველების, ნიანგების ან თუნდაც ხვლიკების მიმართ. ეს ცხოველი ბევრ ოჯახში ჰყავთ მოშინაურებული.
კუ დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ბინადარია, მიეკუთვნება რეპტილიების ჯგუფს. მეცნიერების აზრით, ის დაახლოებით
200 მილიონი წლის წინ გაჩნდა - გამოდის, დინოზავრების თანამედროვე ცხოველია.

 ხმელთაშუა ზღვის კუ აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრად უდაბნოების ზონაში ბინადრობს

- საიდან გაჩნდა გამოთქმა "კუს ნაბიჯით", ასე ნელი ცხოველია?
- კუ ძალიან ნელ მოძრაობასთან ასოცირდება, მაგრამ როცა საჭიროა, სწრაფადაც შეუძლია გადაადგილება. კუს სხეულის ტემპერატურა გარემოს ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ისეთ ზომიერ სარტყელში, როგორიც საქართველოა, ზამთარში კუ ძილქუშს ეძლევა. სწორედ ახლაა ის პერიოდი, როცა კუ იღვიძებს და აქტიურ ცხოვრებას იწყებს. კუს სხვადასხვა სახეობა ერთმანეთისგან ზომით განსხვავდება. ყველაზე დიდი ზომით ზღვის კუ გამოირჩევა. ზოგიერთი მათგანის სიგრძემ შესაძლოა 2 მეტრს, ხოლო წონამ 400 კილოგრამსაც კი მიაღწიოს. ისინი გამოირჩევიან სიცოცხლის ხანგრძლივობითაც. ლიტერატურიდან ცნობილია ინდივიდები, რომლებმაც 150, 160, 188 წელიწადს და უფრო დიდხანს იცოცხლეს. საერთოდ, ცხოველი ზომით რაც უფრო დიდია, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს. ეს ეხება არა მარტო ნიანგებს, მარტორქებს, სპილოებს ან ბეჰემოთებს, არამედ კუსაც. რაც უფრო დიდია კუ, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს.

- გარდა წონისა და ასაკისა, რა გამოარჩევს კუს?
- კუს კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა, გემოვნება და შეხება. ამავე დროს, კუს ზურგის ტვინი უფრო განვითარებულია, ვიდრე თავის და შედარებით ცუდი მხედველობა აქვს. ვინაიდან სწრაფი სირბილი არ შეუძლია, თავდაცვის ერთადერთი საშუალება ჯავშანია. როგორც კი საფრთხის მოახლოებას იგრძნობს, ბაკანში შეყოფს თავს, კიდურებს და მტერს ემალება. ჯავშანში თავის შეყოფისას მისი ხერხემალი ლათინური შ-ის ფორმას იღებს. ხალხში გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, თითქოს კუს ჯავშნიდან გამოსვლა თავისუფლად შეუძლია, მაგრამ ასე არ არის, მისი კიდურები ბაკანთან არის შეერთებული.

კუს ზრდასთან ერთად ბაკანიც იზრდება, ეს ერთი მთლიანი სხეულია. ბაკანი 50-მდე სხვადასხვა ძვლისგან შედგება და ძალიან მტკიცეა. უბაკნოდ კუ უმწეო იქნებოდა: მელიები, ტურები, მაჩვები და სხვა ცხოველები ადვილად მოინადირებდნენ. კუს ჯავშნის დამტვრევა ბევრ ცხოველს არ შეუძლია. ისინი ხშირად ცდილობენ ბაკნის დაღრღნას და რომ არაფერი გამოსდით, თავს ანებებენ. ასე გადაირჩენს ხოლმე კუ თავს.

ჯავშნის გარდა, მას საოცრად ძლიერი ყბები აქვს და იმის მიუხედავად, რომ კბილები არა აქვს, მაინც ძალიან მწარედ შეუძლია კბენა, განსაკუთრებით დიდ კუს. არსებობს ისეთი სახეობები, რომლებიც ჯავშანში კიდურებსა და თავს ბოლომდე ვერ მალავენ და სხვა გზებით ცდილობენ თავის დაცვას. კბენა მათთვის თავდაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.


ალდაბრას ჯიშის გიგანტური კუ, სახელად ადვაიტა, რაც სანსკრიტულად "ერთადერთს" ნიშნავს, კალკუტის ზოოპარკში ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთის დასავლეთ ბენგალიის შტატის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ჯოგეშ ბარმანის მტკიცებით, ადვაიტა გახლდაBთ 1774 წელს გარდაცვლილი ინდოეთის დამპყრობლის, ლორდ რობერტ კლაივის საყვარელი კუ და მის მამულში რამდენიმე წელიწადიც გაატარა. ინფორმაციის წყარო მინისტრს არ მიუთითებია.

- წყალში მობინადრე კუს რა განსხვავებული თვისებები აქვს?
- წყალში კუს უამრავი სახეობა ბინადრობს. ისინი მთელ დროს ზღვებსა და ოკეანეებში ატარებენ და ძალიან კარგი მოცურავეები არიან, ზოგჯერ ნაპირს კილომეტრებით შორდებიან. წყლის კუ თევზებით, მედუზებით, წყალმცენარეებით იკვებება, ხოლო ხმელეთის კუ - მცენარეებით. არსებობს მტაცებელი კუც, რომელიც ხორცით იკვებება. კვების მიხედვით გამოყოფენ სახეობებს: ბალახისმჭამელებსა და ნაირმჭამელებს.

როგორც წესი, კუ ფილტვებით სუნთქავს და კვერცხის დების დროს, სხვა ქვეწარმავლების მსგავსად, ნაპირზე გამოდის. ნაპირზე ორმოს თხრის, კვერცხებს მიწაში დებს, მერე ორმოს მიწას გადააყრის და შთამომავლობას ასე, ბედის ანაბარა ტოვებს. ახალდაბადებული პატარა კუ დამოუკიდებელ ცხოვრებას გამოჩეკისთანავე იწყებს.

დღეს არსებული კუს 300 სახეობიდან 129-ს გადაშენება ემუქრება. მიზეზი, რა თქმა უნდა, ადამიანია, რომელიც კუს ხორცსა და კვერცხს ყოველთვის სიამოვნებით მიირთმევდა. ამის გამო ათიათასობით ინდივიდი განადგურდა. ყველაზე იშვიათად გვხვდება ზღვის კუ და გიგანტური კუ. დღეს ამ სახეობებს საერთაშორისო კანონები იცავს.

წითელყურა კუ

- საქართველოში კუს რომელ სახეობებს ვხვდებით?
- ჩვენთან ძირითადად გავრცელებულია სამი სახეობა: ხმელთაშუა ზღვის კუ, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრად უდაბნოების ზონაში ბინადრობს - იქ, სადაც ცხელა და სიმშრალეა. სხვათა შორის, ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე ხმელთაშუა ზღვის კუ ბლომად გვხვდება, ეტყობა, იქ ამ სახეობისთვის მისაღები პირობებია. გარდა ამისა, საქართველოში გვხვდება ხმელეთის კუ და კასპიური კუ - ორივე აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებში და მათ ახლომახლო ბინადრობს. კუ ყველგან არის, გარდა ანტარქტიდისა, სადაც ცხოველებისთვის სასიცოცხლო პირობები არ არსებობს. ეს ცხოველი ჯერაც არ არის საფუძვლიანად შესწავლილი. სხვათა შორის, 1968 წელს საბჭოთა მეცნიერებმა კოსმოსში ორი კუ გაუშვეს. ასე რომ, გარდა "კოსმონავტი" ძაღლებისა, კურდღლებისა, ობობებისა და გოჭებისა, დედამიწაზე "კოსმონავტი" კუებიც ცხოვრობდნენ.

ზღვის კუ

- ბევრ ოჯახში კუ შინაური ცხოველივით ჰყავთ. რას ურჩევთ მათ, რას მიაქციონ ყურადღება?
- ოჯახებში განსაკუთრებით ხშირად ჰყავთ წითელყურა კუ. ეს სახეობა საქართველოში ამერიკიდან შემოჰყავთ და ზოომაღაზიებში იყიდება. საერთოდ, ნებისმიერი ცოცხალი არსება, რომელსაც ადამიანი შინ მიიყვანს, მოვლასა და ყურადღებას საჭიროებს. ადამიანმა თავიდანვე უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ცოცხალი არსების მიმართ. მერე რა, რომ ცხოველია? - მას კარგი მოვლა, კვება და მკურნალობა სჭირდება. უნდა ჰქონდეს საკუთარი კუთხე, სადაც დაისვენებს და თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. შინ მოყვანამდე უნდა ესაუბროთ ოჯახის წევრებს და თანხმობა მათგანაც მიიღოთ. ცხოველის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, ეს არ არის სათამაშო, რომელიც შეიძლება ცოტა ხნით მიაგდო და როცა მოგესურვება, ითამაშო. ზამთარში, როცა კუ ზამთრის ძილქუშს მიეცემა, ზოგს ჰგონია, რომ ცუდად არის. ამ დროს ჩვენი ჯავშნიანი მეგობარი პატარა, ღია კონტეინერში უნდა მოვათავსოთ და მიწაში ჩავფლათ. გაზაფხულზე გაიღვიძებს, ამოძვრება, ჩვეულებრივ გააგრძელებს ცხოვრებას და თქვენს ცხოვრებასაც გაალამაზებს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები