თბილისში მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრი გაიხსნა - კვირის პალიტრა

თბილისში მეფუტკრეობის რეგიონული ცენტრი გაიხსნა

საქართველოში მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობაში ოდითგანვე გამორჩეული და განსაკუთრებული დარგი იყო. ამ დარგს დღესაც დიდი პერსპექტივა აქვს და სწორედ მისი მეტად განვითარებისთვის ჩეხეთის საელჩოს თბილისის მერიასა და პროფკავშირულ ასოციაცია "აგორასთან" თანამშრომლობით ცოტა ხნის წინ თბილისში გაიხსნა რეგიონული მულტიფუნქციური მეფუტკრეობის ცენტრი. მეფუტკრეობის მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი უახლესი აპარატურით აღიჭურვა, ინვესტიციის სრული ოდენობა 405.565 ევროს შეადგენს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში მეფუტკრეობის განვითარებას, ასევე ამ დარგთან დაკავშირებული პროდუქციის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზე.

თენგიზ სვანიძე, პროფკავშირული ასოციაცია "აგორას" დირექტორი:

- საქართველოში არსებობდა საკავშირო დაქვემდებარების მეფუტკრეობის ინსტიტუტი, რომელიც ამიერკავკასიას ემსახურებოდა. ეს მეფუტკრეობის ლაბორატორია დღეს აღარ არსებობს, რის გამოც ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნა. ამიტომაც დაიბადა იდეა, რომ ეს ყველაფერი აღგვედგინა. ჩვენს ასოციაციას მცირე პროექტი ჰქონდა ჩეხეთის საელჩოსთან, რომელმაც დააფინანსა მცირე საფუტკრე მეურნეობა გარდაბანში, ე.წ. ლაფეტი (ფუტკრის მომთაბარეობისთვის აუცილებელი რამ), მცირე გრანტით. ასე დავიწყეთ ჩეხეთის საელჩოსთან ურთიერთობა. შემდეგ, როდესაც ეს იდეა დაიბადა, პროექტი დავწერეთ და მივმართეთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს. მათთან ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ, როცა პროექტმა დასრულებული სახე მიიღო, თბილისში მეფუტკრეობის ლაბორატორიის მსგავსი სტრუქტურის დაარსება გადავწყვიტეთ, რომელსაც პირობითად მეფუტკრეობის განვითარების მრავალფუნქციური რეგიონული ცენტრი დავარქვით.

- რეგიონული რატომ?

- რეგიონული იმიტომ, რომ აზერბაიჯანელ და სომეხ მეფუტკრეებთან გვქონდა კავშირი. არც ერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ არსებობს და ვიფიქრეთ, საქართველოში, კერძოდ, თბილისში გაკეთებულიყო, სადაც ეს ყველაფერი თავს მოიყრიდა. ჩვენი იდეა მოეწონა როგორც ჩეხეთის საელჩოს, ასევე ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და გაკეთდა პროექტი. შენობის დაპროექტების შემდეგ ჩეხეთის განვითარების სააგენტომ დაფინანსება გამოყო როგორც არქიტექტურული ნაწილისთვის, ისე მშენებლობისთვის. მშენებლობა 2020 წლის მარტში დავიწყეთ და ახლა, ერთი წლის თავზე დავამთავრეთ.

- სად აშენდა ცენტრი? - თბილისის მერიამ ბაგებში გამოყო 2000 კვმ ფართობი, რომელიც ცენტრს 10 წლით გადმოსცეს... ბევრი სასარგებლო და კარგი საქმე გვაქვს ჩაფიქრებული და გათვალისწინებული: ტრენინგები, სხვადასხვა სწავლება, ჩეხეთიდან სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც ლექციებსა და სწავლებებს წარუძღვებიან როგორც მოყვარულ მეფუტკრეებთან, ასევე პროფესიონალებთან.

ერთ ჯერზე 50-60 მეფუტკრის მომზადება-გადამზადების პროგრამები გვაქვს შედგენილი. ცენტრში არის ფუტკრის ხელოვნურად განაყოფიერების ლაბორატორიაც.

- საქართველოში მეფუტკრეები უმეტესად მაინც თაფლს აწარმოებენ, თუმცა ფუტკარი კიდევ უამრავ პროდუქტს ქმნის... - საქართველოში ძირითადად აქცენტი გამახვილებულია თაფლზე და არა მეფუტკრეობის პროდუქტებზე, როგორიცაა ჭეო, ყვავილის მტვერი, სანთელი, დინდგელი და სხვ. არადა, ამ პროდუქტებიდან უფრო მეტი შემოსავლის მიღება შეიძლება, ვიდრე თაფლისგან. ამიტომაც გვინდა ამ ინოვაციებს, ამ პროდუქტებს მეტი ყურადღება დავუთმოთ.

იან სლივა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი:

- ამისთვის სპეციალური მოწყობილობები გაქვთ? - რა თქმა უნდა, და ასეთი სწავლებების ფუნქცია და მიზანი ის არის, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი პროდუქციის ევროპაში გატანასა და მეტად პოპულარიზაციას. საექსპორტო თაფლის პროდუქცია არის და ვერ ვყიდით, ცენტრი კი ხელს შეუწყობს მარკეტინგის განვითარებასაც.

- ქართული თაფლი რით გამოირჩევა სხვა რეგიონებში მოპოვებული პროდუქტისგან? - ერთადერთი, რაც ქართულ თაფლს სხვა ქვეყანაში წარმოებული თაფლისგან გამოარჩევს, წაბლის თაფლია, რომელიც, პრაქტიკულად, სხვაგან არ არის. წაბლისგან უნიკალური პროდუქტი მზადდება - მას მონოთაფლს უწოდებენ. ჩვენთან წაბლის ტყეები 10-დან 25 ივლისამდე ყვავის. არის წაბლის ტყეები, სადაც გარშემო არაფერი ყვავის, ანუ წაბლის ყვავილის გარდა, ფუტკარი თაფლს სხვა მცენარიდან არ იღებს. რა თქმა უნდა, საქართველოში არის ისეთი ადგილებიც, როცა წაბლთან ერთად სხვა მცენარეებიც ყვავის, მაგრამ ასეთ ადგილებში აღებულ თაფლს წაბლის თაფლი არ ჰქვია, რადგან მინარევებს შეიცავს.

ჩვენი ცენტრის მიზანია შევქმნათ პროდუქცია, რომელიც ევროპის ბაზარზე გაიყიდება. თაფლი ევროპაში შეტანისას არ იბეგრება. ასე რომ, თუ იქაურ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ, ბაზარი გახსნილი გვაქვს. ყველაფერი ამისკენ მიდის.

- ჩეხები როგორ აფასებენ პროექტს? - ჩეხურმა ორგანიზაციამ თანხა გამოყო და საქართველოში მეფუტკრეობის მდგომარეობა შეისწავლეს. გაეცნენ და დაასკვნეს, რომ საქართველოს აქვს თაფლის ექსპორტის პოტენციალი. თუ ამას სწორი მიმართულება მიეცემა, ექსპორტი შესაძლებელია. ამ პროექტს ამიტომაც მოჰკიდეს ხელი.

იან სლივა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი:

- როდესაც ჩეხეთის განვითარების სააგენტო მსგავს პროექტებს აფინანსებს, უპირველესად იმას ვაქცევთ ყურადღებას, რამდენად აქვს მათ მდგრადი განვითარების შესაძლებლობა. მეფუტკრეობის მულტიფუნქციური ცენტრი ამ მხრივ ჩვენს ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ვიცი, რომ მეფუტკრეობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის - თაფლის შესანიშნავი პროდუქცია გაქვთ, რომელიც წარმატებით იმკვიდრებს თავს ევროპულ ბაზარზე. ამიტომაც ვკითხეთ ჩვენს ქართველ კოლეგებს - როგორ შეგვიძლია ამ კუთხით დაგეხმაროთ? შედეგად მივიღეთ ცენტრი, რომელიც, იმედია, უფრო განავითარებს მეფუტკრეობის პრაქტიკას. უმნიშვნელოვანესია კარგი ლაბორატორიების ქონა, რათა წარმოებულ თაფლში პესტიციდები ან სხვა მავნე ნივთიერებები არ აღმოჩნდეს. ვფიქრობთ, ეს ცენტრი გადაიქცევა ექსპერტიზისა და ხარისხის ნიშნულად ქართული თაფლის პროდუქციისთვის.

ჩვენ გავიღეთ ფინანსები, მოგამარაგეთ აღჭურვილობით - ახლა ჯერი ქართველ მეფუტკრეებზეა, როგორ ისარგებლებენ ამ ყველაფრით.

ექსპერტიზა და კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები მთლიანად ქართული მხარის პრეროგატივაა - ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესონი ხართ. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ქართული მხარის კომპეტენციაში, მაღალი კლასის ექსპერტები გყავთ - უბრალოდ, ვეცადეთ სათანადო ტექნიკური შესაძლებლობებით მოგვემარაგებინეთ.

ავტორები: ლალი ფაცია, ვაჟა თავბერიძე