რევანდი - "რკინით სავსე" ბოსტნეული - კვირის პალიტრა

რევანდი - "რკინით სავსე" ბოსტნეული

"სწორედ ამით არის რევანდი გამორჩეული - ძალიან ადრე გაზაფხულზე შემოდის და გვიანობამდე, ნოემბრის ბოლომდეა ბაღჩაში"

ჩვენს ქვეყანაში არცთუ ბევრმა იცის ისეთი სასარგებლო და, ამავდროულად, დიეტური ბაღჩეულის შესახებ, როგორიც რევანდია. რევანდის ჯიშებს შორის არის სამკურნალო, ველური რევანდიც, რომელსაც იყენებენ ფარმაკოლოგიაში. კულტივირებულ რევანდს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. ის ბევრი მოჰყავთ ჩინეთში, აზიის სხვა ქვეყნებში, ასევე - სამხრეთ ამერიკაში. სხვა ბაღჩეულთან შედარებით, კულტივირებულ რევანდს ის უპირატესობა აქვს, რომ საკვებად გვიან შემოდგომამდე გამოიყენება. ზამთარში ამ კულტურის ფესურები -30°C-მდე ყინვას უძლებს, თებერვლიდან კი ამოიყრის და უკვე საადრეო ბაღჩეულად მოგვევლინება. ბევრ ქვეყანაში საკვებად მხოლოდ რევანდის ღეროებს იყენებენ, თუმცაღა ფოთოლიც ასევე სასარგებლოა სუპებსა თუ სალათებში. ამ სასარგებლო კულტურის შესახებ, გვესაუბრება ბოტანიკოსი და მეურნე ვასო მუჯირი. მან თავადაც გააშენა რევანდის პატარა რიგი ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურში.

- დედამიწის სხვადასხვა კუთხეს შორის კულტურული ჯიშების გაცვლა-გამოცვლა მუდმივი პროცესია, რომლითაც სამეურნეო ცხოვრება მდიდრდება. ამგვარად შემოვიდა ჩვენში მრავალი კულტურა და ჩვენი ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღესაც ბევრს შემოაქვს სასარგებლო და ეგზოტიკური მცენარეები ბოლქვით, ნერგით თუ თესლით. ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობები და ნიადაგი მისაღებია ბევრი კულტურის გასახარებლად. რამდენიმე წლის წინ ჩვენთან გამოჩნდა კულტივირებული რევანდის თესლი, რომელიც, როგორც ხდება ხოლმე, სიახლეებით დაინტერესებულმა პირებმა დათესეს და მოიყვანეს. ისინი რევანდის ღეროებს, რომელიც მეტად სასარგებლოა და სპეციფიკური და სასიამოვნო გემოც აქვს, ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, დაახლოებით ნოემბრის ბოლომდე მოიხმარენ საოჯახო სამზარეულოში. სწორედ ამით არის რევანდი გამორჩეული - ძალიან ადრე გაზაფხულზე შემოდის და გვიანობამდე, ნოემბრის ბოლომდეა ბაღჩაში. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ რევანდი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვისაც - ის ციროზისა და ფსორიაზის პროფილაქტიკურ საშუალებად ითვლება.

- რევანდი ჩვენთან შედარებით ახალი კულტურაა, მისით დაინტერესებული ბევრია, თუმცა ყველამ არ იცის, როგორ მოიყვანოს, როგორ მრავლდება, ნერგები ვეძებოთ თუ თესლი შევიძინოთ...

- მიუხედავად იმისა, რომ რევანდი ჭარხალს ჩამოჰგავს, ის სრულიად განსხვავებული კულტურაა. იზრდება რამდენჯერმე მაღალი, ვიდრე ჭარხალია, მის ნერგებს კი ასე ადვილად ვერ იშოვით, რადგანაც ცოტა ხნის წინ შემოვიდა ჩვენში, ცოტას მოჰყავს და ისიც - საოჯახო მოხმარებისთვის. რაკი ნერგებს ადვილად ვერ ვიშოვით, თესლით უნდა გავამრავლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ნერგთან შედარებით თესლით გამრავლების ნაკლად მოსავლის უფრო დიდხანს ლოდინი ითვლება, თესლსაც აქვს ის უპირატესობა, რომ დათესვა ადვილია და მოსავლის მოყვანას დამწყები მებაღეც იოლად ართმევს თავს, კონტეინერიდან კი ღია გრუნტში ნერგი ადვილად ირგვება. ამისთვის რევანდის თესლი, რომელსაც არაერთ სასოფლო მაღაზიაში შეხვდებით, ოთხი დღის განმავლობაში წყალში უნდა დავალბოთ. მერე კი, თებერვლის ბოლოს ან მარტში, სასურველია, ისეთ კონტეინერში ჩავთესოთ, სადაც ბევრი ნერგი გაიზრდება, პირდაპირ ღია გრუნტში რევანდის დათესვა კი აპრილში შეიძლება, ერთმანეთისგან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით.

თუკი ნერგს კონტეინერში ჩავთესავთ (შესაფერისი, ორგანული სასუქით გამდიდრებულ ნიადაგში), პირველი ფოთლების გამოჩენისთანავე კონტეინერი მზის სინათლეზე უნდა დავდგათ. რაც მთავარია, როგორც კი ნიადაგი გამოშრება, მაშინვე უნდა მოვრწყათ, ხანდახან გავაფხვიეროთ კიდეც. კონტეინერიდან ნერგები ღია ნიადაგში უკვე ზაფხულის დასაწყისში გადაგვაქვს…და მოსავალს გვიან შემოდგომამდე, დეკემბრის დასაწყისამდეც კი ვიღებთ. ცხადია, ეს ყველაფერი მაშინ კეთდება, როდესაც რევანდს პირველად ვთესავთ, რადგან ის მრავალწლიანი მცენარეა.

რევანდის ღეროებს იყენებენ უამრავ კერძსა და სალათებში. მისგან ამზადებენ ნახარშსა თუ ნაყენს, კომპოტს, ჯემს, წვენს, მურაბას, დებენ ღვეზლის შიგთავსად, რომელიც უგემრიელესი გამოდის. თქვენ წარმოიდგინეთ, რევანდში მეტი რკინაა, ვიდრე ვაშლში. ფოთოლი, რომელიც დიდი ზომისაა, შეგვიძლია სუპების მოსამზადებლად გამოვიყენოთ, სოფლად მცხოვრებლებს კი, რა თქმა უნდა, პირუტყვისა თუ ფრინველის ყუათიან საკვებადაც გამოადგებათ.

- როდის შეიძლება რევანდის დაკრეფა? - მაშინ, როცა ღერო ფოთლებამდე დაახლოებით 30 სმ სიგრძისაა. სხვათა შორის, ამ დროს რევანდში უკვე დიდი რაოდენობით მჟაუნმჟავაა ჩაგროვებული, რაც მის სპეციფიკურ და არომატულ გემოს განაპირობებს.

- რევანდის სასარგებლო თვისებებზე ბევრს ლაპარაკობენ... - რევანდს იმდენი სასარგებლო თვისებას აქვს, ჩამოთვლისთვის გრძელი სია დაგვჭირდება. უამრავი ვიტამინისა თუ სასარგებლო ნივთიერების წყალობით მას იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად (გულის კუნთს აძლიერებს და ინსულტის რისკს ამცირებს). აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება, შეგვიძლია მისი ნაყენი ან წვენი პატარა ჭრილობების კომპრესად ვიხმაროთ.

ვიტამინების წყალობით რევანდი გვიცავს ავიტამინოზისგან და გამოიყენება გაზაფხულის ავიტამინოზის დროს. მოიხმარენ, როგორც შარდ და ნაღველმდენ საშუალებას, იღებენ ორგანიზმის გასაძლიერებლად ტუბერკულოზის დროს. სპორტსმენებიც ხმარობენ კუნთოვანი მასის გასაძლიერებლად. კარგია ნაბახუსევის დროსაც კი, ხასიათზე მოსაყვანად და სხვ.

კიდევ ერთი - ყველაზე მეტი ვიტამინი რევანდში გაზაფხულის მიწურულს და ზაფხულის დასაწყისშია, ამიტომაც ამ პერიოდში მისი მოჭრა და გახმობა შეიძლება შინ, კუსტარულადაც, რათა ზამთარში რევანდის ვიტამინები სრულყოფილად მივიღოთ.

რევანდი მრავალწლიანი მცენარეა და ძალიან შეუპოვარი გახლავთ დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. თუმცა, თუკი მაინც გაუჩნდება ჭრაქი ან ფესვების ლპობა დაეწყება, მისი გადარჩენა იოლი არ იქნება. ჩვენს სასოფლო მაღაზიებში ბევრი საშუალებაა, რომლებიც რევანდის დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. რევანდის სარგებლიანობის გამო, თუნდაც რამდენიმე ძირი რომ გვქონდეს, მის გადარჩენისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ.