ჯინჯერი - აღმოსავლეთის "მზეთუნახავი"
ჯინჯერი - აღმოსავლეთის "მზეთუნახავი"
ფოტო:ჯანჯაფილის (კოჭას) ტუბერები და მცენარის ფესვთა სისტემა
ჯანჯაფილი, იგივე ჯინჯერი (Zingiber officinale, имбир) მთელ მსოფლიოში პოპულარული მცენარეა. მისი სამშობლო აღმოსავლეთია: ჩინეთი, ინდოეთი, ტაილანდი, ირანი და ა.შ. ჯანჯაფილის ფესვი არომატული სანელებელია, რომელიც გამოიყენება კულინარიასა და მედიცინაში. ბოლო დროს ჯანჯაფილმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ცხიმების წვასა და წონის კლებას უწყობს ხელს. სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი გვეუბნება, რომ ეს მცენარე საქართველოშიც ძალიან კარგად ხარობს და მისი მოყვანა ყველა მსურველს შეუძლია.

- ჯანჯაფილი მრავალმხრივ საყურადღებო მცენარეა. მას საქართველოში კოჭასაც უწოდებდნენ. ის
საუკეთესო თვისებებით დააჯილდოვა ბუნებამ. ქართულ ბაზარზე ძვირად ფასობს - გასულ წლებში 1 კგ ჯანჯაფილი 10-12 ლარი ღირდა, ახლა კი მარკეტებში 25 ლარი ღირს. იყიდება ნედლი სახითაც და დაფქულიც. მცენარე პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ არომატული და გემრიელი სანელებელია, ამავე დროს კი საუკეთესო პროდუქტია
წონის დასაკლებად. ჯანჯაფილი სასიკეთოდ მოქმედებს სისხლში შაქრის დონესა და ქოლესტერინზეც - ეს არაერთი ქვეყნის მეცნიერებმა დაამტკიცეს.


- ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჯანჯაფილის ჩაი. რამ გამოიწვია ეს პოპულარობა?
- ჯანჯაფილის ჩაი ერთდროულად დანაყრების გრძნობასაც იწვევს და კალორიებსაც წვავს. მას ხშირად გასახდომად სვამენ, თუმცა მისი ნაყენი კარგია ხველებისა და გაცივების დროსაც. ამ მცენარეს ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური თვისებები აქვს, შეიცავს მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს და ხელს უწყობს ცხიმების წვას. გარდა ამისა, ჯანჯაფილი შესანიშნავი ანტიდეპრესანტია, მისი სისტემატური მიღება განწყობას აუმჯობესებს.

- ალბათ, უკუჩვენებებიც აქვს...
- დიახ, როგორც ყველა მცენარეს, უკუჩვენებები მასაც აქვს, ამიტომ ჯანჯაფილი არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს - მის გამო შეიძლება კენჭი დაიძრას. ასევე არ მოუხდება იმას, ვისაც სისხლის შედედების პრობლემა აქვს, რადგან ჯანჯაფილი სისხლს ათხელებს. საკვებში ჯანჯაფილს ნედლად იყენებენ - გახეხილს ამატებენ, ხოლო ტკბილეულსა და საკონდიტრო ნაწარმში - ხმელს, ფხვნილის სახით.

- როგორ შევარჩიოთ ჯანჯაფილი და გავახაროთ ოჯახურ პირობებში?
- ჯანჯაფილის ყიდვისას, თავდაპირველად მის ტუბერებს დააკვირდით. თითოეულ ტუბერს ცოცხალი შესახედაობა და გლუვი ზედაპირი უნდა ჰქონდეს. მე, მაგალითად, მისი ტუბერები სუპერმარკეტში შევიძინე, მერე ოთახის ტემპერატურაზე გავაჩერე და დაველოდე, როდის გაღივდებოდა. როგორც კარტოფილი იწყებს გაღივებას სითბოში, ზუსტად ასე "იქცევა" ჯანჯაფილიც. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, როცა ტუბერებმა გაღივება დაიწყო, ჩემს ნაკვეთში გადავრგე გურიაში, სოფელ გურიანთაში. გაღივებული ტუბერები დაახლოებით 5-6 სანტიმეტრის სიღრმეში ჩავრგე. მაისი იყო და რამდენიმე თვეში ჩემი ხელით დარგულმა კოჭამ შესანიშნავად გაიხარა. 70-80 სანტიმეტრი სიმაღლისა გაიზარდა და პატარა "ბარტყებიც" გაუჩნდა - ერთი ფესურიდან 7-8 ძირი გაიზარდა.

 ჯანჯაფილისებრთა ოჯახი მოყვავილე მცენარეებია, რომლის 50-მდე გვარში 1600-მდე სახეობას აერთიანებენ. ზოგი მაGთგანი ძალიან ლამაზია, მაგალითად, ჯინჯერი-ჩირაღდანი, ჰავაიური ჯინჯერი და სხვ.

მე ყველას ვურჩევდი ჯანჯაფილის გახარებას - გარდა იმისა, რომ მრავალმხრივ სასარგებლო მცენარეა, ამავე დროს, ძალიან ლამაზია და ნებისმიერ ადგილს დაამშვენებს, ამიტომ მას დეკორატიული მიზნებისთვისაც იყენებენ. გეორგინას მსგავსი ტუბერები აქვს და ჩვეულებრივ ნიადაგშიც კარგად ხარობს, როგორც სათბურში, ისე - ღია სივრცეში. უკვე გახარებული კოჭას ტუბერები შეიძლება ერთიანად ამოვიღოთ, მაგრამ თუ გვინდა, მომავალ წელსაც გვქონდეს, მათი ნაწილი მიწაში უნდა დავტოვოთ. მეორე წელიწადს ახალ ტოტებს ამოიყრის და ისევ გაგახარებთ.

- ქალაქში თუ შეიძლება ჯანჯაფილის გახარება?
- მოზრდილ ქოთნებში ის მშვენივრად იზრდება. 2-3 კილოგრამიც რომ შეიძინოთ და დარგოთ, შემოდგომაზე კარგ ნაყოფს მიიღებთ. თუ პატარა ნაკვეთი გაქვთ, შესაძლოა ბევრი ვერ მოიწიოთ, მაგრამ ოჯახში ცოტა მაინც ხომ გექნებათ? მით უმეტეს, ადვილი მოსავლელია. მე ნეშომპალა და ორგანული სასუქიც მივაშველე და ძალიან კარგი შედეგი მივიღე. ჯანჯაფილი დასავლეთ საქართველოშიც კარგად ხარობს და აღმოსავლეთშიც. თუ მეტისმეტად ნესტიანსა და ჭაობიან ადგილზე არ დარგავთ, ისე კარგად ამოვა და გაიზრდება, გაგაკვირვებთ.

- როგორ უნდა შევინახოთ მიწიდან ამოღებული და გასუფთავებული ტუბერები?
- ამ მცენარეს სიგრილე სჭირდება, რომ ვეგეტაცია არ დაიწყოს და არ გაღივდეს, ამიტომ თხელი პლასტმასის ჭურჭლით ან კონტეინერით მაცივარში ან სადმე სიგრილეში შეინახეთ. სითბოში ჯანჯაფილი ისევე ღივდება, როგორც ნიორი ან კარტოფილი.

ბევრ ქვეყანაში ჯანჯაფილის გამოყენების არეალი გაცილებით ფართოა. მას უმატებენ ხილის წვენებს, თევზეულს, წვნიანებს. მისი წყალობით, არაერთი კულინარიული "შედევრი" უფრო გემრიელი ხდება. ჯანჯაფილის ჩაის ღირსებებზე ზემოთ უკვე ვთქვით. აი, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ჯანჯაფილი საქართველოშიც უნდა მოგვყავდეს. ჩემი აზრით, ყველა კულტურა, რომელიც საქართველოში მოდის, უნდა გავახაროთ და უცხოეთიდან არ უნდა შემოვიტანოთ. ქვეყანა მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული, ყველაფერი უცხოეთიდან შემოგვაქვს და რატომ გვიკვირს, რომ ქართულ ლარს ძალა არ აქვს?!

სტაფილოსა და ჯანჯაფილის წვნიანი


ამ რეცეპტს მრავალი ქვეყნის კულინარიაში საპატიო ადგილი უჭირავს.

ინგრედიენტები: 1 კგ სტაფილო, 10-12 სმ სიგრძის ჯანჯაფილის ფესვი ან 1 ს/კ დაფქული ჯანჯაფილი, 3 ცალი კარტოფილი, 2 საშუალო ზომის ხახვი, 1 მუჭა ცოცხალი ქინძი, 3 კბილი ნიორი, 1 ლ წყალი, 400 გ ქოქოსის რძე (თუ გაქვთ), პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: დიდ ქვაბში მოათავსეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი, ჯანჯაფილი და ხახვი, დაამატეთ ნიორი და დაასხით 1 ლიტრამდე წყალი ისე, რომ ბოსტნეული დაფაროს. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ბოსტნეული არ მოიხარშება (დაახლოებით 20 წუთი). მერე დაამატეთ დაჭრილი ქინძი, პილპილი, მარილი გემოვნებით და ქოქოსის რძე. ბოლოს ქვაბშივე დააბლენდერეთ ბოსტნეული, სასურველია - ხელის ბლენდერით. მიღებული მასა დატოვეთ ცეცხლზე, სანამ ერთხელ კიდევ წამოდუღდება. ვისაც სტაფილოსა და ჯანჯაფილის სუპი გაუსინჯავს, აღიარებს, რომ ეს საოცრად არომატული და გემრიელი კერძია.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!