ყველაზე საშიში ხე მსოფლიოში
ყველაზე საშიში ხე მსოფლიოში
ფოტო:სილაში ჩამოცვენილი მანცინელას ნაყოფი. მცენარე ხშირად იზრდება ზედ ოკეანის სანაპიროზე. ხეებზე ამკრძალავ წარწერებს ამაგრებენ
კარიბის კუნძულებზე, ბრაზილიაში ანდა ცენტრალურ ამერიკაში ჩასული სანაპიროზე სეირნობისას დამსვენებლის ყურადღებას გალაღებული ხეხილი მიიპყრობს, რომელიც ვაშლს ან გუიავას წააგავს. ქვიშა მოფენილია მომწვანო, არომატული ნაყოფით. ხე ბუნებრივად იზრდება, კულტივაციისა და პესტიციდების გარეშე. იღებთ ნაყოფს და ფრთხილად ჩაკბეჩთ. გემრიელია და წვნიანი, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ გეჩვენებათ, თითქოს ნაპალმი გეჭამოთ და გოგირდმჟავა დაგეყოლებინოთ. გრძნობთ საშინელ წვას, ყლაპვა შეუძლებელია, კრიჭას სპაზმი გიკრავთ, კუჭს საშინელი ტკივილი სერავს. რა ხდება?

თუ მხოლოდ გასინჯეთ ნაყოფი, გადარჩენის შანსი
გაქვთ, თუმცა შედეგი კიდევ კარგა ხანს შეგახსენებთ თავს, მაგრამ თუ "ვაშლის" მთლიანად შეჭმა მოასწარით, თქვენი საქმე წასულია... ეს გახლავთ მანცინელა (მანზინილა, მანშინელა) - ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარე დედამიწაზე.

მომწამლავია მანცინელას (Hippomane mancinella) ფესვები, ქერქი, ნაყოფი, ფოთლები, ყვავილები და ცვარიც კი, რომელიც ტოტებიდან წვეთავს. თავის დროზე
მან ასეულობით სიცოცხლე შეიწირა - ესპანელი კონკისტადორების, მეკობრეების, ევროპელი მეზღვაურების. მანცინელა დღესაც კლავს, რადგან ყველა ძირი შემოღობილი არ არის და არც გამაფრთხილებელი წარწერა აქვს. ზარალდებიან არა მარტო ტურისტები, რომლებიც "ვაშლს" გასინჯავენ, არამედ ყველა, ვინც მცენარის ვარჯში ხვატისგან თავდასაცავად სიგრილეს ეძებს ან წვიმისას შეეფარება.


მანცინელა რძიანასებრთა ოჯახს მიეკუთვნება და მარადმწვანე მცენარეა. ყვავილობს მთელი წლის განმავლობაში. ნესტი ძალიან უყვარს და ამიტომ ხშირად იზრდება ზღვის ნაპირას, სადაც ძლიერი ქარის გამო მისი ტოტები დეფორმირდება და უცნაურ ფორმას იღებს. მანცინელას ე.წ. რძე შეიცავს ტოქსინ ფორბოლს, რომელიც უძლიერესი კანცეროგენიც არის. მცენარის წვენი განსაკუთრებით აღიზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს, მისი რამდენიმე წვეთიც კი მძიმე დამწვრობას იწვევს, ჩნდება ბებერები. შეუძლია ბამბის ქსოვილების ამოწვაც. ადამიანისთვის, ვისაც დიდხანს ჰქონდა კონტაქტი მანცინელასთან, მაღალია სიმსივნის გაჩენის რისკი.

ნაყოფის გასინჯვას ყელისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დამწვრობა მოჰყვება, ხოლო წვენი თუ კუჭში მოხვდა, მის კედლებს გახვრეტს. თვალში წვენის მოხვედრისას დაბრმავება გარდაუვალია. ყველაფერთან ერთად, ფორბოლი კარგად იხსნება წყალში და ამიტომ მანცინელას ტოტებქვეშ წვიმისას უძლიერესი დამწვრობის მიღება შეიძლება, ფორბოლის თუნდაც მცირე დოზის ჭრილობაში მოხვედრისას კი ადამიანი ვერ გადარჩება.

ხე ისეთი საშიშია, რომ XVIII საუკუნეში პუერტო-რიკოში სრულად გაჩეხეს, მაგრამ განადგურება ვერ მოხერხდა. ჩეხისას ხის წვენი ტყისმჭრელების დამწვრობასა და სიბრმავეს იწვევდა, ამიტომ გადაწყვიტეს დაეწვათ, თუმცა კვამლი არანაკლებ საშიში აღმოჩნდა. განსაკუთრებული ტოქსიკურობის გამო მცენარესთან ბრძოლა მარცხით დასრულდა.


დღეს მანცინელას მერქანს მაინც იყენებენ. ის ავეჯისთვის ძვირფას ჯიშად მიიჩნევა. თუმცა რადგან მოჭრა სახიფათოა, ხეს ჯერ გარშემო გაჩაღებული კოცონებით გამოაშრობენ, მერე წააქცევენ და ფრთხილად დახერხავენ, შემდგომი დამუშავებისას კი შხამიან წვენს ბოლომდე გამოაცლიან და მანცინელას ავეჯი უკვე სრულიად უხიფათოა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
14-06-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
14-06-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
დღის კითხვადი სტატიები