ნადირობა მარჯნის სიჩქარით... - კვირის პალიტრა

ნადირობა მარჯნის სიჩქარით...

"მარჯანი იმდენად სწრაფად დაფრინავს, რომ არწივიც ვერ ეწევა"

რატომ დაარქვეს მარჯანი ამ მშვენიერ ფრინველს, დღეს ზუსტად უკვე არავინ იცის. მარჯანს მართლაც ლამაზად მოხატული, დაწინწკლული ბუმბული და შევარდენივით მოქნილი სხეული აქვს. უფრო დაწვრილებით ამ ფრინველზე ორნითოლოგი დაჩი შოშიტაშვილი გვესაუბრება.

- მარჯანი შევარდნისნაირთა ოჯახის წარმომადგენელია, ოღონდ შევარდენზე გაცილებით პატარაა, თითქმის მისი ნახევარი, მაგრამ სისწრაფითა და ნადირობის უნარით არ ჩამოუვარდება. მარჯანს საოცრად სწრაფი მანევრირება შეუძლია, ამ მხრივ ის შევარდნისნაირ ფრინველებს ჰგავს. მისი ფრთები წვრილი და გრძელია, რაც სწრაფ ფრენაში უწყობს ხელს. მარჯანი მიმინოსაც წააგავს, მაგრამ ამ უკანასკნელს უფრო განიერი ფრთები აქვს. მიმინო ბუჩქნარ ადგილებში ცხოვრობს, ხოლო მარჯანი ღია, გაშლილ ველებზე ნადირობს და სულ სხვა ტაქტიკა აქვს.

- რით იკვებება მარჯანი? - ძირითადად პატარა ფრინველებითა და დიდი მწერებით. განსაკუთრებით სწრაფ ფრინველებზე უყვარს ნადირობა, მაგალითად, ნამგალაზე, მერცხალზე. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მარჯანი ღამურითაც იკვებება, მაგრამ ეს, ალბათ, იშვიათად ხდება: ღამურა უფრო ღამით აქტიურობს, ხოლო მარჯანი აქტიური დღის განმავლობაშია. შეიძლება დღის შუქზე შენიშნოს ღამურა, რომელიც გამოქვაბულიდან ადრიანად გამოფრინდა და დაიჭიროს, მაგრამ ის არ არის მარჯნის მთავარი საკვები.

- საქართველოში თუ ბინადრობს? - დიახ, მობუდარი ფორმებიც გვხვდება და გადამფრენიც. მარჯანი აფრიკაში ან აზიაში იზამთრებს. ის ევრაზიის ტერიტორიაზე მრავლდება და სამხრეთისკენ გამოსაზამთრებლად მიფრინავს. მარჯანი ძალიან ლამაზი ფრინველია. როგორც წესი, ხეზე ბუდობს, ამიტომ საცხოვრებლად ტყე სჭირდება.

მარჯნის ბუდე ხშირად ტოტების გროვისგან არის აგებული. ზოგჯერ მარჯანი სხვა ფრინველს განდევნის ხოლმე საკუთარი ბუდიდან და იქ თვითონ სახლდება, ან მიტოვებულ ბუდეებს იყენებს, მათ შორის, ყვავის, კაჭკაჭის, ჩხიკვისა და სხვა ფრინველის.

თუმცა მხოლოდ ტყეში მარჯანი ვერ იარსებებს, სანადიროდ გაშლილი მინდვრები და მდელოები სჭირდება. მხედველობა ძალიან კარგი აქვს და ამის წყალობით, როგორც ყველა მტაცებელი ფრინველი, ვრცელ ტერიტორიას აკონტროლებს, განსაკუთრებით ბუდობის პერიოდში. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ახალბედა მშობლებმა დროულად უნდა შენიშნონ ბუდესთან მიახლოებული ნებისმიერი საფრთხე და უსუსური მართვეები დაიცვან.

- ეს ფრინველი ყველაზე დიდი რაოდენობით სად გვხვდება? - მარჯანი მინახავს როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ საქართველოში, იქ ისეთი საცხოვრებელი გარემოა, როგორიც მარჯანს მოსწონს. დასავლეთ საქართველოშიც უამრავი მარჯანი გვხვდება, განსაკუთრებით შემოდგომაზე, გადაფრენების დროს.

- რამდენ მართვეს ზრდის? - 2-4 კვერცხს დებს, თუმცა ზოგ ლიტერატურაში 6 კვერცხიც არის მითითებული. მართვეების აღზრდაში ორივე მშობელი მონაწილეობს. ახალგაზრდა ინდივიდებს უფრო მოჩალისფრო-მოყავისფრო შეფერილობის ბუმბული აქვთ, ხოლო დაწინწკლული, ჭრელი ბუმბული მარჯანს ზრდასრულ ასაკში აქვს. მართვეები გამოჩეკიდან 1-1,5 თვეს რჩებიან ბუდეში. დაახლოებით 1 თვის შემდეგ სავსებით დამოუკიდებელი არიან და მიგრაციაშიც დამოუკიდებლად მიდიან. მარჯნები თბილ ქვეყნებში გადაფრენას აგვისტოს ბოლოდან იწყებენ და ეს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

- ბაზიერების თქმით, მარჯანი ჭკვიანი ფრინველია. რა უნდა ვიგულისხმოთ ამ სიტყვაში? - "ჭკუაში", ალბათ, იმას გულისხმობენ, რომ შევარდნისნაირები და მათ შორის, მარჯანიც, ადვილად იგეშებიან და ბაზიერები მათ უფრო იყენებენ სანადიროდ. უბრალოდ, ის ვერ ჩაანაცვლებს დიდ შევარდენს, რომელსაც გაცილებით დიდი მსხვერპლის მონადირება შეუძლია. მარჯნის საკვები ბაზა მწირია, ამიტომ ის ადამიანისთვის საინტერესო სანადირო ფრინველი არ არის. თუმცა დამწყები ბაზიერები მაინც იყენებენ, მასზე შეიძლება სწავლა, თუ როგორ იგეშება სანადირო ფრინველი, როგორ უნდა მიიჩვიო ხელზე, მოიშინაურო და სხვ. მე მინახავს მოშინაურებული მარჯანი. ხშირად ვნახულობთ ექსპედიციის დროსაც, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როცა სამხრეთისკენ მიფრინავენ. ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში ორნითოლოგები ამ ფრინველს დიდი რაოდენობით პოულობენ.

- ესე იგი, მარჯანი ბაზიერებისთვისაც საინტერესო ფრინველია და ორნითოლოგებისთვისაც? - ამ შეკითხვას სუბიექტური პასუხი უნდა გავცე: ფრინველი ბუნებას არ უნდა მოვაშოროთ და პირადი ინტერესებისთვის არ გამოვიყენოთ.

ბაზიერობის იდეას მე არ ვემხრობი და მიმაჩნია, რომ მტაცებელი ფრინველების ადგილი ბუნებაშია და არა ხელზე ან ბაზიერის ეზოში. ბუნებიდან ფრინველის წამოყვანას მხოლოდ მაშინ ვემხრობი, თუ გაზრდიან, გაამრავლებენ და ბუნებაში დააბრუნებენ. თუ მიზნად კონსერვაციას არ ვისახავთ, ფრინველის დატყვევება გამართლებული არ არის.

თუ რომელიმე სახეობა ბუნებაში მცირე რაოდენობით არის და გამრავლებას ვეღარ ახერხებს, მაშინ შეიძლება, მაგრამ ფრინველი გასართობად და თავის მოსაწონებლად არ უნდა დავიჭიროთ. მართალია, მარჯანი საშიშროების წინაშე მყოფი სახეობა არ არის არც მსოფლიოში და არც საქართველოში, არც განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს, მაგრამ მაინც.

- ვინ ემტერება მარჯანს? - მტერი შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა მტაცებელი ფრინველი, რომელიც მასზე დიდია, მაგრამ მარჯანი საოცრად სწრაფად დაფრინავს, იმდენად სწრაფად, რომ არწივიც ვერ ეწევა. ამიტომ მისი დაჭერა ძნელია, თანაც იმდენად მცირე ზომისაა, რომ არწივს მისთვის ენერგიის დახარჯვა არც უღირს. სამაგიეროდ, თუ ბუდიდან გადმოვარდება, მარჯნის მართვე ხდება მტაცებელი ძუძუმწოვრების, ტურის, მელიის, ენოტისა და სხვა მტაცებლების საკბილო, მაგრამ ყველაზე საშიშ მტრად ისევ და ისევ ადამიანი უნდა დასახელდეს. მით უმეტეს, რომ მარჯანი ისეთი სახეობების რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ადამიანი პირადი მიზნებისთვის იყენებს.

- წაკითხული მაქვს ერთი ბაზიერის ინტერვიუ, სადაც ამბობდა, ფრინველი თუ არ გიყვარს, ვერ გაწვრთნიო. მართლა ასეა? - ნებისმიერი საქმე, რომელიც არ გიყვარს, არ გამოდის, მაგრამ ფრინველების სიყვარული მე სხვაგვარად მესმის. სიყვარულად არ მიმაჩნია ფრინველის ბუნებრივი გარემოსგან მოწყვეტა.

- რამდენად საინტერესოა ეს ფრინველი უცხოელი ორნითოლოგებისთვის?

- ევროპელებს მარჯანი თავის ქვეყანაშიც არაერთხელ ჰყავთ ნანახი, მაგრამ ამ ფრინველის დანახვა ყოველთვის საინტერესოა: ვიზუალურად, სისწრაფითა და ნადირობის სტილით მარჯანი მართლაც გამორჩეული ფრინველია. როგორც გითხარით, ეს ფრინველი ბაზიერებისთვისაც საინტერესოა. მართალია, ისინი ქორს, შევარდენსა და მიმინოს უფრო მეტად იყენებენ, მაგრამ მცირე ზომის მსხვერპლზე სანადიროდ მარჯანიც მოსწონთ.

ხათუნა ჩიგოგიძე