კავკასიელი "მზეთუნახავი" - კვირის პალიტრა

კავკასიელი "მზეთუნახავი"

კავკასიური სალამანდრა საქართველოს ფაუნის ერთ-ერთი გამორჩეული, იშვიათი წარმომადგენელია. მართალია, მოსახლეობამ ამ ცხოველზე ცოტა რამ იცის, მაგრამ სპეციალისტები მის უნიკალურობას ერთხმად აღიარებენ. ამის თაობაზე დაწვრილებით გვესაუბრება ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დავით თარხნიშვილი.

- სალამანდრა რელიქტური სახეობაა - როცა მის გამორჩეულობაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ამით უნდა დავიწყოთ. რელიქტი არის ცხოველი ან მცენარე, რომელიც მილიონობით წლის წინ ფართოდ იყო გავრცელებული და იმის გამო, რომ კლიმატი შეიცვალა, მთლიანად გადაშენდა ან მცირე რაოდენობით შემოგვრჩა. ასევეა კავკასიური სალამანდრაც - ის მხოლოდ მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში გვხვდება, კერძოდ, ბორჯომიდან თურქეთის საზღვრამდე, ხოლო თურქეთში - შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, დაახლოებით ტრაბზონამდე, მხოლოდ ისტორიული ლაზეთის ტერიტორიაზე. კავკასიური სალამანდრა ცხოვრობს მთის ტყეებში, პატარა წყაროების გასწვრივ, სადაც ტემპერატურა 14-15 გრადუსზე ზემოთ არ ადის. ეს ცხოველი ძალიან მალე კარგავს ტენს, ამიტომ წყაროებიდან შორს ვერ მიდის და მთელ სიცოცხლეს იქვე ატარებს. იკვებება მცირე ზომის ჭიაყელებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებითა და სხვა ორგანიზმებით, რომლებიც პატარა ნაკადულებში სახლობენ.

- "ჩვენებური" სალამანდრა როგორ გამოიყურება?

- კავკასიური სალამანდრა შედარებით პატარაა, მისი სიგრძე საშუალოდ 20 სანტიმეტრია. კუდი ბევრად უფრო გრძელი აქვს, ვიდრე - სხეული. სალამანდრას მეტისმეტად მალული ცხოვრების წესი აქვს. ის ღამის ცხოველია და მზეზე არასდროს გამოდის, ამიტომ ძალიან ცოტას თუ უნახავს. დღისით სოროებში ან მორების ქვეშ იმალება. სალამანდრა მრავლდება ქვირითის დაყრით, რომელსაც გულმოდგინედ მალავს წყაროებისა და ჩანჩქერების ნაპრალებში. ქვირითიდან პატარ-პატარა ლარვები იჩეკებიან, რომლებიც წყალში ცვივიან და იქ ორი-სამი წელიწადი ცხოვრობენ, სანამ არ წამოიზრდებიან და ნამდვილ სალამანდრებად არ იქცევიან.

- ნამდვილი კავკასიური სალამანდრა როგორია?

- ის საოცრად ელეგანტური ცხოველია, რომელსაც მოქნილი, ვიწრო კუდი და დიდრონი შავი თვალები აქვს. მისი შეფერილობა უმეტესად შავი ან მუქი ყავისფერია. სხეულზე კაშკაშა ყვითელი ხალები აქვს, რომლებიც ორ მწკრივად არის განლაგებული ხერხემლის გასწვრივ და ეს ძალიან უხდება. ოციოდე წლის წინ კავკასიური სალამანდრის გენეტიკური კვლევა ჩავატარეთ და შედეგად ორი საინტერესო ფაქტი გამოვლინდა: პირველი ის, რომ მისი უახლოესი ნათესავი ესპანეთსა და პორტუგალიაში მცხოვრები ოქროსლაქებიანი სალამანდრაა, რომელიც ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ბინადრობს. გარდა ამისა, ჩვენმა გენეტიკურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მცხოვრები სალამანდრები იზოლირებული იყვნენ აჭარასა და თურქეთში მცხოვრები სალამანდრებისგან დაახლოებით 15 მილიონი წლის განმავლობაში. იქ არის მცირე ზონა, შედარებით ნაკლებად ტენიანი, სადაც სალამანდრები არ ცხოვრობენ. მილიონობით წლის განმავლობაში ეს მცირე დისტანცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ გენეტიკურად სრულიად განსხვავებული ყოფილიყვნენ. ეს ორი პოპულაცია ამ მხრივ მთლიანად განსხვავდება ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ იერით ძალიან ჰგვანან. მიზეზი ის არის, რომ პოპულაციები მსგავს ეკოლოგიურ პირობებში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ.

- კავკასიური სალამანდრა საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შესული. რატომ?

- ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს "წითელ ნუსხაშიც" შეიტანეს, როგორც მოწყვლადი სახეობა. საქართველოში 50-მდე წერტილია, სადაც სალამანდრა ბინადრობს. ასეთი პატარა ცხოველების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, თუმცა წითელ ნუსხაში შეჰყავთ არა მხოლოდ მცირერიცხოვანი სახეობები, არამედ ისინიც, რომელთა გავრცელების არეალი მეტისმეტად მცირეა: ის მაღალტენიან მთის ტყეებში ფრაგმენტულად არის გავრცელებული. კავკასიური სალამანდრის გავრცელების არეალი მეტად ვიწროა და საქართველო პასუხისმგებელია, ეს სახეობა როგორმე შეინარჩუნოს, ხეების მოჭრის გამო კი მისი ჰაბიტატი სულ უფრო მცირდება. ხშირად მოჭრილ მორებს ტყეში მიათრევენ, რის გამოც კავკასიური სალამანდრის საცხოვრებელი გარემო იშლება, ხოლო მისი კვერცხები და ლარვები ნადგურდება.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს კავკასიის ენდემია? - დიახ, ეს ენდემური სახეობაა, რადგან მხოლოდ კავკასიაში გვხვდება - თურქეთის ის ნაწილი, სადაც სალამანდრა ბინადრობს, კავკასიის ეკორეგიონს ეკუთვნის. იმავდროულად, ეს არის რელიქტური სახეობა, რომელიც მხოლოდ კავკასიაშია შემორჩენილი. ამიტომ ვამბობ, რომ ის უმნიშვნელოვანესი ცხოველია. ამავე დროს, კავკასიური სალამანდრა ძალიან ლამაზი და იდუმალი არსებაა, ზოგ ადგილას მას "მზეთუნახავს" უწოდებენ, ზოგან - "უნახველას", ხოლო ზოგან - მორიელს. ხალხში ის რაღაც უცნაურსა და უჩვეულოსთან ასოცირდება.

სავარაუდოდ, "მზეთუნახავს" იმიტომ კი არ უწოდებენ, რომ ძალიან ლამაზია, ალბათ, იმიტომ, რომ მზის სხივს არ ენახვება. ვიღაცას, შესაძლოა, არ მოსწონდეს, მაგრამ მე ეს ცხოველი ძალიან მომწონს.

- სალამანდრის რომელი სახეობებია თქვენთვის ყველაზე საინტერესო? - სალამანდრის სულ 300-მდე სახეობაა ცნობილი. მათ შორის ყველაზე დიდი გიგანტური სალამანდრაა, რომელიც ჩინეთსა და იაპონიაში ცხოვრობს. მისი სიგრძე ხშირად ორ მეტრსაც აღწევს და თავისუფლად შეუძლია მოზრდილი ცხოველიც შესანსლოს. თუ წაგიკითხავთ კარლ ჩაპეკის რომანი "ომი სალამანდრებთან", იქ სწორედ გიგანტურ სალამანდრებზეა საუბარი... კავკასიური სალამანდრა გიგანტურისგან გენეტიკურად სრულიად განსხვავებულია. ცალკე უნდა გამოვყოთ უფილტვო სალამანდრა. მას ფილტვები მთლიანად გამქრალი აქვს და ხმელეთზე ამოსვლისას მარტო კანით სუნთქავს. საერთოდ, კანით სუნთქვა ამფიბიებისთვის უმნიშვნელოვანესი თვისებაა.

კავკასიური სალამანდრისთვისაც კანით სუნთქვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ფილტვებით. მართალია, ფილტვები აქვს, მაგრამ სუნთქვისთვის არ ჰყოფნის.

კიდევ ერთი გამორჩეული სახეობაა ცეცხლოვანი სალამანდრა, რომელიც ევროპაშია გავრცელებული. ეს უფრო მსუქანი და მოკლე ცხოველია. მასზე ამბობენ, ცეცხლში არ იწვისო, მაგრამ ეს სიცრუეა, საბრალო სალამანდრა ცეცხლში იწვის. ცეცხლოვანი სალამანდრის ახლო ნათესავია ალპური სალამანდრა, რომელიც მთლიანად შავია.

- დასასრულ, საშიშია თუ არა სალამანდრის ნაკბენი? - სალამანდრა სრულიად უვნებელი არსებაა. ის ადამიანს არ ერჩის და სახიფათოც არ არის.

ხათუნა ჩიგოგიძე