მარწყვის პლანტატორების ბრძოლა საგაზაფხულო მოყინვასთან - კვირის პალიტრა

მარწყვის პლანტატორების ბრძოლა საგაზაფხულო მოყინვასთან

"თბილისელმა იურისტმა თორნიკე მჟავანაძემ და ექიმმა ლევან შანავამ პლანტაციები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში გააშენეს"

მათი ბიზნესისტორიის შესახებ შარშან ზაფხულში გიყვებოდით. ჯავახეთისა და მესხეთის საზღვარზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში თბილისელმა იურისტმა თორნიკე მჟავანაძემ და ექიმმა ლევან შანავამ მარწყვის პლანტაციები გააშენეს და მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად შესაბამისად იყვნენ აღჭურვილი, წლეულს გაზაფხულის მოყინვების გამო პრობლემები მაინც შეექმნათ. ზარალიც აქვთ, თუმცა საფრთხეს არ უშინდებიან... ისინი წლების წინ შემთხვევით აღმოჩნდნენ იქ, ადგილით აღფრთოვანდნენ და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბიზნესის წამოწყებაც გადაწყვიტეს. თორნიკე წარმოშობით იმერეთიდანაა, მისი პარტნიორი - სამეგრელოდან და საქმის საკეთებლად ასე სამცხე-ჯავახეთში შეიკრიბნენ. დღეს უძღვებიან მეურნეობას, გაშენებული აქვთ მარწყვის სხვადასხვა ჯიში. 10-ზე მეტი ჯიში გამოცდას კომერციული მიმართულებით გადის, მთლიანად 3 ჰექტარზე კი 50-მდე ჯიშია გაშენებული და მეურნეობის გაზრდას მომავალშიც აპირებენ.

- გაზაფხულის მოყინვამ ზიანი მიაყენა თქვენს პლანტაციებს?

- მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ტექნოლოგიას ვიყენებთ, გაზაფხულზე მთავარ პრობლემად მაინც რჩება არასტაბილური ამინდი, ჭარბი ნალექი და მოყინვის საშიშროება.

წლეულს ყინვა შარშანდელზე ძლიერი იყო, თუმცა კარგად ვიყავით მომზადებული, ამისთვის კი დიდი მადლობა საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და ნინო ზამბახიძეს. მისი დახმარებით მოვახერხეთ სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული მასალების შეძენა, რომლითაც გამოვაზამთრეთ კიდეც პლანტაციები. ეს ტექნოლოგიები პლანტაციის -5ჩო-მდე დაცვის საშუალებას იძლევა, მაგრამ ბედის ირონიით, წელს -6ჩო აღირიცხა. პროგნოზით კი მხოლოდ -4ჩო იყო გამოცხადებული.

- ზარალი დიდია?

- პირველი მოსავალი ყვავილობის პერიოდში იყო და 70%-მდე გაანადგურა. რაც გადარჩა, ის ჩვენმა იტალიელმა კონსულტანტმა დაათვალიერა და მდგომარეობა საგანგაშოდ არ შეუფასებია. ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ავსტრიის განვითარების ფონდის გრანტით ვისარგებლეთ. პროგრამას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებდა.

- ყინვისგან დამცავი სისტემები ამ საგრანტო პროგრამით შეიძინეთ? - დიახ. რომ არა ეს სისტემები, 100%-ით დავკარგავდით პირველ მოსავალს და მცენარეებიც დაზიანდებოდა.

წლეულს გვიან წაყინა - პლანტაციები ყვავილობდა. ამ დროს მცენარე არ ზიანდება, თუმცა ყინვა ვნებს ყვავილს, რომელიც პოტენციური ნაყოფია.

- ეს დამცავი მექანიზმი საოცარი სანახავია, განსაკუთრებით - ზამთარში, როცა ზეწარივით არის ნარგავებზე გადაფარებული... - ცოტა ხნის წინ ფართობებს ვზომავდი. ამისთვის "გუგლის" სისტემას ვიყენებდი და ეს სისტემა თვალნათლივ გამოჩნდა, ასე რომ, ჩვენი "მწვანე რესპუბლიკა" კოსმოსიდანაც კარგად გაირჩევა. თუ ჯავახეთის ზეგანზე ზეწარივით თეთრ ლაქას დაინახავთ, ეს ჩვენი "მწვანე რესპუბლიკაა"...

- პლანტაციის გაშენების მიზანი თავიდანვე კომერციული ინტერესი იყო, თუ ამ დარგში საკუთარი თავის გამოცდა გსურდათ? - ჩანაფიქრს უფრო კომერციული დანიშნულება ჰქონდა. თავიდან შეცდომაც ბევრი იყო, თუმცა საჭირო ხალხის კონსულტაციის შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა. გეგმებიც უფრო მასშტაბური გვაქვს.

- მარწყვი რატომ აირჩიეთ, იქ ამ კულტურის დანერგვა სარისკო არ იყო? - რისკი, ცხადია, არის. ყველა რეგიონს აქვს თავის რისკი. ამ რეგიონში ჩემს პარტნიორ ლევან შანავასთან ერთად ტრადიციული ბოსტნეულის მეურნეობა უკვე მქონდა, მაგრამ ქალბატონ ლალი გოგინავას რეკომენდაციითა და მისგან მიღებული ინფორმაციით, სწრაფად გადავწყვიტეთ, რომ კენკროვანი პლანტაციები გაგვეშენებინა. ქალბატონი ლალი აკადემიკოსია, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი. დღესაც გვგულშემატკივრობს და გვერდით გვიდგას თავისი უდიდესი გამოცდილებით.

- მთიან რეგიონში ამ დროისთვის ასწრებს მარწყვი შემოსვლას თუ უფრო გვიან შემოდის? - უფრო გვიან.

სტანდარტულად მოსავლის აღებას ივნისის მეორე ნახევარში ვიწყებდით, წლეულს ცოტა ადრე მოგვიწევს. მიუხედავად იმისა, რომ რთული გაზაფხული იყო, ტექნოლოგიების გამოყენებით პროცესი დაჩქარდა და ივნისის დასაწყისისთვის ველოდებით.

- სოფელი თოკი მოსახლეობისგან რატომ არის დაცლილი? - ბევრი რამის გამო. არის ინფრასტრუქტურის პრობლემები, ძირითადად, ეს ეხება სამელიორაციო სისტემას, რაც არ არსებობს, არადა, უნიკალური მიწაა და საცოდაობაა მისი ასე მიტოვება, უწყლოდ მოცდენა. ადგილობრივი მოსახლეობა მარცვლოვანი კულტურების კულტივაციაზე იყო გადასული და კარტოფილიც მოჰყავდა, მაგრამ ესეც გამართლებაზე იყო - მხოლოდ წვიმიან სეზონზე ჰქონდათ კარგი მოსავალი. მოკლედ, ამ კულტურებიდან შემოსავალი მწირია, რაც ხალხს აიძულებდა, სოფელი მიეტოვებინა. სამწუხაროდ, ასე იცლება ჩვენი სოფლები, მაგრამ სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, ბიზნესის რელსებზე მის გადასაყვანად სათანადო ცოდნა, გამოცდილება, თანამედროვე ჯიშები, სათესლე მასალები, ტექნიკური აღჭურვილობები მოგვცემს საშუალებას, მოსახლეობა სოფლებში დაბრუნდეს, საქმეს მოჰკიდოს ხელი და კარგი შემოსავალიც მიიღოს.

- წყლის პრობლემა რატომ არის?

- რელიეფის გამო. ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფლებს - თოკსა და ვარგავს სარწყავი სისტემა არ გააჩნდათ. დღეს მხოლოდ ერთი მდინარე ჩამოდის, რომლის წყლის რესურსი სოფელს არ ჰყოფნის და ამის გამო იქ უამრავი პრობლემაა. იმედი გვაქვს, ამას მოევლება, მოსახლეობისთვის წყალი ხელმისაწვდომი გახდება, რაც სოციალურ გარემოზეც მოახდენს გავლენას.

- თქვენ როგორ რწყავთ პლანტაციებს? - პლანტაციების წყლით მომარაგებისთვის ძვირი ინვესტიცია გავიღეთ. მოგვიწია ხელოვნური წყალსაცავების გამართვამ, რამდენიმეკილომეტრიანი მილსადენის გაყვანამ, ტუმბოების შეძენამ და სხვ. ეს ინფრასტრუქტურა რომ დაგვხვედროდა, თანხა მეურნეობის განვითარებას მოხმარდებოდა, მაგრამ წყლის გარეშე სოფლის მეურნეობა არ არსებობს და ამიტომ მოგვიხდა მისი განაწილება.

- ესე იგი, სამუშაო ადგილებიც შექმენით. - მუდმივი თანამშრომლებიც გვყავს და სეზონურიც. ვცდილობთ მეტი და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. მგონი, კარგი საქმე გამოგვდის, როგორც იტყვიან, სასარგებლო და სასიამოვნო ერთდროულად. ადგილობრივ მოსახლეობასაც იმედს ვუჩენთ და, გარდა ამისა, ვუზიარებთ ტექნოლოგიურ გამოცდილებას, ცოდნას, რაც წლების განმავლობაში დავაგროვეთ. რატომაც არა? გვინდა, მათაც იხეირონ. ეს რეგიონის განვითარებას უწყობს ხელს, რადგან იმედი ჩნდება. გვინდა, ეს სფერო რეგიონში ამ ხალხთან ერთად განვავითაროთ.

- დამწყებ ფერმერებს რას ურჩევდით? - ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადადგან. ამისთვის ჯერ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია უნდა დააგროვონ, იკითხონ. უხერხული არ არის, ვინმეს ვთხოვოთ რჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. თავიდან ნუ შევეჯიბრებით მსხვილ ფერმერებს, მცირე ფართობზე ვსინჯოთ. თუ საკითხს გულისხმიერად და სათანადო ცოდნით მივუდგებით, აუცილებლად გამოვა, ოღონდ გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს საღ განსჯას, სწორ კომერციულ გათვლებს. უნდა იყოს გარკვეული, სად მოგვყავს, რა და რამდენი. ასევე მნიშვნელოვანია, პროდუქტს სად გავყიდით. ხალხს მოსავალი მოჰყავს და ამაზე არ ფიქრობს, არადა, ეს დღეს სერიოზული პრობლემაა და ენთუზიაზმით დაწყებულ საქმეს წარუმატებლობისთვის იმეტებს. ყველაფრის კარგად გათვლა საქმის ნახევარია.