"კარს მიღმაც, სადარბაზოშიც და ქვეყანაშიც უნდა იგრძნობოდეს, რომ ქვეყნის მოქალაქე, შვილი ხარ, ქართველი ხარ და სამშობლო გიყვარს"
"კარს მიღმაც, სადარბაზოშიც და ქვეყანაშიც უნდა იგრძნობოდეს, რომ ქვეყნის მოქალაქე, შვილი ხარ, ქართველი ხარ და სამშობლო გიყვარს"
"ადამიანი ხეს რომ რგავს, გარემოც ლამაზდება და ადამიანიც უკეთესი ხდება"

გია ჯაფარიძე წლებია ახმეტელის თეატრის მსახიობი და დღეს დირექტორია. გადაღებულია არაერთ ქართულ ფილმში, "ხარება და გოგიაში" კი მისმა პერსონაჟმა "ჩორტევოზნაეტ" მაყურებლის გული მოინადირა. ონის მაჟორიტარი დეპუტატიც იყო და თავისი რაიონისთვის რაღაცების გაკეთებაც შეძლო. ბევრი ბატონ გიას როგორც საქართველოს თოვლის ბაბუას იცნობს, როცა ბავშვების გულს გამხარებელი იყო და ამპლუის შესაბამისად, საგანგებოდ მოწყობილ სახლში ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ გლდანში პატარა
ბაღი ჰქონია, რომელსაც დიდი მონდომებით უვლის და კორპუსის ფასადზე, მეცხრე სართულამდე აყვანილი ულამაზესი გლიცინიაც მისი დამსახურება ყოფილა.

გია ჯაფარიძე:
- თქვენმა გლიცინიამ ყურადღება მიიქცია..

- ამ სახლში რომ გადმოვედი, ძალიან პატარა ნერგი დამხვდა, მეზობელ ბორია ბირკაძესა და მის ცოლს დაურგავთ. თუმცა ყურადღებას არავინ აქცევდა. გლიცინია
ხვიარა მცენარეა და მაღლა ასვლა სჩვევია. ეს რომ ვნახე, ზედა სართულიდან მავთული ჩამოვუშვი, კუთხეებზე დავაბი და მიმართულება მივეცი. წავიდა და წავიდა. საოცარი ის იყო, მეექვსე სართულზე როცა ავიდა, რამდენიმე წელიწადს გაჩერდა. აღარ იზრდებოდა. მერე შარშან კარგად მოვრწყე, ფესვები დავუსველე და წლეულს ზრდა კვლავ განაგრძო. იმედია, ბოლომდე ავა. ვინც აქ გაივლის და დაინახავს, აღფრთოვანებულია ხოლმე.
ამ მცენარეს ასეთი თვისება აქვს - ჯერ ყვავილს გამოიღებს, გაივსება, იასამნისფრად გადაიპენტება, შემდეგ კი ყვავილი დასცვივდება და მხოლოდ მწვანე დარჩება. ლამაზი და საოცარი სანახავია. სასიამოვნო სურნელი აქვს, იასამნის მსგავსი... ხშირად მთხოვენ მის ნერგს, მეც ვაძლევ და ვარ ასე. ჩემი გლიცინიის ამბავი მედიით რომ გახმაურდა, შემომითვალეს, ხომ არ გაყიდითო...

- როდის დაიწყეთ მებაღეობა?
- აქ 80-იანი წლების ბოლოს გადმოვედი, ბინა მამიდაჩემმა დამიტოვა, უყვარდა ბაღში ფუსფუსი და პატარა მიწის ნაკვეთს უვლიდა, რომელსაც ახლა მე ვუვლი. ცხოვრება სახლის კარსა და სადარბაზოსთან არ მთავრდება. კარს მიღმაც, სადარბაზოშიც და ქვეყანაშიც უნდა იგრძნობოდეს, რომ ქვეყნის მოქალაქე, შვილი ხარ, ქართველი ხარ და სამშობლო გიყვარს. ცოტა მაღალფარდოვნად კი გამოვიდა, მაგრამ ასეა. რისი გაკეთებაც შეგიძლია, უნდა გააკეთო!

ძალიან მსიამოვნებს დილით აქ ჩამოსვლა, სუფთა ჰაერია, სიმშვიდე... ბაღში ბორდიურებით ბილიკები გავაკეთე, დასაჯდომი და დასასვენებელი ადგილიც, აქაურობას ბუჩქების მწვანე გალავანი აქვს შემორტყმული.

აქ სხვადასხვა მცენარე, ყვავილები და ხეხილი ხარობს: თხილი, ტყემლები, ბროწეულები, თურაშაულის ვაშლები ახალი დარგული მაქვს, არის კეხურა ვაშლი, ლეღვი, გარგარი, ჭერამი, ორი დიდი ფიჭვია, ძალიან ლამაზი იასამნები. ვარდი ძალიან მიყვარს, ძლიერი მცენარეა, ლამაზი... ხანდახან ფოთლებს რაღაც მავნებელი გახვრეტს და ხსნარით შევწამლავ. ახლა თეთრი ვარდები ყვავის... მაქვს ცეცხლისფერი, წითელი... მოკლედ, ბევრნაირია ღობის გასწვრივ გაყოლებული.



- ზემოდან ნაგავს ხომ არ ყრიან?
- რაკი ბაღია, აქეთ ნაკლებად ყრიან... ნაგვის დაყრაზე გამახსენდა - ტბის ზემოთ პატარა საყდარი აღმოვაჩინე, იქაურობა ნაგვისგან გავასუფთავე და სამეგობროს გვიყვარს ასვლა. იქიდან რომ მოვდივართ, ასანთის ღერს არ ვტოვებთ. გარემოზე ყველგან უნდა ვიზრუნოთ.
გამიმართლა, რომ ირგვლივ ფიჭვნარია. 30 წელიწადში ფიჭვები გაიზარდა, რაც ჰაერს კარგად ასუფთავებს. ფანჯრიდან ბაღს გადმოვყურებ და მიხარია ასეთ სიმწვანეში ყოფნა.

რაჭველი კაცი ვარ, ბუნებაში გაზრდილი და მონადირის შვილი, ამიტომ ამ ყველაფერს სხვანაირად შევიგრძნობ. თავიდანვე მოვინდომე აქაურობის გალამაზება და რაღაც-რაღაცები მოვახერხე.
ბაღში ორ პატარა "მოედანზე" შეიძლება დაჯდომა, მაგიდის დადგმა, ჭიქის აწევა, ხანდახან ყანწისაც და სიმღერის თქმაც. კარგი მომღერალი ძმაკაცები მყავს, მსახიობები დავით დვალიშვილი, ვასო შიხაშვილი, კოტე მჟავია და მათი აქ ყოფნისას მეზობლები უფასო კონცერტს უსმენენ.

- ბილიკებიც უხდება ბაღს.
- ბილიკი ბორდიურებითაა გაკეთებული, რომ იქაურობას ყველანაირ ამინდში მივუდგე მცენარის გასაკრეჭად, შესალამაზებლად. არის სავარჯიშო ღერძიც. აუზის გაკეთებაც დავიწყე... ბაღის გარეთ ადგილებზეც ვიზრუნე, სანამ პარლამენტში ვიყავი, ქუჩა დანგრეული იყო და განათებაც არ გვქონდა. ქვევით ჩასასვლელი ბილიკიც გავაკეთებინე მოაჯირით.

7-სადარბაზოიანი კორპუსია და თითქმის ყველას აქვს ბაღი, პატივს მცემენ და მეც ამითვე ვპასუხობ. ადრე იყო ასეთი შემთხვევა - ერთი მეზობელი ვიღაცას წაუქეზებია და მითხრა, ამ გლიცინიას ხვლიკები და უხსენებლები ამოჰყვებიან დაბლიდან და მოჭერიო. მთის კაცი ვარ, ცოტა ხისტი ხასიათით, მესამე სართულის ზემოთ ჭიანჭველა არ ადის, რა ხვლიკი? ამ სილამაზეს როგორ მოვჭრიდი?! იმის მერე აღარაფერი ყოფილა. ის კი არა, ამის დანახვისას გამვლელ-გამომვლელი მლოცავს, ხანდახან ბაღში კუთხეში ჩემთვის ვზივარ და მესმის, როგორ ილოცებიან.

ერთი კია ცოტა უცნაური ამბავიც - სკოლიდან დამამთავრებელი კლასის ბავშვები მოდიან, ამ ადგილას უყვართ შეგროვება, ლაპარაკი და ამ ბაღის ბუჩქოვან ღობეს რომ მიადგებიან, ალბათ, უნებლიეთ ფოთლებს წიწკნიან. ერთხელ ვუთხარი, ლამაზი რომ არის აქაურობა, ხომ ამიტომ მოდიხართ და ბუჩქებს რატომ აფუჭებთ-მეთქი. ცოტა ეს გულს მტკენს.

- რას ურჩევთ ჩვენს მკითხველებს?
- ტყუილად ნუ იქნებიან, ერთი პატარა ნერგი რომ დარგონ, წლების მერე ამ ნაცრისფერ გარემოში მისგან ვეებერთელა სიამოვნებას მიღებენ. ყველა ვაჟა-ფშაველა ვერ იქნება, რომ სილამაზე მასავით დაინახონ, მაგრამ ხომ შეუძლიათ პატარა ნერგის სადმე ჩარგვა და გახარება? ახალგაზრდებიც დაფიქრდნენ, სადმე შემთხვევით ხე ან ბუჩქი არ შემოეფცქვნათ. ადამიანი ხეს რომ რგავს, გარემოც ლამაზდება და ადამიანიც უკეთესი ხდება. მოკლედ, მიყვარს ჩემი გარემო, რომელსაც ვუვლი და ვარ ასე. ბაღში შრომაში დრო ისე გადის, ვერ ვიგებ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები