"მიხარია, რომ ინოლა გურგულიას ანდერძს მეც ვასრულებ..." - კვირის პალიტრა

"მიხარია, რომ ინოლა გურგულიას ანდერძს მეც ვასრულებ..."

"მიხარია, რომ ინოლა გურგულიას ანდერძს მეც ვასრულებ..."

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ვიდეომ მთელ საქართველოს სულ რამდენიმე დღეში შეაყვარა 13 წლის ანა უზნაძე, რომელმაც ყველასათვის საყვარელი ინოლა გურგულიას შემოქმედება საკუთარი ინტერპრეტაციით შემოგვთავაზა. დღეს ანა "კვირის პალიტრას" საკუთარ მუსიკალურ და არამუსიკალურ გატაცებებზე ესაუბრება.

- მამა ვოკალურ ანსამბლ "ფესვებისა" და "შვიდკაცას" შემქმნელი და ხელმძღვანელია, დედა - დიპლომირებული მომღერალი. პირველი სიმღერა, რომელიც მამამ მასწავლა, იყო მანანას სიმღერა კინოფილმიდან "მანანა", მაშინ 3 წლის ვიყავი. მეორე კლასში რომ გადავედი, შემიყვანეს მუსიკალურ შვიდწლედში, ფორტეპიანოზე, მაგრამ სულ ვჯაჯღანებდი და მეოთხე კლასიდან გამომიყვანეს.

- მერე ნანობენ ხოლმე, რომ მუსიკალური სკოლა მიატოვეს. შენ ეს არ გქონია? - მასწავლებელმა და მშობლებმა მეც მიძახეს, გავა დრო და ინანებო, მაგრამ ორი წელია, გამოვედი და არც ერთ წუთს არ ვნანობ, თუმცა ამ ოთხი წლის მადლობელი ვარ, რადგან მუსიკალურად ყველაფრის გაგება, წაკითხვა შემიძლია, ნოტებით ფორტეპიანოზეც ჩვეულებრივად ვუკრავ. პანდემიის პერიოდში ვიფიქრე, მესწავლა გიტარაზე დაკვრა, რათა საკუთარი თავისთვის გამეკეთებინა აკომპანემენტი - მანამდე მხოლოდ მამაზე ვიყავი დამოკიდებული, რომ მემღერა. ასე ნელ-ნელა პანდემიის პერიოდში ვისწავლე გიტარაზე დაკვრა.

ვიდეო რომ დავდე ინოლა გურგულიას სიმღერით "შენთან", არ ველოდი, რომ ასიათასობით ადამიანი გააზიარებდა. ახლა კიდევ რამდენიმე ჩემი სიმღერა დევს და ზოგი ნახევარმა მილიონმა ნახა, ზოგი - 700 ათასმა.

- რატომ ირჩევ გურგულიას სიმღერებს? - ძალიან მომწონს მელოდიაც და ტექსტიც. როდესაც ვმღერი, მგონია, რომ მის სათქმელს ვამბობ. იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ მე ვიცოცხლო, - ასეთი ანდერძი დატოვა. მიხარია, ამ ანდერძს მეც რომ ვასრულებ. მინდა მისი ყველა სიმღერა ვისწავლო.

- მუსიკის გარდა კიდევ რა გიტაცებს? - პატარაობიდან მიყვარს ცხოველები, ფრინველები. კარგად გამომდის მათი მკურნალობა - რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როცა ვუმკურნალე. მსიამოვნებს ეს საქმე.

სახლში ორი ძაღლი მყავს. ჩემი პეკინესი 23 მაისს გახდა 8 წლის, გოგოა, ბუბუ ჰქვია; მეორე კურცხალია, 2 წლის ბიჭია და როი ჰქვია. ქუჩაშიც ვუვლი რამდენიმე ძაღლს და სამ კატას. კნუტები წინა ზაფხულს დაიბადნენ ეზოში და ჩვენს სადარბაზოში ცხოვრობენ. მე და მამას ბევრი ძაღლი გვყოლია. მამა მონადირეა და ხშირად მონადირე ჯიშის ძაღლები გვყავს. ერთადერთი ჩვენი პეკინესია დეკორატიული. ბუბუ და როი კარგად მეგობრობენ.

- შენს სიყვარულს როგორ იყოფენ? - პეკინესები ეგოისტები არიან, მაგრამ მე შეჩვეული მყავს სხვა ცხოველებთან ერთად ყოფნას. იცის, რომ ყველაზე ვზრუნავ და არამხოლოდ მასზე. თავიდან არ სიამოვნებდა, იბუტებოდა, იმალებოდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეეგუა. გარდა ძაღლებისა, მყავს 26 თუთიყუში.

ძალიან მინდოდა, ძაღლების გარდა მყოლოდა რაიმე ცხოველი, პატარა და საყვარელი. სწორედ ამ პერიოდში ჩემმა მეგობარმა შეიძინა ავსტრალიური ტალღოვანი თუთიყუში და დაარქვა მარკო. მომეწონა და მეც ვიყიდე ტალღოვანი თუთიყუში და დავარქვი პოლო. გამოგვივიდა მარკო-პოლო. მერე ჩემს მეგობარს კატის მოყვანამ მოუწია შინ და ამიტომ მარკოც მე მაჩუქა. ახლა უკვე მარკოსაც და პოლოსაც თავ-თავისი ცოლ-შვილი ჰყავთ.

- რძლები შენ შეარჩიე მარკოსა და პოლოსთვის? - მე ვურჩევ და ვყიდულობ, მაგრამ იცით, რა? ერთმანეთი უნდა შეუყვარდეთ. თუ არ შეუყვარდათ, არ წყვილდებიან. მინდა მალე კორელა მოვიყვანო, კაკადუს მინიჯიშია.

- ლაპარაკობენ შენი თუთიყუშები? - წესით, ტალღოვანები ლაპარაკობენ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ილაპარაკოს, მხოლოდ ერთი მამალი უნდა გყავდეს. კომუნიკაცია რომ შედგეს, ჩვენი ლექსიკონიდან იღებს სიტყვებს. რადგან ბევრი მყავს, ერთმანეთთან აქვთ კომუნიკაცია და მე აღარ მისმენენ. ყველა თუთიყუში მიჩვეული მყავს, ვუშვებ გალიიდან და მასხდებიან თავზე, გიტარაზე, ხელზე. მყავს იშვიათი შეფერილობის თუთიყუში, რომლის მსგავსიც შეიძლება ათასში ერთი დაიბადოს.

- გეგმებზე რას გვეტყვი? - ვაპირებ, უცხოეთში მივიღო განათლება. ვფიქრობ, ვეტექიმი გამოვიდე, მუსიკალური კარიერაც მინდა შევქმნა. ვნახოთ, რა მოხდება.