რატომ აღარ დაემუქრება ყინვა ავოკადოს ბაღებს - კვირის პალიტრა

რატომ აღარ დაემუქრება ყინვა ავოკადოს ბაღებს

"ინტენსიური ბაღის ავოკადოს სიმაღლე 4 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენც ამ სიმაღლის ბაღი გვექნება, თანაბარი ხეებითა და ხარისხიანი ნაყოფით. რაც მთავარია, ყინვაგამძლე იქნება"

ავოკადო ეგზოტიკური მცენარეა, რომლის პოპულარობა მთელ მსოფლიოში იზრდება. მისი ნაყოფი ციტრუსს უფრო მიაგავს, ვიდრე სხვა კულტურებს, თუმცა ციტრუსთან ნათესაობა მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ ზღვისპირეთის კლიმატს კარგად ეგუება. ავოკადოს სასარგებლო თვისებების მქონე დიდი კურკა, ეგზოტიკური გემო და ცხიმიანი რბილობი აქვს, რის გამოც მეტად კალორიულია.

ავოკადოს სარგებლიანობაზე საუბარი დღეს საერთაშორისო აგრარულ ბაზარზე ძალიან გააქტიურდა. დადებით ჩამონათვალშია უჯერი ცხიმოვანი მჟავები და 20-მდე ვიტამინი. ამ თვისებების გამოც კულტურას მოიხმარენ არაერთ კვებით ტექნოლოგიასა და პარფიუმერიაშიც. ტრადიციულად, ავოკადოს ყველაზე დიდ მოსავალს, დაახლოებით 4-5 მილიონ ტონას, მექსიკაში იღებენ, ყველაზე მეტს კი აშშ-ში მოიხმარენ. საქართველოში წლეულს ავოკადოს ბაღი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 6 ჰექტარზე გაშენდა. გათვლები, რა თქმა უნდა, ავოკადოს პერსპექტივაზეა, რაც დრო გადის, მსოფლიოს აგრარულ ბაზრებზე მისი წილი სულ უფრო იზრდება.

ავოკადო საქართველოში პირველად 1904 წელს შემოიტანეს, ჯერ სოხუმის ბოტანიკურ, შემდეგ კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და მრავალწლიანი დაკვირვების შემდეგ ბაღებიც გააშენეს. თუმცა გასული საუკუნის 50-იანი წლების ყინვამ ბაღები დააზრო და გაანადგურა. ავოკადოს გაშენება შეწყდა. თუმცა მას შემდეგ დიდი ცვლილებები მოხდა და მათ შორის, კლიმატიც შეიცვალა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოჩნდა კომპანია, რომელმაც ბაღის გაშენება გადაწყვიტა. ახლა 6 ჰექტარ ბაღში მოსავალს კიდევ 5 წელიწადს უნდა ელოდონ, მანამდე კი ნარგავებს უვლიან. კომპანიის დირექტორი რეზო ჩიტიძე ჩვენს ქვეყანაში ავოკადოს პირველი ბაღის შესახებ გვესაუბრება.

- ბატონო რეზო, ავოკადოს პერსპექტიულობას, ალბათ, კარგად იცნობდით, თორემ ამ გრძელვადიან საქმეს არ შეუდგებოდით, 5 წელიწადს უნდა ელოდოთ მოსავალს...

- რა თქმა უნდა. ბაღების გაშენებისთვის იმდენად დიდი შრომა იხარჯება, პერსპექტივის გარეშე ლოდინს არავინ დაუწყებს. თუმცაM მსოფლიო აგრარული ბაზრისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ ავოკადოზე მოთხოვნის ზრდა შენიშნო - შარშან ავოკადოს მოხმარებამ წინა წელთან შედარებით მსოფლიოში 80%-ით მოიმატა. ასე რომ, ავოკადოს ბაღს პერსპექტივა აქვს.

დღეს აფრიკაში ცდილობენ ავოკადოს ბაღების გაშენებას და ჩვენ რატომ არ უნდა გავაშენოთ, როდესაც ასეთი კარგი პირობები გვაქვს ამ კულტურისთვის.

- უცნაურია, ავოკადო მსოფლიოში ისედაც იყო ტროპიკულ თუ სუბტროპიკულ ქვეყნებში, მისი 400-მდე ჯიში არსებობს. რატომ მაინცდამაინც ბოლო დროს გახდა ასეთი პოპულარული. თუ ამაში ის თამაშობს როლს, რომ ავოკადო ცხოველურ ცხიმებს ცვლის თავისი ცხიმიანობით? - ყველაფერი ეკონომიკასა და მეცნიერულ კვლევებს ეფუძნება. ავოკადოს სპეციფიკური გემო მსოფლიომ მოიწონა, მისი სასარგებლო თვისებები კი აღრიცხულია. დღეს არაერთ პროდუქტში ცდიან ავოკადოს გემოს. უამრავ საკვებ პროდუქტში იყენებენ, სასმელებით დაწყებული, სალათებით დამთავრებული. ჩვენს ქვეყანაშიც უკვე შეინიშნება ეს ტენდენცია, თუ მანამდე ბაზარში ავოკადოთი არც ინტერესდებოდნენ, ახლა ის მსხვილ სუპერმარკეტებსა და რესტორნებში ყველგან არის. დღეს ვერც რესტორანს ნახავთ, სალათებში ავოკადო არ იყოს. ამიტომაც ამ ეტაპზე 1 კილოგრამი ავოკადოს ღირებულება 25 ლარია.

- თუ ჩვენს აგროისტორიას გადავხედავთ, ავოკადოს ბაღების გაშენების გეგმა ჩვენში ათეული წლის წინ ყინვამ ჩაშალა. - გეთანხმებით, არ გამოვრიცხავთ, რომ რისკს არ ვწევთ. თუმცა, ბოლო 30 წლის კლიმატი შევისწავლეთ და ამ პერიოდში არ გვქონია ისეთი ყინვები, რომლებიც ავოკადოს გაანადგურებდა. იმის მაგალითი, რომ ჩვენში ავოკადო მუდამ მსხმოიარეა და ხარისხიან ნაყოფსაც ვიღებთ, ამის ნიმუში თუნდაც ბათუმის ბოტანიკური ბაღის ავოკადოა, რომლის ნაყოფს მეცნიერები საუკუნეა აკვირდებიან. ასე რომ, სტატისტიკაში პერსპექტიულობამ გადაწონა და ბაღიც გავაშენეთ.

- როგორც ცნობილია, ავოკადო კურკითაც მრავლდება, თქვენი ბაღის ნერგები რა მეთოდით არის გამოყვანილი? - ავოკადო ყოველთვის კურკით მრავლდება. თუმცა კარგი ხარისხის ნერგი გულისხმობს, რომ საძირეს ავოკადოს ხარისხიანი ჯიში დაემყნოს. ჩვენ ამ ხარისხის ავოკადოს 2500 ნერგი ესპანეთიდან და იტალიიდან ჩამოვიტანეთ. ავოკადოს კარგი მოვლა სჭირდება: წვეთოვანი სისტემა მორწყვისთვის, გასხვლა და შეწამვლა მავნებლების წინააღმდეგ... ეს მცენარე მაღალი იზრდება, მაგრამ ინტენსიური ბაღის ავოკადოს სიმაღლე 4 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენც ამ სიმაღლის ბაღი გვექნება, თანაბარი ხეებითა და ხარისხიანი ნაყოფით. რაც მთავარია, ყინვაგამძლე იქნება. თუმცა ეს ყველაფერი არ არის - სანამ ბაღს გავაშენებდით, მანამდე ალვის ხეებით ქარსაფარი ზოლი გავაშენეთ. ჩვენებური ალვის ხე საუკეთესოა, თუმცა ნელა იზრდება. ამიტომ თავდაპირველად უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ სწრაფადმზარდი ძირები, დანარჩენი ადგილზევე გამოვიყვანეთ. ჩვენს ქარსაფარ ზოლში ახლა ჩვენივე გაშენებული 8000 ძირი ალვის ხე დგას.

ყველას გასაგონად მინდა ვთქვა - თუ ვიშრომებთ, გაუყიდავი არაფერი დაგვრჩება. მსოფლიოში კვების პროდუქტებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, ჩვენ კი ყველა პირობა გვაქვს, რომ პროდუქცია ვაწარმოოთ.