მომავლის ბაღები საოკუპაციო ხაზთან
მომავლის ბაღები საოკუპაციო ხაზთან
დუშელი ჯეკო დამაცალაშვილი პროფესიით ტურიზმის სპეციალისტია. პანდემიის პერიოდში, "დანერგე მომავლის" ფარგლებში, 100%-იანი დაფინანსებით ჟოლოს ბაღი გააშენა სოფელ ოძისში, სადაც მამაპაპისეული ნაკვეთიდან ხელისგულივით მოჩანს რუსების სამხედრო ბაზა.
ჯეკო დუშეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრში მუშაობს, აქვს მოლაშქრეთა კლუბი, ხელმძღვანელობს მთის სათემო ქსელის ფშავ-ხევსურეთ-გუდამაყრის ინტერნეტიზაციას. გასულ ზაფხულს ის უკვე იყო "კვირის პალიტრის" რესპონდენტი, ოღონდ მაშინ იმაზე გველაპარაკა, როგორ სთხოვა ხელი შეყვარებულს მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 5054 მეტრ სიმაღლეზე. ამ ამბავს გოგონას მამაც
ესწრებოდა და ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა წყვილს პირველად მან მიულოცა.

- 2008 წლის შემდეგ ოძისი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის ბოლო სოფელი აღმოჩნდა და იქ იმ პერიოდიდან გაავლეს გამყოფი ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის. ჩვენი სახლის მიმდებარედ ქართული პოლიცია და ჯარი დგას. მთებს შორის მოქცეულ ოძისს
- ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სრულად ოკუპირებული ზონა ესაზღვრება. სტრატეგიული სიმაღლეები სულ რუსეთის აქვს დაკავებული. საბედნიეროდ, ჩვენს სოფელთან მავთულხლართი არ არის და ქართული ჯარი და პოლიცია დგას, მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, თუმცა დუშეთის მუნიციპალიტეტის დასავლეთ მხარეს, სადაც ტერიტორია ჩვენი ქვეყნის მიერ არ კონტროლდება, ასეთი ფაქტები ხდება.

- სოფელში ბევრი მოსახლეა?
- 300-მდე კომლია... ეს დიდი დასახლება იყო, თუმცა სოფლებიდან მიგრაცია როგორც ხდება ხოლმე, ჩვენთანაც ასე მოხდა. ოძისშია დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი. სოფლის ტაძართან ნიკოლოზ ბარათაშვილის დაა დასაფლავებული...

- სოფლის მოსახლეობა რას საქმიანობს?
- ვენახები აქვთ, ასევე - მცირე ბოსტნები და ბაღები...
ოძისი მაინც ვენახით და ჩინურის ჯიშის ყურძნით არის გამორჩეული. მზიანი ადგილია და მევენახეობისთვის ნიადაგიც შესანიშნავია, სარწყავი სისტემაც გვაქვს.



- როგორც ვიცი, თქვენ დუშეთში ცხოვრობთ. სოფელში ვინ გყავთ?
- სოფელში მუდმივად ცხოვრობდნენ ჩემი დიდი პაპა და ბებია. მას მერე, რაც დიდი ბებია გარდაიცვალა, დაახლოებით 14 წელიწადი, სახლი დაკეტილი გვქონდა, რადგან საზღვარგარეთ იყვნენ მამაჩემიც და მამის დედაც. როგორც კი დაბრუნდნენ, ოძისში დაბინავდნენ და იმ დიდი მეურნეობის აღდგენა დაიწყეს.

- და ამასობაში ჟოლოს ბაღი გააშენეთ და დაფინანსებაც მიიღეთ...
- წყალი და კარგი ნიადაგი გვაქვს, ამიტომ სულ ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რომ ელემენტარული შემოსავალი მოეტანა და ეს პროექტიც გამოჩნდა. დავწერე განცხადება. მერე უამრავი საბუთის შეგროვება დამჭირდა. ჩავაბარე ჟოლოს კულტურის შესახებ გამოცდაც, მერე კი დამაფინანსეს და საქმის დაწყების უფლებაც მომცეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ შეძენილი ცოდნა. იმ მასალებს ახლაც ვიყენებ ბაღში.

- პირველი ოპერაცია რა იყო?
- პირველ რიგში მიწის ანალიზი გავაკეთე. ნაკვეთის ოთხი მხრიდან ავიღე მიწა, რომელსაც ჩაუტარდა კვლევა და დადასტურდა, რომ ჟოლოს კულტურის ამ ნაკვეთზე მოყვანა შეიძლება. შემდეგ უნდა მეშოვა აგრეგატები, ნერგები, საყრდენი ბოძები... ეს ყველაფერი მე და მამამ დავაყენეთ. ბაღი 3000 კვმ-ზე გაშენდა. მეტზეც შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენს ნაკვეთზე გაზის მილი გადის და კომპანიამ უფლება არ მოგვცა.



- გაიხარა უკვე ჟოლომ?
- კი, გაიხარა. ეს პროექტი დიდი სტიმული იყო. როცა მსგავსი ბაღის გაშენების რესურსი გაქვს და საქმე არ გეზარება, შესანიშნავია. წესით, 1-1,5 ტონამდე მოსავალი უნდა ავიღო. ეს ჯიში მთელი სეზონის განმავლობაში იკრიფება. ჟოლო მალფუჭებადი კულტურაა და რადგან ჩვენს მოსავალს მუდმივად კრეფა უწევს, რასაც დავკრეფ, მისი 4-5 საათში გასაღებაა საჭირო, თორემ გაფუჭდება. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი მოსავლის ტევადობის სამაცივრე მეურნეობაც გავაკეთო, რომ ყოველდღიურად აღარ მომიხდეს იმ ხარჯის გაწევა, რაც თბილისამდე მის ჩატანაში დამჭირდება. მოკლედ, ეს ამ რისკს ამაცილებს.
ამასთან, მაცივარი რომ მექნება, დაკრეფილ პროდუქტს ერთი-ორი თვე გავაჩერებ მაცივარში, ამ ხნის განმავლობაში კი ფასი, ფაქტობრივად, გაორმაგდება.

- კარგია, რომ ოძისში ეს საქმე წამოიწყეთ, მაგრამ როგორი სანახავია რუსების შტაბი იმ ადგილებზე, სადაც ბავშვობაში თავისუფლად დადიოდით?
- როდესაც ოძისში რუსების მიერ ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიას ვუყურებ, ადგილებს, სადაც მამაჩემთან ერთად დავდიოდით, ძალიან მიჭირს... მიმაჩნია, რომ ასეთ სოფლებს მეტი დახმარება სჭირდება. ამაზე არა მარტო მთავრობა, ადამიანებიც უნდა დავფიქრდეთ, რომლებიც აქ ვცხოვრობთ. სოფელი უფრო იმიტომაც უნდა განვითარდეს, რომ ის ოკუპირებულ ხაზთან არის.
გვაქვს ვენახი და სახლიც, რომელიც უშუალოდ საზღვარზეა. ჩვენი ღობის იქით გადასვლა არ შეგვიძლია.

- რას ურჩევდით სხვებს?
- ჩვენი ქვეყნის ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ, მით უმეტეს - მიწა, რომ ქვეყანა ეკონომიკურად დაწინაურდეს, მეურნეობა გაძლიერდეს. ეს საქმე რომ წამოვიწყე, სოფელშც ინტერესი გაუჩნდათ. მოდიან, მეკითხებიან... რომ ხედავ, შენი დარგული ნერგი ხარობს, სხვა მნიშვნელობა ენიჭება ყველაფერს. თან ძალიან ლამაზია. მკითხველსაც ვეტყვი, რომ ჩვენი ხსნა შრომაა და არ უნდა დაგვეზაროს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!