რა სარგებლობა მოაქვს კვარაცხელიას ჯიშის ძროხას - კვირის პალიტრა

რა სარგებლობა მოაქვს კვარაცხელიას ჯიშის ძროხას

"გასულ წლებში პირუტყვის დაავადებამ წველადობა მთელ ხობის რაიონში შეამცირა. სწორედ ამ დროს დაიწყო საქონლის ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა. ამაზე არაერთმა ჩვენებურმა თქვა უარი, მე კი ვიფიქრე, სიახლე, რაც უნდა ცუდი იყოს, ხომ უნდა გამოცადო, რომ შეაფასო მაინც-მეთქი"

ჩვენს ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარებაზე არა მხოლოდ რძის ნაწარმის ფასი, არამედ ჩვენი ჯანმრთელობაც არის დამოკიდებული. სახელმწიფო ცდილობს დარგის დახმარებას, თუმცა სუსტი ეკონომიკის პირობებში ეს სრულფასოვნად ვერ ხერხდება. საბოლოოდ ყველაფერი ისევ მეწარმეზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში მათზე, ვისაც პირუტყვი უყვარს და ამ დარგში გამოცდილება აქვს. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენში როგორც პირუტყვის სულადობა, ასევე რძის ნაწარმის რაოდენობა შემცირდა. შესაბამისად, რძის ნაწარმის ფასმაც მოიმატა. შედეგად ეს საქმე სწორედ მათ შეინარჩუნეს, ვისაც პირუტყვი უყვარდა და გამოცდილებაც ჰქონდა. იმედია, ეს ყველაფერი მეტი სტიმულის მიმცემი იქნება იმ ხალხისთვის, ვინც პირუტყვითა და რძის ნაწარმით იღებს შემოსავალს, მათ შორის - იმ მცირე ფერმერებისთვისაც, რომლებიც, ძირითადად, პირუტყვით ირჩენენ თავს. ხობში, სოფელ ხამისკურში, წლებია, თავის მცირე ფერმაში სოსო კვარაცხელია მთელი ოჯახით შრომობს და ცდილობს, წინ წაიწიოს, რაც იმის გარანტიაა, რომ ფერმერთან ერთად, დარგი ქვეყნისთვისაც საიმედო ხდება.

- სამეგრელოში, განსაკუთრებით - კვარაცხელიებს, პირუტყვი რომ ძალიან გვიყვარს, მთელმა საქართველომ იცის. მოგეხსენებათ, კვარაცხელიას ჯიშის პირუტყვი სწორედ ჩვენი გვარის გამოყვანილია. მამაჩემიც ფერმაში მუშაობდა, მე კი მისგან პირუტყვის სიყვარული მემკვიდრეობასავით გადმომეცა. ოჯახში რძის ნაწარმით იმდენ შემოსავალსაც ვიღებდი, რომ შინაური ფერმის ნელ-ნელა გაზრდაზეც ვიზრუნე. რა თქმა უნდა, ჩვენებური კვარაცხელიას ჯიში მყავდა, რომელსაც საუკეთესო ყველი აქვს, მაგრამ გასულ წლებში ხობში პირუტყვის დაავადებამ წველადობა მთელ რაიონში შეამცირა. სწორედ ამ დროს დაიწყო საქონლის ხელოვნური განაყოფიერების პროგრამა. სხვათა შორის, ამაზე არაერთმა ჩვენებურმა უარი თქვა, მე კი ვიფიქრე, სიახლე, რაც უნდა ცუდი იყოს, ხომ უნდა გამოცადო, რომ შეაფასო მაინც-მეთქი და მეთოდის გამოყენებას დავთანხმდი. შედეგად პირველმა ხბომ, რომელიც ამ ჯიშისა დაიბადა, მშობიარობის პირველივე წელიწადს 18 ლიტრი რძე მომცა. ამის შემდეგ უკვე სხვებმაც მინდომეს ხელოვნური განაყოფიერების გამოყენება.

- მსმენია, რომ კვარაცხელიას ჯიში კარგი მოვლით 15 ლიტრამდე რძეს იწველის. - რა თქმა უნდა, მაგრამ თუ შეგიძლია წველადობა გააუმჯობესო, ეს რატომ არ უნდა გააკეთო? იმასაც ვიტყვი, რომ კვარაცხელიას ჯიშს ახალ ჯიშთან შედარებით ერთი უპირატესობაც აქვს - ხელოვნურად შეჯვარებული პირუტყვის 18 ლიტრი რძიდან 1,4 კგ ყველი ამოდის, როცა კვარაცხელიას ჯიშის 7 ლიტრი რძეა საკმარისი 1 კგ ყველის ამოსაყვანად.

თუმცა, როდესაც რძის ნაწარმზე მუშაობ, გაცილებით უკეთესია მაღალი წველადობის პირუტყვი გყავდეს. ბოლოს და ბოლოს, სულადობას ამცირებ და ამ ფონზე იმდენ ყველს იღებ, რამდენიც მეტი სულადობის შემთხვევაში შეგეძლო მიგეღო. რა თქმა უნდა, ეს ადასტურებს, რომ ჩვენებური, კვარაცხელიას ჯიშის რძე უფრო ნოყიერია, თუმცაღა ამაზე ნაკლებად არის დამოკიდებული რძის ნაწარმის, მაგალითად, სულგუნის გემო. ის იმაზეა დამოკიდებული, რომელი ბალახით იკვებება პირუტყვი და ასევე - ამოყვანის ტექნოლოგიაზე. როცა მაღაზიაში ჩვენი სულგუნი კარგად იყიდება, ზუსტად ვიცი, რომ ამაში ჩემი მეუღლის ოსტატობა ურევია, რომელიც სულგუნს, ათეული წლებია, აკეთებს.

- თქვენ რამდენ სულგუნს ამზადებთ თქვენს მცირე ფერმაში? - სულ 20 მსხვილფეხა პირუტყვი მყავს, აქედან მეწველი რვა ძროხაა და თითოეულისგან დღეში დაახლოებით თითო სულგუნს ვიღებთ. ნაწილი ზუგდიდში ჩაგვაქვს გასაყიდად, ნაწილს კი ჩემივე მაღაზიაში ვყიდი. ასე იქცევინ ჩემი თანასოფლელებიც. აქ იშვიათად ნახავთ ოჯახს, ერთ-ორი სული პირუტყვი არ ჰყავდეს.

- ეს სასიამოვნო ამბავია. ბოლო წლებში საქართველოში პირუტყვის რაოდენობა და რძის ნაწარმის წარმოება შემცირდა, შესაბამისად, ფასმაც იმატა... - ეს იმიტომ, რომ საძოვრები შემცირდა და პირუტყვის საკვების ფასი გაიზარდა. თუკი პირუტყვს შენივე მეურნეობაში მოყვანილი ნედლეულით არ კვებავ, ძალიან ძნელია მისი შენახვა, თუმცა, ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ სოფლად ძროხის გარეშე ცხოვრება მაინც არალოგიკურია. სოფელში გვიშველა მიწის კერძო საკუთრებად ქცევამ. მიწა, რომელიც დაგვირიგეს, მცირე საძოვრებად გამოდგა, თუმცა ჩვენი მხარე სიმინდისა და სოიისაა და მე ორივე მომყავს, პირუტყვს ამით ვკვებავ და რძის ნაწარმიდან შემოსავალი, ბევრი თუ არა, მაინც მრჩება. ზაფხულში კი პირუტყვის გამოსაკვებად მარცვლეულიც არ არის საჭირო, ბალახს ძოვს.

- სოია ახსენეთ და გამიხარდა... თითქმის მთელ საქართველოში გაქრა სოიის ნათესები, საკვებ პროდუქტად გენმოდიფიცირებული სოია შემოგვაქვს. ხობში კი თურმე ისევ თესავთ. - ვთესავთ, რა თქმა უნდა. ჩვენ კარგად ვიცით მაგ კულტურის ფასი.

არაფერი ისე არ ზრდის პირუტყვის წველადობას, როგორც სოია, მაგრამ მოსავლის აღებაზე ძალიან ვწვალობთ, საქმე ის არის, რომ ტექნიკა არ გაგვაჩნია და კახეთიდან ჩამოგვყავს სოიის ასაღებად.

ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა დრო უნდა და რა რიგებია! მე შარშან დეკემბერში ავიღე ჩემი სოიის მოსავალი, მაშინაც გაგვიმართლა და კახეთიდან ჩამოყვანილი დაშლილი ტრაქტორი ერთი კვირის შემდეგ შევაკეთეთ. ამის გამო ნახევარი სოია მიწაში ჩაგვებნა.

- სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს? მუნიციპალიტეტისთვის ერთი კომბაინი რა გახდა? - სახელმწიფოს ყველაფერს ვერ დავუკარგავთ. ხობის სოფლის მეურნეობის სამსახური რომ არ იყოს, ხელსაც ვერ გავანძრევდით. კომბაინსაც გვპირდებიან. მე შეღავათიანი აგროკრედიტით აშენებულ ფერმის შენობას ამ დღეებში ვამთავრებ, თუმცა ფეხზე რომ დავდგეთ, მეტი გვჭირდება, განუზომლად მეტი, რათა ყველას შეეწყოს ხელი და საზღვარგარეთ არავინ გაიქცეს სამუშაოდ. ეს ამბავი ქართველ კაცს ანადგურებს. ვიცი, რომ ბევრ ქართველს აქვს სიზარმაცე შეპარული, მაგრამ უფრო მეტი ბეჯითი მოიძებნება, რომელთაც დახმარება სჭირდებათ ფეხზე დასადგომად, მერე კი თვითონ დაეხმარებიან სხვებს.