"ცხვარში ჩვენთან ახლა ქვის ხანაა"
"ცხვარში ჩვენთან ახლა ქვის ხანაა"
ცხვრის ფერმერთა ასოციაციის წევრი უტა წიკლაური მეთორმეტე წელიწადია, ფერმერობას მისდევს. 23 წლის იყო, როდესაც ფერმის გაკეთება მოინდომა.

- უტა, პირველებს შორის იყავით, ვინც დედაქალაქიდან სამუშაოდ სოფლად გადასახლდა. რამ განაპირობა თქვენი არჩევანი?

- ბებო-პაპა თიანეთში ცხოვრობდა, ზაფხულის დიდ ნაწილს იქ ვატარებდი და ცხვრის ფარაც იქ მოვაშენე... მაგრამ ხუთი წელიწადია, იქიდან წამოვედით მე და ჩემი ცხვრები. თიანეთის საძოვრებზე ცხვრის გაჩერება აღარ შეიძლებოდა. არ მქონდა საკუთარი მიწა, ვერც იჯარით მოვახერხე საძოვრების აღება, ჰოდა,
ახლა ჩემს ფარას მისამართი არ აქვს, მომთაბარე ფარაა.



- ცხვარი რამდენი გყავთ?
- ოთხასი სული. სამწუხაროდ, რაოდენობას ვერ ვზრდი. რამდენიმე წელია, სახელმწიფომ საძოვრების იჯარით გაცემა შეაჩერა, ამიტომ იძულებული ვარ, მიწა იმ ადამიანებისგან ვიქირაო, ვინც თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ მესაქონლეობას არ მისდევდნენ, იჯარით აიღეს საძოვრები და
ახლა მათი ხელახალი გაქირავება შემოსავლის წყაროდ აქვთ ქცეული.

- მეცხვარეთა ასოციაცია, რომელშიც ბევრი ახალგაზრდაა გაერთიანებული, ცდილობს პრობლემის მოგვარებას?
- ახლა ასოციაცია ცდილობს სახელმწიფოსგან მიწების იჯარით აღების ნებართვის მიღებას, ოღონდ ეს აღარ უნდა მოხდეს ქაოსურად.
მგონი, ლოგიკურია, საძოვრები იჯარით იმათ აიღონ, ვისაც ოთხფეხა პირუტყვი ჰყავს. მნიშვნელოვანია, იჯარის მიმღებთ ყოველწლიურად ამოწმებდნენ, როგორ იყენებენ სახელმწიფო ქონებას და როგორ უვლიან მას.

- ანუ პრობლემა იჯარის წესის დარღვევაა და არა საძოვრების სიმცირე?
- ზაფხულის, ანუ მთის საძოვრების პრობლემა, ფაქტობრივად, არ არსებობს. შეიძლება ითქვას, ახლა საკმარისზე მეტიც არის, მაგრამ ზამთრის, ანუ ბარის საძოვრების პრობლემა ძალიან საყურადღებოა. აქ ისევ იჯარის წესის არარსებობამდე მივდივართ. იმდენი მიწა ნამდვილად გვაქვს, რომ მეცხვარემ ცხვარი ბარად მშვიდად გამოაზამთროს, მაგრამ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა - ადამიანი, რომელიც იჯარით აღებულ მიწას აქირავებს, ის დაინტერესებულია, მის საძოვრებზე ბევრი პირუტყვი შევიდეს, რათა მეტი სარგებელი ნახოს. ამიტომ ირღვევა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ერთ სულ პირუტყვზე განსაზEღვრული ფართობი უნდა იყოს გამოყოფილი. ეს სტანდარტი მიწის მოსაფრთხილებლად, გამოფიტვისგან მისი დაცვის მიზნით არსებობს...
გვაქვს კარგი ამბებიც. წლეულს ჩემი თხოვნით სურსათის უვნებლობის სამსახურმა "მერსიკორპსთან" თანამშრომლობით გასაბანებელი მოაწყო ბულაჩაურთან. საქართველოში ეს მეშვიდე გასაბანებელია. მას დიდი ნაკადის მიღება შეუძლია - ერთ შეყვანაზე 1500-მდე ცხვარი შედის. თანაც სრულიად მოწესრიგებულია, რადგან არის ცხვრის გასაჩერებელიც. ეს ჯერ ახალი ამბავია, ზოგმა არ იცის და ისე ჩაატარეს ცხვარი, არც შესულან. იIმედია, ყველა შეიტყობს და უკან დაბრუნებისას მაინც შემოიყვანენ ფარას.



- კიდევ ერთი თავის ტკივილი გადასარეკი ტრასებია.
- დიახ, კომუნისტების დროს ტრასები ისეთ ადგილებში გადიოდა, რომლებიც არც დათესილი იყო და არც მანქანის სავალი, ახლა კი ეს მიწები დამუშავებულია. ამიტომ გზაც რომ არსებობდეს, ვერ გადავალთ, რადგან ცხვარი ნათესებს გადაძოვს, რაც დაუშვებელია. ამიტომ გვიწევს სამანქანო გზაზე სიარული. გლდანის ციხეებიდან ზაჰესამდე რომ გავდივართ, იქ უნდა ნახოთ რა ხდება! ეს ძალიან დიდი სტრესია ყველასთვის - ცხვრისთვის, რომელიც შეიძლება დაიღუპოს, მძღოლებისა და მგზავრებისთვის, და ჩვენთვის, ცხვრის პატრონებისთვის, რომლებმაც აღარ ვიცით, რამდენ რამეზე ვიზრუნოთ - გზის დროულად გათავისუფლებაზე, ცხვრის სიცოცხლესა თუ მანქანებზე, რომლებიც შეიძლება შემთხვევით დააზიანონ ცხვრებმა. გარდა სტრესისა, ეს ზარალია, რადგან თუ ცხვარს მანქანა დაეჯახა, მანქანაც ჩვენი გასაკეთებელია და ცხვარიც - ჩვენი ზარალი. ასე რომ, ბარიდან მთამდე გზა დიდი, გრძელი და მძიმეა ჩვენთვის.

- ამ საკითხზე თუ მუშაობს ასოციაცია?
- რა თქმა უნდა. მოვახერხეთ კახეთში ტრასების დარეგისტრირება, მაგრამ პანდემიამ ეს პროცესი ჯერ შეაფერხა, შემდეგ კი შეაჩერა. იIმედია, შევძლებთ ამ საქმის გაგრძელებას.

- ცხვარი სამი თვალსაზრისით არის საინტერესო: ხორცი, მატყლი და ყველი.
- ჩვენი ცხვრის ფუნქცია, სამწუხაროდ, ახლა მხოლოდ ხორცია. რაც შეეხება ყველსა და მატყლს, აქ უთვალავი გადაულახავი წინააღმდეგობა გვხვდება. პირველი და უმთავრესი მუშახელის ნაკლებობაა. არ გვყავს მუშახელი.

გვინდოდა მოსაწველი აპარატი შემოგვეტანა, მაგრამ რამდენიმე ფაქტორი გვიშლის ხელს. ჯერ ერთი, ერთი აპარატით მთელ ფარას ვერ მოერევი. ერთ ჯერზე ათი სული მაინც თუ ვერ მოწველე, გამოდის, რომ მთელი დღე მხოლოდ ცხვარი უნდა ვწველოთ. სახელმწიფომ შემოგვთავაზა, რომ 2000-სულიან კოოპერატივებად გავერთიანებულიყავით და საწველ აპარატებს მოგვცემდნენ, მაგრამ გაერთიანება ვერ ხერხდება მარტივი მიზეზით - არ არის სივრცე, ადგილი, სადაც ამდენ ცხვარს ერთად მოაძოვებ. სივრცის გარდა, არ არსებობს გზა, რომლითიც ამ აპარატებს მანქანით გააყოლებ ცხვრებს. არის ადგილები, სადაც მხოლოდ ცხენებით ავდივართ.

- ქართული ცხვრის მატყლი რატომ იყრება სანაგვეზე, რატომ არ აქვს მას ფასი?
- მხოლოდ ნაზი მატყლია ფასეული, მერინოსი, ჩვენი თუშური მატყლი კი უხეშია. ახლა მისი ფასი 15 თეთრია. ალვანში იბარებს ერთი ოჯახი მატყლს და ძაფს აწარმოებს, მაგრამ მისი მოთხოვნის შესაბამისად ვერ ვპარსავთ, რადგან ჩაბარების ფასი ისეთი დაბალია, კვალიფიციურ მუშახელს ვერ ვქირაობთ. ერთ სულ ცხვარზე პროფესიონალს ორი ლარი მაინც უნდა გადაუხადო, ამას ტრანსპორტირების ხარჯიც ემატება. ამ მიზეზით არათუ სწორად ვერ ვპარსავთ ცხვარს, წელიწადში დაწესებული ორი გაპარსვის ნაცვლად, მხოლოდ ერთხელ ვახერხებთ. არადა, ამით მარტო მატყლი კი არა, ცხვარიც ზარალდება. გაპარსული, შემსუბუქებული, თავისუფალი ცხვარი უფრო მოძრავია და უკეთ მოიპოვებს საკვებს, დამძიმებულს კი უჭირს და ვერც წონას იმატებს.

ცხვარში ჩვენთან ახლა ქვის ხანაა. ვინც ამ საქმეში ვართ, მუდმივად სტრესით ვცხოვრობთ, არადა,
ექსპორტიორები ვართ, ფული შემოგვაქვს და არც ერთი კაპიკი არ გაგვაქვს ქვეყნიდან, აქვე ვაწარმოებთ და საზღვარგარეთ არაფერს ვყიდულობთ. ჩვენ სახელმწიფოსთვის, წესით, პრიორიტეტი უნდა ვიყოთ...

და კიდევ, მესმის, რომ ეს რთული და გმირული პროფესიაა, მაგრამ ადამიანებს მწყემსად მუშაობას ურჩევნიათ, საზღვარგარეთ მონებად წავიდნენ. ეს მათი არჩევანია, მაგრამ მიკვირს. განა ეს არ ნიშნავს, რომ ზარმაცი ხალხი ვართ და 1.500-2.000-ლარიანი ხელფასის მაგივრად წუწუნი, ხელის გაწვდენა და მონად საზღვარგარეთ წასვლა ან მათხოვრული შემწეობით ცხოვრება გვირჩევნია?

შეუძლებელია, ერთ ადამიანს ჰყავდეს ცხვარი, მოუაროს, თან ხარისხიანი ძაფი აწარმოოს, თან ყველიც გააკეთოს, რომელიც შეუდარებლად ძვირფასი პროდუქტია... სანამ არ მოგვარდება საძოვრების, ცხვრის გადასაყვანი ტრასებისა და მოსასვენებლების პრობლემა, არაფერი შეიცვლება.
თუმცა მე უკან დახევა არ ვიცი და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან. რაც შეეხება ცხვარს, მას ერთი ცუდი თვისება აქვს - მგელი გაუძღვება, თავისი ნებით გაჰყვება, დათვი გაუძღვება, აედევნება... მოკლედ, ცხვარი დამყოლი და მიმყოლია, თუმცა უწყინარი და ლამაზი. მადლობა ღმერთს, მისი თვისებები გადამდები არ არის, რადგან ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი.

დეა ცუცქირიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები