"მცენარეების სიყვარულის გამო გადავწყვიტე მომავალი პროფესიის შეცვლა" - ყვავილების კაცური ბიზნესიყვავილების კაცური ბიზნესი
22-06-2021
"მცენარეების სიყვარულის გამო გადავწყვიტე მომავალი პროფესიის შეცვლა" - ყვავილების კაცური ბიზნესიყვავილების კაცური ბიზნესი
"მცენარე ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმია. მართალია, არ მოძრაობს, არ ლაპარაკობს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის... გვაქვს მგრძნობიარე მცენარეებიც, ხელის შეხებისთანავე რომ მოძრაობენ. მაგალითად, მორცხვ მიმოზას თუ შეეხები, ყველა ფოთოლს დაბლა ხრის, ანუ საწინააღმდეგო რეაქცია აქვს. ასევეა დიონეა, რომელსაც მგრძნობიარე რეცეპტორები აქვს და შეხებისას ყვავილი მაშინვე იხურება"

ინტერნეტსივრცეში ჩემი ყურადღება ფოტოებმა მიიქცია - ამიკო გაჩეჩილაძე მცენარეებთან ერთად, ან სხვადასხვა ლამაზი მცენარე. ასეთი სურათები ქართულ ინტერნეტსივრცეში მეყვავილეებისგან არ მახსოვს. ამიკო მომავალი ბიოლოგია, თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობს. მანამდე სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ მცენარეების სიყვარულმა მიმართულება შეაცვლევინა.

ამიკო გაჩეჩილაძე:
- თბილისში ვცხოვრობ, წარმოშობით კი იმერეთიდან ვარ. მცენარეების სიყვარულის გამო გადავწყვიტე მომავალი პროფესიის შეცვლა.
მცენარეები ჩემთვის ცოცხალი არსებებია, მათზე ვზრუნავ, ვუვლი, გარ
და ამისა, ჩემი ბიზნესის წყაროც არის. მე და ჩემმა ძმაკაცმა შევქმენით ჩვენი ბიზნესი, რომელიც საკმაოდ შემოსავლიანია.

გვაქვს მცენარეების მაღაზია, განსაკუთრებით გვაინტერესებს უცხო ჯიშების გამოყვანა-გამრავლება. მაგალითად, შესაძლებელია თუ არა მარტივად ახალი ჯიშების შექმნა, სხვადასხვა მცენარის შეჯვარება და სხვადასხვა ფენოტიპის მიღება.



- როდის გაგეღვიძათ ინტერესი მცენარეების მიმართ?
- იმერეთში მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორ საქმიანობდა ბაბუაჩემი ვენახში. მოგვყავდა სხვადასხვა მცენარე და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი მათ გაზრდა-განვითარებას. მერე ვცდილობდი ჩემთვის გამეზარდა, მის განვითარებას ვაკვირდებოდი და შედეგს მოუთმენლად ველოდი. მერე მცენარეების შეგროვებაც დავიწყე და თანდათან დიდი კოლექცია დამიგროვდა.
თავიდან ნაყოფიან მცენარეებს ვუვლიდი, მაგრამ მალე დავიწყე დეკორატიულების შეგროვება-გამრავლება. კოლექციაში სხვადასხვა ჯიშის მცენარე მაქვს, ალბათ, 2000-მდე იქნება, პატარა ორანჟერეაში ვუვლი.

- რომელი მცენარეები ჭარბობენ - გრუნტის თუ ოთახის?
- ინტერიერის მცენარეებიც არის და ექსტერიერისაც, სეზონურად მოყვავილე. არის მარადმწვანეებიც. გვაქვს ვარდებიც, თუმცა უფრო მეტი სოფელში მაქვს. ჩემს გამზრდელ ბებიას ძალიან უყვარს და ამიტომ გადავწყვიტე შეგროვება. დაახლოებით 70 ჯიშის ვარდი გვაქვს. არის საკოლექციოებიც.



- მცენარეებთან ერთად ისეთ ფოტოებს იღებთ, ჟურნალების გარეკანს რომ დაამშვენებს.
- მე და ჩემმა მეგობარმა გიორგი წიკლაურმა ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, მცენარეების ამგვარად რეკლამირება გადავწყვიტეთ. არის ფოტოები ცალკე მცენარეების ან ჩვენთან ერთად. გვინდოდა გვეჩვენებინა მათი სილამაზე, ესთეტიკური მხარე, გვსურს შევაყვაროთ ადამიანებს მცენარეები, საბოლოოდ კი დავამკვიდროთ დამოკიდებულება: - "მეტი მწვანე გარემო ჩვენ გარშემო". ამაში ჩვენს ვიზუალსაც ვიყენებთ, თან გიორგი ფოტოგრაფია და პროფესიული ფოტოგადაღება მისი საქმეა.

- როგორც ადამიანები, მცენარეებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით. მარტივად­ თანაცხოვრობენ ორანჟერეაში?
- ზოგს მზე უყვარს, ზოგსაც ჩრდილი, ზოგს რა და ზოგს რა. იმ დროის განმავლობაში, რაც მცენარეებს ვაგროვებდი, მათზე ზრუნვასაც ვსწავლობდი. თითოეულს თავისებური მოვლა სჭირდება - მორწყვა, განოყიერება, მინერალების მიწოდება... ასე ნელ-ნელა დაგვიგროვდა ცოდნა-გამოცდილება.



- მათზე ამბობთ, რომ ცოცხალი არსებები არიან, ესე იგი, ასულიერებთ?
- მცენარე ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმია. მართალია, არ მოძრაობს, არ ლაპარაკობს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის... გვაქვს მგრძნობიარე მცენარეებიც, ხელის შეხებისთანავე რომ მოძრაობენ. მაგალითად, მორცხვ მიმოზას თუ შეეხები, ყველა ფოთოლს დაბლა ხრის, ანუ საწინააღმდეგო რეაქცია აქვს. ასევეა დიონეა, რომელსაც მგრძნობიარე რეცეპტორები აქვს და შეხებისას ყვავილი მაშინვე იხურება. ასე რომ, კი, სულიერი არსებები არიან.



- ემოციურად რას იღებთ ამ ყველაფრისგან?
- დადებით ემოციებს. როდესაც უყურებ პატარა, რამდენიმე სანტიმეტრი სიმაღლის მცენარეს და მისგან, მაგალითად, უზარმაზარ მონსტერას გაზრდი, ვერ აღვწერ, როგორი სიხარულია. მერე ამ საქმის კეთება უფრო მინდება - ნარკოტიკივითაა, თავს ვერ ანებებ, ერთ-ერთი მიზეზი ეს არის და მეორე კი მნახველების გაოცება და გახარება, როცა ჩვენს მცენარეებს ათვალიერებენ. ეს გვმატებს სურვილს, მცენარეები უფრო ბევრ ადამიანს შევაყვაროთ, მათი მოვლა მოუნდეთ და შეიქმნან საკუთარი მწვანე გარემო. სტიმულია ისიც, რომ ეს არსებები ჟანგბადს გვაძლევენ, დედამიწაზე ქმნიან სამყაროს, სადაც ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია დასახლება და არსებობა.

- ჩვენს მკითხველს რას ეტყვით?
- თუ აქამდე მცენარეებისგან ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებიათ ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონები, ჯობია, ახლავე დაიწყონ ყვავილების მოშენება. თავიდან თუ არ გამოუვათ, არ დანებდნენ. შეუძლებელი არაფერია და ყოველთვის გამოვა ის, რაც ძალიან გსურს. მცენარეების მოვლა მხოლოდ დადებით ემოციას გვანიჭებს და რატომ უნდა მოვიკლოთ? ასეთ დროს ყოველი დღის გათენება გიხარია, რადგან შენი შრომის ნაყოფს ხედავ. ეს უზარმაზარი ენერგიაა, რომელსაც იღებ. რაც უფრო მეტი მწვანე მცენარე გვექნება, მით მეტად შეგვიყვარდება და უფრო მწვანე გარემოში ვიცხოვრებთ.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, სრულად აცრილი მოქალაქეებისთვის უნდა არსებობდეს თუ არა სახელმწიფოსგან დაწესებული პრივილეგიები?