"ბევრი უცხოური მარკა ჩვენს ჩაისთან ახლოსაც ვერ მივა... ჩაის ხელით მწარმოებელი გიგანტებიც ვერ კრეფენ" - კვირის პალიტრა

"ბევრი უცხოური მარკა ჩვენს ჩაისთან ახლოსაც ვერ მივა... ჩაის ხელით მწარმოებელი გიგანტებიც ვერ კრეფენ"

რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამას ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, განსაკუთრებით თხილის ზონებში - გლეხების თქმით, ჯობდა ჩაისთვის განკუთვნილი თანხებით თხილი მოეშენებინათ, რადგან ბევრად დიდი შემოსავალი აქვს. დრომ დაამტკიცა, რომ მართალია, ზოგჯერ ხანგრძლივი ლოდინია საჭირო, მაგრამ სოფლის მეურნეობაში თანხის დაბანდება გამართლებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენი ბუნებრივი პირობები ნებისმიერი კულტურის მოშენებას უწყობს ხელს, მათ შორის ტროპიკული ქვეყნების კულტურებისაც. მით უფრო ამართლებს ტრადიციული ჩაი, რომლის ხარისხიც მთიან იმერეთშია უკეთესი, ვიდრე გურია-სამეგრელოში. საუკეთესოა ხონის ჩაიც, რომლის 515 ჰექტარი დღეს უკვე რეაბილიტირებულია და მოსავალს იძლევა.

მეწარმე ირაკლი ცერცვაძე ხონის ჩაის პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო და დღეს უკვე 25 ტონა მოსავალს ელის 25 ჰა ჩაის პლანტაციიდან. განვლილი პერიოდი ჩაის მეწარმეებისთვის რთული იყო, გაძნელდა რეალიზაცია, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათი შრომა უახლოეს ხანში საუკეთესო ნაყოფს გამოიღებს.

- ჩაის პროგრამაში მონაწილეობისთვის სპეციალურად ჩამოვდივარ თბილისიდან ხონში. სოფლის მეურნეობაში საქმის წამოწყება ყოველთვის მინდოდა, მიწა საუკეთესო პარტნიორია, მაგრამ ჩაიზე მუშაობას არ ვაპირებდი, რომ არა ჩემი ბიძაშვილი, რომელსაც ჭიათურაში მოჰყავს ჩაი.

ჩაის პროგრამაში მონაწილეობა ჩემთვის ბევრი ასპექტით აღმოჩნდა მისაღები. სახელმწიფომ 25 ჰექტარი ჩაის პლანტაცია იჯარით გადმომცა, მაგრამ იმდენად იყო გაველურებული, ტრაქტორი არ ჩანდა. ბუჩქების მძიმე გასხვლა, მიწის დამუშავება, მოსავლის მიღებისთვის პირველი სამუშაო სახელმწიფომ დააფინანსა.

- რა იმედით დაიწყეთ საიჯარო მიწაზე მუშაობა, როდესაც სახელმწიფოს შეუძლია გაასხვისოს, ჩაის რეალიზაცია და მოგების მიღება კი ძნელი საქმეა. - ჩაის პროგრამაში მონაწილეებს მიწა იჯარით 25 წლით გადმოგვცეს, რაც საკმარისი დროა წარმოების გასამართავად და მოგების მისაღებად. – რა თქმა უნდა, თუ გარემო პირობები ხელს არ შეგიშლის. გარდა ამისა, კანონმდებლობითაც მიწის მოიჯარეს უპირატესი უფლება აქვს მიწის გასხვისების დროს. სირთულე მხოლოდ ის არის, როცა მიწა საკუთრებაში არ არის, ბანკი არ გენდობა კრედიტის მოცემისას, რითაც ძალიან გვეშლება ხელი. არც ჩაის გადამმუშავებელი საწარმო გვაქვს. ამიტომ ჩაის თვითღირებულება ძალიან მაღალია. ცხადია, რაც უფრო მაღალია თვითღირებულება, მით ნაკლებია მოგება, რომელსაც ჩაის რეაბილიტაციის მესამე წელიწადსაც არ ველით.

- ჩაის რეაბილიტაციის მესამე წელიწადი იმას ნიშნავს, რომ დიდი მოსავალი უნდა მოვიდეს? - დიახ, წლეულს უკვე ბუჩქი იდეალურ მდგომარეობამდე გვყავს მიყვანილი და 25 ტონა ჩაის ველით. მართალია, გასხვლის პირველ წელიწადსვე მოისხა, მაგრამ ფოთოლი ძალიან მცირე რაოდენობით მოიკრიფა. მეორე წელიწადს უფრო მეტი მოვკრიფეთ და რეალიზაცია გაგვიჭირდა, რის გამოც პროდუქცია მარტვილის ერთ-ერთ მსხვილ ჩაის საწარმოს მივყიდეთ. ცხადია, პროდუქციის თვითღირებულება ვერ დაფარა. თუმცა შრომა ნამდვილად არ ჩაგვითვლია წყალში გადაყრილად. ჩვენში მუშახელის, მათ შორის ჩაის მკრეფავების დეფიციტიც არის, თუმცა გასამრჯელოზე ვერ ვიტყვით, მცირეაო. ჩაის კრეფა რთულია და ხარჯიც დიდი გამოდის, ეს ყველაფერი კი თვითღირებულებას ზრდის. წელს ჩაის მეგობარი საწარმოს დახმარებით დამუშავებას და თავად გაყიდვას ვაპირებთ. მოკლედ, ბევრი პრობლემაა, მაგრამ უნდა დავძლიოთ, სხვა გზა არ არის.

- რა პრობლემებია? - უპირველესად რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე. ადგილობრივი ბაზარი უცხოური ჩაით არის გადატვირთული, რის გამოც ჩვენი ჩაი ვეღარ იყიდება. არადა, ჩვენი ჩაი აშკარად საუკეთესოა ხარისხითა და გემოთი, ბევრი უცხოური მარკა ჩვენს ჩაისთან ახლოსაც ვერ მივა.

ჩაის ნიშა მსოფლიო ბაზარზეც შევსებულია - ყველგან ჩაის ცნობილ მწარმოებლებს შეაქვთ თავიანთი პროდუქცია, ჩვენ კი განზე ვრჩებით. ჩვენ ამ ნიშაში უნდა მოვიპოვოთ ადგილი, ქართული ჩაი ამას ნამდვილად იმსახურებს, თუმცა ძალიან ძნელია. ისე კი, ზოგი ჭირი მარგებელიაო.

კოვიდინფექცია ამ საქმეში მეჩაიეებს ოდნავ "წაგვეხმარა", ზოგიერთმა ქვეყანამ შრი-ლანკიდან თუ ინდოეთიდან პროდუქციის წამოღება ვერ შეძლო და ჩვენც თითქოს გზა გაგვეხსნა, სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უკრაინასა და ყაზახეთში. ახლა ამ ქვეყნებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და იმედია, შედეგს მივიღებთ, ოღონდ ეს ჯერ კიდევ არ იქნება გამოსავალი. საქმე ის არის, რომ ფულის და აპარატურის უქონლობის გამო ჩაის ვერ ვფუთავთ, ამიტომ უცხოეთში დაუფასოებელი ჩაი უნდა გავგზავნოთ, ტომრებით, დაუფასოებელში კი უცხოელები 3 დოლარზე მეტს არ იხდიან, რაც ჩვენი ჩაის ღირებულებას ვერ აანაზღაურებს. იმის კი ნამდვილად არ გვეშინია, რომ ჩვენი ჩაი არ მოეწონებათ.

- არა მგონია, 25 ტონა ჩაი ხელით მოკრიფოთ, ტექნიკით მოკრეფისას კი ჩაის ხარისხი დააკლდება. - ჩაის ხელით მწარმოებელი გიგანტებიც ვერ კრეფენ. მუშახელის ხარჯით წაგებაზე გავლენ. არსებობს ჩაის საკრეფი ტექნიკა, რომელიც მაღალი ხარისხის ჩაის კრეფს და სრულიად განსხვავდება იმ ტექნიკისგან, რომელსაც საბჭოთა პლანტაციებში იყენებდნენ. სხვათა შორის, ჩვენთან ბევრი მიმტკიცებდა, რომ ტექნიკით მაღალხარისხოვანი ჩაის მოკრეფა შეუძლებელია, თუმცა როცა ჩემს პლანტაციაში მოკრეფილი ჩაი ნახეს, ფარ-ხმალი დაყარეს.

ტექნიკა იმდენად ვითარდება, რომ ჩაის თვითღირებულების მკვეთრი გაზრდა არ უნდა დავუშვათ. ეს ყველაფერზე ხელს აგაღებინებს. სამაგიეროდ, თუ მეწარმეები ბევრ სირთულეს მოვაგვარებთ, ხალხიც ამოისუნთქავს, რაც მოგებასთან ერთად, ჩემი მიზანია.