ძაფზე გაბმული ლობიოს ფასი, ანუ მთაში გადასახლებული ოჯახის ამბავი
ძაფზე გაბმული ლობიოს ფასი, ანუ მთაში გადასახლებული ოჯახის ამბავი
"ორი თვეა პენსიაზე გავედი. მარტო ყოფნა ძნელია, ადამიანს დამლაპარაკებელი ხომ გინდა?! ჰოდა, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ და ვშრომობთ"

კაცი ქალაქის ცხოვრებას რომ მიატოვებს და საცხოვრებლად სოფელში გადადის, სადაც მხოლოდ საკუთარი მეურნეობის, დაუღალავი შრომისა და დაუზარებლობის იმედადაა, პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებს. მით უფრო, თუ სოფელი მაღალ მთაშია და მიუვალი. თემურ ჟიჟიაშვილი ხორხის ხეობიდანაა. სოფელ ქვემო ხორხში (დუშეთის მუნიციპალიტეტი, ზღვის დონიდან 1470 მეტრი) დაიბადა, თუმცა მთელი ცხოვრება თბილისში მუშაობდა. 7
წლის წინ კი მეუღლესთან ერთად, მიუვალ ადგილას გადაწყვიტა დასახლება. თავიდან, სანამ საქმეს ააწყობდა, ერთი-ორი წელი გაუჭირდა, დღეს კი თავიანთი შრომის შედეგით უკმაყოფილო არ არის. მისი მოვლილი მამული მნახველის ყურადღებას იპყრობს. მოჰყავს ყველანაირი ბოსტნეული, მთავარი კი სარის ლობიოა.

თემურ ჟიჟიაშვილი:

- 7 წელია, აქეთ ვარ, ქვემო
ხორხში. ჩემი მშობლებიც აქ ცხოვრობდნენ. მათი გარდაცვალებიდან 10-15 წელი გავიდა და დავუბრუნდი მშობლიურ კერას. ჩვენი სოფელი მიუვალია, სწორედ უგზოობაა მთავარი პრობლემა, რომელიც უმთავრესად ჟინვალჰესის დაგუბების მერე გაჩნდა. ასფალტი სადაც მთავრდება, იქიდან ჩვენამდე 19 კილომეტრია. ამ მანძილის გავლას 1 საათი და 40 წუთი სჭირდება. ისე, საქონლისთვის კარგი ადგილია, თუ რამეს დათესავ, ყველაფერი მოდის - კარტოფილი, ლობიო, ჭარხალი, სტაფილო, პამიდორი, კიტრი. ჩვენი მეურნეობის კიდევ განვითარება შეიძლება, მაგრამ უგზოობა გვიშლის ხელს.

- რამდენი კომლია სოფელში?
- ადრე 37 კომლი ცხოვრობდა, ახლა 10-12-ია. დაცლილია აქაურობა ისე, როგორც საქართველოს არაერთ რეგიონში.



- მეურნეობას მისდევთ, მოგყავთ მოსავალი, რითაც თავს ირჩენთ.
- სამი სული ძროხა მყავს, ღორები, ქათმები. მოგვყავს ბოსტნეული... პენსიაზე, ორი თვეა, გავედი. მარტო ყოფნა ძნელია, ადამიანს დამლაპარაკებელი ხომ გინდა?! ჰოდა, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ და ვშრომობთ.

- ზამთარშიც სოფელში რჩებით?
- ნათქვამია, მგორავი ქვა ხავსს ვერ მოიკიდებსო. აღმა-დაღმა რომ ვიარო, არაფერი გამოვა.

- ლობიოს საუცხოო ხეივანი გაქვთ. ასეთი იშვიათად მინახავს...
- ლობიო ოდითგანვე მოჰყავდათ აქ, მაგრამ მე რაღაც კარგი ჯიშით, ბათუმელათი დავინტერესდი. ძვირი პროდუქტია. სარზე ადის, მაგრამ ვცადე, ძაფებზე გამეშვა. ხის კონსტრუქცია დავამზადე, ხეივნის მსგავსი, ისე მაქვს მოწყობილი, რომ ლობიო დაბლიდანვე ძაფებზე ადის და ისხამს. მოკლედ, სარის მაგივრად ძაფია გაბმული. ასე, ორ მეტრამდე იზრდება...

შარშან ჩეხეთის განვითარების სააგენტოს კონკურსში გავიმარჯვე და ხეივნის ხის კონსტრუქცია მათი დახმარებითა და დაფინანსებით რკინის კონსტრუქციით შევცვალე. მოვიპოვე მცირე გრანტი - "არაგვის თემთა მდგრადი განვითარება". სეტყვისგან დამცავი ბადეც მომცეს, რადგან იშვიათია, აქ სეტყვა არ მოვიდეს. მითხრეს, დააზღვიეო, მაგრამ ბადე მერჩივნა. ასე ყველანაირად დაზღვეული ხარ. 4000 ძირამდე ლობიო 1500 კვმ-ზეა დარგული.
მე და მეუღლე ვფუსფუსებთ, მაგრამ როცა მეტი ხელი გვჭირდება, ბავშვები ამოდიან და გვეხმარებიან. კომპანიის წარმომადგენლებსაც ძალიან მოსწონთ. ახლა შემომთავაზეს, მუხუდო დავთესოთ, თუ გაამართლებსო და ნიმუშად მისი თესლი გამომატანეს. მეც დავინტერესდი და დავთესე. ვნახოთ, ჯერ არ ამოსულა.

- მოსავლის აღებამდე ლობიოს როგორი მოვლა სჭირდება?
- მაისის შუა რიცხვებამდე უნდა დაითესოს, ორ კვირაში ამოდის. მანამდე დათესვა სარისკოა - მოგეხსენებათ, მთიან ზონაში ვართ, აციებამ შესაძლოა ზრდაში ხელი შეუშალოს. მერე ერთხელ უნდა გაითოხნოს, კულტივაციაც სჭირდება. ამისთვის შესაბამისი ტექნიკა მაქვს, ჩემი სახსრებით შევიძინე. ძაფებიც ორ წელიწადს უძლებს, მერე გამოცვლა უნდა.

- ერთხელ გათოხნა საკმარისია?
- კი, მერე მიწას შემოყრა უნდა. მოსავალს სექტემბრის დასაწყისიდან ვიღებთ, ლობიოს პარკი როცა ხმება. ერთი ბუდნა დაახლოებით 250 გრამია, საშუალოდ 60-70 პარკს იკეთებს. ამ საქმის შედეგით უკმაყოფილო არ ვარ. სხვებმაც გადაიღეს ჩემგან და მათაც დაიწყეს მოყვანა. რაც ბევრი იქნება ამ საქმეში ჩართული, პროდუქტი უფრო გაიაფდება. ჩაბარების ფასი შარშან 8 ლარი იყო. გემრიელი ლობიოა და ათობით ოჯახი კმაყოფილდება. რაც მთავარია, ბიოპროდუქტია, არავითარი ქიმია და მსგავსი რამ გამოყენებული არ არის.



- კარტოფილიც მოგყავთ?
- ბოსტნეულიდან არაფერს ვყიდულობ. საზამთრო და ნესვი არ მოდის აქ, სხვა ყველაფერი ჩემი მაქვს.

- არ გაგიჭირდათ სოფელში წასვლა?
- ბავშვობა და ახალგაზრდობა აქ მაქვს გატარებული. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, სანამ საქმეს ავაწყობდი, ახლა ყველაფერი კარგად არის. მიყვარს შრომა, უშრომლად ვერ ვძლებ. თუ არ ეზარება ადამიანს, მაგას რა სჯობია?! თან, ქალაქში ცხოვრებაც გაჭირდა, აღარ ღირს იქ ყოფნა.

ჩეხებს მოსწონთ აქაურობა, დაინტერესებული არიან, რომ ახალგაზრდები მოიზიდონ და სოფელში დააბრუნონ, მაგრამ ეს ასე უცებ არ ხდება. აქ სკოლა არ არის, გზაზე კი, უკვე გითხარით, რა სირთულეებია. არჩევნების წინ ყველა სიკეთეს გვპირდებიან, მაგრამ პირობა, პირობად რჩება. 21-ე საუკუნეში თუ მაღალი გამავლობის მანქანა არ გაქვს, ორხიდიანი, სახლამდე ვერ მოხვალ. აქ უგზოობის გამო ტურისტიც არ ამოდის.

- ისე, მშობლიურ ხორხში ყოფნა რას ნიშნავს თქვენთვის?
- მიუვალი ადგილია კია, მაგრამ სადაც ბავშვობა გაგიტარებია, იმ გარემოზე გული შეგტკივა. ხალხის ნაკლებობა რომაა და ახალგაზრდობის სიმცირე, დასანანი ეს არის... არადა, რამდენი რამის გაკეთება შეიძლება აქ... ასე რომ, ვერ მივატოვებ აქაურობას, ისიც საკმარისია, ვინც მიატოვა და წავიდა.

- რას ეტყოდით სხვებს?
- რა უნდა ვურჩიო და ვუთხრა? ვისაც წამოსვლა უნდა, წამოვა და ვისაც არა, რაც უნდა ვუთხრა, არც გაინძრევა... თან, ახალგაზრდობას უცბად უნდა შედეგი, ასე კი არ ხდება. დასაწყისში სიძნელეები იქნება და ეს ბუნებრივია, უეკლოდ ფონს ვერ გახვალ. თანადგომისთვის კი დიდი მადლობა ჩეხებს, მეც არ ვჩერდები და ამ ყველაფრით კმაყოფილი ვარ.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები