"ვერც წარმოვიდგენდი, რომ პანდემიის შემდეგ ამდენი ტურისტი ასე უცებ გამოჩნდებოდა" - კვირის პალიტრა

"ვერც წარმოვიდგენდი, რომ პანდემიის შემდეგ ამდენი ტურისტი ასე უცებ გამოჩნდებოდა"

"ცხენი მხოლოდ იმიტომ კი არ ღირს ძვირი, რომ შემოსავლის წყაროა, არამედ იმიტომაც, რომ გვიყვარს. გზაზე ცხენებს ხშირად ვასვენებთ, ყოველი საათის მუშაობის შემდეგ ცხენი 10-15 წუთი მაინც უნდა დაასვენო"

ჯუთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ულამაზესი სოფელია, თუმცა ზოგიერთი ხევსურეთს უფრო მიაკუთვნებს როგორც გეოგრაფიულად, ასევე მოსახლეობითაც - სოფელ ჯუთის ყველა მცხოვრები ხევსურია და მხოლოდ ზაფხულობით უბრუნდებოდნენ მიტოვებულ კერას. ზამთარში სოფელში მხოლოდ მოხუცები რჩებოდნენ. თუმცა ბოლო წლებში ჯუთა გამოცოცხლდა - მის ულამაზეს შემოგარენს უამრავი ტურისტი სტუმრობს. ამას სოფელში ზაფხულობით ახალგაზრდების მოზღვავება მოჰყვა. მეტიც, ზოგიერთმა მცირე ტურისტული ბიზნესიც წამოიწყო. მათ შორის არის 18 წლის დაჩი არაბული, თუმცა ეს საქმე ახლა არც დაუწყია, - ადრე დაობლებულმა ბიჭმა ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მოინდომა ცხენის შეძენა და გამყოლად მუშაობა.

დღეს 18 წლის დაჩის, რომელმაც ტურისტულ საქმიანობაში უფროსი და-ძმაც ჩართო, უკვე სამი ცხენი ჰყავს, თვალისჩინივით უვლიან და მათ გამრავლებასაც აპირებენ. დიდი ხნის მივიწყებული მეცხენეობა სოფელში უსწრაფესად ვითარდება. მართალია, ზამთარში სოფლად დარჩენილ მოხუცებს საქმე მოემატათ, ცხენებსაც უვლიან, მაგრამ ეს შრომა სახალისო უფროა, ვიდრე დამღლელი.

დაჩი არაბული:

- მართლაც ულამაზესი სოფელი მაქვს. ყოველ ზაფხულს აქ სიხარულით გამოვრბოდით მე და ჩემი და-ძმა და ყოველ ზაფხულს უფრო მეტი ტურისტი გვხვდებოდა. ასე გამიჩნდა აზრი, რომ 13 წლის ასაკში ცხენი მეყიდა და ტურისტების გამყოლად მემუშავა. დედამ წინააღმდეგობა გამიწია, ჯერ გაგზრდი და მერე იმუშავეო, მაგრამ ბოლოს მაინც დავიყოლიე. დედა მომეხმარა პირველი ცხენის ყიდვაში, თორემ, ცხადია, თავად ვერ მოვახერხებდი.

ცხენი იმის მიხედვით ავარჩიე, რომ ჭკვიანი და თვინიერი ყოფილიყო, რათა ტურისტს მშვიდად ემგზავრა, თორემ მე ნამდვილად არ მეშლება ცხენზე ჯდომა, ნებისმიერ ცხენზე შევჯდები, რაც უნდა გადარეული იყოს. ჯუთაში ყველა ასეა, ხევსურები ვართ, ცხენის გახედნაც ყველამ იცის.

ამ ცხენით ერთი სეზონი რომ ვიმუშავე, იმ თანხით მეორე ცხენიც ვიყიდე. განა მარტო მე, ჯუთაში დღეს 25 ცხენი და მათი კვიცია. ბიჭებს ძალიან გვახალისებს, რომ მუშაობა და შემოსავლის შოვნა ყველას შეგვიძლია. დღეს სამი ცხენი მყავს, რომელთა ტარებაში უფროსი და-ძმაც მონაწილეობს. ცხენებზე ტურისტები სხედან. ყველას მოსწონს თვინიერი ცხენები, ჩვენ კი წინ მივუძღვებით. თითოეული ტური სამ საათს გრძელდება და არც იმდენად დამღლელია. თუმცა ტურისტებს მაინც ვასვენებთ ერთი საათის შემდეგ.

- ჯუთის ტური გამორჩეულია, გზად ლამაზი ჭიუხები და აბუდელაურის ტბებია.

- ტურისტებიც ასე ამბობენ. იმიტომაც ჩამოდიან განმეორებით. მართალია, შარშან პანდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ არც ისე ყოფილა, რომ არავინ გვსტუმრებოდა. ასე რომ, ზამთარში ცხენის საკვების ხარჯი დავფარეთ. ჩემს სამ ცხენს ზამთრობით 1000 ლარის საკვები სჭირდება, ზაფხულობით კი საძოვარზე ბალახობენ.

- კვიცსაც ამდენივე კვება სჭირდება?

- კვიცს ორი თვიდან შვრია უნდა აჭამო, თანაც, დედას ექვსი თვის განმავლობაში მაინც არ უნდა მოსხლიტო, თუ გინდა ჯანმრთელი იყოს.

- ზამთრობით ვინ უვლის ცხენებს? - ვინც ჯუთაში რჩება. ბოლო წლებში უფრო მომრავლდა ხალხი.

ჯუთაში სკოლა არ არის, რომ ახალგაზრდა ოჯახებიც დარჩნენ, თანაც გზა იკეტება. ექიმიც ვერტმფრენით უნდა ჩამოიყვანო. ცხენებს მოვლას არ ვაკლებთ, ჩემზე პროფესიონალურად ძმა უვლის, ყველაფერი იცის ცხენის შესახებ.

აქ ყველა ერთმანეთს ეხმარება, ისედაც ეს არ მოხდება - მთას არ ეშლება, რამდენი საკვები მოიმარაგოს ზამთრისთვის. ისე კი დიდ თოვლში ცხენი სხვაგვარადაც არის მოსავლელი: გარეთ გამოყვანა, სიარული და ფეხის გამართვა სჭირდება, რომ არ დაკუტდეს.

- არის შემთხვევები, როდესაც ცხენები ჯუთიდან ტურში დღეში ორჯერ მიდიან? - იშვიათად, რადგან როგორც გითხარით, ცხენებს ვუფრთხილდებით. ცხენი მხოლოდ იმიტომ კი არ ღირს ძვირი, რომ შემოსავლის წყაროა, არამედ იმიტომაც, რომ გვიყვარს. გზაზე ცხენებს ხშირად ვასვენებთ, ყოველი საათის მუშაობის შემდეგ ცხენი 10-15 წუთი მაინც უნდა დაასვენო.

- ცხადია, ჯუთაში ხევსურულ ცხენებს ამრავლებთ, პატარა ტანისაა და კლდეზე მარჯვედ სიარული იცის. - მხოლოდ ეს არა, გვყავს თუშური ცხენებიც. ცხადია, ინგლისური ულაყი ხევსურეთის გზებზე ვერ გაივლის. ის დოღშია გამოსადეგი. ჩვენი ქართული ცხენი სწორედ იმიტომ არის გამოყვანილი, რომ ჩვენს კლდეებზე სიარული სცოდნოდა და ადამიანიც ეტარებინა.

- იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი ტურისტული სეზონი მალე და ბევრი ხალხით დაიწყება და ჯუთელებიც ამოისუნთქებთ. - უკვე გვემატება ხალხი. ვერც წარმოვიდგენდი, რომ პანდემიის შემდეგ ამდენი ტურისტი ასე უცებ გამოჩნდებოდა.

- მართლაც სამოთხესავით სოფელი გაქვთ. მოხუცებს თუ მოსწონთ, რომ სოფელში ხშირი მიმოსვლაა? - სადაც ხალხის სიმრავლეა, ადამიანი იქ ხალისიანია, რატომაც არ უნდა მოეწონოთ. ჯუთაში ცხენის ყოლა ოდესღაც გარდაუვალი აუცილებლობა იყო, რადგანაც სატრანსპორტო საშუალებაც იყო და სამუშაო ძალაც, ჩვენ კი ეს ორივე დავაბრუნეთ.

- ბოლო კითხვაც: დედა, რომელმაც მარტომ გაგზარდათ, ახლა თუ არის მშვიდად თქვენი გადაწყვეტილების გამო? - როდესაც ცხენის ყოლა ავიჩემე, შემოსავალიც გავიჩინე, შრომის ფასი ვისწავლე და უქმად აღარც ვყოფილვარ. სხვა უკეთესი რა უნდა გააკეთო. მინდა დედას მადლობა გადავუხადო, რომ პირველი ცხენი მიყიდა და თავის რწმენა შემმატა.