დრაკონის ხილს კაქტუსები ისხამს - კვირის პალიტრა

დრაკონის ხილს კაქტუსები ისხამს

პიტაია, იგივე პიტაჰაია, დრაკონის ხილი ("დრაგონფუტი"), დრაკონის გული, ჩხვლეტია მსხალი - ასეთია რამდენიმე სახეობის კაქტუსის ხილის საერთო სახელწოდება. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და პოპულარული ეგზოტიკური ხილი გემოთი ერთდროულად მოგაგონებთ კივის, ბანანსა და ხენდროს, კონსისტენციით კი ძალიან სქელ არაჟანს ჩამოჰგავს. პიტაია პირველად ნახსენებია 1553 წელს ესპანელი პედრო სიესა და ლეონის წიგნში "პერუს ქრონიკა". უცნაური ის არის, რომ დრაკონის ხილი არა ხეებზე, არამედ კაქტუსებზე იზრდება. მცენარეები ხილს წელიწადში 5-6-ჯერ ისხამს. არომატული, მსხვილი თეთრი ყვავილები, რომლებისგანაც შემდგომში ნასკვი ვითარდება, მხოლოდ ღამით იხსნება და დილისთვის იხურება. ნაყოფი ვითარდება ყვავილობიდან 1-1,5 თვეში. ამ ტიპის კაქტუსების (Hylocereus) სამშობლოა მექსიკა, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა, თუმცა დღეს პიტაია სამრეწველო მიზნით მოჰყავთ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში, იაპონიაში, ჰავაიზე, ისრაელში, ავსტრალიაში. ზოგან ჰექტარზე 30 ტონამდე მოსავალს იღებენ.

ნაყოფი ოვალური ფორმისაა, ძალიან ლამაზი, კანი გლუვი აქვს, ფოთლისმაგვარი წამონაზარდებით დაფარული. ნაყოფი შეიძლება იყოს წითელი ან ყვითელი. წითელ პიტაიას რბილობი თეთრი ან წითელი აქვს. წითელრბილობიანი ხილის მოყვანა გაცილებით ძნელია, ამიტომ ის უფრო იშვიათია და გემოც უფრო ინტენსიური აქვს, ვიდრე თეთრს. პიტაიას ნაყოფი ადვილად ზიანდება და ამიტომ ტრანსპორტირება ადვილი არ არის. მდიდარია ვიტამინებით, პროტეინებით, რკინით, ანტიდიოქსანტებით, მინერალებით, აქვს ბევრი სასარგებლო თვისება.

ძირითადად გამოყოფენ სამ სახეობას. Hylocereus undatus-ის წითელ-ვარდისფერ ნაყოფს თეთრი რბილობი აქვს, Hylocereus costaricensis-ის ნაყოფს კანიც წითელი აქვს და რბილობიც, ხოლო Hylocereus megalanthus-ის ნაყოფს - ყვითელი კანი და თეთრი რბილობი. ნაყოფის წონა 600 გრამამდეა, ზოგჯერ 1 კგ-საც აღწევს. რბილობი ნედლად იჭმება, მომზადება აუცილებელი არ არის. ის დაბალკალორიულია. ძალიან იშვიათად შეიძლება ნაყოფი წყალწყალა და უგემური გამოდგეს. რეკომენდებულია პიტაიას ჩაცივება. მისგან შეიძლება დამზადდეს პიურე, წვენი, ღვინო, გამოიყენონ ალკოჰოლურ სასმელებში გემოსთვის. იჭმება მისი ყვავილებიც, რომელთა ჩაის მსგავსად დაყენებაც შეიძლება. ხილის რბილობის არომატი გაცხელებისას იკარგება.

ჭამის წინ ნაყოფს შუაში ვერტიკალურად ჭრიან. ამის შემდეგ შეიძლება ნესვივით დაჭრა და რბილობის კოვზით მირთმევა. კანი არ იჭმება და შეიძლება პესტიციდებსაც შეიცავდეს. შეიძლება პიტაიას გაფცქვნა ბანანივით, კივის მსგავსად რბილობის კოვზით ჭამა ან მისი პატარა კუბებად დაჭრა.

სხვათა შორის, შესაძლებელია პიტაიას შინ, ქოთანში გაზრდა. ნესტი ამ მცენარის მტერია, იტანს 4000ჩ-მდე სიცხეს, ძალიან ხანმოკლე ყინვასაც, მაგრამ ხანგრძლივად სიცივეს ვერ გაუძლებს. სჭირდება ჯვარედინი დამტვერვა, ამიტომ რამდენიმე მცენარე მაინც უნდა გვქონდეს.