ყველაზე ძლიერი მტაცებელი, რომელსაც დაცვა სჭირდება - კვირის პალიტრა

ყველაზე ძლიერი მტაცებელი, რომელსაც დაცვა სჭირდება

ცხოველთა სამყაროს მშვენებას, ვეფხვს ლამაზად მოხატული სხეული, სისხარტე, ძალა, მოქნილობა და საზრიანობა გამოარჩევს. საქართველოში ვეფხვი შუა საუკუნეებში ბინადრობდა, დღეს კი აღარ გვხვდება. ის XVIII საუკუნის ბოლოს უნახავთ ახმეტის მახლობლად, მოუკლავთ და მეფე ერეკლესთვის მიურთმევიათ. 1921 წელსაც მოუკლავთ ვეფხვი თბილისის მახლობლად, სოფელ ლელობთან. ვარაუდობენ, რომ ის ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანიდან მოხვდა და ასეთი დიდი მანძილი ძუ ვეფხვის ძებნაში გამოიარა.

ამ მშვენიერ მტაცებელზე გვესაუბრება თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი.

- ვეფხვის ხსენებაზე ადამიანს პირველად მისი ძლიერება და საუცხოო გარეგნობა ახსენდება: შავი ზოლები მოოქროსფრო-ნარინჯისფერ ბეწვზე შთამბეჭდავი სანახავია. კატისებრთა ოჯახში მხოლოდ ვეფხვს აქვს ამგვარი შეფერილობა. ამ ზოლების წყალობით ცნობენ ვეფხვები ერთმანეთს: ადამიანის თითის ანაბეჭდის მსგავსად, მათი მოხატულობა განუმეორებელია. სხვა კატებისგან განსხვავებით, ვეფხვი ძალიან კარგი მოცურავეა. ყოფილა შემთხვევა, თავისი ბუნაგიდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებითაც უნახავთ.

ადრე ვეფხვის ცხრა ქვესახეობა იყო აღრიცხული და მათგან სამი უკვე განადგურდა. ამაში, სამწუხაროდ, დიდი "წვლილი" ადამიანს მიუძღვის. ყველაზე დიდი ზომისაა ამურის ანუ ციმბირული ვეფხვი, რომლის სიგრძემ შეიძლება 3 მეტრსაც მიაღწიოს, ხოლო წონამ - 300 კილოგრამს, ყველაზე პატარა სუმატრის ვეფხვია, რომლის წონა 140 კილოგრამს არ აღემატება, ხოლო სიგრძე - 2,5 მეტრს. ციმბირული ვეფხვის რაოდენობა ბოლო მონაცემებით 350-დან 400-მდე მერყეობს. ეს კრიტიკულად მცირე რიცხვია.

- რამდენი ვეფხვია დედამიწაზე შემორჩენილი? - საერთო რაოდენობა 3-დან 4 ათასამდეა, ასე რომ, ვეფხვი კრიტიკული საფრთხის წინაშეა. თუ სასწრაფო, ქმედითი ღონისძიებები არ გავატარეთ, მას ისე დავკარგავთ, როგორც ბევრი სხვა ცხოველი დავკარგეთ. ვეფხვის აღრიცხული ცხრა ქვესახეობა იყო ბენგალური, ამურის, კასპიური, ჩინური, ინდოჩინური, მალაიზიური, იავური, ბალისა და სუმატრის. უახლესი მონაცემებით, მათი ამდენ ქვესახეობად დაყოფა შეიძლება შეცდომა იყოს. თუ ამგვარად დავყოფთ, მაშინ ქვესახეობები არ გადაშენებულან, მაგრამ მაინც მცირე რაოდენობით შემორჩა.

- რა შეიცვალა ამ მონაცემების მიხედვით? - უახლესი მონაცემებით, ვეფხვის მხოლოდ ორი სახეობა არსებობს: კონტინენტსა და კუნძულებზე გავრცელებული ვეფხვები. ანუ თანამედროვე სპეციალისტების შემოთავაზებული კლასიფიკაციით, ვეფხვის დღევანდელი პოპულაციები მიეკუთვნება ორ ძირითად ქვესახეობას. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ოდესღაც საქართველოს ბინადარი კასპიური ვეფხვი უიმედოდ დაკარგული არ ყოფილა - ის და ციმბირული ვეფხვი ერთი და იგივე ქვესახეობაა.

- ვეფხვი ძლიერი ცხოველია, თანაც - კარგი მონადირე. რატომ შემცირდა ასე მისი რაოდენობა? - საერთოდ, ცხოველების გადაშენების უმთავრესი მიზეზი მათი საბინადრო არეალის განადგურებაა. ჩლიქოსანი ცხოველების რაოდენობის შემცირება ვეფხვის საკვების შემცირებას ნიშნავს და ისიც შინაურ ცხოველებზე იწყებს ნადირობას, ადამიანები კი ცდილობენ, მრისხანე მტაცებელი თავიდან მოიშორონ. დიახ, ამ ცხოველს ხშირად კლავდნენ შინაური ცხოველების გადასარჩენად, ამას დაემატა ტყეების გაჩეხა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ზრდა. თანაც ადრე ადამიანებს პრიმიტიული იარაღი ჰქონდათ, რომლის შეძენა ყველას არ შეეძლო. ცეცხლსასროლი იარაღი მოგვიანებით გამოიგონეს და ამ იარაღით ნადირობა არაერთი სახეობის დაღუპვისა და გაქრობის მიზეზი გახდა. ასე მოხდა ჩვენთან - საქართველოში მოსახლეობა არ ჭამდა ვეფხვისა და ლომის ხორცს, მათი გადაშენების მთავარი წინა პირობა საარსებო პირობების განადგურება გახდა. დადგენილია, რომ დღეს დედამიწაზე ვეფხვები ბინადრობენ ძველი საცხოვრებელი არეალის 7%-ზე. სპეციალისტები ცდილობენ ამ ულამაზესი ცხოველის გადარჩენას, მაგრამ ეს ცდა ეფექტიანი არ არის. შესაძლებელია თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე ვეფხვის აღდგენა და მომრავლება, ვერ გეტყვით, რადგან ეს იოლი ამოცანა არ გახლავთ.

- ალბათ, ვეფხვის გამოკვება რთულია...

- დიახ, რადგან ბუნებაში ის ყოველთვის დიდ ცხოველებზე ნადირობს.

ვეფხვი შიმშილს ვერ იტანს და თუ დიდ მსხვერპლს მოინადირებს, ერთბაშად 30 კილოგრამი ხორცის ჭამა შეუძლია. თავის მსხვერპლს ან გაგუდვით კლავს, ან ფეხების გადამტვრევით.

ვეფხვი მარტოხელაა, მაგრამ, ამავე დროს, ძალიან სოციალური. ეს ცხოველი ტერიტორიას რომ მონიშნავს, მერე იმ ადგილს თავისად მიიჩნევს. ხშირად მისი ტერიტორია რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს და ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მდედრი ცხოვრობს. ვეფხვები ძალიან საინტერესო ხმებს გამოსცემენ, ისინი არა მხოლოდ ღრიალებენ, არამედ ზოგჯერ სისინებენ კიდეც.

მდედრს ორი-სამი ბოკვერი უჩნდება. ორი თვის ასაკამდე ბოკვრები თავიანთ ბუნაგში რჩებიან, რადგან მეტისმეტად უსუსური არიან. წამოზრდილი ბოკვრებიც დედას დაჰყვებიან და მხოლოდ 1,5-2 წლის შემდეგ იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ვეფხვის ბოკვრებში სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალია. მხოლოდ მათი 40% აღწევს ზრდასრულ ასაკს.

- ბატონო დავით, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ ცხოველის გადარჩენა? - ამ გამორჩეულ მტაცებელზე ზრუნვა მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა. მას მრავალი მიზეზის გამო კლავენ. ძველად კლავდნენ ხორცის, ან ლამაზი ბეწვის გამო. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში ვეფხვის ძვლები უებარ წამლად მიიჩნევა, მაგრამ სინამდვილეში მათ სამედიცინო ღირებულება არ აქვს. თანაც ეს ცხოველი დიდხანს არ ცოცხლობს - მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებაში 15 წელიწადია, მხოლოდ ზოოპარკშია გაცილებით მეტი. Mმაგალითად, ჩვენთან, თბილისის ზოოპარკში, გვყავდა ვეფხვი, რომელმაც 30 წელიწადი ან მეტი იცოცხლა. ამჟამად ჩვენს ზოოპარკში გვყავს ამურის ანუ ციმბირული ვეფხვი, რომელიც ციმბირის მკაცრ ყინვაშიც კარგად გრძნობს თავს და ჩვენთანაც. ეს იმიტომ, რომ დიდი ზომის ცხოველი უფრო იოლად ეგუება გარემო პირობებს.

- ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ვეფხვი კატისებრთა ოჯახს ეკუთვნის.

- მართლაც ძნელი წარმოსადგენია, რომ ამხელა ცხოველი შინაური კატის ახლო ნათესავია, მაგრამ ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან: ვეფხვსაც ისეთივე თვალის გუგები აქვს, როგორიც კატას. ისიც ღამის ცხოველია და, კატის მსგავსად, საუკეთესო მხედველობა აქვს.

- დასასრულ, რას გვეტყოდით ამ ცხოველის წარმოშობაზე, მის წარსულზე? - ვეფხვის ყველაზე ძველი ნამარხები აღმოჩენილია ჩრდილოეთ ჩინეთსა და იავას კუნძულებზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მტაცებლის წინაპარი დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ ბინადრობდა დედამიწაზე. მისი ნაშთები აღმოჩენილია ასევე იაპონიაში, სახალინზე. საქართველოში ეს ცხოველი უძველესი დროიდან ცხოვრობდა. ლელობთან მოკლული უკანასკნელი ინდივიდის ფიტული საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ჩვენს მკითხველს ამ ვეფხვის კიდევ ერთი ისტორია უნდა გავაცნო: XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში გამოუშვეს გერმანელი მეცნიერი იოჰან ანტონ გიულდენშტეტდი, რომელიც გეოგრაფიას, ფლორასა და ფაუნას სწავლობდა. ის რუსეთის იმპერიის სამსახურში იყო და ჩვენს ქვეყანაშიც ამ მიზნით გამოგზავნეს. ცნობილია, რომ მან საქართველოს ბევრი მხარე მოიარა და აღწერა ვეფხვის ორი ტყავი, რომელიც სამეგრელოში ნახა. ის სერიოზული მეცნიერი იყო და გამორიცხულია, ვეფხვის ტყავი რომელიმე სხვა ცხოველის, თუნდაც ჯიქის ან ლეოპარდის ტყავში არეოდა. აქედან მან დაასკვნა, რომ საქართველოში ვეფხვი საუკუნეების განმავლობაში იყო გავრცელებული.