"ჩემთვის სამშობლო აქედან იწყება" - მარუსას ქოხი ტყის პირას
"ჩემთვის სამშობლო აქედან იწყება" - მარუსას ქოხი ტყის პირას
"აქ ყველაფერს მე ვაკეთებ: ვთიბავ, ვღებავ, ხან შპალიერს ვაკრავ... თან ვმუშაობ ორ პროექტზე, რომელიც სოფლის განვითარებაზეა... სოფელში იმაზე მეტი პერსპექტივაა, ვიდრე ვფიქრობდი. ჩემი სოფლის ახალგაზრდებისთვის ორგანიზაციის შექმნას ვაპირებ, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებაში..."

30 წლის პოლიტოლოგმა მარუსა ბურდულმა თბილისში ცხოვრებას სოფელი არჩია და თოხლიაურში ბიძის მიტოვებულ სახლში გადავიდა. სახლი თავად გაარემონტა და ტყის პირას დასახლდა. მარუსას დიდი გეგმები და პროექტები აქვს, მას ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და სოფლის განვითარება სურს.


მარუსა
ბურდული:
- წლების განმავლობაში ვმუშაობდი ევროკავშირის პროექტებზე, ბოლო 6 წელია კი ტურისტული კომპანია მაქვს. მიუხედავად იმისა,­ რომ თბილისში აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, სოფელში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. ყოველთვის მომწონდა ძველი სახლები, სიმშვიდე, ბუნება და ახლა ზუსტად ჩემს საოცნებო გარემოში ვცხოვრობ. ჩემი სახლი, ფაქტობრივად, ტყეშია, სოფელში ბოლო სახლია. მინდოდა
შემექმნა სივრცე, სადაც თავს ბედნიერად ვიგრძნობდი და სხვებისთვისაც საინტერესო ადგილად ვაქცევდი. ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევუდექი საქმეს. სახლი მარტომ გავარემონტე, არავინ დამხმარებია. ისეთი რაღაცების გაკეთებამ მომიწია, რაც არასოდეს მიკეთებია.

- ახალ გარემოსთან შეგუება გაგიჭირდათ?
- სახლი მიტოვებული იყო და დიდი შრომა დამჭირდა, რომ გამეცოცხლებინა. ახლა მზად ვარ პატარა მეურნეობის მოსაწყობად, ღვინის დაყენებას ვაპირებ და ბაღიც აუცილებლად მექნება. სოფელში იმაზე მეტი პერსპექტივაა, ვიდრე ვფიქრობდი. ჩემი სოფელი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესოა, უკვე შემიძლია ღვინის, კულინარიის და სხვადასხვა სათავგადასავლო ტურების შეთავაზება. ჩემი სოფლის ახალგაზრდებისთვის ორგანიზაციის შექმნას ვაპირებ, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებაში.



- და მაინც, სოფელი თუ ქალაქი?
- თავისუფალ დროს ყოველთვის გამოვრბოდი სოფელში. ახლა თავისუფალ დროს ქალაქში ჩავდივარ მეგობრებთან, მაგრამ უკვე ისე მივეჩვიე აქაურობას, დიდხანს ვეღარ ვძლებ ხმაურში და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები. თუმცა მოგზაურობაც ძალიან მიყვარს, ახალი ადგილების აღმოჩენა, ძველი ნივთების შეგროვება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.



- რატომ კახეთი?
- მე კახელი ვარ, ჩემს სოფელში დავბრუნდი, ბიძაჩემის მიტოვებულ სახლში. ჩემთვის სამშობლო აქედან იწყება. სტუმრებს­ ძალიან მოსწონთ აქაურობა, მეუბნებიან, ბავშვობაში გვაბრუნებს შენი ქოხიო.

- როგორია მარუსას ერთი ჩვეულებრივი დღე?
- აქ ყველაფერს მე ვაკეთებ: ვთიბავ, ვღებავ, ხან შპალიერს ვაკრავ... თან ვმუშაობ ორ პროექტზე, რომელიც სოფლის განვითარებაზეა. ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მაინტერესებს.

ზურა სოლომნიშვილი
bela
20 ივლისი 2021 02:11
გაიხარე და წარმატებები როგორ მიხარია ასეთ იმფორმაციას რომ წავიკთხვ საშინლად განვიცდი დაცარიელებული სოფლების და მიტოვებული სახკარის პრობლემებს, იმედია კიდევ ბევრი ქართველი დაუბრუნდება მშობლიურ კუთხეს....

თვის კითხვადი სტატიები