"ჩვენი ღვინო, მამაჩემს ჰგავს, მშვიდია, ადამიანს ტვინს არ ურევს, პირიქით, უხსნის"
"ჩვენი ღვინო, მამაჩემს ჰგავს, მშვიდია, ადამიანს ტვინს არ ურევს, პირიქით, უხსნის"
ცნობილი პოლიტიკოსი, ილიაუნის პროფესორი ზურაბ ჭიაბერაშვილი­ კახეთში ვენახს უვლის და ღვინოსაც აყენებს. როგორც ამბობს, შრომა მისთვის სულაც არ არის რთული, პირიქით, განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი­: - საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მამაპაპისეული ორი პატარა ვენახი გვაქვს: ერთგან რქაწითელია, მეორეში - საფერავი. ჯამში ჰექტრამდე იქნება. იმდენი ყურძენი მოგვყავს და იმდენ ღვინოს ვაყენებთ, რამდენიც ჩვენს ოჯახს სჭირდება. ჩვენს ახლობლებსა და მეგობრებსაც ვუნაწილებთ. როგორც ამბობენ, ჩვენი ოჯახური ღვინო არ
არის ცუდი.

- ადვილია ქალაქში საქმიანობის პარალელურად სოფლად შრომა?
- მე და ჩემი ოჯახის წევრები ქალაქში დასაქმებულები რომ არ ვიყოთ და სოფელში ვცხოვრობდეთ, ჩვენი ვენახებით თავის რჩენა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ ქალაქში შრომის შემოსავლიდან ნაწილს სოფელში ტრადიციულ პატ
არა მეურნეობას ვახმართ და იმ ყველაფერს ასე ვინარჩუნებთ.
ბევრი ცდილობს არ გაწყვიტოს კავშირი ქალაქსა და სოფელს შორის, მაგრამ ეს უმეტესად მათ გამოსდით, ვისაც ქალაქში შემოსავალი აქვთ და შეუძლიათ ნაწილი სოფელს მოახმარონ... სოფლად მცირემიწიან ოჯახებს მხოლოდ მიწით თავის გატანა ძალიან უჭირთ.



- არ გიფიქრიათ, რომ სოფლად თქვენს საქმიანობას კომერციული დატვირთვა მისცეთ?
- უარს არ ვიტყოდით, რომ ღვინო ბოთლებშიც ჩამოგვესხა, ეტიკეტი მიგვეკრა და ქსელშიც შეგვეტანა, თუმცა ამას დამატებითი ინვესტიციები სჭირდება.
სოფლად ახლა ორი რამ ჭირს - ფინან­სებზე ხელმისაწვდომობა და ტექნოლოგიების ცოდნა, მათ შორის იმის ცოდნაც, როგორ გავიდეთ უცხოურ ბაზრებზე და როგორ ვაქციოთ ჩვენი შრომა სტაბილურ შემოსავლად.
კახეთში მთელი წელი შრომობენ, წვალობენ, რომ ყურძენი ქარხანას ჩააბარონ, მაგრამ ეს არ იძლევა იმ ამონაგებს, რომ ადამიანმა საკუთარი მეურნეობა განავითაროს.

- ვიცი, რომ კვლევა გაქვთ ჩატარებული იმაზე, თუ რა უჯდება გლეხს ვენახის მოვლა.
- წელს აღარ გადამიანგარიშებია, მაგრამ ერთი ჰექტარი რქაწითლის სტანდარტული მოვლა ჯამურად, სადღაც 7.800 ლარი ჯდება (აქ დაზღვევაც უნდა იანგარიშო). საფერავი უფრო ფაქიზია, მეტი მოვლა სჭირდება და 8.500-9000 ლარი უნდა ვივარაუდოთ.

- კომერციულ ბიოღვინოს?
- მას შესაწამლი მასალის შერჩევა უნდა და ამ შემთხვევაში ფასი კიდევ გაიზრდება. ვისაც 3-4 ჰექტარი აქვს და ღვინის კომერციალიზაცია უნდა, ვენახს მხოლოდ ოჯახის წევრებით ვერ მოუვლის, ამისთვის დიდი თანხა ესაჭიროება.

- ფინანსებს რომ თავი დავანებოთ, ემოციურად რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის ამ ყველაფერს?
- ჩვენი სახლიც და მარანიც ძველია. ყველაფერი ისევეა, როგორც პაპაჩემის დროს იყო. ჩვენი ოჯახისთვის ეს არის საშუალება, შევინარჩუნოთ ოჯახის ტრადიცია, წინაპრების ხსოვნა...

- ამბობენ, ღვინო დამყენებელს ჰგავსო. როგორია თქვენი ღვინო და ვის ჰგავს?
- ჩვენი ღვინო, ჩემი აზრით, მამაჩემს ჰგავს და მშვიდია. თუ ზომიერად მოიხმარ, ადამიანს ტვინს არ ურევს, პირიქით, უხსნის.

- თვითონ რამდენად გიყვართ ღვინო?
- დასათრობად არ ვსვამ, 2 ჭიქა სადილად საკმარისია.

- კახეთში განსხვავებული სასმისებით უყვართ სადღეგრძელოები. ამ ტრადიციის მიმდევარი ხართ?
- საქართველოში ბევრნაირ განსხვავებულ სასმისს აღმოაჩენთ... ახალგაზრდობაში განსხვავებულებით დამილევია, ახლა - აღარ, ასაკში ჯანმრთელობაც არ გაძლევს ამის საშუალებას.

- ცოტა ხნის წინ ფოტო ვნახე, სადაც თქვენს ეზოში ბალახი იყო გათიბული. ამ საოცარ სიცხეში რამდენი გიმუშავიათ...
- თუ ფიზიკური შრომა არის საშუალება, რომ ადამიანი განიტვირთოს, ეს სასიამოვნო და სასარგებლოცაა.
სინამდვილეში ადამიანი ფიზიკური შრომით კი არ იღლება, მას უიმედობა ღლის, როცა ხედავს, რომ ფიზიკურ შრომას შედეგი არ მოაქვს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, გვქონდეს ეკონომიკური ზრდა და ბევრ სხვა სფეროში სამუშაო ადგილები შეიქმნას, რომ ვინც სოფლად არის, ხელი მიუწვდებოდეს ფინანსებზე და რაც მისთვის რენტაბელური იქნება, იმ ფართობზე იმუშაოს.

- ვენახისა და ღვინის საქმეს უკვე შეჭიდებულ ახალბედა მეურნეებს რას ეტყვით?
- როგორც ვთქვი, ზოგადი ეკონომიკური ფონია გადამწყვეტი, რომ ადამიანებმა საქმე წამოიწყონ. თუ იციან, რომ მათ პროდუქტს გასაღება ექნება და ოჯახს აცხოვრებს, ისინი დაუზარლები­ იქნებიან. ასე რომ, ყველაფერი ზოგად ეკონომიკურ ფონზეა მაინც დამოკიდებული.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები