"სართიჭალაში 15 ოჯახი მყავს, საგურამოში - 40. უნდა იცოდე, მათთან როგორ მოიქცე" - კვირის პალიტრა

"სართიჭალაში 15 ოჯახი მყავს, საგურამოში - 40. უნდა იცოდე, მათთან როგორ მოიქცე"

"სართიჭალაში 15 ოჯახი მყავს, საგურამოში - 40. თუ ცუდ ხასიათზე ხარ და ფუტკრის ოჯახთან მუშაობ, განწყობა გიუმჯობესდება და სხვა ყველაფერი გავიწყდება..."

მარიამ კილაძე წლების განმავლობაში იმაზე ფიქრობდა, რა საქმე წამოეწყო, რომ მისთვის საინტერესო და სასიამოვნო ყოფილიყო. მიაგნო კიდეც და დღეს ის მეფუტკრეა. საფუტკრე ორგან აქვს - სართიჭალაში და საგურამოსთან ახლოს.

- აგროტურიზმი საქართველოში მაინცდამაინც განვითარებული არ არის, მით უფრო - მეფუტკრეობის მიმართულებით, რასაც აპიტურიზმი ჰქვია და ჩვენთან ეს დარგი ახლა იდგამს ფეხს.

ყოველდღიურად სხვადასხვა უცხოურ სტატიას ვეცნობი, რადგან საქართველოში ამ ლიტერატურის დეფიციტია და რაც გვაქვს, უკვე მოძველებულია. ერთხელაც, ამ გაცნობისას, სლოვენიის მაგალითი აღმოვაჩინე, სადაც ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული აპიტურიზმი. ისეთი სასიამოვნო სანახავი იყო, იმავეს გაკეთება მეც მომინდა.

ფუტკარი ძალიან საინტერესო მწერია. გარდა თაფლისა, მისი საშუალებით არაერთი სასარგებლო პროდუქტი მზადდება. ასევე სასარგებლოა ფუტკრის ჰაერის სუნთქვა, რაც ჯერ აქ გავრცელებული არ არის.

აპიტურიზმში ვიზიტიორი პირდაპირ ერთვება: მონაწილეობს საფუტკრის საქმიანობაში, თაფლს წურავს და ა.შ. გვაქვს მაყვლის პლანტაციაც. თავიდან როგორც დამამტვერიანებელი, ისე მქონდა, ახლა კი სტუმრებს მაყვლისა და მარწყვის პლანტაციებსა თუ ბოსტანში საქმიანობაც შეუძლიათ.

- მარტო საქმიანობთ? - აქ, ყველაფერი, მე და ჩემი მეუღლის ხელით არის გაკეთებული. აპისახლი კი ავსტრიის განვითარების ფონდმა დამიფინანსა. შარშან დავიწყეთ სტუმრების მიღებაც.

- მგონი, საქართველოში პირველი ხართ, ვინც აპიტურიზმს მისდევს... - პირველი ვიყავი, მაგრამ ახლა უკვე სხვებმაც მომბაძეს.

- მეფუტკრეობისადმი ასეთი ინტერესი საიდან გაგიჩნდათ? - დიდი ხანი არ არის, რაც მეფუტკრეობაში ვარ ჩართული. ზოგადად ბუნება - ცხოველები, მცენარეები მიყვარს, ვეტერინარობაც მინდოდა, არადა, თბილისში ვცხოვრობ და სოფლის მეურნეობასთან კავშირი არასდროს მქონია...

2015 წელს საპატრიარქოში მეფუტკრეობის უფასო კურსებზე მიღება გამოცხადდა. ვინც წარმატებით დაამთავრებდა, ფუტკრის ოჯახს ჩუქნიდნენ. ეს რომ გავიგე, დავინტერესდი. სოფელში ადგილი მქონდა და რაღაცის გაკეთება ყოველთვის მინდოდა, მაგრამ საქონელს, ქათამს ყოველდღიური მოვლა-პატრონობა სჭირდება. ფუტკარსაც სჭირდება მოვლა, თუმცა ეს შრომა შეიძლება სხვა სამუშაოს შეუთავსო.

მოკლედ, კურსები წარმატებით დავამთავრე და ფუტკრის ოჯახი მაჩუქეს, საიდანაც ჩემი მეფუტკრეობა დაიწყო. იქვე დამტოვეს. ჯერ პრაქტიკულ ტრენინგებს ვატარებდი, მერე - თეორიულსაც. სამი წელი ვასწავლიდი, თან ჩემს ფუტკარსაც ვავითარებდი, ვამრავლებდი. ვცდილობდი, მეტი ინფორმაცია მომეპოვებინა.

შემდეგ ის კურსები დაიხურა და ჩემი საკუთარი გავხსენი. პანდემიის დროს ონლაინლექციები მქონდა, პრაქტიკულ ტრენინგებს კი სართიჭალაში ვატარებდი.

- ფუტკრებთან მუშაობა რთულია, ეს ყველას არ შეუძლია... - როდესაც ფუტკრის ოჯახთან მუშაობ, მნიშვნელოვანია, ძალიან ახლოს იყო მათთან. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაინახო მხოლოდ ჩარჩოზე მოძრავი ფუტკრები და ვერ გაიგო, რა ხდება მათ ოჯახში.

სტატიების კითხვა ბევრ რამეში მეხმარება, მექანიკურად აღარ ვმუშაობ და კარგად ვხვდები ფუტკრების მდგომარეობას. ამას ჩემთვის დადებითი ენერგია მოაქვს და დიდ სტიმულს მაძლევს. თუ ცუდ ხასიათზე ხარ და ფუტკრის ოჯახთან მუშაობ, განწყობა გიუმჯობესდება და სხვა ყველაფერი გავიწყდება. გინდა, მეტი იშრომო. მოკლედ, სასიამოვნო პროცესია. სართიჭალაში 15 ოჯახი მყავს, საგურამოში - 40. მიყვარს საფუტკრეში მუშაობა.

- "მოვათვინიერებ ფუტკრებს" - დაწერეთ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში და ატვირთეთ თქვენი ფოტო, რომელზეც ჩანდა, ხელზე როგორ გესეოდათ უამრავი ფუტკარი... მართლა არ გნესტრავენ? - ბევრ მეფუტკრეს აგრესიული ფუტკრები ჰყავს და როდესაც ასეთ ფოტოს ვდებ, მათაც უკვირთ. მე ეს ხუმრობით დავწერე... როცა ფოტოს ვიღებდი, ხელზე რამდენიმე ასეული ფუტკარი მყავდა შესეული, მაგრამ სანამ გადავიღე, გაფრინდნენ.

მეფუტკრემ უნდა შეარჩიოს ხარისხიანი გენეტიკა და მშვიდი ოჯახები. ქართული ფუტკარი საზოგადოდ მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. უნდა იცოდე, მათთან როგორ მოიქცე. ამ მწერების ქცევის ცოდნაა საჭირო. ძალიან ფრთხილად უნდა იყო, უხეში მოქცევა არ უყვართ, ღიზიანდებიან. ფუტკრის ოჯახებთანაც ფრთხილად უნდა მივიდეთ. როდესაც გაღიზიანებული ვართ ან გვეშინია, ამასაც გრძნობენ, რადგან ამ დროს ადამიანი ქიმიურ სიგნალებს გამოყოფს, რასაც ფუტკრებიც აღიქვამენ.

- როდის არიან აგრესიულები? - როდესაც გარემოში საკვები არ მოიპოვება, ან ფუტკრის ოჯახს რამე პრობლემა აქვს. შესაძლოა, გენეტიკურად მოჰყვებათ კიდეც აგრესიულობა და ამას ბევრი რამ განაპირობებს.

- მინდვრის ყვავილების თაფლის გარდა კიდევ რას აწარმოებთ? - თაფლის გარდა ახლა ვაწარმოებ ყვავილების მტვერს და საპონს. საპონი თაფლის პროდუქტებით მზადდება, ბუნებრივი ინგრედიენტებით. ვიყენებ თაფლს, ცვილს, დინდგელს, ყვავილების მტვერს და სპეციალურ ეთერზეთებს.

მოკლედ, ჩემს საყვარელ საქმეს 2015 წლამდე დიდხანს ვეძებდი. რადგან ვიპოვე, ვცდილობ, ყოველ წელს ჩემი საფუტკრეც და საკუთარი თავიც განვავითარო. მიღწეულს არ ვჯერდები, რადგან სიახლეები საინტერესოა.

- და, ალბათ, იმავეს ურჩევთ სხვებსაც... - ადამიანი იმისთვის არის გაჩენილი, რომ მიწასთან ახლოს იყოს. სოფლის მეურნეობა მისთვის საარსებო და სარელაქსაციო საშუალებაა. იმხელა რესურსი გვაქვს, რომ ყველამ უნდა დავამუშაოთ მიწა. რაღაც აუცილებლად უნდა შევქმნათ. ამისთვის მონდომება და შრომა არ უნდა დავინანოთ. ეს ყველაფერი განათლების გარეშე არ გამოგვივა, ამიტომ სულ უნდა ვცდილობდეთ, რაღაც ახალი ვისწავლოთ.