"არაერთი ძველი საქმიანობის გაცოცხლებას ვგეგმავთ, დასაქმებულთა ქსელსაც გავაფართოებთ" - კვირის პალიტრა

"არაერთი ძველი საქმიანობის გაცოცხლებას ვგეგმავთ, დასაქმებულთა ქსელსაც გავაფართოებთ"

ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ წინაპართა წინაშე თავს ვალმოხდილად ვთვლი

პანდემიის დროს სტუმარმრავალ მესტიაში სხვადასხვა ობიექტის დახურვამ, არა მხოლოდ სოფელ ლატალში მცხოვრები სასტუმროს მენეჯერი მადონა წერედიანი დააზარალა, არამედ მის ირგვლივ არაერთი ქალბატონიც, რომელთაც სამუშაო დაკარგეს. თუმცა, როცა გონება გიჭრის და საქმეც გიყვარს, გამოსავალია ყოველთვის მოიძებნება. სვანეთის ეკონომიკური განვითარების ევროკავშირის პროგრამამ მადონა წერედიანის ტრადიციული საქმიანობების აღდგენის პროექტი მოიწონა და 35 000 ლარით დააფინანსა, საწარმოსთვის ადგილი კი სვანეთის ეპარქიამ გამოუყო.

მადონა წერედიანი: - მესტიაში პოპულარული სასტუმროს მენეჯერად ვმუშაობდი. გარდა ამისა, ჩვენი ეკლესიის ხელშეწყობით სამრევლო სკოლაში გოგონებს ქარგვას ვასწავლიდი. თითქოს ამით ვიხდიდი ჩემს ვალს წინაპართა წინაშე. ისე კი, მშვიდად ვერ ვუცქერდი, როგორ მიირთმევდა ხალხი სვანურ მარილს, რომელიც ცასა და დედამიწასავით განსხვავდება ნამდვილი სვანური მარილისაგან. ან როგორ უნდა მომწონებოდა სვანური ქუდები, რომლებიც დედაქალაქში იკერება და ნამდვილ სვანურ ქუდთან ახლოსაც ვერ მივა?! განა იმიტომ ვიწუნებდი, რომ ვინმე საქმეს მონდომებას აკლებდა. უბრალოდ, ეს ყველაფერი ნაღდი არ იყო და ეს მაღონებდა.

არასოდეს დამავიწყდება, როცა პატარა გოგო მამას სათიბში მივყვებოდი, ჭურჭლის დავიწყებისას როგორ მოიტანდა ხოლმე მამა წყაროდან წყალს თავისი სვანური ქუდით. იმ ქუდიდან წყალი მეც ბევრჯერ დამილევია, ასე რომ, ვიცი, რა არის ნამდვილი სვანური ქუდი, რომელსაც ლატალში ერთადერთი ადამიანი ამზადებს.

სვანური მარილიც ჩემთვის ის განძია, რომელიც სვანების სამზარეულომ საუკუნეების განმავლობაში შექმნა და შემოგვინახა, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ბრენდის სახით ეს პროდუქცია ზუსტად ისე უნდა მზადდებოდეს, როგორც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ.

- არადა, როგორც ცნობილია, სვანურ მარილსა და სვანურ ქუდს 2015 წელს მატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. - დიახ, ამიტომაც ძალიან გამიხარდა, როდესაც პროექტი მომიწონეს. ამ თემაზე დასაფიქრებლად უფრო პანდემიის დროს მოვიცალე. თუმცა არა მხოლოდ სვანური მარილი და სვანური ქუდი, გადავწყვიტე, ადგილობრივი, ნატურალური საპონიც მეწარმოებინა. საწარმოსთვის ადგილი ჩვენმა ეკლესიამ და ეპარქიამ გამომიყო, მესტიის მერიაც დამეხმარა და ჩემი მეგობარი ხუთი ქალბატონიც ჩვენი სოფლიდან, რომელთა გარეშე საქმე ბოლომდე არაფრით მივიდოდა. საწარმოში 10 კაცი გვყავს დასაქმებული. როდესაც სვანური მარილი მზადდება, საწარმოში საოცარი სურნელია. ნამდვილ სვანურ მარილს ექვსი კომპონენტი და დოზების ზუსტი დაცვა სჭირდება. რაც მთავარია, ყველა კომპონენტი ჩვენია, ჩვენს ბოსტნებში მოგვყავს.

- სვანურ მარილში უამრავი სანელებელია. ხშირად მიფიქრია, რომ ეს სანელებლები სამკურნალო საშუალებაც იყო სვანეთში, სადაც მარილის დეფიციტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები იყო გავრცელებული. - რა თქმა უნდა, სვანურ მარილში ამდენი სანელებელიც სამკურნალო ფუნქციის გარეშე ვერ იქნებოდა. ეს საუკუნოვანი ცოდნაა, რომელიც გამოცდილებით დაგროვდა. ჩვენ ნატურალური საპნის დამზადებაც დავიწყეთ, რომელიც საუკეთესოა ქერტლისა და თმის ცვენის წინააღმდეგ. მას ღორის მუცლის ქონისა და ნაცრისაგან ვამზადებთ, თითოეული ეს კომპონენტი კი მკურნალია.

- პროდუქციაზე მოთხოვნა როგორია? - ვერ ავუდივართ, თუმცა, რასაკვირველია, გვირჩევნია, ხარისხზე ვიზრუნოთ და არა - რაოდენობაზე. მომავალშიც არაერთი ძველი საქმიანობის გაცოცხლებას ვგეგმავთ. ცხადია, ახალი საქმიანობის დაწყებისას დასაქმებულთა ქსელსაც გავაფართოებთ.

სვანურ ქუდს მატყლი სჭირდება, სვანურ მარილს - სურნელოვანი ბოსტნეული, რომელიც საკუთარ ბოსტნებში მოგვყავს. საპნისთვის ღორის მუცლის ქონია საჭირო. რაც უფრო მეტ საპონს დავამზადებთ, ცხადია, მეტი პირუტყვი დაგვჭირდება.

ყველაფერი სასიკეთოდ მიდის, როდესაც ადამიანს შრომა არ ეზარება, თანაც ისეთი შრომა, რომელიც წინაპართა საქმის გადარჩენას ემსახურება. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ წინაპართა წინაშე თავს ვალმოხდილად ვთვლი.