წმინდა ინგლისური ულაყები კვირიკეთში
წმინდა ინგლისური ულაყები კვირიკეთში
"კარგი ცხენი 10.000 დოლარი ღირს. სოციალურ ქსელში ამ საფასურის ავტომანქანის ფოტო რომ დაიდოს გასაყიდად 10.000-დოლარიან ცხენთან ერთად, ცხენი გაიყიდება, მანქანა არა"

ვითარდება თუ არა ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ისეთი დარგი, როგორიც მეცხენეობაა? - ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია. თუმცა, თუ დავფიქრდებით, ჩვენში სხვა დარგებიც როგორ განადგურდა, ალბათ, ცხენის შენარჩუნებაც კი დიდ საქმედ უნდა ჩავთვალოთ. ცხენი, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობა, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ჰყავთ. თუმცა გურიაში, კერძოდ, ოზურგეთში, რომლის წარმომადგენლებმა თავის დროზე
ამერიკაც გააოგნეს მეცხენეობით, დღესაც ისეთ ცხენებს ნახავთ, რომ სუნთქვა შეგეკვრებათ. კვირიკეთში, ოზურგეთის საცხენოსნო მეურნეობაში, მართლაც ულამაზესი ცხენები ჰყავთ. ზოგი საცხენოსნო კლუბს ეკუთვნის, ზოგიც კერძო პირს. აქ ყველაფერი ცხადყოფს, რომ ცხენებს სათანადოდ უვლიან - ინგლისურ წმინდა სისხლის ულაყებს ბეწვი უბრწყინავთ. როგორც ოზურგეთის საცხენოსნო კლუბის ხელმძღვანელი ავთანდილ
მარტინენკო ამბობს, ოზურგეთში ცხენოსნობას წინ ვერც ერთი სპორტი ვერ დაუდგებოდა, ინგლისური წმინდა სისხლის ულაყების შენარჩუნებაც რთულ პირობებში სწორედ ამის დამსახურებაა.

ავთანდილ მარტინენკო:
- გურუ­ლებს­ ცხენი როგორ უყვართ, ეს ამბავი,­ მოგეხსენებათ, ამერიკაშიც იციან. იქ ცხენს რატომ უნდა გასჭირვებოდა, Mმაგრამ განვლილ წლებში გადაშენებამდე მივიდა. ცხენს მოვლა და კვება უნდა. როდესაც გურია გაღატაკდა, ცხენსაც არ დაუტოვა საარსებო არეალი. იშვიათად ისეთ სოფლებში შემორჩა, სადაც ტვირთის გადასაზიდად იყენებდნენ. თუმცა ცხენის სიყვარულმა თავისი როლი მაინც ითამაშა. ის, რომ ოზურგეთმა იპოდრომის ცხენების ფერმა შეინახა და მეცხენეობა არ ჩაკვდა, ცხენების მოყვარულთა დამსახურებაა. მათ ოზურგეთში იპოდრომის ცხენები ძალიან რთულ დროს გადაარჩინეს. კაცმა­ არ იცის, რა სახსრებით უვლიდნენ და კვებავდნენ. ხშირად საკუთარი ხარჯით ყიდულობდნენ მათთვის საკვებს. ასეთი სირთულეებით დღემდე მოტანილი დარგის პატრონობა დღეს უკვე სახელმწიფომ, მერიამ ითავა. ეს მართლაც გასახარი­ ამბავია ოზურგეთისთვის, სადაც ცხენს და დოღს ფანატიკურად აფასებენ. არა მარტო დოღისთვის, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცხენოსნობით უამრავ დაავადებას მკურნალობენ. ჩვენც ვაპირებთ საცხენოსნო სკოლის გახსნას, სადაც ბავშვები­ ივარჯიშებენ. ზოგს სპორტსმენად გავზრდით, ზოგსაც ცხენოსნობით გამოჯანმრთელებაში დავეხმარებით. ბევრი უკვე მოდის სამკურნალოდ და შედეგიც კარგი აქვს. ასე რომ, ცხენი ფუნქციას იბრუნებს და ეს მახარებს. მომავალში ნელ-ნელა სოფლებშიც გავალთ დოღის ჩასატარებლად, რათა ახალგაზრდობამ ცხენოსნობის ტრადიციული ცოდნა აღიდგინოს.

- იმდენად კარგად მოვლილია თქვენი ცხენები, ცხადია, პროფესიონალები ხართ, მეჯინიბით დაწყებული მენეჯერამდე.
- ყველა მაგას ამბობს, ვინც ჩვენს ცხენებს ნახავს. აღფრთოვანებას ვერ მალავენ, რა მოვლილები და ლამაზები არიან, რა საოცარი კვიცები გყავთო.
ინგლისური წმინდა სისხლის ცხენები რომ შევინარჩუნოთ და ნათესაობითი შეჯვარება არ მოხდეს, მარნეულში, ყულარის ცხენსაშენშიც ჩავდივართ, სადაც ცხენებს დროებით ვტოვებთ. მერე მოგვყავს. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა გზაა და რა ხარჯთან არის დაკავშირებული. არადა, წმინდა სისხლის ჯიშს სხვანაირად ვერ შევინარჩუნებთ, ნათესაური შეჯვარებით დავაკნინებთ.


ამ ეტაპზე ორი ინგლისური წმინდა სის­ხლის კვიცი გვყავს, ორი - არაბული ცხენის ნაჯვარია, ასევე ულამაზესი. კვიცი აუცილებლად ძუძუზე გვყავს ექვსი თვის განმავლობაში. ზოგჯერ მეტი დროც. თუკი დედა კარგად არ ვკვებეთ, ექვს თვეს კი არა, ერთ თვესაც ვერ ვაჭმევთ კვიცს მის რძეს. ცხენებისთვის მარცვლეული ქართლ-კახეთიდან ჩამოგვაქვს. სამწუხაროდ, ოზურგეთში არც მარცვლეული გვაქვს და ვერც სათიბებით დავიკვეხნით, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, რომ ცხენები გვყავდეს.

- თქვენი ცხენები, ალბათ, ბახმაროს დოღში მონაწილეობენ. როგორც ვიცი, ძნელბედობის მიუხედავად, არც ბახმაროს დოღი შეწყვეტილა­ არასოდეს.
- ასეა, ბახმაროს დოღს დიდ პატივს ვცემთ გურიაში. ამ დოღის გაუქმება როგორ შეიძლებოდა, როგორი დროც უნდა იყოს, ეს გურიაში ცხოვრების სტიმულია. შარშან "კორონამ" შეგვიშალა ხელი, მაგრამ წელს აუცილებლად ჩავატარებთ. ოღონდ ბახმაროში ინგლისური წმინდა სისხლის ცხენები ვერ გაგვყავს, ქვაღორღიან ნიადაგზე საფრთხილოა. ინგლისურ ჯიშს ჩლიქები სწრაფად უზიანდება. ამის მიუხედავად, ბახმაროს დოღსაც ხშირად ვიგებთ.
ბოლო წლებში ოზურგეთელები დოღს თითქმის ყველა რაიონში ვიგებთ. ჩვენთვის ეს დიდი სტიმულია. ფერმაშიც აუცილებლად გავამრავლებთ წმინდა სისხლის ცხენებს. ცხენი დიდი სიმდიდრეა, ვინც მისი ფასი იცის. კარგი ცხენი 10.000 დოლარი ღირს. სოციალურ ქსელში ამ საფასურის ავტომანქანის ფოტო რომ დაიდოს გასაყიდად 10.000-დოლარიან ცხენთან ერთად, ცხენი გაიყიდება, მანქანა არა.

- წმინდა სისხლის ცხენების გახედნა იოლი არ არის, ვინ ხედნის?
- გვყავს შესანიშნავი ბიჭები, რომლებიც ბევრს შრომობენ. ძალიან მინდა მომავალში მათ შრომასაც და მეცხენეობასაც მეტი დაფასება ჰქონდეს. ხალხს უყვარს ცხენი. კარგია ტექნიკა, ცივილიზაცია, მაგრამ სიცოცხლესა და მშვენიერებას ყოველთვის მეტი ფასი ექნება, რადგან ჰაერივით სჭირდებათ ადამიანებს. ჩვენც ვშრომოთ, რომ ეს მშვენიერი არსება შევინარჩუნოთ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები