ჭკვიან, ერთგულ და ხალისიან ჰასკის საქართველოში არ გაუმართლა
ჭკვიან, ერთგულ და ხალისიან ჰასკის საქართველოში არ გაუმართლა
დღეს სულ უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ცდილობს გახდეს კომპანიონი ცხოველის პატრონი, მაგრამ ბევრი შეცდომას უშვებს მათ მოვლაში. შესაბამისად, ქუჩა გამოგდებული ცხოველებით აივსო, სადაც მათ გამუდმებით საფრთხე ემუქრება. ცხოველი ქუჩაში ადამიანის უპასუხისმგებლობის გამო ხვდება. რუბრიკაში "საუკეთესო ოთხფეხა მეგობარი" შევეცდებით ჩვენი წილი აგური დავდოთ ცხოველის ყოლისა და მოვლის კულტურის ამაღლებაში. ამჯერად ყველაზე დაჩაგრული ჯიშის, ჰასკის შესახებ გიამბობთ.

ლაქი - გმირი ცუგა


ლაქი ციმბირული ჰასკია, რომელიც საქართველოში დაიბადა, მაგრამ ძალიან გაუმართლა. მისი ჯიშის
უამრავი ძაღლისგან განსხვავებით, შესანიშნავი პატრონი ჰყავს. იღბალმა გიურზასთან ბრძოლაშიც გაუღიმა, მაგრამ სანამ მოკლავდა, გველმა კბენა მოასწრო და რომ არა კარგი პატრონი, ლაქი შარშან, როგორც ცხოველების სიკვდილის შემდეგ ამბობენ, ცისარტყელაზე წავიდოდა.

შარშან ამ დროს გმირი ცუგა სოციალურ სივრცეში დასივებული სახით გაიცნეს. მისი მკურნალი ვეტერინარის მარიამ ჩხიკვიშვილის
გავრცელებულ ფოტოზე ლაქი ბზიკის ნაკბენით სახეშეშუპებულს ჰგავდა, არადა, ის მაშინ ყველაზე საშიში გველის შხამს ებრძოდა. ძაღლმა გმირობა ტაბახმელაში ჩაიდინა, ეზოში, სადაც იმ დროს ბავშვები თამაშობდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა - მამაცი ჰასკი დღეს თავს შესანიშნავად გრძნობს.


კარგად დაფიქრდით, სანამ ძაღლს აიყვანთ

სამწუხაროდ, არ გაუმართლა ბიბის, მაქსის, ჰანას, ლუის და კიდევ სხვა ჰასკებს, რომლებიც ყოფილმა პატრონებმა თავშესაფარში ჩააბარეს ან პირდაპირ ქუჩაში გამოაგდეს. რატომ? მიზეზი ბევრია, თუმცა, ყველა გაუმართლებელი. მათი შეძენისას პატრონებს გააზრებული არ ჰქონიათ, რას ნიშნავს ძაღლის ყოლა. ზოგმა პატარა ჰასკი ბავშვის გასართობად შეიძინა, მაგრამ ვერ იგუა, დიდი ენერგია აქვს, სახლში მარტო ვერ ვტოვებთ, ყველაფერს ანადგურებს, მაგისთვის არ გვცალიაო... ვიღაც­ უბრალოდ ფეხის ხმას აჰყვა და ძაღლი ეგზოტიკური გარეგნობის მიხედვით შეარჩია, ცისფერი თვალები აქვს, თან თითქოს იღიმებაო. ძაღლის ზრდასთან ერთად უპასუხისმგებლო პატრონისთვის თვალის ფერმაც მნიშვნელობა დაკარგა­ და ღიმილსაც ვეღარ ამჩნევდნენ. ზოგმაც აღმოაჩინა,­ რომ მისი ძაღლი დარაჯი არ ყოფილა, თან ქათმებსაც ჭამს და ამიტომ სოფელში ვერ გამოდგება.

სამწუხაროდ, ძაღლის აყვანის დროს არ ფიქრობენ ჯიშის სპეციფიკურ ხასიათზე, მოერგება თუ არა მათი ცხოვრების წესს, ან შეუძლიათ თუ არა უკვე გაზრდილი ძაღლი არა მარტო სწორად კვებონ, დღეში, სულ ცოტა, 4 საათი დაუთმონ მის ფიზიკურ დატვირთვას. არ იყოლიონ იმ სივრცეში, სადაც ქათმები ან სხვა ფრინველი ჰყავთ, ან თუ იყოლიებენ, ლეკვობიდანვე შეაჩვიონ ფრინველს, რათა ნადირობის გენეტიკურმა თვისებამ არ გაიღვიძოს.
საქართველოში უპასუხისმგებლო პატრონებმა ჰასკის აბსოლუტურად დაუმსახურებელი იარლიყი მიაკერეს: "ყველაზე უტვინო ძაღლი". არადა, ურთულეს ექსპედიციებში მონაწილეობს ხოლმე. სწორედ შესანიშნავი გონებრივი მონაცემების გამო ჰასკი მარხილში ლიდერია ბევრად დიდი და ძლიერი მალამუტებისთვის, რომელთაც საქართველოში ასევე ტრაგიკული ბედი აქვთ.

ჰასკი, როგორც ჯიში


ციმბირული ჰასკი ერთ-ერთი უძველესი­ გენეტიკის ძაღლია. მას შესანიშნავად აქვს განვითარებული ჯიშისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები და ძალიან კარგად იცნობს ადამიანს. ამიტომაც კომპანიონი ცხოველების მოყვარულებისთვის ჰასკი ერთ-ერთი იდეალური ჯიშია. თოვლის და ყინულის სამეფოში ჰასკი უბადლო ექსპედიტორი, გიდი და მაშველია და თუ პატრონს ფეხქვეშ თოვლის ან ყინულის საფარი გამოეცალა, მისი მხსნელი მხოლოდ მისი ძაღლი ან ძაღლებია. მთავარი როლი ყოველთვის ხროვის ბელადს ენიჭება, რომელსაც განსაკუთრებული უნარების მიხედვით არჩევენ.

მსოფლიოში ჰასკი პოპულარული გახდა ნამდვილ ამბავზე გადაღებული ფილმის "ბალტოს" გამო. 1925 წლიდან, როცა ალასკის ქალაქი ნომი დიფტერიის ეპიდემიამ მოიცვა, უამინდობის გამო ვაქცინის მოტანა მხოლოდ ძაღლებს შეეძლოთ. ჰასკებმა ურთულესი გზა უმოკლეს დროში დასძლიეს და სამუდამოდ დარჩნენ ისტორიაში როგორც საუკეთესო მაშველები. ამიტომაც დადგეს ნიუ-იორკის სენტრალ-პარკში ჰასკი ბალტოს ძეგლი.

სამწუხაროდ, ჭკვიან, ერთგულ და ხალისიან ჰასკის საქართველოში ვერ გაუგეს. მათთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანებთან თამაში, მუდმივი კონტაქტი და თუ ჰასკის ისევე მიუდგებით, როგორც პიროვნებას ოთხ თათზე და ბეწვიან სამოსში, აღმოაჩენთ, რომ უჭკვიანესი არსებაა. მას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს - იმდენად უყვარს ადამიანი, რომ ყველაფრისგან დაგიცავთ ადამიანის გარდა.

გსურთ ჰასკი იყოლიოთ? მაშინ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ: ის ძალიან ჯიუტია, რადგან ლიდ­ერია და მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის. ამიტომ, თუ ადრეულ ასაკში აგრძნობინებთ, რომ გონებით აღემატებით და ბევრი რამ შეგიძლიათ ასწავლოთ, აუცილებლად გაღიარებთ წინამძღოლად.
ჰასკის უყვარს ხტომა, სირბილი, ახალი ტერიტორიების აღმოჩენა. მისი თავალსაწიერი მუდმივად უნდა ფართოვდებოდეს, ამიტომ, თუ მხოლოდ ახლომდებარე სკვერში, მოკლე მანძილზე სეირნობას აპირებთ, ჰასკის ყოლა გადაიფიქრეთ. დიდი ეზო გაქვთ და სარბენად გაუშვებთ? ცდებით. მას მოსწონს, როდესაც ჩააბამთ და მასთან ერთად დარბიხართ. დიდი ეზო მალე ბეზრდება. ამიტომ ჰასკი ღობეს გამოთხრის და გაიქცევა, რომ რაც თქვენ არ შეგიძლიათ მისცეთ, თავისით მიიღოს.

თუ სოფელში ცხოვრობთ და ვიღაცამ ჩაგაგონათ, რომ ჰასკი კარგი დარაჯია, მოგატყუეს. ნურც მისი მონადირეობის ამბებს დაიჯერებთ. დიდებულად ნადირობს, მაგრამ თავისთვის, ფრინველზე, თევზზე, კატებსა და სხვა მცირე ზომის ცხოველებზე.
თუმცა, რასთან ერთადაც მშვიდობიანად გაზრდით, არასდროს ავნებს.

ცივ კლიმატში ჩამოყალიბებული ეს ჯიში ძნელად ეგუება სიცხეს. ამიტომ დილით ძალიან ადრე უნდა ასეირნოთ, საღამოს კი აგრილების შემდეგ. ძალიან უყვარს წყალი, მდინარე, ტბები და ასიამოვნებთ, თუ ამ მხრივაც გაანებივრებთ.

როგორ მოვუაროთ?


აბესალომ ჩაგუნავა, ცხოველების ნუტრიციოლოგ-კონსულტანტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ჯიშის გათვალისწინებით დაბალანსებული კვება, გაჯერებული ყველა საჭირო მინერალითა და ვიტამინით, აუცილებლად ომეგა სამისა და ექვსის შემცველობით. საკვები უნდა მიეკუთვნებოდეს სუპერპრემიუმ ან ჰოლისტიკურ ჯგუფს. ბეწვის სტრუქტურისთვის სასურველია თევზზე დამზადებული საკვები. ისევე როგორც ადამიანები, კვების მხრივ ძაღლებიც ინდივიდუალური თვისებებით გამოირჩევიან და მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ხასიათის და საცხოვრებელი გარემოს მიხედვით კვება. მაგალითად, თუ დიდ დროს სახლში ატარებს, მაღალპროტეინიანი საკვების მიცემა არ შეიძლება.

ჰასკის, რა თქმა უნდა, წელიწადში ორჯერ ბეწვი ეცვლება. თუ ცხელ ბინაში თქვენთან ერთად იზამთრებს, შესაძლოა ბეწვის ცვენის პროცესი გაუხანგრძლივდეს. სწორი კვება ჯანმრთელი კანისა და ბეწვისთვისაც აუცილებელია. ძაღლს სჭირდება რეგულარული დავარცხნა. ეს ჯიში ე.წ. უსუნო ძაღლების კატეგორიას მიეკუთვნება და თუ მის ბეწვს სწორად მოუვლით, შეგიძლიათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ სპეციალურ სალონში ან შესაფერისი შამპუნით თვითონვე დაბანოთ. სხვა დროს საკმარისია თათების, მუცლის და ზედაპირის საფუძვლიანი გასუფთავება.

"იშვილეთ" ჰასკი

საქართველოში ჰასკის ჯიშის ურთულესი მდგომარეობა ამ ჯიშის უკონტროლო გამრავლების შედეგიც არის. ბევრი დახარბდა ეგზოტიკური გარეგნობის ძაღლით ფულის შოვნას, ბევრმაც არ იცის, რომ აუცილებელი არ არის ყველა ძაღლი გამრავლდეს და ნორმალური პროცესია როგორც ხვადის, ისე ძუს სტერილიზაცია-კასტრაცია. ამჯერად გთხოვთ - თუ ფიქრობთ, რომ ჰასკი თქვენი ჯიშია და აუცილებლად უნდა იყოლიოთ, უშველეთ ამ ჯიშს. თავშესაფრებსა და ქუჩაში უამრავი გამოგდებული ჰასკია. "იშვილეთ" რომელიმე მათგანი. სიამოვნებით დაგეხმარებით ინფორმაციით იმის შესახებ, სად შეიძლება გაუკეთდეს უფასო, ხარისხიანი სტერილიზაცია-კასტრაცია. თავის დროზე მეც ქუჩაში გამოგდებული მალამუტი "ვიშვილე", რომელიც უზომოდ მადლიერი იყო სიყვარულისთვის და ჩემს გულში სამუდამო კვალი დატოვა.

P.S. მოგვწერეთ რომელი ძაღლის, კატის,­ ცხენის ან სხვა შინაური ცხოველის­ შესახებ გსურთ გიამბოთ. კომპეტენტური პირების დახმარებით, შევეცდებით დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. ასევე,­ გვიამბეთ თქვენი ცხოველების თავგადასავალი.

შეგიძლიათ წერილები გამოგზავნოთ: ekalomi@gmail.com

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები