კოღო - აბეზარი და საშიში მწერი - კვირის პალიტრა

კოღო - აბეზარი და საშიში მწერი

"მამრები საკვებს სხვა გზებით პოპულობენ, მდედრი კოღო კი თბილსისხლიანების სისხლით არსებობს - ეს აუცილებელია, რომ საჭირო რაოდენობის პროტეინი მიიღოს და გამრავლდეს. კოღოს თავის წონასთან შედარებით 3-4-ჯერ მეტი სისხლის ამოწოვა შეუძლია"

ალბათ, მთელ დედამიწაზე არ არსებობს უფრო აბეზარი, შემაწუხებელი მწერი, როგორიც კოღოა. განსაკუთრებით ზაფხულობით აქტიურდებიან და "მსხვერპლთა" რიცხვიც იზრდება. საქართველოში ისინი თითქმის ყველა კუთხეში ბინადრობენ. როგორ ადგილს ირჩევს საცხოვრებლად და როგორ მოვიშოროთ თავიდან ეს აბეზარი არსება, აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ გიორგი ჯაფოშვილს ვესაუბრეთ:

- კოღო ორფრთიანების რიგს და ბუზების ერთ-ერთ ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა, რა საინტერესო მწერიც უნდა იყოს ენტომოლოგიურად, ფაქტი ჯიუტია: ძალიან გვაწუხებს და არაერთი სერიოზული დაავადებაც გადააქვს.

კოღოს შეუძლია დაავადებულ ადამიანს უკბინოს და მისგან ვირუსი ჯანმრთელ ადამიანზე გადაიტანოს. მხოლოდ მალარია და ზიკას ვირუსი რომ დავასახელოთ, საკმარისია მისახვედრად, რომ ამ პატარა მწერს შეუძლია დიდი ზიანი მოგვიტანოს.

ძალიან საშიშია ალერგიული რეაქცია, რომელსაც კოღოს ნაკბენი იწვევს, მით უმეტეს, რომ უფრო ბავშვებს ეტანება: "ინიექციას", რომელსაც ის ადამიანის სხეულში უშვებს, მძიმე ალერგიის გამოწვევა შეუძლია.

- თუ არიან საქართველოში კოღოები, რომლებსაც საშიში დაავადებები გადააქვთ?

- მალარიის გადამტანია კოღო ანოფელესი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ბინადრობს. ამის აღსაკვეთად კოლხეთის დაბლობზე ჭაობები დააშრეს და შემოიყვანეს თევზი გამბუზია, რომლის საკვები კოღოს ლარვები და ჭუპრებია. ჭაობების დაშრობამ, დრენაჟების სისტემამ და ამ გამბუზიამ მალარიის შემთხვევები მკვეთრად შეამცირა. კოღოების გამრავლებისთვის აუცილებელია ნესტიანი გარემო - იქ, სადაც წყალი არ არის, კოღოები არ ბინადრობენ. მოსახლეობა ამას ხშირად ყურადღებას არ აქცევს: მათი მომრავლების მიზეზი შეიძლება იყოს პატარა გუბე, ძველი საბურავი ან კასრი, სადაც წყალია ჩაგუბებული - ეს ძალიან კარგი რეზერვუარია კოღოების გასამრავლებლად.

- ცნობილია, რომ ბევრი კოღოა ფოთში. ეს რისი ბრალია?

- ფოთის ახლოს არის პალიასტომის ტბა, მიედინება მდორე მდინარეები, სადაც კოღო კარგად მრავლდება. მას არ უყვარს მარილიანი წყალი, არც სწრაფი მდინარეები, უფრო მტკნარ წყალთან ტრიალებს და ამის გამო ფოთი კარგი ადგილია კოღოებისთვის.

- ბინადრობენ თუ არა საქართველოში კოღოები, რომლებსაც "ზიკას" ვირუსის გავრცელება შეუძლიათ?

- დიახ, ჩვენთანაც არიან ედეს-ჯგუფის კოღოები, რომლებსაც "ზიკას" ვირუსის და სხვა დაავადებების გავრცელება შეუძლიათ. ეს ვირუსი ჯერ შესწავლილი არ არის და სახიფათოა, თუ ახალ-ახალ ტერიტორიაზე გავრცელდება. ის ფეხს იკიდებს ამერიკის კონტინენტზე და შიშობენ, რომ შეიძლება ევროპაშიც გამოჩნდეს.

- ამბობენ, რომ მარტო მდედრი კოღო იკბინება, ეს სიმართლეა?

- დიახ, რადგან მამრები საკვებს სხვა გზებით პოპულობენ, მდედრი კოღო კი თბილსისხლიანების სისხლით არსებობს - ეს აუცილებელია, რომ საჭირო რაოდენობის პროტეინი მიიღოს და გამრავლდეს. კოღოს თავის წონასთან შედარებით 3-4-ჯერ მეტი სისხლის ამოწოვა შეუძლია. ის ცდილობს მაქსიმალური რაოდენობის სისხლი ამოწოვოს ადამიანის კანიდანაც. კოღოს გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები სჭირდება და თუ სათანადო გარემო აქვს, შორს აღარ მიფრინავს. ურჩევნია დარჩეს იქ, სადაც უკეთესად გამრავლდება, ვიდრე წავიდეს, საკვები ეძებოს და ამ ძიებაში დაიღუპოს. კოღო არ მიატოვებს ადგილს, სადაც წყალი და საკვები ეგულება. შეიძლება 1-1,5 კილომეტრზე გაფრინდეს და უკან დაბრუნდეს.

- კოღოები ზამთარში სად არიან? - სიცივეში გამოზამთრების სტადიაში გადადიან: შეუძლიათ სასიცოცხლო აქტივობა მთლიანად გააჩერონ და თბილ სეზონს დაელოდონ, როცა მათთვის ხელსაყრელი პირობები დადგება. კოღოები მყუდრო ადგილს პოულობენ და იქვე გამოიზამთრებენ, სადაც ზაფხულში დაიდეს ბინა.

წყალს კოღოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კვერცხდების პერიოდში, როცა ლარვა გამოდის და წყალში ცხოვრობს. პატარა კოღოებიც სიცოცხლის პირველ დღეებს წყლის ზედაპირზე ატარებენ.

- კოღო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საშიშ მწერად ითვლება, რატომ?

- ამის მიხვედრა ადვილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ მალარიის გამო უამრავი ადამიანი იღუპება. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა არსებობს და გამოცდილია, მალარია ყოველდღე ასეულობით ადამიანს კლავს.

- როგორ უნდა შევებრძოლოთ ამ აბეზარ მწერს? - მათი თავიდან მოშორების მთავარი პირობა ისაა, რომ ხელსაყრელი პირობები არ შევუქმნათ: უპირველესად ახლომახლო დაჭაობებული წყალი უნდა დავაშროთ - ეს ყველაზე სწრაფი გზაა, რომ მათი რიცხვი შევამციროთ. დღეს ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, რითაც შეიძლება მათი გამრავლების თავიდან აცილება: მწერების საწინააღმდეგო ბადეები, ელექტროსისტემა, რომელიც მწერებს კლავს... სააფთიაქო ქსელშიც იყიდება ბევრი მედიკამენტი, რომლებიც კოღოებთან ბრძოლას გაგვიადვილებს. ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია კოღოს ნაკბენით გამოწვეული მავნე შედეგების შემცირება.

როგორ მოვიშოროთ კოღოები:

თუ სპეციალური ელექტრომოწყობილობა ან დამცავი ბადეები არა გაქვთ და არც ქიმიური ნივთიერებების გამოყენება გსურთ, კოღოების თავიდან მოშორებას მამაპაპური მეთოდებითაც შეძლებთ:

ციტრუსები და ნიორი

კოღოებს ძალიან არ მოსწონთ ნივრისა და ციტრუსის სუნი. მათ დასაფრთხობად წაუკიდეთ ცეცხლი ნივრის ფუძეს, რომელზეც ნივრის კბილებია მიმაგრებული და კოღოებისთვის საძულველი არომატი მთელ ოთახს გაავსებს. თუ ციტრუსების გამომხმარ ქერქს ცეცხლს წაუკიდებთ და მხრჩოლავს ოთახში დატოვებთ, კოღოები მის სუნსაც გაერიდებიან.

პიტნა და პამიდორი

კოღოებს არც პამიდვრისა და პიტნის სუნი მოსწონთ, უფრო მეტიც, აფრთხობს. ჩარგეთ მათი ნერგები ქოთნებში და დადგით აივანზე ან ფანჯრის რაფაზე. ამით ორ კურდღელს დაიჭერთ: მათ ნაყოფს სამზარეულოშიც გამოიყენებთ და კოღოებსაც დააფრთხობთ.

ეთერზეთები

კოღოებთან საბრძოლველად შეგიძლიათ ეთერზეთებიც გამოიყენოთ: ევკალიპტის, ლავანდის, მიხაკისა და ჩაის ხის... მათი მოხმარება რამდენიმე გზით შეიძლება: ეთერზეთით გაჟღენთილი ბამბა დადეთ ფანჯრის რაფაზე ან საწოლთან. ამისათვის სანთელიც გამოდგება - საკმარისია, რამდენიმე წვეთი ზეთი ფითილის გვერდით მოხვდეს და ბინა თქვენთვის სასიამოვნო და კოღოებისთვის საძულველი არომატით გაივსება.

ფუმიგატორი ანუ სახრჩოლებელი

თუ სპეციალური ნათურები ან ფუმიგატორი გაქვთ, მთლად უკეთესი: გაჟღინთეთ მისი დამუხტული ფირფიტა ეთერზეთით და აბეზარ მწერებს ამ გზითაც დააფრთხობთ.

ხათუნა ჩიგოგიძე