"ქართული თხილი უწინდელ პოზიციებს უბრუნდება"
"ქართული თხილი უწინდელ პოზიციებს უბრუნდება"
"შარშან ევროკავშირში - და ქართული თხილი ძირითადად იქ გადის - 16 000 ტონა გარჩეული თხილის გული გავიდა. სულ 50 000 ტონა მოსავალი მოგვივიდა. ეს, წარმატებასთან ერთად, იმედია, რომლის საფუძველზეც თხილი კიდევ 500 ჰექტარზე გაშენდა"

ქართული თხილი მიტოვებულ პოზიციებს იბრუნებს. თავდაპირველი რეკორდული მოსავლიანობისა და პლანტაციების გაშენების ბუმის შემდეგ ქართული თხილის მოსავლიანობა დაეცა, რამაც მეთხილეების სკეპტიციზმი გამოიწვია. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, გურიაში, პლანტაციების აჭრაც კი დაიწყეს. ახლა პრობლემა მოგვარებულია და ქართული თხილი უწინდელ
პოზიციებს უბრუნდება. წლეულს ჩვენი ქვეყანა 60 000 ტონა თხილის მოსავალს ელოდება. 7-8 წლის განმავლობაში დაშვებული შეცდომების ძიებამ ქართული თხილის დაკნინების არაერთი მიზეზი გამოავლინა. მათ შორის პირველი, რა თქმა უნდა, ფაროსანა არ ყოფილა - როცა აღმოსავლეთ საქართველოში თხილის ხარისხიან მოსავალს იღებდნენ, დასავლეთ საქართველოს დამპალი თხილი შერჩა
ხელთ. ფაროსანას გარდა, ეს მეურნეობისადმი ფსიქოლოგიურმა დამოკიდებულებამაც განაპირობა. საბედნიეროდ, გონიერებამ გაიმარჯვა და შემოსავლის დაკარგვის შემდეგ ფერმერებმა შეცდომებზე დაიწყეს დაკვირვება. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი თოდუამ ამ წლებში ასოციაცია შექმნა, რათა ფერმერების მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, ქართული თხილის საერთაშორისო პრესტიჟიც აღედგინა. დაუღალავი შრომით ასოციაციამ ნდობით განაწყო საერთაშორისო ორგანიზაციებიც და სახელმწიფოც. დღეს ამ ასოციაციაში 30 000 ფერმერია გაერთიანებული.


გიორგი თოდუა:
- ქართული მეთხილეობა რომ მართლაც უმძიმეს წლებში თავისით, სახელმწიფოს გარეშე დადგა ფეხზე, ყველა ჩვენგანმა იცის, თუმცა, როცა ამ საქმეში მწვერვალს მივაღწიეთ და ქართულმა თხილმაც სახელი გაითქვა, პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო. ფაროსანამ დიდი როლი შეასრულა ქართული თხილის პრესტიჟის დაცემაში, მაგრამ ცხადია, მთავარი ეს არ ყოფილა. ქართულ თხილს დაავადებები, მათ შორის - სიდამპლე, იმ მიზეზით გაუჩნდა, რომ, დასავლეთ საქართველოში თხილს მარ უვლიდნენ, კახეთში კი, სადაც მიწის მოვლის კულტურა ძალზე მაღალია, სწორედ მაშინ იღებდნენ თხილის საუკეთესო მოსავალს, როცა გურიაში ან სამეგრელოში ფერმერს დამპალი თხილი რჩებოდა ხელთ.

რა თქმა უნდა, ეს იმიტომაც მოხდა, რომ ამ რეგიონებში მანამდე თხილი მოსავალს, ფაქტობრივად, თავისით, შრომის გარეშე იძლეოდა, არადა, პლანტაციებს სულ სხვაგვარი შრომა დასჭირდა, ყველა აგრონომიული წესის დაცვით - სასუქით დაწყებული, შეწამვლით დამთავრებული, ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ამის აუცილებლობას ბევრი ფერმერი ვერ გრძნობდა, თუმცა მერე, როცა რეალობის წინაშე დავდექით, თხილის მოვლა დავიწყეთ, შედეგიც მივიღეთ, ოღონდ ეს გზა ადვილი არ ყოფილა. ამიტომაც კარიდან კარზე სიარულისას თუ შეხვედრებისას მეთხილე ფერმერებისთვის ხშირად გვიწევდა გამეორება, რომ როგორც ადამიანის ჯანმრთელობას სჭირდება დაცვა, ზუსტად ისევე სჭირდება მცენარესაც. მასაც აქვს დაავადებები, აწუხებს მავნებლები, რომლებთან ბრძოლა სწორი აგრონომიული მეთოდებით უნდა წარიმართოს. სხვათა შორის, თხილის მოვლაში წელიწადში სულ 25 დღე რომ დახარჯო, ის საუკეთესო მოსავალს მოგცემს. მოვლილი თხილი 1 ჰექტარზე 3 ტონას იძლევა.

- ეს კარგი შემოსავალია, თუ თხილის ფასს გავითვალისწინებთ.
- შარშან საუკეთესოდ მოვლილი 1 კილოგრამი თხილი 10 ლარი ღირდა, ჩვეულებრივი კი 8-9 ლარამდე მივიდა. ეს მცირე თანხა როდია. ახლა თხილის დღევანდელ ფასზეც ვთქვათ - ჯერჯერობით, როცა თხილის ტენიანობა ჯერ კიდევ 30%-ია, ის 3,5 ლარი ღირს, რაც ნიშნავს, რომ გამომშრალი თხილის ფასი რეალურად უკვე 6 ლარია. თავად განსაზღვრეთ, რა ეღირება თხილი, როდესაც ის სრულყოფილად გამოშრება.

- სავარაუდოდ, თურქეთი 1 კილოგრამი ნაჭუჭიანი თხილის ფასად დაახლოებით 3 დოლარს დაასახელებს.
- ჯერჯერობით ეს ზუსტად არ ვიცით, თუმცა, ვიცი, რომ მოვლილი თხილის ფასი ცოტა არ იქნება. ასოციაციამ უდიდესი შრომა სწორედ ამ საქმეში იმიტომ ჩადო, რომ მეთხილეებისთვის ეთქვა:

მოუვლელი თხილი კიდეც რომ მივიღოთ, შეწამვლისა თუ აგროსამუშაოების გარეშე მას ვერაფრით შევინახავთ, დალპება. საბედნიეროდ, ფერმერებმა ეს უკვე იციან. მაგალითად, გურიაში, სადაც მოსავალში დამპალი თხილის წილი დიდი იყო, ახლა მოსახლეობის 90% მას საუკეთესოდ უვლის.

ჯერჯერობით თხილის საშრობები, სადაც თხილი საუკეთესოდ შრება და ხარისხიც დგინდება, მხოლოდ სამეგრელოსა და კახეთში გვაქვს. ამ ეტაპზე თხილს უფრო ხშირად კუსტარულად ვაშრობთ, თუმცა ცოდნა ამ დროსაც აუცილებელია. პირველ 4-5 დღეს თხილი აუცილებლად ჩრდილში უნდა გავფინოთ და დროდადრო ავურიოთ. შემდეგ აუცილებლად ჯვალოს, ტილოს ტომრებში ჩავყაროთ და არა - პოლიეთილენის პარკებში, რომელიც მას უცილობლად დაალპობს.

შარშან ევროკავშირში - და ქართული თხილი ძირითადად იქ გადის - 16 000 ტონა გარჩეული თხილის გული გავიდა. სულ 50 000 ტონა მოსავალი მოგვივიდა. ეს, წარმატებასთან ერთად, იმედია, რომლის საფუძველზეც თხილი კიდევ 500 ჰექტარზე გაშენდა და ძალიან მიხარია. ამასთან ერთად ვცდილობთ, ასოციაცია ფერმერებს დაეხმაროს და მათი პრობლემები გაითავისოს.

თხილის მოსავლელი ტექნიკაც დავარიგეთ, თან ვამოწმებთ, რომ ფერმერებმა აუცილებლად მოიხმარონ. თუკი შევნიშნეთ, რომ ადამიანი ზარმაცობს და ტექნიკას აცდენს, რასაკვირველია, მის ტექნიკას მშრომელ კაცს გადავცემთ.
სიზარმაცეს უნდა მოვერიოთ, რადგან მას კარგი არაფერი მოაქვს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

თვის კითხვადი სტატიები