"ოთხი წლის წინ ჩემი თხოვნით დავბრუნდით საქართველოში" - მსოფლიო ბარიტონის ოაზისი სამშობლოში - კვირის პალიტრა

"ოთხი წლის წინ ჩემი თხოვნით დავბრუნდით საქართველოში" - მსოფლიო ბარიტონის ოაზისი სამშობლოში

მუსიკის კრიტიკოსებმა ლადო ათანელს უწოდეს "ოქროს ყელი საქართველოდან" და ასკარატიან ბრილიანტს შეადარეს. 1996 წლიდან ლადო ათანელი დიდი წარმატებით გამოდის მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე ნიუ-იორკში, ლონდონში, პარიზში, ბერლინში, ვენაში, მილანში, ციურიხში, ჟენევაში, მიუნხენში, ვაშინგტონსა თუ ტოკიოში. 2003 წელს დისკზე ჩაიწერა ამილკარე პონკიელის ოპერა "ჯოკონდა", სადაც ბარნაბას ურთულესი პარტია პლასიდო დომინგოსთან ერთად შეასრულა. ამჯერად ლადო ათანელი მეუღლესთან, წარმატებულ საკონცერტო პიანისტ მანანა ჩიქოვანთან ერთად სამშობლოში, მათივე შექმნილ ოაზისში ცხოვრობს. ქალბატონი მანანა სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს აგარაკზე გადაღებულ ფოტოებს, რაც დიდ აღფრთოვანებას იწვევს. ის თავად გვიამბობს, როგორ შექმნეს ყველასთვის მიმზიდველი გარემო.

- ოთხი წლის წინ ჩემი თხოვნით დავბრუნდით საქართველოში. ყოველთვის გვსურდა, თბილისთან ახლოს აგარაკი გვქონოდა. მეგობარმა ლადოს თბილისთან ახლოს მიწის ყიდვა ურჩია და ჩვენს ჩანაფიქრსაც ხორცი შევასხით. სახლი მეგობრების პროექტით ავაშენეთ, რაშიც მეც აქტიური მონაწილეობა მივიღე, ეზო კი მე დავაპროექტე და ხეხილი და ყვავილები გავაშენეთ.

ეზოში გვაქვს მოსალხენი ადგილი, სადაც სტუმრად მოდიან ჩვენი ახლო მეგობრები და მუსიკალურ საღამოებს ვმართავთ, თუმცა, ქვეყანაში ლოკდაუნი რომ გამოცხადდა, მე და ლადო მარტო ვიყავით აგარაკზე.

შემოდგომით რთველი გვექნება. ეზოში სამი პატარა ტალავერი გვაქვს, რომლებიც ტკბილ ყურძენს ისხამს.

- სოციალურ ქსელში დიდ აღფრთოვანებას იწვევს თქვენი გადაღებული ფოტოები. - მამაჩემი, შალვა ჩიქოვანი ოპერის თეატრის მხატვარ-დეკორატორი გახლდათ. მეც მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ საკონცერტო პიანისტი გავხდი. როგორც ჩანს, მამისგან გამომყვა ეს ხედვა და მიხარია, რომ ისეთ ფოტოებს ვიღებ, რომლებიც ჩემს მეგობრებს მოსწონთ.