"მეორე პური" ჩვენი არსობისა
"მეორე პური" ჩვენი არსობისა
კარტოფილი უამრავი ოჯახის ყოველდღიური რაციონის განუყოფელი ნაწილია. საქართველოში ეს მცენარე ზუსტად 200 წლის წინ - მე-19 საუკუნის 20-იან წლებში გააშენეს. გავიდა ხანი და კარტოფილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი გახდა. ამ გემრიელი და სასარგებლო მცენარის შესახებ გვესაუბრება სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი.

- ყველამ ვიცით, რომ კარტოფილი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში სამხრეთ ამერიკიდან გავრცელდა. ევროპელების მიერ ამერიკის დაპყრობის შემდეგ ეს მცენარე თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო, რასაც მისმა საუკეთესო თვისებებმა შეუწყო ხელი.
კარტოფილი თითქმის ყველა ქვეყანაში მოჰყავთ, როგორც მაღალმთიან, ასევე დაბლობ ადგილებში. ეს ისეთი სასარგებლო და კალორიული პროდუქტია, რომ ზოგან "მეორე პურსაც" უწოდებენ.

- ცნობილია, რომ ყველაზე მეტი კარტოფილი ჩინეთში მოჰყავთ, რატომ?
- იმიტომ, რომ კარტოფილის კვებითი ღირებულება ძალიან მაღალია, ჩინეთი კი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა და ამდენ
მოსახლეობას სხვაგვარად როგორ გამოკვებავენ? სხვათა შორის, ლენინგრადის ბლოკადის დროს, გერმანელების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქის მოსახლეობაც კარტოფილმა გადაარჩინა.



- ბატონო აკაკი, სვანური კარტოფილი მთელ საქართველოშია განთქმული. რა განაპირობებს ამას?
- ცნება "სვანური კარტოფილი" სპეციალისტებმა არ იციან, მაგრამ იმის გამო, რომ კარტოფილი მაღალმთიან ადგილებში ყველაზე კარგად ხარობს, სვანეთში ამ კულტურისთვის საუკეთესო კლიმატური პირობებია. გარდა ზემო და ქვემო სვანეთისა, კარტოფილი კარგად ხარობს ახალციხეში, ასპინძაში, წალკაში, ზემო და ქვემო აჭარაში - ყველგან, სადაც მისთვის ხელსაყრელი პირობებია. დაბლობ ადგილებში, მაგალითად, გურიაში ან იმერეთში, რაც უნდა მაღალი ხარისხის მოსავალი მოვიდეს, ზემოთ ხსენებულ რეგიონებში მოწეულ კარტოფილს მაინც ვერაფერი შეედრება. ყველაზე პოპულარული ჩვენთან მაინც ახალციხის კარტოფილია - გემოთი და სასარგებლო თვისებებით მას ვერც ერთ რაიონში მოწეული კარტოფილი ვერ შეედრება.

- რთულია ამ მცენარის გახარება?
- ის ძალიან იოლი მოსაყვანია, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: სიცხე და მზის სხივები არ უყვარს. მისი ნერგები ფხვიერ და ბუნებრივი სასუქით კარგად განოყიერებულ ნიადაგში უნდა ჩავრგოთ. სასურველია, ნიადაგი შემოდგომაზე მოიხნას, ადრე გაზაფხულზე კი კულტივაცია ჩაუტარდეს. მაღალი მოსავლის მიღება ხარისხიან სათესლე მასალაზეა დამოკიდებული, ამიტომ დასარგავად საღი და ხარისხიანი ნერგები უნდა შევარჩიოთ. კარტოფილის დარგვა სასურველია ადრე გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე. ამ დროს სოკოვანი დაავადებები და მავნებლები ნაკლებად დააზიანებს, მაგრამ თუ დაავადება მაინც გაუჩნდება, მაშინ შეწამვლა აუცილებელია. უნდა ვიცოდეთ, რომ კარტოფილის საუკეთესო წინამორბედია სიმინდი, ასევე - თავთავიანი და პარკოსანი კულტურებიც. დაუშვებელია კარტოფილის მოყვანა იმ ნაკვეთზე, სადაც წინა წელს პომიდორი, ბადრიჯანი ან წიწაკა ხარობდა.

- ნიადაგისა და ტემპერატურის გარდა, ზრდის პროცესში რას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა?
- კარტოფილი ნაკლებად პრეტენზიული მცენარეა, თუმცა განსაზღვრული პირობები მაინც სჭირდება: ყველაზე ხელსაყრელი ტემპერატურა მისთვის 20-25 გრადუსია. 30 გრადუსზე ზრდა ფერხდება, ხოლო 35 გრადუსს ზემოთ - მთლიანად წყდება. მაღალ ტემპერატურაზე მცენარეს ყვავილები სცვივა, ხოლო ღერო ხმობას იწყებს.

ნიადაგი მთელი ვეგეტაციის პერიოდში ფხვიერი და სარეველებისგან თავისუფალი უნდა იყოს, წყლითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგებაც აუცილებელია.

კარტოფილის მოვლის პირველი და აუცილებელი ღონისძიება აღმოცენებამდე ნიადაგის დაფარცხვაა. ამის წყალობით ნიადაგის ჰაერაციაც უმჯობესდება და მცენარეს განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები ექმნება. კარტოფილის ნათესის მოვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მიწის შემოყრა, როდესაც მცენარე საშუალოდ 15-20 სმ სიმაღლეს მიაღწევს. ბუჩქის გარშემო ნიადაგის ფენის შენარჩუნებისთვის საჭიროა მიწის მეორე შემოყრაც - ეს ღონისძიება უმჯობესია ყვავილობამდე ჩავატაროთ. კარგი იქნება, თუ ბუნებრივი ან სხვა სახის სასუქით დავეხმარებით, მაგრამ რაოდენობა სპეციალისტმა უნდა გვირჩიოს, იმის მიხედვით, როგორ ნიადაგზე ან კლიმატურ პირობებში უნდა გაიხაროს ნერგებმა. როდესაც კარტოფილის ტუბერები სასურველ ზომას მიაღწევს, ისინი მიწიდან უნდა ამოვიღოთ.

- რა პირობებია საჭირო ტუბერების შესანახავად?
- მიწიდან ამოთხრის შემდეგ, გასუფთავებული ტუბერები მინდვრიდან გააქვთ და ახარისხებენ. დაზიანებულ და წვრილ ტუბერებს ცალკე აწყობენ და მერე პირუტყვის საკვებად იყენებენ. გადაზიდვისას კარტოფილი დაზიანებისა და დაბეგვისგან უნდა დავიცვათ. კარტოფილის შენახვა სასურველია მშრალ და გრილ ადგილას, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს, რადგან მეტისმეტი სითბო და ნესტი ამ მცენარეს არ უყვარს. არასწორ პირობებში შენახვა კარტოფილის ლპობას იწვევს, რაც სოკოვანი დაავადების ბრალია.

კარტოფილის ნორმალური შენახვისათვის საუკეთესოა 2-3 გრადუსამდე სითბო, უფრო მაღალ ტემპერატურაზე მისი ტუბერები ზიანდება და ფუჭდება.
არახელსაყრელ პირობებში ზრდისა და შენახვის დროს კარტოფილს ძალიან ბევრი დაავადება უჩნდება - სოკოვანით დაწყებული, კარტოფილის კიბოთი დამთავრებული... ცხადია, ნერგებიცა და ტუბერებიც ამ დაავადებებისგან უნდა დავიცვათ.

- ცნობილია, რომ თანამედროვე სელექციონერებმა სხვადასხვა ფერისა და ჯიშის კარტოფილი გამოიყვანეს. რას გვეტყოდით მათ შესახებ?
- დღეს მსოფლიოში ათასგვარი ჯიშის კარტოფილია გავრცელებული და ბევრი მათგანი სელექციის შედეგად გამოიყვანეს. არსებობს ვარდისფერი, ყვითელი, წითელი, იისფერი კარტოფილი - მათი შეფერილობა კაროტინოიდების რაოდენობითაა განპირობებული. თითოეულ მათგანს სხვადასხვა შეფერილობა და იერი აქვს. ამან არ უნდა მოგვატყუოს და დაზიანებული ან მწვანე კარტოფილი არ უნდა შევიძინოთ, რომელიც შხამიანი და ძალიან საშიშია. ასეთ კარტოფილში მავნე ნივთიერებებია დაგროვილი, რაც მას მწვანე ელფერს აძლევს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
18-10-2021
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები