როგორ გაცვალა ჩუმლაყელმა ქალმა ნევროლოგია "კენკროლოგიაში" - კვირის პალიტრა

როგორ გაცვალა ჩუმლაყელმა ქალმა ნევროლოგია "კენკროლოგიაში"

კარგია, როცა ადამიანს შრომა უფასდება, ალბათ იმიტომაც, რომ ყველაფერს გონივრულად, მშვიდად და მიზანმიმართულად უძღვება. ახლა სწორედ ასეთი ქალბატონის შესახებ უნდა მოგითხროთ. იზოლდა ქიტესაშვილი გურჯაანიდან, სოფელ ჩუმლაყიდან გახლავთ. ფერმერი 10 წლის წინ კენკრის მოყვანით დაინტერესდა, წინააღმდეგობაც ბევრი ჰქონდა, მაგრამ დღეს საქართველოში ამ დარგში წარმატებული ადამიანია. პროფესიით ექიმი-ნევროლოგია, 40-წლიანი სტაჟით, ჰყავს მეუღლე, სამი შვილი და რვა შვილიშვილი. "ეს არის ჩემი მონაპოვარი", - ამბობს ის.

ძალიან უყვარს თავისი პროფესია, რომლის გამოც წლების განმავლობაში, როგორც გვიყვება, არც დღისით ეძინა და არც - ღამით, მაგრამ ბოლოს ნევროლოგია კენკროლოგიაში გავცვალეო... ქალბატონი იზოლდა 10 წლის წინ დაწყებულ საქმეში მუდმივად სიახლეებს ეძებს, კენკრისთვის ფართობებს ზრდის და ახალ-ახალ გზებსა თუ ჯიშებს პოულობს.

- 10 წლის წინ კაჭრეთში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სოციალური ცენტრი გაიხსნა, სადაც საინტერესო ლექცია-საუბრების მოსმენა შეიძლებოდა. რადგან ჩემი მშენებელი მეუღლე 90-იანი წლების გამო უმუშევარი დარჩა, ხელი ფერმერობას მიჰყო და კაჭრეთში სწორედ იმ ლექცია-სემინარებზე მიიწვიეს, მაგრამ იმ პერიოდში არ ეცალა და მე წავედი. სიახლეების გაცნობა, ათვისება და სწავლა მინდოდა, რადგან უკვე მთელი ოჯახი მივდევდით სოფლის მეურნეობას. მებაღეობის, მეხილეობის დარგის თითქმის ყველა ლექციას დავესწარი, თუმცა უფრო კენკროვანი მცენარეების შესახებ ლექციებმა დამაინტერესა. სწავლება გაეროს პროგრამით მიმდინარეობდა. შემდეგ 30-30 ძირი უეკლო მაყვალი დაგვირიგეს. რა კულტურა იყო, ან რა ჯიში და რისთვის, არ ვიცოდით, ჰოდა, საცდელად საკარმიდამო ნაკვეთში დავრგე.

ატმისა და გარგარის მუდმივი მყიდველები გვყვანან, პირველად სწორედ მათ მომთხოვეს 3-4 პატარა ვედრო უეკლო მაყვალი. მეორე დღეს კი 10 ვედრო მომთხოვეს. ამან სტიმული მოგვცა, უეკლო მაყვალი გაგვემრავლებინა. ამ ეტაპზე გვაქვს საადრეო, საშუალო და საგვიანო პერიოდის მაყვალი. უეკლო მაყვალი ჩვენში მაინც ახალია, ამიტომ რჩევისთვის არაერთ ადამიანს მივმართავდით - სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ეს თუ დონორი ორგანიზაცია. შემდეგ ჩავერთეთ სახელმწიფო პროგრამაში "დანერგე მომავალი". საბოლოოდ საქართველოში უეკლო მაყვლის დანერგვის საკითხი, შეიძლება ითქვას, ყველა სტრუქტურამ ჩვენს ბაღში გამოცადა. ყველა ერთად ვაკვირდებოდით მის ყველა დადებით და უარყოფით თვისებას, მოვლის წესებს.

- თქვენი ბაღი საექსპერიმენტო ნაკვეთი ყოფილა. - დიახ, მერე კი ახალი ჯიშებიც შემოვიტანეთ. ახლა ჩვენი კენკრის ბაღი დაახლოებით 3 ჰექტარამდეა. თავიდან რომელი მაყვალიც გავავრცელე, ის სიმწიფეში ივლისის დასაწყისში შედის. არის ერთჯერადად მსხმოიარე ჯიშებიც, მაგალითად, "ნაჩეზი". შემოვიტანეთ რემონტანტული ჯიშიც, ერთ სავეგეტაციო პერიოდში რამდენჯერმე რომ ყვავის და ისხამს. მას შემოკლებით "ფრიდა" დავარქვი. მწიფობას ივნისის დასაწყისში იწყებს. ერთი მარცვალი 20 გრამამდე გამოდის, გიგანტია და ტრანსპორტირებასაც იტანს.

- რა ფასად ყიდით თქვენს მაყვალს? - კილოგრამს 15 ლარად, მოდიან და მიაქვთ... მოკლედ, აქამდე რთული გზა გავიარეთ. იყვნენ მყიდველები და პროდუქცია საკმარისი არ იყო, გაჩნდა პროდუქტი და - ხარისხი არ გვქონდა. ვწვალობდით, თან ვსწავლობდით და ნელ-ნელა მოვედით აქამდე. ჩვენი ძირითადი ექსპორტი შარშან რუსეთში წავიდა - 8 ტონამდე გავყიდეთ.

წლეულს ყვარელში წინასწარი გაგრილების სამაცივრე კამერა გაკეთდა. ესეც ჩვენ მოვიძიეთ, როგორ, რანაირად უნდა აეწყოთ ლოგისტიკა, რომ ექსპორტი ნორმალურად განხორციელებულიყო. არცთუ ადვილია ეს ყველაფერი, მაგრამ გვერდით დაგვიდგა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დონორი ორგანიზაცია "იუესაიდი," მათი დახმარებითა და დაფინანსებით ეს საკითხიც გადაწყდა.

- ამ კულტურამ რომ ტრანსპორტირებას გაუძლოს, როგორც კი დაიკრიფება, უნდა გაგრილდეს?

- დიახ, დაახლოებით +1 გრადუსამდე. სამაცივრე კამერაში არის ვენტილატორი, რომელიც იმას, რაც 18 საათში უნდა გაგრილდეს, საათ-ნახევარში აგრილებს.

- ეს სამაცივრე კამერა თქვენია?

- არა. 2017 წელს ჩამოვაყალიბეთ ასოციაცია, რომელიც ყველასგან, ვისაც აქვს ჟოლო, მარწყვი და მაყვალი, აგროვებს ინფორმაციას, ვის რა დახმარება სჭირდება. ასოციაციის თავმჯდომარე ვარ და ჩვენს აქტიურ წევრებთან ერთად ამ საქმეს ერთობლივად ვუძღვებით.

- შედეგებით კმაყოფილი ხართ? - არა, რადგან ეს კულტურა საქართველოსთვის მაინც ახალია. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, ადამიანი ერთხელ რომ შეიძენს, მეორედ მოსვლის სურვილიც უნდა გაუჩნდეს.

- მუშახელს ქირაობთ?

- სეზონურად, ასე, 20-მდე ადამიანი გვჭირდება, ხან - მეტი, ხან - ნაკლები. კრეფას დილის 5 საათზე ვიწყებთ და დაახლოებით 10 საათზე ვამთავრებთ. მერე პროდუქტი გასაგრილებლად სასწრაფოდ მაცივარში გადაგვაქვს.

- როდესაც თქვენ შესახებ შევიტყვე, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ინფორმაცია მომაწოდეს - ამ ქალბატონმა ჩუმლაყში იმდენი მაყვალი მოიყვანა, მეტსახელად მაყვალა შეარქვეს, არადა, იზოლდა ჰქვიაო... - როდესაც მიკავშირდებიან და მაყვლის შესყიდვა უნდათ, ან რაიმე კითხვა აქვთ, ქალბატონო მაყვალაო - ასე მომმართავენ. რატომღაც ჰგონიათ, რადგან მაყვალი მომყავს, ამიტომ მაყვალა მქვია.

ზამთარში კულინარები ხშირად მომმართავდნენ, რადგან ბოლო დროს ტორტების, ნამცხვრების გაფორმებისას მას ხშირად იყენებენ, ამან კი მიბიძგა, რომ 400 კვმ სათბური გამეკეთებინა და ახლა მაყვალი ზამთარშიც მაქვს.

ასე რომ, მასზე მუშაობა ღირს, მაგრამ კარგად უნდა შევარჩიოთ რეგიონი, სადაც მის გაშენებას დავაპირებთ. გასწიო ხარჯი, იშრომო და შედეგი არ გქონდეს, არ ივარგებს. საქმის დაწყების წინ მნიშვნელოვანია ცოდნა, გყავს თუ არა მუშახელი, რადგან ესეც პრობლემაა. წინასწარ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და მოსაგვარებელი.

მე და ჩვენი ასოციაციის წვერებს უკვე დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა და მზად ვართ, დაინტერესებულ ადამიანებს რჩევები მივცეთ. ბევრი მოგვმართავს და ყველას ვუზიარებთ ჩვენს ცოდნა-გამოცდილებას.