"ბაღი იმას უნდა გაუკეთო, ვინც მოუვლის" - კვირის პალიტრა

"ბაღი იმას უნდა გაუკეთო, ვინც მოუვლის"

ომმა ბევრი მძიმე პერიოდი გამოატარა, თუმცა მანამდე სოხუმში ბედნიერი დღეები ჰქონდა. აგრონომ-დეკორატორი რუსუდან კაჭარავა პროფესიას სოხუმის სუბტროპიკულ ინსტიტუტში დაეუფლა. შემდეგ აგრონომ-დეკორატორი იყო ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის კვლევით ინსტიტუტში, მაიმუნსაშენში, რომელსაც სოხუმში ტრაპეციის მთაზე 25 ჰექტარზე ლამაზი პარკი ჰქონდა.

- ინსტიტუტი საკავშირო დაქვემდებარების გახლდათ. მის ქვედა ტერიტორიაზე იყო "პიტომნიკი". ინსტიტუტში მოხვედრა რთული იყო, პარკშიც პროფესიონალები საქმიანობდნენ. გამიმართლა, სპეციალისტს ეძებდნენ და გამოცდა მომიწყვეს. ჩემი პროექტი მოეწონათ. ინსტიტუტს აკადემიკოსი ბორის ლაპინი ხელმძღვანელობდა. იქ იყო ხეხილის ბაღიც. მსგავსი სილამაზე იშვიათად მინახავს - მწვანე მოლზე მაისში ყვითელი ბაია ყვაოდა. პარკს საუკეთესო მებაღეები ჰყავდა.

ომის შემდეგ თბილისში გადმოვედი და კრწანისის გამწვანების სამსახურში დავიწყე მუშაობა. სოხუმისა და თბილისის კლიმატებს შორის განსხვავებას მაშინვე მივხვდი. მშრალი ჰავის გამო მცენარეებს მუდმივი მორწყვა სჭირდებოდა. თუმცა ახლა აქაც უკვე ბევრი ეგზოტიკური და ტროპიკული მცენარე შემოდის.

- ისე, აღმოსავლეთისთვის ამ ახალმა მცენარეებმა მართლაც შეძლეს ამ კლიმატთან შეგუება...

- კი, ხარობენ. მკაცრ ყინვაში ყოფნა არ უწევთ. აი, ოლეანდრებს ზამთარში ყინვა თუ ცოტას მოუჭერს, მხოლოდ თავს მოუყინავს, ფესვს ვერ ერევა. ამიტომ ისევ აღიდგენენ ხოლმე თავსა და სილამაზეს.

- ჩანს, გიყვართ თქვენი პროფესია, რომ სოხუმის შემდეგ აქაც კვლავ ეს საქმე განაგრძეთ. - ძალიან. ჩვენს ინსტიტუტს დიდი ბაზა ჰქონდა, ჩავდიოდით, მაგალითად, პეტერბურგში და ერმიტაჟის ტერიტორიების გამწვანებაზე გვქონდა წინასადიპლომო თემები - როგორ გავამწვანებდით ჩვენი ფანტაზიისა და უნარების დახმარებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ნახელავს როგორ შემიფასებდნენ.

- რა არის მნიშვნელოვანი დიდი პარკისა თუ ბაღის გაშენებისას?

- ყველაფერი წინასწარ უნდა დაგეგმარდეს. ურთულესი რამ არის, მაგრამ საბოლოოდ მაინც სპეციალისტის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა ბევრი რამ დამოკიდებული, როგორ დაინახავს იქაურობას.

მომწონს ბაღის გაშენების პეიზაჟური სტილი, ასეთი იყო სოხუმის დენდროპარკი. ასეთი პარკი აქ დღეს შეკვეთილშია. პეიზაჟურია ბაღი, სადაც დიდი სხვადასხვა ფორმისა თუ შეფერილობის მცენარეებია, რომლებიც ჩრდილს ქმნიან. მოკლედ, ტყეც არის და პარკიც.

- თბილისში უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღის გამწვანებაზეც მუშაობდით. - კი და იქაც დიდი სიყვარულით ვმუშაობდი. მაშინ რექტორი როინ მეტრეველი იყო. შემდეგ საბურთალოს ხაზის დეკორატორად გადამიყვანეს... იმ პერიოდში საპატრიარქოს მებაღეობის კოლეჯიც გაიხსნა, სადაც პედაგოგად მივედი და იქ დღემდე ვასწავლი. მოგვიანებით ტენდერი გამოცხადდა და მე და ჩემი მეუღლე საბურთალოს ხაზს ვამწვანებდით.

- ცნობილ ადამიანებთან ვისთან გიმუშავიათ? - ბევრთან, მაგრამ ვისი დასახელებაც შემიძლია, თემურ ჭყონია და ფრიდონ თოდუაა. ბატონ თემურთან ოფისში რომ მივედი, ვიგრძენი, რომ ამ ადამიანს უყვარს ლამაზი გარემო. გასამწვანებელმა ტერიტორიამ კარგი იდეები მომცა და საქმიანობასაც დიდი მონდომებით შევუდექი. შენობის მესამე სართულზე თავისუფალი ფართობი აღმოვაჩინე, სადაც მზე შემოდიოდა. იქ სასათბურე სტელაჟების დადგმის უფლება მომცეს.

საერთოდ, მუშაობისას იმაზე ვართ დამოკიდებული, რა მასალას ვიშოვით. ამიტომ სათბურებს რომ დავივლი და კარგ ეგზემპლარს ვნახავ, ვაანალიზებ, რა სტილი დამჭირდება, რომ სხვასთანაც შევაჯერო.

თბილისში არჩევანი მაინც მწირია. სოხუმში ეს პრობლემა არ იყო, წახვიდოდი ადლერში და ყველაფერს უპრობლემოდ შეიძენდი. მანამდე ნახაზს გააკეთებდი, წარადგენდი, თუ მისაღები აღმოჩნდებოდა, უკვე ყველა მცენარეს იოლად პოულობდი.

- თბილისშიც ცდილობთ, ალბათ, მცენარეებით თქვენი გარემოს გალამაზებას. - რა თქმა უნდა... ოლეანდრი ჩავრგე, მაგრამ ტოტები დაატეხეს, ამის გამო ფორმა შეიცვალა. ულამაზესი ქოთნები მქონდა, რომლებშიც ყვავილებს ვრგავდი, იმ ყვავილებს იღებდნენ და მიჰქონდათ. ქოთნებიც გამიტეხეს, მანქანა დაეჯახა - ეს ყველაფერი სახლის ფასადის, ქუჩის მხარეს, ტროტუარზეა. ქოთნები ისევ მოვიტანე, სადაც ზოლიანი კანა ჩავრგე, ძალიან ლამაზია, მაგრამ ქოთნებიდან ბოლქვები ამოიღეს. სამწუხაროა, რომ ზოგი მიდრეკილია ყველაფერი მოშალოს, დააზიანოს. ქუჩაში ძაღლები რომ დაჰყავთ, ჩემს მცენარეებთან ხშირად დაბინძურებული მხვდება. ქოთანში ირმის რქა ანუ ინდური იასამანი მქონდა და ისიც მოსპეს. მერე ეზოში ჩავრგე. აივანზე შტამბიანი ვარდები მაქვს. რამდენი გიოს (ქალბატონი რუსუდანი მსახიობისა და ტელეწამყვანის გიორგი გასვიანის დედაა. - ლ.ფ.) და ჩემს მეუღლეს მოსავლელად დავუტოვე, მოსპეს, ხან მეტი წყალი დაუსხეს, ხან ნაკლები და მერე მცენარეების მკურნალობამ მომიწია.

აივანზე გერანიც მაქვს გადმოკიდებული. თუმცა აივანზე ბევრ რამეს ვერ ვდებ, ძველი სახლია და შეიძლება აივანი ჩავარდეს. გაკეთებისთვის კი უფლება უნდა მოიპოვო, შენობა ისტორიულია...

დასანანია, რომ ბევრს მცენარეების მოვლა არ უყვარს ან ეზარება. ბაღს რომ მოუწყობ, ჰგონიათ, იქაურობას თვითონ არ უნდა მოუარონ და ვიღაც სხვამ უნდა მიხედოს, ხელს არ ჰკიდებენ. ბაღი იმას უნდა გაუკეთო, ვისაც მისი მოვლა შეუძლია. მოკლედ, ვინც ბაღში რამეს აკეთებს, უვლის, რამეს ზრდის ან აპირებს, ვეტყვი, რომ უპირველესად ეს საქმე უნდა უყვარდეს.

- თუ ადამიანი მებაღეობას იწყებს, რა უნდა გაითვალისწინოს? - მხოლოდ განაშენიანება არ კმარა, მოვლა სჭირდება. საქმეში გარკვეულიც უნდა იყოს, თუ არ არის, ეტაპობრივად მაინც უნდა სწავლობდეს, მცენარეებს აკვირდებოდეს. მცენარეებთან ურთიერთობა სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მე ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა. ამიტომ ყველას ვურჩევ, მიწასთან იქონიონ ურთიერთობა. ეს განტვირთვაში დაეხმარებათ, მით უფრო ამ დაძაბულ პერიოდში უკეთესი საშუალება არ არსებობს. მცენარეც როგორია, იცით? პატარა ყურადღებას თუ მიაქცევ, მადლიერების ნიშნად უკან გიბრუნებს, ლამაზდება, ჩახჩახდება. შენს სიკეთეს სიკეთით პასუხობს. დიახ, მცენარესთან ურთიერთობა დადებითად გმუხტავს და ეს ცხოვრებას გიადვილებს.

სტუდენტებთანაც პროფესიის შესახებ ასეთი საუბრებით ვიწყებთ და ნულიდან შევასწავლით მიწასთან მუშაობას, ბოლოს კი ამ დარგში განსწავლული და გამოწრთობილი არიან. პრაქტიკას სამების ტაძრის ბაღში გადიან, იქვე გვაქვს სათბურიც. ზოგმა თავიდან ხელში ბარის დაჭერაც არ იცის, მერე ამასაც სწავლობს და ყველა პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოსაც ეჩვევა. ასე რომ, შევიყვაროთ მიწასთან შრომა.